„ახლაც უჭირს ხევსურეთს ხალხი“
"პირიქითა ხევსურეთის სოფლები დაიცალა, ზამთარში მხოლოდ 18 კომლიღა რჩება", გულისტკივილით მეუბნება შოთა ჭინჭარაული და იხსენებს საბჭოთა მთავრობამ ხევსურებს "მოსარჯულებლად" როგორ დაატოვებინა საკუთარი კერა და ბარში გადაასახლა, მას შემდეგ დაიწყო ჩვენი უბედურებაო. აკლდამებისა და იქ გარდაცვლილთა ამბებსაც მოგვიყვა და გამაოგნებელი ფაქტიც არ დაუმალავს - ტურისტები აკლდამებში ოქრო-ვერცხლს ეძებენ, იქაურობას ანადგურებენ, თავის ქალებს იპარავენო.
- შატილში დავიბადე 1953 წელს. ერთი წლის ვიყავი, როცა აგვყარეს და იძულებით ბარში გადაგვასახლეს. გადასახლების რეალური მიზეზი ის იყო, რომ ხევსურები არ ემორჩილებოდნენ კომუნისტების რეჟიმს. კომუნისტები ხალხს აიძულებდნენ, კოლმეურნეობის საქონელი შეენახათ. ფიჭვის თესლი მოეგროვებინათ და ჩაებარებინათ, მაგრამ ამ შრომაში არაფერს უხდიდნენ. ხევსურები გაუძალიანდნენ, მათაც ნაცად ხერხს მიმართეს და დაგვშალეს, გაგვათითოკაცეს. ზოგი გარდაბანში ჩაასახლეს, ზოგი ახმეტაში, ზოგიც დუშეთში. ზემო ხევსურეთამდე სამანქანე გზა არ იყო ამოყვანილი და პოლიციამ ხალხი ბარისახომდე 50 კილომეტრი ცხენებითა და ფეხით ატარა. შატილელები გარდაბანში ჩაგვასახლეს. ჩემები მეუბნებოდნენ, იმ ადგილას უდაბნო იყო, ერთი ხეც არ იდგა.
გასული საუკუნის 50-იან წლებში ხალხი ციხე-სოფელსა და მის კოშკებში ცხოვრობდა. სტუმარს ერთმანეთს ეცილებოდნენ, არა, მე უნდა ვუმასპინძლო და არა მეო. ახლა ყველას საოჯახო სასტუმრო აქვს და ერთმანეთს ექიშპებიან. ხალხმა მოახერხა და გადასახლებიდან რამდენიმე წლის შემდეგ მთას დაუბრუნდა. კომუნისტებმა იფიქრეს, ხევსურები უკვე მოვდრიკეთო, და ამიტომ ზოგის დაბრუნებისთვის ხელი აღარ შეუშლიათ. ჩემი მშობლებიც დაბრუნდნენ. კოშკებთან გვქონდა ფიქლის სახლი და იქ გავაგრძელეთ ცხოვრება. იმ დროს მხოლოდ ფიქლის სახლები იყო ხევსურეთში. სხვა საშენი მასალა უგზოობის გამო ვერ ამოჰქონდათ ბარიდან. ზემო ხევსურეთში სამანქანე გზა 1970 წელს შემოიყვანეს, მანამდე მხოლოდ ბილიკი იყო.
- საოცარია, ერთმანეთზე დაწყობილ ფიქალს რა ამაგრებს?
- მშრალად ნაშენები სახლების კედლები სქელია, ქვები ერთმანეთზეა გადაბმული. კოშკების უმეტესობა 4 ან 6-სართულიანია. კოშკის პირველი სართულის კედლების უმეტესობა 1, 30 მეტრია, ზემოთ კი ნელ-ნელა ვიწროვდება. ქვას ფიქლებად შლიდნენ, აწყობდნენ ჯორების ხურჯინებში და ისე აჰქონდათ მშენებლობის ადგილზე. იქ ფიქლებს ისევ არგებდნენ ერთმანეთს და ქვას პირვანდელ ფორმას უბრუნებდნენ. ამიტომაც არის, რომ ამ ფორმით დაწყობილი ფიქალი არ ინგრევა და სახლებიც მყარია. რამდენიმე წლის წინ ახალი სახლი ავაშენე ასეთი ფორმით და ცემენტი არც მე გამომიყენებია, თუმცა მაინც ვერ დავაწყვე ისე კარგად, როგორც კოშკებშია. აგურითა და ქვით მშენებელი ადამიანი ფიქლითა და მშრალი შენებით ვერ ააშენებს, ფიქალს ერთმანეთს ვერ მოარგებს. ამ საქმეს ცოდნა და პრაქტიკა სჭირდება.
სანამ რესტავრაციას დაიწყებდნენ, შატილის არც ერთი კოშკი დაზიანებული არ იყო. მართალია, ზოგს სახურავი აღარ ჰქონდა, მაგრამ კედლებს ბზარი არ გასჩენია. ორჯერ ჩაატარეს შატილის ციხე-ქალაქის რესტავრაცია, მაგრამ ამით უფრო დაანგრიეს. ძველი ფოტოები ედოთ და ცდილობდნენ მიემსგავსებინათ, მაგრამ სახურავს წყლის არიდების ფუნქცია რომ უნდა შეესრულებინა, ეს აღარ გაუთვალისწინებიათ. ზამთარში, როცა დღისით თბილი ამინდია, თოვლი დნება და კედლებში ჩადის, ღამით გაყინავს და კედლები სკდება.
ახალგაზრდობას აღარ უნდა სოფლებში ცხოვრება და ახლაც უჭირს მთას ხალხი. დათვისჯვრის უღელტეხილის ზემოთ, პირიქითა ხევსურეთში, 13 სოფელი იყო. დღეს 5 სოფელია, სადაც რამდენიმე მოსახლე ცხოვრობს, დანარჩენ სოფლებში ფუძეს არავინ აკითხავს. ზამთარში უღელტეხილის აქეთ მხოლოდ 18 ოჯახი რჩება, აქედან 6 ოჯახი შატილშია. სკოლა მხოლოდ შატილს აქვს და ზამთარში სოფლებში დარჩენილი ბავშვები იქ დადიან სასწავლებლად. სამი ბავშვი დადის და 10 მასწავლებელი მუშაობს. რამდენიმე პედაგოგი თბილისიდან არის ჩამოსული. სამედიცინო პუნქტიც მხოლოდ შატილს აქვს.
უღელტეხილზე მუდმივად უბერავს ქარი და თოვლს სამანქანო გზისკენ ყრის. იმდენი თოვლი გროვდება, გზა აღარ ჩანს. შეიძლება ტრაქტორით გაწმინდონ და ქარმა ერთ საათში იმდენი თოვლი მოაგროვოს, რომ კიდევ ჩაიკეტოს.
შატილში მაღაზიაც არა გვაქვს. ვინც აქ ცხოვრობს და ზამთარშიც არ ტოვებს ხევსურეთს, იმარაგებს აუცილებელ პროდუქტს, სანამ გზა ჩაიკეტება. თუ ვინმე ავად გახდება და სტაციონარში გადაყვანა დასჭირდება, ვერტმფრენს იძახებენ, თუმცა ავდარში ვერტმფრენიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას. იყო შემთხვევები, როცა ავადმყოფი ვერ გადაიყვანეს საავადმყოფოში, ვერ ჩაუტარდა დროული დახმარება და გარდაიცვალა.
შატილში პირველი საოჯახო სასტუმრო მე გავაკეთე. ფიქლით, მშრალი შენებით ავაგე შენობა და რამდენიმე წლის შემდეგ ხის კოტეჯი მივამატე. 15 წელია რაც ტურისტები ინტენსიურად მოდიან ხევსურეთში. წინათ ისრაელიდან, უკრაინიდან და პოლონეთიდან ჩამოდიოდნენ, ახლა ებრაელები და უკრაინელები ვეღარ ჩამოდიან. ყველაზე ბევრი ტურისტი გერმანიიდან და საქართველოდან გვყავს. გულს მტკენს, რომ უცხოელები უფრო უფრთხილდებიან ჩვენს ბუნებას. ჩვენი ხალხი იქეიფებს და მერე აღარ უნდათ დაყრილის აკრეფა, ძალიან აბინძურებენ ბუნებას. ღამით ხმაურს, ყვირილსა და გინებასაც არ ერიდებიან, ჩხუბობენ და არ ფიქრობენ, რომ უკვე გვიანია და შეიძლება ვინმეს ეძინოს.
- ხევსურ კაცს ჩხუბი გიკვირთ? სისხლის აღების წესსა და კეჭნაობაზეც მომიყევით...
- თუ საჩხუბარია, უნდა იჩხუბო, მაგრამ მაგასაც თავისი წესი აქვს. ანსამბლი ,,ალილო" მყავდა სტუმრად და უთენია ვიღაც მთვრალი მომადგა კარზე დასისხლიანებული. აქაური არ იყო. შემიხვიეო, მიყვიროდა. ექიმის გზა მივასწავლე და გინება დამიწყო. დედის გინება რა მოსათმენია, ავდექი და მეც დავარტყი, ძლივს გამაგდებინეს ხელიდან...
ჩემს ბავშვობაში შატილში ხატობა წელიწადში სამჯერ იმართებოდა, სამჯერ იხარშებოდა ლუდი. სამი სალოცავი ხატი გვაქვს - მთავარანგელოზის, ღვთისმშობლის და წმინდა გიორგის. ახლა წელიწადში ერთხელ იმართება ათენგენობა. ხატობაზე შეჯიბრებებიც იყო. ბავშვებს მშვილდ-ისრები გვქონდა, პურისგან სამიზნეს აკეთებდნენ და მიზანში სროლაში ვეჯიბრებოდით ერთმანეთს. მთაში ყველამ იცოდა ცხენზე ჯდომა და დოღში ყველა ბიჭი ვმონაწილეობდით. წინათ დოღში გაყვანამდე ცხენს მხოლოდ ხმელ ბალახს და ქერს აჭმევდნენ. ნედლი ბალახის მიცემა არ შეიძლებოდა, ამბობდნენ, გაბერავს და დაასუსტებსო. ცხენს ხშირად ბანდნენ, ჯაგრისით ხეხავდნენ, ავარჯიშებდნენ...
ხევსურეთში სისხლის აღების წესი რომ არ ყოფილიყო, ხალხი ერთმანეთს ამოწყვეტდა. იცოდნენ, ვინმეს თუ მოკლავდნენ და მოახერხებდნენ გაქცევას, მის ძმაზე ან ოჯახის სხვა წევრზე იძიებდნენ შურს. ეს იყო საპრევენციო წესი და სწორედ ამიტომ, სანამ სისხლის აღება არსებობდა, ხევსურეთში მკვლელობები ძალიან შემცირებული იყო. იმ დროს მთაში ჟანდარმერია ან პოლიცია არ იდგა და ამ ფორმით ხალხი თავად იცავდა სიმშვიდეს, ურთიერთობას. ყველა სოფელს ჰყავდა მოხუცი, ვინც რჯულის ადათ-წესებს აკონტროლებდა და სოფელს განაგებდა. როცა შემთხვევით მკვლელობა ხდებოდა, მკვლელისა და მოკლულის ოჯახს ერთმანეთს არიგებდნენ. ასეთ შემთხვევაში მკვლელს ქონებით უნდა ეზღო მოკლულის სისხლი მისი ოჯახისთვის.
ერთხელ მეგობრები წავიდნენ სანადიროდ, ერთს გაუვარდა თოფი და მეორე იმსხვერპლა. როცა ფაქტი განსაჯეს და ორივე მხარე დარწმუნდა, რომ მკვლელობა განგებ არ მომხდარა, და შერიგდნენ.
ხევსურეთში სირცხვილად ითვლებოდა, თუ ჩხუბის დროს მძიმედ დაჭრიდი ვინმეს. ამბობდნენ, ასე იმიტომ დაჭრა, შეეშინდაო და არცხვენდნენ. გაუმართლებელი მიზეზით მკვლელობის დროს მოკლულის სისხლის აუღებლობაც სირცხვილი იყო. მკვლელს უნდა სცოდნოდა, თუ ასეთ ნაბიჯს გადადგამდა, ან თავად დაიღუპებოდა, ან მისი ახლობელი. როცა ის დაისჯებოდა, სხვა აღარ გაიმეორებდა და მძიმე დანაშაულიც აღარ მოხდებოდა.
ქურდი ადამიანის ხელის მოჭრასაც იგივე ახსნა აქვს - ქურდობის პრევენცია. სხვა ვეღარ ბედავდა ასეთი დანაშაულის ჩადენას.
წლების წინ ჩემს თანატოლ აპარეკას შემოხვდა არხოტელი კაცი, რომელსაც მისი ახლობელი ჰყავდა მოკლული. იმ კაცს რომ დაუნახავს მოსისხლე, ამან რა უნდა მიყოსო, უთქვამს, შეურაცხყოფაც მიუყენებია. სუფრასთან მოხდა ეს შემთხვევა. აპარეკამ იქვე მოკლა და 9 წელი იჯდა ციხეში.
- მართალია, რომ კვლავ გვარებად ცხოვრობთ ხევსურეთში? ამბობენ, ხევსურების სუფრაზე თამადასაც არ ირჩევენ და ყველას აქვს უფლება, სადღეგრძელო თქვასო.
- ხევსურეთში მიწა მწირიც იყო და მცირეც. ხალხს არ ჰყოფნიდა, რომ მეურნეობა ჰქონოდა, ამიტომაც სხვას აღარ უშვებდნენ სოფლად. გვაროვნულად ცხოვრების მთავარი მიზეზი ეს იყო და არის. ან რაღა არის, სადღაა ხევსურეთი? არის სოფლები, რომლებიც გადარჩა, მაგრამ ორი-სამი კომლიღა ცხოვრობს.
ხევსურეთში პიროვნული მმართველობა არ ყოფილა და სუფრასთანაც თამადა არ გვყოლია. ახლაც ასეა, მე რომ ვიტყვი სადღეგრძელოს, მერე სხვამ უნდა თქვას, ყველას უნდა მიეცეს აზრის გამოთქმის საშუალება.
- როგორც მითხარით, ანატორის ცნობილი აკლდამების შესახებაც გსურდათ საუბარი...
- იმ აკლდამებში დღემდეა შემორჩენილი ეპიდემიის დროს გარდაცვლილთა ჩონჩხები. ისინი გმირულად მოიქცნენ, როცა სოფელში გადამდები სენი გავრცელდა, მის კიდევ უფრო გავრცელებას ხელი არ შეუწყვეს და სოფელი ჩაკეტეს. ავადმყოფები თავად მიდიოდნენ აკლდამებში და იქ ელოდნენ სიკვდილს. თურმე თოფიანი კაციც დაუყენეს დარაჯად, რომ სოფლიდან არავინ გასულიყო, მაგრამ იმ კაცს იარაღი არასდროს გამოუყენებია, რადგან გაქცევა არავის უცდია.
იმ აკლდამებში თავად მინახავს აკვანზე დამხობილი ჩონჩხი. ახლა რასაც გეტყვით, ალბათ, გაგიკვირდებათ, მაგრამ ესეც ჩვენი რეალობაა - ტურისტებმა აკლდამები გაძარცვეს. გარდაცვლილთა ძვლები ამოატრიალეს, ოქრო-ვერცხლი რომ ეპოვათ. აკვანს რომ შეეხები და მათ ჩონჩხებს არევ-დარევ ძვირფასეულობის საპოვნელად, არაკაცი ხარ. სკამზე მჯდარი ჩონჩხიც იყო აკლდამაში და ისიც გადმოგდებული დაგვხვდა. სავსე იყო თავის ქალებით და ისინიც მოიპარეს. ერთი სტუმარი მომიყვა, თბილისში სუფრასთან თავის ქალის სასმისი შემომთავაზესო და როგორც ჩანს, ამ მიზნითაც იპარავენ.
ნელი ვარდიაშვილი