ფეხბურთი, არჩევნები, „ოცნების“ ოცეული და დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში - კვირის პალიტრა

ფეხბურთი, არჩევნები, „ოცნების“ ოცეული და დიდი ეჭვიანობა ოპოზიციაში

გასული კვირის მთავარი გმირები ქართველი ფეხბურთელები იყვნენ. თქვენი მონა-მორჩილი ფეხბურთის გულშემატკივარია და ყველა ფორმაციის საქართველოს ნაკრების თამაში აქვს ნანახი. მახსოვს ქინქლაძე-არველაძეებ-ქეცბაიას ოქროს თაობა, რომელთა მიმართ იყო მოლოდინი, რომ საქართველოს ნაკრების წარმატება მხოლოდ ეპიზოდური არ იქნებოდა. სამწუხაროდ, ასე არ მოხდა...

ამას ობიექტური მიზეზები ჰქონდა და ამაზე ბევრს არ ვილაპარაკებთ. პირიქით, მადლობა მათ იმისთვის, რომ ბნელ 90-იანებში მათი სახით იმედის პატარა სხივი მაინც ბჟუტავდა. დიახ, პირველი სამი თამაშის შემდეგ კი ჩაქრებოდა ხოლმე, მაგრამ მაინც სულ ველოდით, რომ ამ შესარჩევ ციკლში მაინც ვაჩვენებდით, ქართველები რანი ვართ.

საქართველოს დღევანდელ ნაკრებს აქვს ის, რის უქონლობაზეც წლების განმავლობაში წუწუნებდნენ გულშემატკივრები - გამარჯვებულის მენტალიტეტი. ალბათ, ამის ჩამოყალიბებაში გარდამტეხი მატჩი საბერძნეთთან გამართული ერთა ლიგის ფინალი იყო. ქართველებმა გაუძლეს ამხელა მარათონს (მატჩი თავისი დამატებული დროებით) და რაც მთავარია, პენალტების სერიას... და უკვე დაიჯერეს, რომ დიახ, შეუძლიათ მოგება ძლიერ მეტოქესთან, თუ წინასწარ არ შეეშინდებათ.

ევროპის ჩემპიონატზე, რა თქმა უნდა, გულდასაწყვეტი იყო თურქეთთან წაგება. რაც შეეხება ჩეხეთსა და პორტუგალიასთან მატჩებს, რა თქმა უნდა, არ გვსიამოვნებდა, რომ ისინი უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ არ ყოფილა იმის განცდა, რომ საქართველოს ნაკრები შეტევებს ალალბედზე იგერიებდა და ოცნებობდა, რაც შეიძლება მალე გასულიყო დრო. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ თქვენი მონა-მორჩილი დარწმუნდა, რომ გვყავს გუნდი და მას ნებისმიერ ნაკრებთან შეუძლია ჭიდაობა. დარწმუნებული ვარ, დღეს მხოლოდ უკრაინა-ჩეხეთის კალიბრის ნაკრებები კი არა, გერმანია თუ იტალიაც უკვე სხვანაირად მოგვეკიდება და ვეღარ იტყვიან, რომ სამი ქულა ჯიბეში უდევთ.

საქართველოს ნაკრებში გამარჯვების მენტალიტეტი, თვითრწმენა და შრომისმოყვარეობა შერწყმულია ერთიანობასთან. ყველა სხვადასხვა სტილისა და ხასიათის ფეხბურთელია, თუმცა მიზანი აქვთ ერთი - გამარჯვება. ამ ერთიანობის ნაწილია და თავისი როლი კარგად აქვთ გათავისებული იმ ფეხბურთელებსაც, რომლებიც სათადარიგო სკამზე სხედან და შედარებით ნაკლებ დროს ატარებენ მოედანზე. ნეტავ შეიძლებოდეს ამ მოდელის გადმოტანა მთლიანად ქვეყნის მასშტაბზე.

საზოგადოება აღაშფოთა ალბანეთში მომხდარმა ფაქტმა, როდესაც გულშემატკივარმა საქართველოს ჰიმნის შესრულებისას უსტვინა. ეს ცუდია და ალბანელებმა, პირველ რიგში, საკუთარი თავის მიმართ გამოიჩინეს უპატივცემულობა. საქართველოში კი კამათობენ, იგივე უნდა გავაკეთოთ თუ არა, როდესაც ალბანეთის ნაკრები თბილისში ჩამოვა.

ზოგიერთს ორიგინალური აზრებიც აქვს - ალბანეთის ჰიმნის დროს ფეხზე ავდგეთ და ტაში დავუკრათო. ვითომდა ალბანელებს შერცხვებათ ტირანაში თავიანთი საქციელი. ალბათ, არ არის საჭირო რომის პაპზე მეტი კათოლიკობა. ქართველი გულშემატკივარი უნდა მოიქცეს ისე, როგორც ყოველთვის იქცევა. თუ ვინმეს სტვენა უნდა, არც ამაში გაამტყუნებს ვინმე...

მოკლედ, ველოდებით ოქტომბერს და იმედია, ჩვენი ნაკრების ტრიუმფი გაგრძელდება.

მმართველი გუნდის სია

გასულ კვირას მმართველმა პარტიამ წარმოადგინა საარჩევნო სიის პირველი ოცეული, რომელიც დღემდე განხილვის თემაა. ჟურნალისტებმა, ექსპერტებმა და ოპოზიციამ ორ ფაქტორზე გაამახვილეს ყურადღება - იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერია და სიაში ასევე არიან ოლიმპიური ჩემპიონები ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი.

ოპოზიციისა და ექსპერტთა ერთი ნაწილის ლოგიკით, რადგან ბიძინა ივანიშვილი სიის პირველი ნომერია, ე.ი. "ოცნებას" უჭირს. მმართველ პარტიას უჭირს თუ არა, ამის გასაანალიზებლად გჭირდება მეტ-ნაკლებად სანდო კვლევის შედეგი, რომელიც ბოლო პერიოდამდე არ გამოქვეყნებულა (იგივე ითქმის ოპოზიციაზე, თუ ვის რა რეიტინგი აქვს).

ასევე, როდესაც ბიძინა ივანიშვილი დაბრუნდა პოლიტიკაში და გახდა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარე, მან თქვა, რომ დიახ, მიიღებს მონაწილეობას მმართველი გუნდში გადაწყვეტილებების მიღებაში, მათ შორის პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის შერჩევაში. გარდა ამისა, მმართველი პარტია, ისევე როგორც ოპოზიცია, აცხადებს, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნებია. ასე რომ, პრინციპში, საკვირველი ის იქნებოდა, სიაში ნომერი პირველი ივანიშვილი რომ არ ყოფილიყო.

რაც შეეხება ლაშა ტალახაძისა და გენო პეტრიაშვილის საარჩევნო სიაში ყოფნას, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხარდამჭერების ნაწილს გული დასწყდა, რომ ოლიმპიური ჩემპიონები მათი პოლიტიკური პოზიციის საპირისპირო მხარეს აღმოჩნდნენ. თუმცა ვის რა პოლიტიკური პოზიციაც არ უნდა გვქონდეს, ეს არ ცვლის იმას, რაც ტალახაძემ და პეტრიაშვილმა გააკეთეს საქართველოსთვის. ამოსავალი წერტილი ეს უნდა იყოს და ამიტომ გადარევა და შეურაცხყოფის მიყენება, მიუღებელია, მით უმეტეს, ტალახაძემ და პეტრიაშვილმა თავად აირჩიეს ეს პოზიცია - ვინმემ დააძალა სიაში ყოფნა?! რაც შეეხება ნარატივს, რომ თითქოს სპორტსმენებს პოლიტიკაში არაფერი ესაქმებათ, მისი ავტორები ვერც ხვდებიან, რამხელა შეურაცხყოფას აყენებენ სპორტსმენებს. ვინმემ დაადგინა, რომ მხოლოდ იურისტები და ეკონომისტები უნდა იყვნენ პოლიტიკაში და მაგალითად, ენერგეტიკოსი თუ პარლამენტში მოხვდება, ეს რაღაც ანომალია იქნება?! "ოცნებამ" წინასაარჩევნოდ ჩამოაყალიბა ორი ძირითადი მესიჯი - "ომი ან მშვიდობა" და მინიშნებები ტერიტორიული მთლიანობის სავარაუდო აღდგენაზე. რამდენად ეფექტურია ეს გზავნილები, ამას 26 ოქტომბერს ვნახავთ.

რა ხდება ოპოზიციაში?!

90%-ით ოპოზიციურ ფლანგზე მეტი გამსხვილება აღარ იქნება და გამოიკვეთა ის ოთხი ძალა, რომელთაც შეუძლიათ საპარლამენტო მანდატებისთვის ბრძოლა: "ნაცმოძრაობა", "ძლიერი საქართველოსთვის" ("ლელო", "თავისუფლების მოედანი", ელისაშვილის პარტია), "კოალიცია ცვლილებებისთვის" (მელია-გვარამია, ზურა "გირჩი" ჯაფარიძე, ელენე ხოშტარია) და გახარიას პარტია, რომელსაც ბოლოს "ოცნების" ყოფილი დეპუტატი ლევან გოგიჩაიშვილიც შეუერთდა. ვის რა დოზით შეუძლია მანდატებისთვის ბრძოლა, ამის თაობაზეც ვერაფერს ვიტყვით, რადგან, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, არ არსებობს სანდო კვლევის შედეგები.

საინტერესოა ერთი ფაქტორი - ზემოხსენებული ოთხეული იშვიათად ახსენებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და მის "ქართულ ქარტიას". შეგახსენებთ, რომ ქარტიის მიხედვით, თუ ოპოზიციური პარტიები ჯამში იღებენ იმდენ ხმას, რომ მთავრობის დაკომპლექტება შეუძლიათ, პარტიული ინტერესები უკანა პლანზე გადადის და დროებითი მთავრობაარაპოლიტიკური პირებით კომპლექტდება. გარკვეული პერიოდის შემდეგ (ზურაბიშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც გასწორდება ევროატლანტიკური კურსი), ინიშნება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნები. ამ ქარტიის იდეით, ამ ყველაფრის გარანტი სალომე ზურაბიშვილი იქნება და მან ამას თვითონ გაუსვა ხაზი ზაფხულში გამართულ დიდ პრესკონფერენციაზე. ასევე, დღეს უკვე შეგვიძლია ვთქვათ, სალომე ზურაბიშვილის ამ თანამშრომლობის ფარგლებში წარმოედგინა სცენარი, რომ ქარტიაზე მიერთებული პარტიები მას დაასახელებდნენ საპრეზიდენტო კანდიდატად (რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ მედიასაშუალებასთან ინტერვიუში თქვა, რომ არ გამორიცხავს მეორე ვადით კენჭისყრას).

თუმცა რჩება შთაბეჭდილება, რომ ზემოხსენებული ოთხეული ყურს იყრუებს. უფრო ზუსტად, "ნაცმოძრაობის" წევრმა პეტრე ცისკარიშვილმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდა, აქტიურად ჩაერთოს წინასაარჩევნო კამპანიაში. მისი განცხადება დაახლოებით ასეთი იყო - ნუ ელოდება, რომ მზამზარეულზე პრეზიდენტი გახდება. ეს გასაგებია, რადგან ყველაზე ნაკლებად სალომე ზურაბიშვილს სწორედ "ნაცმოძრაობის" იმედი უნდა ჰქონდეს, რადგან მათთვის ამოსავალი წერტილია სააკაშვილის შეწყალება.

თუმცა რატომ დუმს "კოალიცია ცვილებებისთვის", "ძლიერი საქართველოსთვის" ან გახარიას პარტია, გაუგებარია. შესაძლოა მათ წმინდა პოლიტტექნოლოგიურად წამგებიანად მიაჩნიათ, რომ თავიანთი წინასაარჩევნო კამპანია პრეზიდენტის ქარტიას დაუკავშირონ. არ არის გამორიცხული, მიაჩნდეთ, რომ ამომრჩეველი ამას ვერ გაიგებს. არის სხვა ვერსიაც - კერძოდ, არ სურთ მთავარ პოლიტიკურ ფიგურად სალომე ზურაბიშვილი იქცეს და პარტიებს პოლიტიკური როლები გაუნაწილოს; ან შესაძლოა ზოგიერთ პარტიას ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ ის დააკომპლექტებს მთავრობას და სალომე ზურაბიშვილის ე.წ. გარდამავალი მთავრობა თუ რიგგარეშე არჩევნები არაფერში სჭირდება. ერთი მხრივ, ცოტა ძნელი წარმოსადგენია, რომ ცალკე აღებულ რომელიმე პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს იმის ამბიცია, რომ დამოუკიდებლად შეძლებს საპარლამენტო უმრავლესობისა და შემდეგ მთავრობის დაკომპლექტებას. თუმცა, მეორე მხრივ, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია (რომელიც არც არავის უარუყვია), რომ თავის დროზე მელია-გვარამიას ალიანსისა და "ლელოს" გაერთიანება ვერ შედგა იმიტომ, რომ პრემიერობის კანდიდატზე ვერ შეთანხმდნენ.

ოპოზიციურ პარტიებს მკაფიო პასუხი არც კიდევ ერთ კითხვაზე გაუციათ - ბოლოს და ბოლოს, დაუჭერენ თუ არა მხარს სალომე ზურაბიშვილს, რომ მეორე ვადით გახდეს პრეზიდენტი. შესაძლოა როლს აქაც ზემოხსენებული ფაქტორები თამაშობს.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პრეზიდენტის იგნორირება ოპოზიციას პოლიტიკურ ბონუსებს ვერ მოუტანს. კიდევ ერთი საინტერესო საკითხი - გვარამია-მელიას პარტიამ ხელმოწერით დააფიქსირა, რომ პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში კოალიციას არ შეუქმნიან "ოცნებას" და ამისკენ მოუწოდებენ კოლეგებს. ვისკენ აქვთ ისრები მიმართული, ოფიციალურად არ უთქვამთ. თუმცა ნიკა გვარამია ინტერვიუებში ამბობდა, რომ არ ენდობა გახარიას.

თავად გახარია ამბობს, რომ არც "ნაცმოძრაობასთან" და არც "ოცნებასთან" კოალიციას არ შქმნის. თუმცა ამავე დროს ამბობს, თუ ჩემი ხმები იქნება გადამწყვეტი, მე ვიქნები მთავარიო. რას ნიშნავს ეს?! ერთხელ, როდესაც "ოცნებამ" გახარიას გუნდი ერთ-ერთ საკრებულოში "ნაცმოძრაობასთან" კოალიციაში დაადანაშაულა, ყოფილი პრემიერის თანაგუნდელებმა თქვეს, ჩვენ კი არ შევუქმენით კოალიცია, მათ შეგვიქმნეს კოალიციაო - ამას ნიშნავს?!

ვნახოთ, 26 ოქტომბრამდე ცოტა დრო რჩება.

გიორგი კვიტაშვილი