„ერთ დროს მიწის გულისთვის თოფს ესროდნენ ერთმანეთს, ახლა კი ეზოები გვიმრითაა სავსე“ - კვირის პალიტრა

„ერთ დროს მიწის გულისთვის თოფს ესროდნენ ერთმანეთს, ახლა კი ეზოები გვიმრითაა სავსე“

მელექედური ერთ-ერთი დიდი სოფელია გურიაში, თავისი 1908 სული მოსახლითა და საინტერესო ისტორიით. XVII საუკუნის მიწურულს მელექედურის ეკლესიაში მოღვაწეობდა მღვდელი გიორგი ჯაყელი, რომელმაც გურიელის შემწეობით ააშენა ეკლესია და შესწირა XVI-XVII საუკუნეებით დათარიღებული მარხვანი, ოთხთავი, სახარება, სამოციქულო, პარაკლიტონი და ზატიკი. 1828 წლისთვის სოფელში იდგა ასევე წმინდა გიორგის ხის ეკლესია.

ამ სოფლიდან არიან ცნობილი ფირალი დათა მიქელაიშვილი, საეკლესიო მოღვაწე ანტონი (თოთიბაძე), სახალხო გვარდიელი გოგია ღლონტი და საბჭოთა პოლიტიკოსი და პარტიული მოღვაწე აკაკი მგელაძე. "კვირის პალიტრა" დაინტერესდა, რა ხდება ახლა ამ ისტორიულ და ერთ დროს ულამაზეს სოფელში.

პირველი, რაც სოფელში შესვლისას თვალში მოგხვდებათ, მოწესრიგებული გზები და მიტოვებული ეზოებია. მიუხედავად იმისა, რომ სოფელი სულ რაღაც 10 წუთის სავალზეა ქალაქიდან, გზებიც ახალი გაყვანილია და გაზიც, ხშირად შეხვდებით დაუსახლებელ ადგილებს, მავთულხლართებით შემოღობილ მოუწესრიგებელ ეზოებს და მიტოვებულ, უკვე ხავსმოდებულ სახლებს. პოლიტიკისადმი განსაკუთრებული ინტერესით ცნობილ გურულებს ახლა პოლიტიკაზე საუბარი აღარ ეხალისებათ. არ სურთ რამე ისეთი წამოსცდეთ, რომ სოფლის გამგებელსა და ადგილობრივ მმართველობას ეწყინოს, რადგან სოფელში მოსული დახმარება შეიძლება აღარ შეხვდეთ. მე რომ სოფელს ვესტუმრე, სახლის სახურავები ახალი დარიგებული იყო. სოფელში საუბრობდნენ, სახურავები იმათ შეხვდათ, ვინც გამგებელთან ან "ქართული ოცნების" პარტიის წევრებთან მეგობრობენო. ინფორმაციის დაზუსტება გადავწყვიტე და გამგებელს დავურეკე, სათქმელიც მქონდა, ჭერი იმ სახლის ერთ ნაწილშიც ჩამოქცეული იყო, რომელსაც მე ვსტუმრობდი. "გასულ წელს სტიქია - წვიმა და ქარი რომ იყო, მაშინ ვისი სახლიც დაზიანდა, ახლა მოუწიათ დახმარებამ. თუმცა ყველას მაინც არ შეხვდა, 300 დაზარალებულიდან 84 ოჯახი დავაკმაყოფილეთ", - მითხრა გამგებელმა და დასძინა, რომ გამგეობა პირველ რიგში მათ დაეხმარა, ვინც ყველაზე მეტად დაზარალდა. დაზარალებულების მდგომარეობას, რა თქმა უნდა, ვერ შევამოწმებდი, მაგრამ ის კი გავიგე, რომ ერთი დაზარალებული გამგეობის ნაჩუქარ სახურავს დღემდე „ქუხნაში“ (ასე ეძახიან გურულები დამხმარე ნაგებობას) ინახავს. ადგილობრივები ყველაფერს მოგიყვებიან, ყველაფერს გაგიმხელენ, მაგრამ არც საკუთარი ვინაობის გასაჯაროებაზე დაგთანხმდებიან და არც ამბის გმირების ვინაობას გეტყვიან.

"ყველაფერი სიკეთე რომ გაქვს, რა უნდა ჭკუათამყოფელ კაცს მტვრითა და გამონაბოლქვით სავსე ქალაქში?"

დალი: - 90-იანებში მეურნეობა რომ დაიშალა და ჩაი მოითხარა, პირველად მაშინ გაუჭირდა სოფელს. დაიწყო შიმშილი და ხალხმა სიმინდი გააშენა. ერთხანს გამოკვება სოფელი სიმინდმა, მაგრამ მერე ნიადაგი გამოიფიტა, გაღარიბდა. სასუქი არ იშოვებოდა. ხალხი იძულებული გახდა უცხო ქვეყნებში ეძებნა გამოსავალი. ძალიან ბევრი ქალი წავიდა იმ პერიოდში სოფლიდან. მარტო დარჩენილმა კაცებმა უსაქმურობისგან ბირჟებზე დგომა დაიწყეს - ბევრი გალოთდა, ბევრიც წამლის მომხმარებელი გახდა. შვილებმა ფასიან სასწავლებლებში შეიტანეს საბუთები. უბრალოდ, სტუდენტების სტატუსი მიიღეს, თორემ არც სწავლობდნენ. ძალიან არაჯანსაღი გარემო შეიქმნა სოფელში.

- ბოლო დროს დიდი ქალაქებიდან სოფელში დაბრუნების ტენდენცია შეინიშნება.

- პანდემიის დროს ქალაქში იზოლაციის დაცვაც რთული იყო და თავის რჩენაც. შესაბამისად, თუ ვინმე სოფლიდან ქალაქში იყო წასული, ყველა ჩამოვიდა. ქალაქის კომფორტს მიჩვეულმა ხალხმა მაშინვე დაიწყეს სახლ-კარის მოწესრიგება - სველი წერტილები გაიკეთეს, ღობეები შეაკეთეს, ბაღჩები გააშენეს, ყანები დათესეს, წიწილები მოაშენეს.

- საკითხავი ის არის, ეს ხალხი დამაგრდა სოფელში თუ ქალაქს დაუბრუნდა.

- ზოგი კი დაუბრუნდა, მაგრამ ბევრი მიხვდა, რომ დღეს სოფელში ცხოვრება ჯობს. გზა გვაქვს, გაზი, შუქი, ინტერნეტი... ამ ყველაფერს დაამატეთ ჯანსაღი ბუნება. წავიდა ის დრო, სოფლებში ჩეჩმა რომ იდგა და ხალხი მისაღებ ოთახში „ლახანკებში“ ბანაობდა. ქალაქში თუ მოინდომებ, ფეხითაც კი წახვალ. ამასთან, ერთ მხარეს ზღვა გვაქვს და მეორე მხარეს - მთა. ეს ყველაფერი სიკეთე რომ გაქვს, რა უნდა ჭკუათამყოფელ კაცს მტვრითა და გამონაბოლქვით სავსე ქალაქში.

"აქ გლეხი ყოველთვის გაიტანს თავს"

მანანა: - წყალი არ გვაქვს, მარა ალბათ, არჩევნების შემდეგ გააკეთებენ. ჭები გვაქვს. სარწყავად კიდევ რუებს ვიყენებთ. 90-იანების მძიმე პერიოდში შუქი რომ არ იყო, აქ ზოგიერთმა ეზოებში გამდინარე რუებზე გააკეთეს პატარა ჰესები და წისქვილიც კი. მთლად რომ გაჩერდეს სამყაროში ყველა საწარმო, აქ გლეხი მაინც გაიტანს თავს, უბრალოდ, ხელის განძრევაა საჭირო. გურიაში ყველაფერი მოდის, ციტრუსით დაწყებული, ბრინჯით დამთავრებული. აი, თხილი კი ფაროსანამ გააფუჭა. შესაბამისი სამსახურები ღამით რაღაც უბედურებით წამლავენ ეზოებს. მგონი, ნავთი ურევია, ეზოს წინა მხარეს თუ რამე ხეხილი გვაქვს, ყველაფერი გაგვიხმა. წინასწარ გვაფრთხილებენ, ჭებს თავები დაახურეთ და ფანჯრები დახურეთო. ფაროსანა მაინც არის და ეს ხეხილი კი გაგვიხმა.

შარშან თხილის დაკრეფას აზრი არ ჰქონდა. ახლა, არჩევნების წელი რომ არის, 3 ლარი დაადეს, მაგრამ ცოტა ხნით, ზუსტად მაშინ, სკოლის სეზონი რომ მოახლოვდა და ყველაზე მეტად დასჭირდა ხალხს ფული, 2 ლარზე ჩამოვიდა.

"უცხოელებმა გაიგეს საქართველოს ფასი და ჩვენ კი არ ვიცით"

დალი ღლონტი: - თხილი ზოგმა იაფი და უხარისხო საწამლავით შეწამლა, ზოგმა ზომაზე მეტი წამალი გამოიყენა. ყველაზე ცუდი ის არის, ცოდნა არა აქვს ხალხს. ძველს ხაზი გადაუსვეს და აღარც ახალს სწავლობენ. თხილი თუ არ უნდათ, სხვა კულტურა დარგონ, მაგალითად, მოცვი, კაკალი, წაბლი, პავლონია.... ერთ ძირ წაბლის ხეს სეზონზე, სულ ცოტა, 3.000 ლარის გაკეთება შეუძლია. კარზე მოვლენ და წაიღებენ, აკრეფაშიც არ შეგაწუხებენ. რაც შეეხება პავლონიას, ძვირფასი სამასალე ხეა, მისი ფოთოლი კი საქონლისთვის შეუცვლელი საკვებია. ხუთ წელიწადში უზარმაზარი ხე იზრდება. კივიც კარგი მოდის და ფეიხოაც... მოკლედ, თუ ხელისუფლების ხელისშემყურე არ იქნები, ამ სოფელში არ დაიკარგები. ბოლო პერიოდში აქ ხშირად ყიდულობენ მიწას უცხოელები. რუსები პარაზიტებივით ცხოვრობენ, არაფერს ქმნიან. ჩემთან ახლოს გერმანელი ცოლ-ქმარი დასახლდა. 10.000 დოლარად ძველი დანგრეული სახლი იყიდეს. შეაკეთეს, ზოგიერთი რამ ძველებურად შეინარჩუნეს, ისე გაალამაზეს, ვეღარც იცნობთ. საოჯახო ტიპის სასტუმრო მოაწყვეს, კემპინგი აქვთ, ეზოში ხელოვნური ტბა გააკეთეს, ბაღჩა გაიჩინეს. სულ უცხოელი სტუმრები ჰყავთ. ამბობენ, არსად წასვლას არ ვაპირებთ, ნამდვილი სამოთხეა, ზღვაც ახლოს გაქვთ, მთაც, ყველგან მდინარე და ნაკადულიაო. უცხოელებმა გაიგეს საქართველოს ფასი და ჩვენ კი არ ვიცით. ხალხს კარ-მიდამო მიტოვებული აქვს, ეკალბარდი აქვს გადავლილი ყველაფერს, თავად კი თურქეთში მიდიან სამუშაოდ.

ერთ დროს მიწის გულისთვის თოფს ესროდნენ ერთმანეთს, ახლა შეხედეთ, რა ხდება - გვიმრითაა სავსე. ჯერ შენ გაანძრიე ხელი, იშრომე და მერე მოსთხოვე ხელისუფლებას. მთავრობას მისი ცოდვებიც ეყოფა. ძალიან ბევრი ახალგაზრდა გაფუჭდა და კიდევ ბევრი ფუჭდება. ამას არ ჯობს, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას ეწეოდნენ. თუ ახალგაზრდები გადაგვიგვარდნენ, მერე აღარც მთა გვინდა, აღარც ზღვა და აღარც ტყე.

ხათუნა ბახტურიძე