როგორ მივხვდეთ, რომ გახანგრძლივებული ხველის მიზეზი ყივანახველაა
ყივანახველა მწვავე ბაქტერიული ინფექციაა. იგი განსაკუთრებით გადამდებია დაავადების საწყის პერიოდში, შემდეგ უფრო და უფრო ნაკლებად, ხოლო 4 კვირის შემდეგ სრულიად აღარ. ინფექცია გადაეცემა ჰაერწვეთოვანი გზით, უშუალო კონტაქტის დროს. ავადდება ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ახალშობილიც კი. ყველაზე ხშირად გვხვდება 10 წლამდე ბავშვებსა და მოზარდებში, თუმცა ბოლო დროს მატულობს მოზრდილთა ინფიცირების შემთხვევებიც.
სიმპტომები და მიმდინარეობა
საინკუბაციო ანუ ფარული პერიოდი 2-14 დღეა. დაავადება მიმდინარეობს 3 სტადიად და, ჩვეულებრივ, 6-8 კვირა გრძელდება.
1. საწყისი, კატარული სტადია 1-2 კვირას გასტანს. იწყება სუბფებრილური ცხელებით, მშრალი ხველითა და სხვა კატარული მოვლენებით. ამ პერიოდში ყივანახველის დიაგნოსტირება ვერ ხერხდება.
2. სპაზმური ხველის სტადიაში (2-4 კვირა) ხველის შეტევები ძლიერდება და ხშირდება. შეტევის დროს ავადმყოფს უჭირს ჩასუნთქვა. როცა ჩასუნთქვის საშუალება მიეცემა, ჰაერი სტვენით ჩადის, რაც წამოყივლების შთაბეჭდილებას ახდენს. ზოგჯერ შეინიშნება სუნთქვის გაჩერება - აპნოე. ამგვარი შეტევა რამდენჯერმე მეორდება, სანამ ავადმყოფი სქელ, წებოვან ნახველს არ ამოიღებს. ამ სპაზმურ ხველას და ნახველის ამოღებას თან სდევს ღებინება, ზოგჯერ - უნებლიე შარდვა და დეფეკაცია, შესაძლოა განვითარდეს კრუნჩხვაც. ხველის დროს ავადმყოფი წამოწითლდება, შეტევის დასრულებისას კი ფითრდება. შეტევის დროს გადმოგდებული აქვს ენა, სდის ცრემლი. შეტევები უმეტესად ღამის საათებში ვითარდება. გამოხატულია ციანოზი. ბავშვები ამჟღავნებენ მოუსვენრობას, შფოთვას. შესაძლოა, სკლერებზე გაჩნდეს სისხლჩაქცევები. შეტევებს შორის საერთო მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, სისხლის საერთო ანალიზი ავლენს ლეიკოციტოზს, ლიმფოციტოზს.
3. დაავადების უკუგანვითარების პერიოდი გრძელდება დაახლოებით ერთი თვე. საერთო მდგომარეობა უმჯობესდება. სპაზმური ხველის შეტევები თანდათანობით მცირდება.
გართულება
გართულებებიდან აღსანიშნავია პნევმონია, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლა, სისხლჩაქცევა, ახალშობილებში ხშირია ჭიპისა და საზარდულის თიაქარი.
მკურნალობა
მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ თვითმკურნალობა საშიშია! ზუსტი დიაგნოზის დასადგენად და შესაბამისი მკურნალობის დასანიშნად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
მკურნალობა ინიშნება ინდივიდუალურად, პაციენტის ასაკის, დაავადების სიმძიმისა და გართულებების არსებობის მიხედვით.
ყივანახველას მკურნალობის ძირითადი მიმართულებები
მკურნალობა მიდის ორი ძირითადი მიმართულებით: ანტიბაქტერიული - ინფექციის წინააღმდეგ და სიმპტომური - დაავადების მიმდინარეობისას გამოხატული სიმპტომების შესამსუბუქებლად.
ანტიბაქტერიული თერაპია ინიშნება დაავადების ადრეულ სტადიაზე.
ყველაზე ხშირად გამოიყენება მაკროლიდები (ერითრომიცინი, აზითრომიცინი).
ანტიბიოტიკები ხელს უწყობს დაავადების ხანგრძლივობის შემცირებას და თავიდან აგვაცილებს გართულებებს. ანტიბიოტიკები ინიშნება იმ ინფექციების სამკურნალოდაც, რომელიც თან ახლავს ყივანახველას, როგორიცაა პნევმონია და ყურის ინფექცია.
სიმპტომური მკურნალობა გულისხმობს:
ხველის საწინააღმდეგო საშუალებებით (სიფრთხილით გამოიყენება მცირეწლოვან ბავშვებში).
მუკოლიზური საშუალებებით - ნახველის გასათხელებლად.
ინჰალაციებით - ფიზიოლოგიური ხსნარით ან სამკურნალო ბალახებით.
ასეთი სახის ხველისას საკმაოდ ეფექტურია დამატენიანებლის გამოყენება შენობაში. ასევე სასურველია სითხის საკმარისი რაოდენობით სმა დეჰიდრატაციის თავიდან ასაცილებლად. ავადმყოფი უნდა იყოს სიმშვიდეში სასუნთქ სისტემაზე დატვირთვის შესამცირებლად.
პროფილაქტიკა
არცთუ იშვიათად, სპაზმური ხველის დაწყებამდე ბავშვი ჩვეულებრივი რეჟიმით ცხოვრობს: დადის ბაღში, სკოლაში. დაავადებისთვის დამახასიათებელი ნიშნების გამოვლენისთანავე იგი უნდა მოთავსდეს ცალკე ოთახში. კონტაქტში მყოფებს სპეციფიკური აცრები არ უტარდებათ. 1 წელზე უფროსი ასაკის ბავშვები და მოზრდილები, მათ შორის - ბავშვთა კოლექტივის მომსახურე პერსონალიც, იზოლირებას (კარანტინს) არ ექვემდებარებიან.
თუ ყივანახველის დიაგნოზი დაისვა და ავადმყოფს ეძლეოდა ანტიბიოტიკი, საჭიროა მისი იზოლაცია 5 დღით, თუ არ ეძლეოდა - 3 კვირით. კონტაქტის შემთხვევაში, განურჩევლად იმისა, აცრილი იყო თუ არა ბავშვი, რეკომენდებულია ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის დამატებითი აცრის გაკეთება. აცრა არ კეთდება, თუ უკანასკნელი (დამამთავრებელი) დოზის მიღებიდან არ გასულა 6 თვეზე მეტი, მაგრამ ამ შემთხვევაში მაინც უნიშნავენ ერითრომიცინს - 50 მგ/კგ-ს დღე-ღამეში 4-ჯერ, 10 დღის განმავლობაში. პატარას ყივანახველა ჰქონდა თუ პარაყივანახველა, ამის დასაზუსტებლად დამატებითი ინფორმაციისა და კვლევის შედეგების შეჯერებაა საჭირო, რისთვისაც პედიატრს უნდა მიმართოთ. როგორც კი ბავშვი აღიდგენს ცხოვრების ჩვეულ რეჟიმს, მისი საბავშვო ბაღში თუ სკოლაში გაშვებაც შეიძლება.
ექიმთან კითხვები გამოგზავნეთ mkurnali.ge-ზე რუბრიკაში - შეკითხვა ექიმს
ექიმი თამარ მამაცაშვილი