"მას ქალები დღესაც სთხოვენ ჩვილებისათვის რძის მოცემას ან შვილის გაჩენას" - ქართული მეგალითების საიდუმლო
მართალია, მეგალითების თემა ახალი არ არის, თუმცა რაც უფრო ძველდება, მეგალითების საიდუმლოც მით უფრო ღრმავდება. ორად იყოფა იმ მეცნიერების აზრიც, რომლებიც მუშაობენ ამ საკითხზე. ნაწილის აზრით, მეგალითები უკვე გამქრალი ან არამიწიერი ცივილიზაციების აგებულია, ნაწილი კი ფიქრობს, რომ ასეთი გრანდიოზული ნაგებობები პირველყოფილი, მარტივი ტექნიკით აშენდა, თუმცა მშენებლობას განუზომლად დიდი რაოდენობის მუშახელი დასჭირდა. ასეა თუ ისე, ალბათ, კიდევ მრავალი საუკუნე გავა საიდუმლოს ამოხსნის ძიებაში. სამცხე-ჯავახეთში, მკვლევარი კუკური მეტრეველი პრაქტიკულად ერთადერთი ადამიანია, ვინც არა მხოლოდ მეცნიერულად იცნობს მეგალითურ კულტურას, არამედ ათეული წლების განმავლობაში სამცხე-ჯავახეთის ყველა მეგალითი ფეხით მოიარა. ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ქართული მეგალითის, აბულის ციხის კედელი, რომელმაც ათასწლეულებს გაუძლო, სამწუხაროდ, სწორედ მის თვალწინ გადაიქცა.
რა საფრთხე ემუქრება ქართულ მეგალითებს? ძალიან ბევრი, მათ დრო ანადგურებთ, მასთან ერთად კი სახელმწიფოს დამოკიდებულება - მეგალითებზე მინიშნებაც არ არის, რომ ისინი ქართული კულტურის ძეგლებია და სახელმწიფო იცავს. ეს აგულიანებს ე.წ. ველურ ტურიზმს, რომელიც მეგალითებს ანადგურებს. გარდა ამისა, მეგალითური ნაგებობები შავი არქეოლოგიის მსხვერპლიც ხდება. მათ შორის ყორღანებიც, რომლებიც ასევე გრანდიოზული ქვებით შენდებოდა დაახლოებით 4-5 ათასი წლის წინ. ბოლო ასეთ მსხვერპლად ახლახან ნიალის ხევის 5-4-ათასწლოვანი ყორღანი იქცა, საიდანაც ვერავინ გაიგებს, შავმა არქეოლოგებმა რა განძი წაიღეს.
- მძიმე სანახავია სამცხე-ჯავახეთის ყორღანების ძარცვა, განსაკუთრებით თუ გავიხსენებთ, რომ ყორღანები დაახლოებით 4-5 ათასი წლისაა და სწორედ მათშია მოპოვებული თრიალეთის ზღაპრული კულტურის ნიმუშები. მაგალითად, თრიალეთის თასები. ხომ შეიძლება მძარცველებს მსგავსი რამ წაეღოთ?
- ყორღანების ძარცვა დაახლოებით გასული საუკუნის 30-იანი წლებიდან დაიწყო, რაც არქეოლოგი ბორის კუფტინი თრიალეთის კულტურის არქეოლოგიურ კვლევას შეუდგა და თითქმის 5000 წლის ცივილიზაციის ნიმუშები აღმოაჩინა. თუმცა შავმა არქეოლოგიამ განსაკუთრებული მასშტაბები ბოლო ათეულ წლებში მიიღო, როდესაც იძარცვება არა მხოლოდ ყორღანები, არამედ სხვა ისტორიული ძეგლებიც. ეს არ მიკვირს, რადგან ჩვენ შავი არქეოლოგებისგან დაცვის კანონები, ფაქტობრივად, არ გაგვაჩნია. არც მეგალითებზე სახელმწიფოს ზრუნვა ჩანს. ჩვენს ვერც ერთ მეგალითზე ვერ ნახავ წარწერას, რომ ეს ნაგებობა საქართველოს ისტორიის საკუთრებაა და სახელმწიფო იცავს. ეს მცირედ მაინც შეაჩერებდა ველური ტურიზმის მოქმედებას, რომელმაც არ იცის, რამხელა ზიანს აყენებს მეგალითებს, როდესაც ქვებს შლის. განა მხოლოდ ტონიანი ქვებით შენდებოდა მეგალითები, მათში კედლებს შორის და მათ გასამაგრებლად უამრავი მომცრო ქვა იყო ჩაყრილი. მრავალი წელია ამაოდ ვთხოვ კულტურის სამინისტროს მეგალითებზე ამკრძალავი ფირნიშების გაკეთებას. ისიც კი ვუთხარი, თუ თქვენ არა გაქვთ საშუალება, ფირნიშებს თავად დავამზადებინებ-მეთქი, მაგრამ მითხრეს, კანონი კრძალავს, თუ ამას გააკეთებ, დაისჯებიო.
- გამაოგნებელია დრონებით გადაღებული მეგალითების ნახვა - გრანდიოზული ლოდების სიმეტრია აჩვენებს, რომ მშენებლები კარგად იცნობდნენ გეომეტრიას ან მათემატიკას. უძველესი ასურული წარწერები გვეუბნება, რომ ამ ადგილებში ცხოვრობდა დიაოხის ტომი, რომლის გამგებლობა დღევანდელ თურქეთის ტერიტორიაზე ვრცელდებოდა.
- მსგავსი მეგალითები თურქეთში მართლაც არის. ისინი თითქმის ყველა კონტინენტზეა და ყველას მშენებლობა სავარაუდოდ ერთ ეპოქაშია წამოწყებული: ქრისტეს დაბადებამდე დაახლოებით 10000 წლის წინ. ზოგი მეცნიერი მათ გადაშენებულ ცივილიზაციებს მიაწერს, თუმცა, ზოგის მტკიცებით მეგალითები პირველყოფილი მარტივი ტექნიკითაა ნაგები, ოღონდაც აურაცხელი მუშახელის ხარჯზე. მე რაც უფრო ბევრი მეგალითი მოვიარე, მით უფრო უამრავი კითხვა დამებადა. როგორ ვრცელდებოდა ამ პერიოდში ამდენად ერთნაირი არქიტექტურა ყველა კონტინენტზე? როგორ გადაჰქონდათ მშენებლებს მრავალტონიანი ლოდები მარტივი ტექნიკით?! ჩვენს ერთ ჯავახურ ნასოფლარს იმდენად სულისშემძვრელი ისტორია აქვს (1607 წელს ლეკ-თურქების ლაშქარმა მთელი სოფელი ამოწყვიტა), რომ ადგილობრივებმა იქ ობელისკის დადგმა გადავწყვიტეთ. ამისთვის 15 ჯან-ღონით სავსე კაცს მცირე მანძილიდან 2-ტონიანი ლოდის ამოტანა დაგვჭირდა, რამაც წელში გაგვწყვიტა, მიუხედავად იმისა, რომ ტრაქტორი და ჯალამბრები გამოვიყენეთ. მაშ, ათასობით მრავალტონიანი ქვის მშენებლობებზე ატანა პირველყოფილ ტექნიკას როგორ შეეძლო?!
ინგლისელებმა გამოაქვეყნეს ინგლისური წრიული მეგალითების, კრომლეხების შესახებ კვლევა, სადაც წერენ, რომ ყველა მეგალითურ კვარცის ქვას საკუთარი დიაგრამა და ულტრაბგერითი იმპულსები აქვს. კრომლეხები ანუ წრიული მეგალითები გააზრებულად არის დადგმული - მეგალითური წრის შიგნით ხდება წრეზე მდებარე ყოველი ქვის ულტრაბგერითი სიგნალების კონცენტრაცია, რაც განსაკუთრებით მზის ამოსვლის წინ მძლავრობს. ასევე არის ციკლოპური ციხეები, ყორღანები და სხვა სარიტუალო მეგალითები, რომელთაც კოსმოსთან კავშირისთვის აშენებდნენ. სამცხე-ჯავახეთის ზოგიერთი მეგალითი, ასე ვთქვათ, ეპოქის `ობსერვატორიაა~, ისინი კოსმოსური სხეულების განლაგებას აფიქსირებდნენ. ზოგი მეგალითი სამარხი იყო, დანარჩენი კი საკულტო. სამცხე-ჯავახეთში ახლაც დადის ხალხი მეგალითურ ქვებთან რაიმეს სათხოვნელად. მიზეზი მარტივია, - აქ შეერწყა წარმართული კულტურა ქრისტიანულს. ეს ათასწლოვანი მეხსიერების დამსახურებაა. მაგალითად, ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ მურჯახეთში დგას 2,9 მ სიმაღლის მენჰირი ძიქვა (რძისქვა), რომლის დასავლეთ მხარეს განაყოფიერების სცენაა გამოსახული. მას ქალები დღესაც სთხოვენ ჩვილებისათვის რძის მოცემას ან შვილის გაჩენას. სამადლობლად მას ძირში თაფლს ან ერბოს უსვამენ, სანთელს უნთებენ და ევედრებიან. ამავე სოფელში, ცოტა მოშორებით, ყანის პირას წამოქცეულ მენჰირთან, რომელსაც ცალ მხარეს ორი ამოღრმავებული ადგილი ემჩნევა, მამაკაცები მიდიან და უშვილობისგან განკურნებას შესთხოვენ.
- ყოველივე ეს ადასტურებს, რომ ამ მიწაზე ათასწლეულობით ერთი და იგივე ხალხი ცხოვრობდა, რომელიც ერთსა და იმავე კულტურას სხვადასხვა ასპექტში აგრძელებდა.
- დიახ, ასეა და ეს საყურადღებო უნდა იყოს იმ ისტორიკოსებისთვის, რომლებიც ამტკიცებენ, რომ შესაძლოა სამცხე-ჯავახეთის მეგალითური კულტურა სხვა ხალხს ეკუთვნოდეს, ქართული ტომები კი მერე ვიყოთ მოსული. სწორედ ამ უწყვეტობის დასტურია ის, რომ ჯავახურ ციკლოპურ ციხეებში სენაკებს წინ სწორედ ისევე პირამიდისებურად ხურავდნენ, როგორც ხის მესხურ სახლებს, რომლებშიც ახლაც ცხოვრობს ჩვენი ხალხი.
მეგალითური ისტორია ჩვენი უძველესი წინაპრების, ჩვენი დიდების ნაწილია და ის დაწვრილებით უნდა იქნეს შესწავლილი. მეგალითებით მთელი ჩვენი მხარეა დაქსელილი. ამას წინათ… გრანდიოზული ნახვრეტიანი ლოდი აღმოვაჩინე და საგანგებოდ გამოვაქვეყნე ინტერნეტით. ნახვრეტებიანი ლოდი მეგალითური კულტურის თავისებური ნიშნული იყო. როდესაც ლოდს ხვრეტდნენ და სადმე დებდნენ, ამით მიანიშნებდნენ, რომ ამ ლოდის ქვეშ აუცილებელი მეგალითური სისტემა, თუნდაც თავშესაფარი იყო, რაც უნდა სცოდნოდა ადგილობრივ მოსახლეობას და არა მტერს. ეჭვიც არ მეპარება, რომ ჩვენს მიწაზე მსგავსი მრავალი ლოდი და შეუსწავლელი მეგალითია, რომლებიც ელიან მკვლევარს.