მოსკოვი „ურჩ“ აფხაზებს ახალ-ახალ სასჯელს ჰპირდება - კვირის პალიტრა

მოსკოვი „ურჩ“ აფხაზებს ახალ-ახალ სასჯელს ჰპირდება

რუსებსა და აფხაზებს შორის უკიდურესად დაძაბული ურთიერთობა უფრო მძაფრდება და მოსკოვიდან "აფხაზების ჭკუის სასწავლებლად" ახალ-ახალი მუქარა ისმის. კრემლის მიერ გაცხადებული სადამსჯელო გეგმის შემდეგ, რომ რუსული კანონების მიღების მოწინააღმდეგე "ურჩ" აფხაზ ოპოზიციონერებს რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ, ახლა კრემლის მთავარი პროპაგანდისტებიც ახმაურდნენ და ისინი ოპოზიციონერების გარდა, აფხაზური არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა მკაცრად დასჯას მოითხოვენ. მარგარიტა სიმონიანი და ვლადიმირ სოლოვიოვი (კრემლის ორი უმთავრესი პროპაგანდისტი) აცხადებენ, რომ აფხაზური არასამთავრობოები ცდილობენ "აფხაზ ახალგაზრდებს კულტურული კოდი შეუცვალონ" და რუსების ნაცვლად ევროპა შეაყვარონ, ამიტომ მათ არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეობა უნდა ჩამოერთვათ, არამედ "ჩუმად უნდა ჩასვან ციხეში".

"ნუჟნაია გაზეტას" რედაქტორი იზიდა ჭანია წერს, რომ რუსული პროპაგანდისტული გიგანტების სადამსჯელო მესიჯები, დიდი ალბათობით, შეთანხმებულია "პრეზიდენტ" ასლან ბჟანიასთან, რომელიც ცდილობს ეს რუსული პროპაგანდა გამოიყენოს, მოსახლეობა დააჯეროს, რომ ყველა უბედურება ოპოზიციისა და არასამთავრობოების ბრალია და ამით ზეწოლა მოახდინოს "პარლამენტზე" არაპოპულარული რუსული კანონების მისაღებად. აფხაზური მედიის თქმით, ძლიერი წნეხის მიუხედავად, აფხაზები არ დათმობენ ორ მთავარ საკითხს, რასაც რუსეთიდან ითხოვენ - ე.წ. აგენტების კანონის მიღებასა და უძრავი ქონების უცხოელებისთვის მიყიდვას (ე.წ. აპარტამენტების კანონი) და ეს არ არის აფხაზების ახირება, გამოცდილებამ და ისტორიამ აჩვენა, რომ ეს დამღუპველია.

ერთობლივი განცხადება გაავრცელა რამდენიმე ოპოზიციურმა ჯგუფმაც, სადაც ნათქვამია, რომ არ დაუშვებენ უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების მიყიდვის ნებისმიერ ფორმას, რადგან ეს საფრთხეს უქმნის "ეროვნულ უსაფრთხოებას და შეიძლება გამოიწვიოს შეუქცევადი დემოგრაფიული პროცესი".

აფხაზების "ჭკუის სასწავლებელი" ოპერაცია

მოსკოვიდან წამოსული მუქარის გამო სოხუმში დიდი შფოთვა 26 აგვისტოდან დაიწყო, როდესაც აფხაზურ ტელეგრამ-არხებზე გავრცელდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დმიტრი კოზაკსა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვედრის პროტოკოლი, სადაც აღნიშნული იყო, რომ რუსული კანონების არმიღების გამო 1-ლი სექტემბრიდან შეწყდება საჯარო უწყებების დაფინანსება, ასევე ზამთარში აფხაზებს ელექტროენერგიაზე კომერციული ფასის გადახდა მოუწევთ და რუსეთის მოქალაქეობას ჩამოართმევენ იმ ურჩ ოპოზიციონერებს, ვინც "საფრთხეს უქმნის რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებს". ყველაზე დიდი ვნებათაღელვა სწორედ ოპოზიციონერებისთვის რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის მუქარას მოჰყვა, რადგან დოკუმენტში ნათქვამი იყო, რომ "ურჩი" პოლიტიკოსების სია "პრეზიდენტმა" ასლან ბჟანიამ კრემლს 20 სექტემბრამდე უნდა მიაწოდოს. "შავი სიის" გაგზავნის ვადამდე სულ რამდენიმე დღეა დარჩენილი, თუმცა ოპოზიცია ბჟანიასაგან ამ დოკუმენტზე ახსნა-განმარტებას ისევ უშედეგოდ ითხოვს - "პრეზიდენტი" ჯერ საერთოდ გაქრა, 2-კვირიანი მალვის შემდეგ კი ჩავიდა სოხუმში და მხოლოდ თავის მომხრეებს შეხვდა.

რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობა ასეთ კრიზისში არასდროს ყოფილა, განიხილავენ ბჟანიას ვადამდელი გადაყენების ვარიანტებს, ამის ფონზე კი "ურჩი აფხაზი ოპოზიციონერები" გააკრიტიკა რუსეთის დუმის წევრმა კონსტანტინ ზატულინმაც, რომელიც დსთ-ს საკითხებში კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეა. მისი თქმით, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევის ერთ-ერთი კანდიდატია დე ფაქტო პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი კან კვარჩია, რომელიც "იცინოდა, რუსული არმია იმდენად სუსტია, ხარკოვის აღებაც არ შეუძლიაო". ზატულინის განცხადებით, "ასეთ პერსონაჟებს" არ უნდა ჰქონდეთ რუსული პასპორტი. ზატულინის შემდეგ რუსული პროპაგანდა აფხაზურ არასამთავრობო სექტორს დაემუქრა. როგორც "ეხო კავკაზა" წერს, არასამთავრობო სექტორის დასჯაზე "როსია 1"-ის გადაცემაში "საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან" ისაუბრეს.

ტელეარხ ღთ-ის ხელმძღვანელმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ 5 დღე ისვენებდა აფხაზეთში, სადაც ნახა "ასობით და ათასობით" არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებიც ამერიკული ფულით ცდილობენ შეცვალონ "აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდი". სიმონიანმაც გაიმეორა, ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილი "საგარეო საქმეთა მინისტრ" ინალ არძინბას სიტყვები, რომ UშAID-ის ვებსაიტზე მითითებულია ორგანიზაციის მიზანი - "აფხაზეთის რეინტეგრაცია საქართველოში და კრემლის დამღუპველი გავლენის შეწყვეტა". სიმონიანის თქმით, "საცოდავი აფხაზეთის პრეზიდენტი" (ასლან ბჟანია) ცდილობს ამას ებრძოლოს, მაგრამ მას "ყველაფერი არ შეუძლია".

გადაცემის წამყვანი ვლადიმირ სოლოვიოვი უფრო შორს წავიდა და თქვა, აუცილებელია კანონის მიღება, რომ ადამიანები "მშვიდად ჩასვან ციხეში ამ არასამთავრობოების დახმარებისთვის", რადგან ციხიდან მუშაობა შეეზღუდებათო. "დიახ, ციხიდან მუშაობა უფრო რთულია", - დაეთანხმა მას სიმონიანიც.

მთელი ამ ორომტრიალის ფონზე მოსკოვიდან სოხუმში დაბრუნდა თვეების წინ საგარეო საქმეთა დე ფაქტო მინისტრობიდან მოხსნილი ინალ არძინბა. მან თანამდებობა მას შემდეგ დაკარგა, რაც "სამინისტრომ" რუსეთიდან ნოტა მიიღო. როგორც ტელეგრამ-არხებზე დაიწერა, არძინბა ბჟანიას ადმინისტრაციის ხელმძღვანელობას ითხოვს. გარდა ამისა, არძინბა "მინისტრობისას" ყველაზე მეტად არასამთავრობოებს მტრობდა და მათ დახურვით ემუქრებოდა, ამიტომ ვარაუდობენ, რომ მოსკოვმა ის გამოგზავნა მკაცრი დავალებით - აფხაზეთში აგენტების კანონის ხელახლა გასააქტიურებლად და მისაღებად.

"რუსეთი ხელების გადაგრეხით ცდილობს აფხაზების იძულებას ვალდებულებები შეასრულონ"

პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის საკითხებში ყოფილი სახელმწიფო მინისტრი: - რუსეთის მოთმინების ფიალა აივსო. აქ მთავარი საკითხია ის, რომ ასლან ბჟანიამ 2020 წლის ნოემბერში სოჭში პუტინთან ხელი მოაწერა 45-პუნქტიან შეთანხმებას აფხაზეთის კანონმდებლობის რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის შესახებ, მაგრამ აფხაზებმა არაფერი შეასრულეს. მარტში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებია და რუსეთმა დაიწყო ხელების გადაგრეხით ბჟანიას იძულება იმ პირობების შესასრულებლად, რასაც ხელი მოაწერა.

ახლა მოსკოვი აფხაზებს ულტიმატუმს უყენებს და იმ ოპოზიციონერებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების სიას ითხოვს, ვინც აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის ინტერესებს ებრძვის, რათა მათ რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვას. ყველაზე დიდი სკანდალი სწორედ ამ მოთხოვნამ გამოიწვია. ყოველივე ეს არჩევნებთან დაკავშირებული მოვლენაა. რუსეთმა აფხაზებს უკვე შეუჩერა დაფინანსება, 1,4 მილიონი რუბლი, თუმცა ჯერ მხოლოდ ერთი თვით. ეს თანხა აგვისტოს ხელფასებია მასწავლებლებისთვის, ექიმებისთვის, ძალოვანი სტრუქტურებისათვის. თუ სექტემბერში აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ არაფერი მოიმოქმედა, სექტემბერშიც შეზღუდავენ დაფინანსებას და ასე გაგრძელდება მანამ, სანამ რაღაცას არ დათმობენ აფხაზები. ასე რომ, ბჟანიას მოუწევს რაღაცის დათმობა.

რუსეთს ძალიან სჭირდება აპარტამენტების კანონის მიღება, მაგრამ რადგან 2020 წლის დოკუმენტში ამაზე საუბარი არ ყოფილა, ამიტომ რუსეთისთვის უფრო იოლია მოითხოვოს ხელშეკრულების მიხედვით აღებული ვალდებულებები - მაგალითად, სასამართლო გადაწყვეტილებების აღიარება და ელექტროენერგიაზე კომერციული ფასის დაწესება. როგორც კი ეკონომიკურ საკითხებზე სასამართლო საკითხები იქნება მიღებული და დაიწყება პროცესები, რუსეთი აპარტამენტების საკითხსაც სასამართლოთი გაიტანს.

- 2020 წლის დოკუმენტში აგენტების კანონის მიღების ვალდებულებაზეც წერია და რადგან რუსმა პროპაგანდისტებმა წამოჭრეს არასამთავრობოების დასჯის საკითხი, მოსალოდნელია ამ კანონის მიღება?

- სიმონიანი და სოლოვიოვი პროპაგანდისტულ ნიადაგს ამზადებენ ე.წ. აგენტების კანონის გასააქტიურებლად. სურთ ნიადაგის მომზადება იმისთვის, რომ შეიქმნას უარყოფითი დამოკიდებულება სამოქალაქო სექტორის მიმართ და შემდეგ დე ფაქტო პარლამენტმა იოლად გაიტანოს.

- სოლოვიოვის მუქარა, რომ ყველა ციხეში უნდა ჩასვან, რამდენად შეიძლება რეალობად იქცეს?

- მათი უცხო აგენტებად აღიარება ძალიან დააზიანებს აფხაზი საზოგადოების ინტერესებს. თბილისის შემდეგ ყველაზე აქტიური სამოქალაქო სექტორი სოხუმშია. ასობით და ათასობით არ არის, სიმონიანი იტყუება, მაგრამ 40-50 მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაცია იქნება.

ეს რუსული კანონი კონფლიქტების მოგვარების საქმეს ძალიან მძიმედ დაარტყამს. ამას თუ დაემატება სოხუმში კანონის მიღებაც, საერთოდ განადგურდება ყოველგვარი სამშვიდობო პროცესი, რაც ძალიან უნდა რუსეთს. აფხაზური არასამთავრობოები ადამიანის უფლებების დასაცავად ნამდვილად მუშაობენ.

თუკი ვინმე საუბრობს გალში მცხოვრები ეთნიკური ქართველების უფლებების დარღვევაზე სოხუმში, ადგილობრივი არასამთავრობო სექტორია. იქაური ომბუდსმენიც აკეთებს საკმაოდ თამამ განცხადებებს გალელების დასაცავად. პრესა მეტ-ნაკლებად თავისუფალია, ტელეგრამ-არხებიც. ესეც სამოქალაქო სექტორის დამსახურებაა. ეს არ ნიშნავს, რომ ისინი პროქართულები არიან, მაგრამ დე ფაქტო ხელისუფლებას ებრძვიან და იშვიათად ანტირუსული კონტექსტიც აქვთ.

- რაში აწყობს აფხაზებთან დაპირისპირება რუსეთს?

- რუსეთი 2020 წლიდან ელოდებოდა შეთანხმების შესრულებას. ხომ ნახეთ, როგორი ვნებათაღელვა იყო ბიჭვინთის აგარაკის გამო და საბოლოოდ მაინც არ მიიღეს ისეთი გადაწყვეტილება, როგორიც რუსეთს უნდოდა. დე ფაქტო პარლამენტმა ჩააგდო აპარტამენტების საკითხიც. ამიტომ რუსეთს მოთმინება ამოეწურა და დე ფაქტო არჩევნების წინ მოინდომა ბჟანიასთვის ვალდებულებების მოთხოვნა. ბჟანიას ორი მხრიდან აქვს წნეხი, - მას ვერც აფხაზი საზოგადოება იტანს და მოსკოვიც უტევს. საცოდავ მდგომარეობაშია და არ იცის, რა გააკეთოს. შეიძლება რუსეთმა მისი კორუფციული სქემებიც კი გამოააშკარაოს და ქონების შენარჩუნებაზე დარდი კი არა, შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეს.

- აფხაზური მედია ინალ არძინბას მოულოდნელ დაბრუნებაზეც წერს.

- არძინბა უბრალოდ "სამშობლოში" დაბრუნდა. ის რუსი ჩინოვნიკია და აფხაზეთში ძალიან არაპოპულარულია. ვნახოთ, რა თანამდებობაზე დანიშნავენ. გამორიცხული არ არის და ჩემი ვარაუდია, რომ სწორედ მისი ხელშეწყობით მოხდა კოზაკი-ბჟანიას სკანდალური პროტოკოლის გაჟონვა ინტერნეტში, რათა ამით ბჟანიასა და ოპოზიციას შორის დაძაბულობა შეექმნა და შემდეგ ვითომ "დასალაგებლად" დაბრუნდა. თუკი არძინბა ბჟანიას აპარატის ხელმძღვანელად დაინიშნა, ეს იქნება მტკიცებულება ჩემი ვარაუდის სასარგებლოდ.

რუსებსა და აფხაზებს შორის დაპირისპირება გაგრძელდება, რუსეთის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე მუქარა კი შეიძლება არ შეასრულონ. მგონი, ამ მუქარამაც მანიპულირებისთვის გაჟონა. მაგალითად, სასამართლოების გადაწყვეტილების აღიარებაზე მოაწერინონ ხელი აფხაზებს, ასევე დაწესდეს ელექტროენერგიაზე კომერციული ფასი, ან თუკი აფხაზები 2020 წლის შეთანხმებას შეასრულებენ, სადაც წერია, რომ ენერგოსისტემების რეაბილიტაცია უნდა მოხდეს და გადაეცეს რუსეთს. თუ უახლოეს ხანში ენერგოსისტემების ნაწილი რუსულ კომპანიას გადაეცა, მოქალაქეობას არავის ჩამოართმევენ, ამ საკითხის "მოგვარებით" კი ვიღაც ქულებს დაიწერს - ან "მინისტრად" დანიშნულ სერგეი შამბას, ან სოხუმში ახლად დაბრუნებულ ინალ არძინბას დამსახურებად წარმოჩნდება. ჩემი ვარაუდით, აგენტების კანონიც შეიძლება გააქტიურდეს, აპარტამენტების საკითხს კი დე ფაქტო არჩევნების შემდეგ გადაიტანენ.

ეკატერინე ბასილაია