რა აკავშირებს სტალინს ალბანელებთან და ქართველ კინოვარსკვლავებს ალბანურ კინოსთან - კვირის პალიტრა

რა აკავშირებს სტალინს ალბანელებთან და ქართველ კინოვარსკვლავებს ალბანურ კინოსთან

ცოდვა გამხელილი ჯობს და, ქართველები ისეთი თავმოყვარე (პატივმოყვარეც!) ხალხი ვართ, რომ ძალიან გაგვიჭირდა ალბანელების სტვენის დავიწყება ტირანის სტადიონზე ქართული ჰიმნის აჟღერებისას. კიდევ კარგი, ეს ვერც ფეხბურთელებმა დაივიწყეს და ალბანეთის ნაკრებს იმ დღეს მოუგეს.

რადგან ჯავრი მაინც ამოყრილია და სტვენა იქით იყოს, ძალიან დამაინტერესა, ვინ არიან და რატომ არიან ალბანელი გულშემატკივრები ასეთი "თანამდებობისათვის შეუფერებლები" და რა აღმოვაჩინე? რომ ამ ხალხს არცთუ ისე მარტივი ისტორია ჰქონია. ჩვენზე უარესი რაღა იქნება, მაგრამ ჩვენზე უარესიც კი. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თავგანწირვით ებრძოდნენ ყველა დამპყრობს, რომელიც რომით და ბიზანტიით დაწყებული, გამუდმებით ჰყავდათ. როგორც ჩანს, ამიტომაც უწოდებენ თავს არწივებს. მათი მთავარი არწივი და გმირი კი სკანდერბეგი იყო, რომელმაც გაბედა და აუჯანყდა დიდების ზენიტში მყოფ თურქეთის იმპერიას. ეს მეთხუთმეტე საუკუნეში მოხდა. თუმცა, ამის მიუხედავად, თურქეთის იმპერიამ პატარა ალბანეთს ხელი არ გაუშვა და მეოცე საუკუნის დასაწყისამდე მართავდა, სანამ თავადაც არ დაიშალა. შემდეგ ჯერ ისევ ფეოდალიზმში მყოფ ალბანეთს ჯერ იტალიამ მოუნდომა პროტექტორობა და მერე გერმანიამ.

როგორ ფიქრობთ, ექნებათ თუ არა ამგვარი ისტორიის შემდეგ ალბანელებს თაფლივით ხასიათი? ვფიქრობ, ვერა, მაგრამ ეგ არაფერი. საინტერესო ის არის, ვინ მიანიჭა თავისუფლება ალბანეთს. არ დაიჯერებთ და არც მეტი, არც ნაკლები, ახალგაზრდა კომუნისტმა ლიდერმა ენვერ ხოჯამ. რომ იტყვიან, ევროპაში განათლებამიღებულმა მგზნებარე რევოლუციონერმა მას შემდეგ, რაც მსოფლიო ომში ჰიტლერს დამარცხება დაატყო, განუდგა და ალბანეთის შრომის პარტია შექმნა და შეუერთდა... ვის? სტალინს! მიზეზი? სავარაუდოდ, ის, რომ შეშინდა - ძლივს თურქეთისაგან თავისუფალი ალბანეთის პროტექტორობა ჯერ იტალიამ მოინდომა, მერე გერმანულმა ნაციზმმა. აი, ასე აღმოჩნდა ენვერ ხოჯა სტალინის ძმაკაცი და სტალინმაც სიამოვნებით დაიძმაკაცა - მისთვის საბჭოთა იმპერიის მომხრე ნებისმიერი ევროპული სახელმწიფო ნამდვილად ოქროს ფასი გახლდათ.

ჰოდა, როგორც საქართველოში სტალინის პარტიის დამაარსებელი გრიშა ონიანი ამბობს, სწორედ სტალინთან ძმაკაცობით ამოვიდა ალბანეთის ნამდვილი მზე ჩრდილოეთიდან: "სტალინის საჩუქრები ენვერ ხოჯასათვის ქართული სიმინდითა და ევკალიპტებით დაიწყო და ალბანეთის აგრარულ-ინდუსტრიულ ქვეყნად გადაქცევით დასრულდა. ეს კიდევ არაფერი: ალბანეთის კინოხელოვნებაც კი ქართველმა მსახიობებმა შექმნეს, რომლებიც იქ სტალინმა გაგზავნა. ვინ იყვნენ ისინი? აკაკი ვასაძე, ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაძე!"

sergo-zaqariaze-laonikusi-1726433048.jpg

აი, ამიტომ აპირებს ამ ამბების მცოდნე ბატონი გრიშა ონიანი ალბანელებს სტვენის საპასუხო წერილი დაუწეროს. ისე, ჩვენში რომ ვთქვათ, როგორც ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ ალბანელების სტვენა, ისე, ალბათ, არც ალბანელებმა უნდა დაივიწყონ ენვერ ხოჯა, მისი სტალინთან ძმაკაცობა და საბჭოთა ფულის გემო. ბატონმა გრიშა ონიანმა კი ჩემთან საუბარი ასე დაიწყო:

- ჩვენმა ფეხბურთელებმა ალბანელებს რომ მოუგეს, ეგ ამბავი სვანეთში გავიგე და მიხარია. ერთი ეგ არ ვიცოდი, ალბანელები საქართველოს ჰიმნზე რომ სტვენდნენ და მე გავცემ მაგათ პასუხს, გავახსენებ, რაც გავაკეთეთ ქართველებმა და სტალინმა მაგათი ქვეყნისთვის.

- რა გავაკეთეთ ასეთი?

- ტონობით ქართული სიმინდი და ევკალიპტის ნერგი რომ გავზიდეთ ალბანეთში, ეგ არაფერია? კიდევ სამი ქართველი ვარსკვლავი გავგზავნეთ, რომ კინოგადაღებები დაეწყოთ. ენვერ ხოჯა ცოცხალი რომ ყოფილიყო, ასე უზრდელად ვერ მოიქცეოდნენ. ენვერ ხოჯა 40 წელიწადს მართავდა ალბანეთს და სტალინთან მეგობრობით ააყვავა.

- 40 წელიწადი რა ამბავია, ბატონო გრიშა, მეფე ხომ არ იყო?

- მეფე კი არა, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. პარიზის უნივერსიტეტით დაწყებული მოსკოვის უნივერსიტეტის ჩათვლით, 4 უნივერსიტეტი ჰქონდა დამთავრებული. სტალინთან დამეგობრება მაგასაც სჭირდებოდა და სტალინსაც. მე მაგათ მეგობრობაზე წიგნი მაქვს დაწერილი. ეგ ამბავი მთელმა მაშინდელმა მსოფლიომ იცოდა. თავად ენვერ ხოჯა წერდა, რაზე ელაპარაკებოდა სტალინი.

veriko-anjafarize-dafina-1726433047.jpg

- რაზე ელაპარაკებოდა?

- პოლიტიკაზე, სოფლის მეურნეობაზასა და ხელოვნებაზე. ალბანეთის კინოს სახელი მსოფლიოში ცნობილი სწორედ ქართველი მსახიობების თამაშით გახდა. სტალინმა გაგზავნა ქართველი მსახიობები სკანდერბეგზე ფილმის გადასაღებად. აკაკი ვასაძე სწორედ სკანდერბეგის როლს ასრულებს. ვერიკო ანჯაფარიძე და სერგო ზაქარიაზეც ასევე მთავარ როლებს ასრულებენ. მერე იცით, რა მოხდა? ის ფილმი კანის ფესტივალზე წაიღეს და სამი უმაღლესი ჯილდო გადაეცა. ახლა ამას თავი დავანებოთ, ალბანეთში სიმინდი და ევკალიპტი დღესაც ქართული აქვთ, საქართველოდან გავუგზავნეთ.

- ეგ ამბები უფრო დაწვრილებით მომიყევით.

- დაწვრილებით მოსაყოლი არაფერია. ალბანეთის ეროვნულ გმირზე რომ ფილმის გადაღება უნდოდა, თავად ენვერ ხოჯამ უთხრა სტალინს და ქართველი მსახიობებიც სთხოვა - ქართულ კინოს იმ დროს უკვე მთელი მსოფლიო იცნობდა. ალბანეთი ღარიბი ქვეყანა იყო. სტალინმა ისიც ასწავლა ენვერ ხოჯას, სიღარიბე როგორ დაეძლიათ. თავად ენვერ ხოჯა წერდა, სტალინმა მკითხა, თქვენს ქვეყანაში როგორი კლიმატიაო, მე კი ვუპასუხე ძალიან გვაწუხებს გვალვები და ჭაობიანი ადგილები-მეთქი. სტალინი ჩაფიქრდა, მომდევნო შეხვედრაზე კი ევკალიპტის ნერგებისა და ქართული სიმინდის თესლის ჩუქებას დამპირდა. თანაც ამიხსნა, რომ ევკალიპტი ჭაობებს ამოაშრობდა, ქართული სიმინდი კი ალბანეთის გვალვებსაც გაუძლებდა და სიცივეებსაცო. ამიტომ ძალიან მადლიერი იყო სიცოცხლის ბოლომდე სტალინის. სტვენა მადლობის მაგიერია? ალბანელები დღესაც ქართულ სიმინდს თესავენ და ჭამენ.

- თუ ასეა, სტალინი ენვერ ხოჯას მჭადის გამოცხობასაც ასწავლიდა.

- ეჭვიც არ მეპარება, ასწავლა. თუ ალბანელებმა ქართული ეკალას გაკეთება ისწავლეს ვერიკო ანჯაფარიძისაგან, რესტორნების მენიუში შეიტანეს, ეკალას ხომ მჭადიც უნდა!

- რას ამბობთ, რა ეკალა?

- რა ეკალა და, სკანდერბეგზე ფილმის გადაღებისას ვერიკო ანჯაფარიძეს ველზე ეკალას ბუჩქები დაუნახავს. გახარებია, მოუკრეფია და ჩვენებურად, ქართულადაც შეუკაზმავს. ამ დროს თურმე ფილმის გადაღების ამბები ენვერ ხოჯამ მოიკითხა და მასაც გაასინჯეს ვერიკოს შეკაზმული ეკალა. ჰოდა, გადაირია კაცი, იმდენად მოეწონა კერძი, ტირანის რესტორნებში აუცილებელ მენიუში შეატანინა და "ხორავა" დაარქვა.

- ანუ ტირანას რომ ვეწვიოთ, იქ რესტორნებში ეკალას მოგვართმევენ.

- დანამდვილებით ვერ გეტყვით, ენვერ ხოჯა 1984 წელს გარდაიცვალა. მას შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა ალბანეთში. თუმცა არა მგონია, ეკალასთანა გემრიელ კერძს ვინმე შელეოდა.

- ე.ი. ხუმრობით ისიც შეგვიძლია ვთქვათ, რომ შხამად შეერგოთ ალბანელებს ჩვენს ჰიმნზე სტვენისთვის ქართული ეკალა-მეთქი?

- რატომ ხუმრობთ? ვინც დასტვინა, დაე, შხამად შეერგოს, დანარჩენები კი სულ კარგად იყვნენ.