მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან
მართალია, არც ხელოვნების ექსპერტი ვარ და მით უფრო, არც ცივი იარაღის, მაგრამ სილამაზის აღქმა ნამდვილად შემიძლია. როდესაც ჩემმა მეგობარმა მიხეილ ხვედელიანმა ჰოლანდიაში მცხოვრებ თავის მეგობარსა და მის შემოქმედებაზე მიამბო, მისი ნამუშევრები სასწრაფოდ მოვძებნე ინტერნეტში. რას წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთს თბილისში, ჩემს ვერანდაზე შევხვდებოდით და ინტერვიუსაც ჩავწერდით.
თბილისელი გოჩა ლაღიძე 30 წელიწადია, საზღვარგარეთ ცხოვრობს, მანამდე კი... თბილისის იმჟამინდელი პოლიტექნიკური ინსტიტუტი დაამთავრა. მითხრა, მაშინ ვერც კი ვიფიქრებდი, ხელოვნებით ასე სერიოზულად თუ დავინტერესდებოდიო.
სპასალარის მოსწავლე და მეგობარი
- სკოლის პერიოდშიც მქონდა ხატვის ნიჭი, მაგრამ ჩემი ნამუშევრები რომ ნახეს, დაასკვნეს, ჩემგან მხატვარი არ გამოვიდოდა. პოლიტექნიკურში გამორჩეულად მიყვარდა ხაზვა და სწორედ მხაზველობით გეომეტრიაში მქონდა ფრიადი. ამ საგანში ლექტორი მყავდა, გვარად ბაციკაძე, ერთ ნამუშევარში ორიანი დამიწერა. ალბათ, იფიქრა, რომ ნახატი სამ განზომილებაში ვერ დავინახე, არადა, სწორედ ასე უნდა დამენახა. გადაბარებაზე რომ მივედი, შეკითხვები დამისვა და... ხუთი დამიწერა - მიხვდა, რომ სწორედ ისე ვხედავდი, როგორც უნდა დამენახა.
მანამდე კომაროვის სკოლაში ვსწავლობდი. იქ პედაგოგად მყავდა ჯუანშერ ჯურხაძე... (ახოვანი სპასალარი ფილმ "დიდოსტატის მარჯვენიდან", გამორჩეული ადამიანი, რომელსაც კარგად ვიცნობდი - ი.ხ.) ჩემი გაკეთებული ხანჯალი სკოლაში წავიღე და ბატონ ჯუანშერს ვაჩვენე. წამართვა, შენ ეს არ გჭირდებაო, მეორე დღეს კი თავისი გაკეთებული პატარა ხმალი მაჩუქა. მას შემდეგ დავმეგობრდით. მე-9 კლასში ვსწავლობდი, პირველი ჯაჭვის პერანგი რომ გავაკეთე. ჯუანშერი აღფრთოვანდა და ფარითა და სხვა ნამუშევრებით დამასაჩუქრა. ლითონის დამორჩილებაც მან მასწავლა. შინ ტყვიის გრდემლი ჰქონდა და თვალწინ ამომიჭედა ჩაჩქნის თავი. მერე იმაზე ავაგე ჩემი ჯაჭვის პერანგი. მანვე მასწავლა ლითონზე მუშაობის ესთეტიკა. ინსტიტუტიც დავამთავრე, სამხედრო სამსახურიც მოვიარე და მერე დავქორწინდი, ფული მჭირდებოდა და ის, მე-9 კლასში გაკეთებული ნივთი მშრალ ხიდზე გავყიდე. მას შემდეგ სერიოზულად დავიწყე ამ ხელობის შესწავლა. ჯანაშიას მუზეუმში დავდიოდი და ხევსურული აბჯრისა და სხვა ნამუშევრების ჩანახატებს ვაკეთებდი, შემდეგ მუზეუმის იარაღის საცავშიც შემიშვეს.
1987 წელს გავაკეთე ხევსურული აბჯარი - სრული კომპლექტი. "ახალგაზრდა კომუნისტის" რედაქტორმა პაატა ნაცვლიშვილმა მამუკა ფაჩუაშვილს სტატიაც დააწერინა ჩემზე. მახსოვს, ჩემივე აბჯარი ჩამაცვეს, ძალიან არ მინდოდა, მაგრამ... რუსთაველზე ფოტო გადამიღეს. ამას მოჰყვა საინფორმაციო პროგრამა "ვრემიას" კორესპონდენტის სიუჟეტი, თუმცა არა სატელევიზიო, არამედ სადიპლომო ნამუშევრისთვის. შემდეგ ტელევიზიის პირველი არხის ხალხურ რედაქციაში ჩემზე გადაიღეს 20-წუთიანი დოკუმენტური ფილმი "ჯაჭვის პერანგი", რომელსაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. შემდეგ ჯუანშერმა მითხრა, შენზე დაწერილი სტატია ზურაბ წერეთელს მიუტანეო. მეც მივაკითხე ხელოვანს დიზაინერთა კავშირში. მაშინვე დამიკვეთა ხევსურული აბჯარი. რომ დავუმზადე, ისეთი მძიმე იყო, მამაჩემის მძღოლმა წამიყვანა. რა ღირსო, მკითხა წერეთელმა და წინასწარ მოფიქრებული თანხა - 5 ათასი მანეთი დავუსახელე. 1988 წელს ეს დიდი ფული იყო. ამის შემდეგ მთხოვა, ახლა ეს აბჯარი ორჯერ გაზარდე და ისე დამიმზადეო. გასაგები იყო, რომ მონუმენტალისტმა ხელოვანმა გაცილებით დიდი მასშტაბის ნამუშევარი მოინდომა. დავთანხმდი და იმ აბჯარს ერთი წელიწადი მოვანდომე. დამეხმარნენ ბიძები, ქარხნებშიც ვმუშაობდით, სხვაგვარად გოლიათის ხმლებს ვერ დავამზადებდით. ამ აბჯარში ბატონმა ზურამ 25 ათასი მანეთი გადამიხადა და ვიყიდე ახალი "ჟიგული-2107", კიდევ 7 ათასი მანეთი დამრჩა. 21-22 წლის ბიჭისთვის ეს ძალიან დიდი შემოსავალი იყო. ჩემი ნამუშევრები თბილისის მხატვრის სახლშიც იყო გამოფენილი, ძეგლთა დაცვის სააგენტომ ეთნოგრაფიულ მუზეუმში მიმიწვია და საგანგებოდ დაუშვა ლითონის რესტავრატორის შტატი. ორ წელიწადს ვიმუშავე, შემდეგ საბჭოთა კავშირი დაიშალა... 1990-იანი წლების ომის შემდეგ ჩემი იდეალები დაიმსხვრა და საზღვარგარეთ წასვლა გადავწყვიტე.
ემიგრაცია და... ნამუშევარი, რომელიც მთელ ცხოვრებად ღირს
- 30 წლის განმავლობაში საოცარი გზა გავიარე. ნიდერლანდებში მეორე მსოფლიო ომის დროს ქართველებიც იბრძოდნენ, გეხსომებათ ტექსელის აჯანყება. ვფიქრობდი, რომ იქ ქართველებს გმირებად მიიჩნევდნენ, თუმცა მთლად ასეც არ აღმოჩნდა. მაგრამ მაინც გამიმართლა, ნიდერლანდური ენის შესწავლა დავიწყე. ჩემმა ენის მასწავლებელმა ტექსელის მერიაში წერილი დამაწერინა, რის შემდეგაც საზღვაო მუზეუმში გამოფენა მომაწყობინეს. შემდეგ რეკომენდაციით გამიშვეს სამეფო-საარმიო მუზეუმში და ჩემი ხევსურული იარაღიც მივიტანე, მაგრამ მითხრეს, უფრო მცირე ზომის იარაღი გააკეთე, ოღონდ ევროპულიო. 4 მინიატიურა გავაკეთე. საბედნიეროდ, იქ მომუშავე ორი სპეციალისტი ჩემნაირი აღმოჩნდა, დაბადებიდან უყვარდათ რაინდების სამყარო და იარაღი. ღია კარის დღეზეც მიმიწვიეს და ჯაჭვის პერანგის დამზადების ტექნოლოგია ვაჩვენე. ამის შემდეგ მივიღე წერილი - მეპატიჟებოდნენ ჰოლანდიის ესპანელებთან 80-წლიანი ომის მიუნსტერის ზავით დასრულების 400-წლიან იუბილეზე. იმხანად ერთ-ერთი პროვინციის ისტორიულ დედაქალაქში, იერონიმუს ბოსხის მშობლიურ ქალაქ ჰერტოგენბოსში ვცხოვრობდი. 4 მუზეუმში დიდი გამოფენები იმართებოდა. თავდაცვის სამინისტრომ შემიკვეთა იმ პრინცის აბჯრის ასლი, რომელმაც ნიდერლანდების დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი და ჯარი ჩამოაყალიბა. ვიცოდი, ვრისკავდი, მაგრამ მაინც დავთანხმდი. თავდაპირველად პრინც მაურიცის მუზარადი უნდა გამეკეთებინა და თუ დააკმაყოფილებდათ, კონტრაქტის დანარჩენი ეტაპებიც გაგრძელდებოდა. იმდენად ეროვნული იყო მათთვის ის შეკვეთა, რომ დასრულების შემდეგ კურატორმა მითხრა, ეს ნამუშევარი მთელ შენს ცხოვრებად ღირსო - ანუ პარალელი რომ გავავლო, იგივე იყო, ვთქვათ, საქართველოში ქართველი ეროვნული გმირის ძეგლის გაკეთება რომ დაავალო უცხოელს და გაამართლოს. ამ შეკვეთის შემდეგ იმავე სამხედრო მუზეუმმა ახალი შეკვეთა მომცა და ასე გრძელდება დღემდე.
საქართველოდან რამდენიმე ბიზნესმენმაც შემიკვეთა ჩოხისთვის ხმალ-ხანჯალი, ჯანაშიას სახელობის ეროვნულმა მუზეუმმაც მიმიწვია, დამფინანსებელი კი ნაწილობრივ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტრო იყო, ნაწილობრივ მეც დავაფინანსე. ერთთვიანი პროექტი იყო, ფონდებში ვმუშაობდი, ვორკშოფები მქონდა და 11 ძალიან ძვირფასი ნივთის რესტავრაცია გავაკეთე, რომელთა შორის იყო მეფე ერეკლე მეორის ხმალი და თამარ მეფის ზარდახშა. მას შემდეგ ვთანამშრომლობ ეროვნულ მუზეუმთან. გახსოვთ, ჭავჭავაძეების ხმალი რომ ჩამოიტანეს? ჩემთან მოხვდა, ყიდდნენ და განგაში ავტეხე. ჩემმა შვეიცარიელმა კლიენტმა ოჯახის წევრებს უთხრა, მათ შეიძინეს და ასე დაუბრუნდა საქართველოს.
საზღვარგარეთ ვცხოვრობ, მაგრამ იქაც საქართველოთი ვცხოვრობ. ჩემი ნაკეთი ცივი იარაღი კავკასიურია, ქართული. 20-მდე საერთაშორისო გრან-პრი მაქვს მიღებული პარიზში, ლუქსემბურგში, ბელგიაში, ხოლო ჰოლანდიაში - ათჯერ, ძირითადად, ცივი იარაღის, დანისა და ხანჯლის ნაირსახეობებით. ბოლო გრან-პრი Best Art Knife-ის კატეგორიაში 2024 წელს მივიღე. რადგან საგამოფენო ნამუშევრების არჩევანში თავისუფალი ვარ, ისინი, ძირითადად, ქართული თემატიკისაა.
ყველაზე დიდი თავსატეხი
- პრინც მაურიც ორანელის აბჯარი მართლაც დიდი თავსატეხი აღმოჩნდა. ეს არის ევროპული რაინდის სახე - რომ უყურებ, რკინის კაცი დგას, მაგრამ უბრალოდ კი არ დგას, აბჯარია, რომელიც უნდა ჩაიცვა და გაიარო. ფაქტობრივად, ქანდაკებაა გამოჭედილი და შედგება სხვადასხვა სისქის 177 ფირფიტისგან, 30 კილოგრამამდეა, მუზარადი და მკერდის აბჯარი ტყვიაგაუმტარია. რომ დავთანხმდი, გავაკეთებ-მეთქი, ორ დღეს პანიკაში ვიყავი, მერე კი ხაზვა დავიწყე. გამომიგზავნეს დიდი ფოტოებიც, მეც კარგად შევისწავლე და მივხვდი, რომ გავაკეთებდი. ავსტრიიდან, ვენის ხელოვნების მუზეუმიდან, ორიგინალი ჩამომიტანეს. მისი დაშლის და დეტალებზე დაკვირვების უფლებაც მომცეს, ცხადია, მათივე ზედამხედველობით. ერთი წლის განმავლობაში დღედაღამ ვმუშაობდი და რომ იტყვიან, სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე გავიარე. ვგრძნობდი, რომ თვითონაც მგულშემატკივრობდნენ და თან ძალიან ხარობდნენ.
მეორე დიდი თავსატეხი იყო ირანული ხელოვნების ნიმუში, მართლაც საოცრება - მეფე ერეკლე მეორის ხმალი. ეს იყო საკუთარი პროექტი, ძალიან საინტერესო და კომპლექსური, ეროვნული მუზეუმის მთავარი კურატორის, მამუკა ქაფიანიძის მხარდაჭერით და დავით ლორთქიფანიძის ვიზით. 3 წლის განმავლობაში ვიმუშავე და ორი სპეციალისტიც ჩავრთე, რადგან თავად არ შემეძლო შესაბამისი დამასკურის გამოჭედვა. ოსტატის ძებნაში დიდი დრო დავკარგე და სამუშაოც გამიხანგრძლივდა, მაგრამ იკონოგრაფიული ნამუშევარია, ორიგინალის იდენტური - ზომით, წონით და ბალანსირებით, თუმცა ჩუქურთმების ხარისხით უკეთესია, რადგან მიზნად არ მქონდა, მისი ნაკლი გამემეორებინა. ეს ხმალი სახლში მაქვს, ხატივით.
კიდევ იყო პროექტი "მინიატიურული ქვემეხი", რომელიც 4 წელიწადს გაგრძელდა. იმდენად შრომატევადი იყო, რომ 4-ჯერ დავაპირე შეწყვეტა, მაგრამ მაინც დავძლიე.
მოკლედ, რაც დაკვეთებით გავაკეთე, მათგან 4 სრული აბჯარი ჰოლანდიის მუზეუმშია, 3 მუზარადი - შვეიცარიაში, 1 სრული გოთური აბჯარი - ბელგიაში, ჩემი კავკასიური იარაღების კოლექციიდან - ორმაგი ხანჯალი, 3 წლის წინ საერთაშორისო გრან-პრი რომ მოიგო. თითქოს ჩვეულებრივი ხანჯალია, მაგრამ ღილაკს რომ დააწვები, ორი გამოდის; ასევე, სალტე ხანჯალი - ტანსაცმლის ქვეშ ისე ატარებ, რომ არ ჩანს, არადა, უცებ რომ მოიხსნი და გამოიღებ, საკმაოდ დიდია; ამერიკაში ჩემი დაკვეთითა და ხელმძღვანელობით გაკეთებული სვანური მშვილდი, რომელიც მესტიის მუზეუმშია, იმითაა ძვირფასი, რომ მსოფლიოში მშვილდების 20-მდე ოჯახია - ოსმალური, ყირიმული, ეგვიპტური, მონღოლური, იაპონური, ჩინური და ა.შ. ქართული მშვილდის ხსენებაც კი არსად იყო. ახლა უკვე ქართულიც გვაქვს. სვანური ფარიც აღვადგინე, ჩემი ვარაუდით, თამარის დროინდელია. ერეკლეს ეპოქის თვლებიანი სატევარიც გავაკეთე... ერთხანს პედაგოგადაც ვიმუშავე, მაგრამ ახლა დრო აღარ მაქვს, ჩემი სახელოსნოც პატარაა, მაგრამ ვფიქრობ, ევროპული ლითონის დამუშავებაში რაღაც წვლილი მაინც შევიტანე. ყოველწლიურად ვმონაწილეობ Art knife Show-ზე საქართველოში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და სხვა ქვეყნებში, თავისუფალ ნამუშევრებსაც წარვადგენ ხოლმე: ჭიამაიებს, ობობებს, კრაზანებს, ჩოქელებს... 2 წლის წინ 6-თვიანი პერსონალური გამოფენა მქონდა მუზეუმ "მარკიზენჰოფში" - ეს არის ჰოლანდიის უძველესი, მე-15 საუკუნის სამეფო სასახლე. მარკიზი, რომელმაც ეს სასახლე ააგო, ოქროს საწმისის რაინდი იყო. ჩემს გამოფენას ასეც უწოდეს: "მჭედელი ოქროს საწმისის ქვეყნიდან". გამოფენა საქართველოს ელჩმა გახსნა, იქაური მერიც ესწრებოდა, მესამე დღეს კი შენობაზე ჩემი გამოსახულებით უკვე დიდი ბანერი 6 თვეს ფრიალებდა.
საქართველოდან რაც წავედი, მხოლოდ 7 წლის შემდეგ მოვახერხე ჩამოსვლა. მას მერე რეგულარულად ჩამოვდივარ.
ირმა ხარშილაძე