აგენტი „ტრიანონი“ ანუ გამარჯვება სიკვდილის შემდეგ - კვირის პალიტრა

აგენტი „ტრიანონი“ ანუ გამარჯვება სიკვდილის შემდეგ

საბჭოთა ეკრანებზე 1984 წელს გამოვიდა ჯაშუშური ტელესერიალი "საკდესი უფლებამოსილია განაცხადოს". მას საფუძვლად დაედო საბჭოთა მწერლის, იულიან სემიონოვის ამავე სახელწოდების რომანი. როგორც რომანს, ისე ფილმსაც, საფუძვლად ნამდვილი ამბავი უდევს. "მასში მოთხრობილია, როგორ ამხილა სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა (სუკ) საბჭოთა საგარეო საქმეთა სამინისტროში მოკალათებული ამერიკელი აგენტი, მეტსახელად "ტრიანონი", - განაცხადა ტელეინტერვიუში სემიონოვმა.

ვინ მუშაობს ამერიკელებზე?

მოსკოვი, 1970 წელი. სუკ-ის მაშინდელი შეფის, იური ანდროპოვის მაგიდაზე საიდუმლო პატაკი დაიდო. სუკ-ის მაღალჩინოსანი გენერალი გრიგორი ბოიარინოვი ამტკიცებდა, რომ სსრკ-ის საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკელი "კროტი" ("თხუნელა") მოქმედებდა. სუკ-ისთვის არ იყო ცნობილი არც მისი გარეგნობა, არც ასაკი, არც თანამდებობა. ცნობილი იყო მხოლოდ, რომ "კროტი" ამერიკელთა აგენტია. ჩეკისტებმა იცოდნენ, რომ ჯაშუში ეროვნებით რუსია და საბჭოთა მოქალაქე, არის სკკპ-ის წევრი და აქტიურობით გამოირჩევა; ამიტომაც მას საგარეო საქმეთა სამინისტროში წამყვანი თანამდებობა მიანდვეს. კონკრეტულად რომელი, ეს ჩეკისტებმა ჯერ არ იცოდნენ.

- უტყუარია მხოლოდ ის, რომ ეს ტიპი საბჭოთა მოქალაქე და დიპლომატია! - ანდროპოვი ჩაფიქრდა, - მონაცემები მწირია, მაგრამ დასაწყისისთვის კმარა.

ამ დროს სცენაზე გამოდის სუკ-ის ერთ-ერთი აგენტი-პროვოკატორი, ჩეხოსლოვაკიის მოქალაქე კარელ კიოხერი. ის ერთ დროს ანტიკომუნისტურ მოძრაობაში მონაწილეობდა და ამის გამო ჩეხოსლოვაკიის კომუნისტური რეჟიმი დევნიდა. ერთ-ერთი დაპატიმრებისას კიოხერს განუცხადეს, რომ ის ამერიკის დაზვერვის აგენტია და ულტიმატუმი წაუყენეს: ჩეხოსლოვაკიის უშიშროების ორგანოებისთვის მუშაობა ან დახვრეტა. კიოხერმა პირველი აირჩია. სპეცმომზადების შემდეგ კიოხერი გაგზავნეს აშშ-ში, სადაც ჩეხეთის ანტიკომუნისტურ ემიგრაციასთან დაახლოებულთა წრეში ტრიალებდა, შემდეგ კი მუშაობდა რადიო "თავისუფალ ევროპაში".

სწორედ კიოხერმა აცნობა რუსებს, რომ ბოგოტაში, კოლუმბიის დედაქალაქში, ამერიკელებმა რუსი დიპლომატი გადაიბირეს, ოღონდ მისი გვარის დადგენა ვერ შეძლო. მან მხოლოდ ის შეიტყო, რომ რუსი აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოსთვის (ცსს) მუშაობას დათანხმდა და მას მიენიჭა ფსევდონიმი "ტრიანონი".

marta-petersoni-tbilissi-1976-2-1726439238.jpg

აგენტი გაიშიფრა

ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ ჩეკისტები საგარეო საქმეთა სამინისტროს ოთხ თანამშრომელზე შეჩერდნენ. მათგან ერთ-ერთი "ტრიანონი" იყო. გავიდა ხანი და "დარჩა ვინმე ალექსანდრ ოგოროდნიკი. როგორც ჩანს, სწორედ ის იყო მოუხელთებელი "ტრიანონი", - იგონებდა ოპერაციის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ჩეკისტი ბოიარინოვი.

ალექსანდრ დმიტრის ძე ოგოროდნიკი სევასტოპოლში საზღვაო ოფიცრის ოჯახში დაიბადა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურში ყოფნისას სუკ-მა გადაიბირა და სამხედრო კონტრდაზვერვის ინფორმატორი გახდა. ამან განსაზღვრა შემდგომ მისი წარმატებული კარიერაც. ოგოროდნიკმა მგიმო (მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) დაამთავრა, ხარისხიც დაიცვა, სკკპ-ის წევრი გახდა და აქტიურობითაც გამოირჩეოდა. არც ანტისაბჭოთა ლაყბობაში, არც მექალთანეობასა თუ რესტორნების სიყვარულში შემჩნეული არ ყოფილა... გენერალმა ბოიარინოვმა ანდროპოვს განუცხადა, რომ სავარაუდოდ, "ტრიანონი" სწორედ ოგოროდნიკი იყო, მაგრამ მის წინააღმდეგ სამხილი არ ჰქონდათ.

- აუცილებელია ოგოროდნიკის ბინის გაჩხრეკა, თუმცა ოფიციალურად ამას ვერ მოვახერხებთ! - თქვა ბოიარინოვმა.

- გაძლევთ ამის უფლებას! - მიუგო ანდროპოვმა.

ogorodnik-1-1726439238.jpg

სიურპრიზი

ოგოროდნიკი ბინიდან გაიტყუეს და ჩეკისტები მისი სახლის ჩხრეკას შეუდგნენ. ისინი წააწყდნენ ფარანს, სადაც, სავარაუდოდ, სამალავი იყო. ანაზდად ბოიარინოვს მოახსენეს: "ოგოროდნიკი ბრუნდება!"

გენერალმა იქვე, "ტრიანონის" ბინიდან დაურეკა ანდროპოვს და ჰკითხა, როგორ მოქცეულიყვნენ. ანდროპოვმაც ფიცხელი ბრძანება გასცა: "აიყვანეთ!"

შინ დაბრუნებულ ოგოროდნიკს ბინასთან ოთხი ბრგე მამაკაცი დახვდა. მათ სუკ-ის მოწმობა წარუდგინეს და მოსთხოვეს, ბინაში შეგვიძეხიო. "ტრიანონის" წინააღმდეგობა არ გაუწევია.

გენერალი ბოიარინოვი ოგოროდნიკს ისე შეხვდა, როგორც გულითად მეგობარს, ხელი ჩამოართვა, სავარძელში ჩასვა და უთხრა:

- ალბათ, იცით, რომ სუკ-ს ქვის ალაპარაკებაც კი შეუძლია! ამიტომ თავს ტყუილუბრალოდ ნუ გაიწვალებთ! აი, კალამი, ქაღალდი და ყველაფერი დაწერეთ!

- სიცოცხლეს შემინარჩუნებენ? - ოგოროდნიკს ხმა აუკანკალდა.

- დიახ!

- სიტყვა მომეცით!

- ოფიცრის სიტყვას გაძლევთ!

ოგოროდნიკმა გაოფლიანებული შუბლი მოიწმინდა:

- ნება მომეცით აღიარება ჩემი საყვარელი ფლომასტერით დავწერო!

- კი ბატონო! - ხელი ჩაიქნია ბოიარინოვმა.

ოგოროდნიკმა ფლომასტერი ამოიღო. ანაზდად სწრაფი მოძრაობით მის წვერს კბილებით ჩაეჭიდა:

- მაშ, აღიარება გსურდათ?! ესეც თქვენ! - ამ სიტყვებზე ოგოროდნიკმა ბოიარინოვს ბრანწი ლამის ცხვირთან მიუტანა. შემდეგ დაეცა. ჩეკისტები მისცვივდნენ, მაგრამ უკვე გვიან იყო. "ტრიანონი" ცოცხალთა შორის აღარ ეწერა.

აგენტი მოკვდა, ოპერაცია გრძელდება

"ტრიანონის" სიკვდილმა ჩეკისტები გამოუვალ მდგომარეობაში ჩააყენა. ცხადი იყო, ოგოროდნიკი მარტო არ იმუშავებდა და მოსკოვში ამერიკელთა კარგად აწყობილი ქსელი მოქმედებდა. "ტრიანონის" სიკვდილმა ამ ქსელის მხილების საქმეში პრობლემები შექმნა, ოპერაციას ჩაშლის საფრთხე დაემუქრა. ბოიარინოვმა ანდროპოვს მოახსენა, აუცილებელია რომელიმე თანამშრომელს გრიმი გავუკეთოთ და განსვენებულ ოგოროდნიკად გავასაღოთო.

- მთავარია, "ტრიანონის" მეკავშირე შეხვედრაზე მოვიდეს! შემდეგ მას ქეჩოში ჩავავლებთ!

- თქვენი აზრით, ის ამერიკის საელჩოს თანამშრომელია?

- საელჩოს ყველა თანამშრომელი სუკ-ის მეთვალყურეობის ქვეშაა. სავარაუდოდ, ის მოსკოველი, სსრკ-ის მოქალაქეა!

ანდროპოვი ჩაფიქრდა. რაკი მოსკოვში ამერიკული ჯაშუშური ქსელი არსებობს, მისი მხილება აუცილებელია. ამის გაკეთება ყველაზე მარტივად "ტრიანონის" მეშვეობით შეიძლებოდა, მაგრამ აგენტმა თავი მოიკლა. რჩება ერთადერთი გამოსავალი: აიყვანონ ოგოროდნიკის მეკავშირე და აიძულონ დაასახელოს თანამონაწილენი. ეს ძნელი არ იქნება. სსრკ-ში ჯაშუშობისთვის შეიძლება დაგხვრიტონ. ჩავარდნილი აგენტიც სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერზე წავა, ენას ამოიდგამს და თანამონაწილესაც დაასახელებს.

- აუცილებელია ჩვენს თანამშრომელს "ტრიანონის" გრიმი გავუკეთოთ და მეკავშირეთა შეხვედრაზე გავუშვათ. როგორც კი ეს უკანასკნელი გამოჩნდება, ქეჩოში ვტაცებთ ხელს! - ბოიარინოვმა ჩაიცინა.

- რისკი დიდია! - ანდროპოვი ჩაფიქრდა, - დარწმუნებული ხარ, რომ სხვა გამოსავალი არ არის?!

- დიახ, იური ვლადიმიროვიჩ.

ანდროპოვი ყოყმანობდა, თუმცა ბოლოს ოპერაციის გაგრძელების სანქცია მაინც მისცა. სუკ-ის თანამშრომლისთვის ოგოროდნიკის გრიმის გასაკეთებლად, როგორც იულიან სემიონოვი წერს, კინოსტუდია "მოსფილმიდან" საგანგებოდ მოიწვიეს გრიმიორი.

"ოგოროდნიკის ბინა გულდასმით გაჩხრიკეს და დაადგინეს, სად და როდის უნდა შეხვედროდა "ტრიანონი" მეკავშირეს", - წერს სემიონოვი.

ოპერაცია კულმინაციას მიუახლოვდა.

მარტა პეტერსონის არჩევანი

მარტა პეტერსონი 1945 წელს დაიბადა კანზას-სიტიში. მისი მეუღლე, ჯონ პეტერსონი, ლაოსში კომუნისტმა მეამბოხეებმა მოკლეს. მარტამ დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მან შეისწავლა რუსული ენა და მიაღწია, რომ მოსკოვში გაეგზავნათ, სადაც აშშ-ის საელჩოს საკონსულო განყოფილებაში მუშაობდა, სინამდვილეში კი დიპლომატის საფარს ამოფარებული მზვერავი იყო.

"ტრიანონს" უშუალოდ მარტა პეტერსონი კურირებდა, თუმცა აგენტს მოსკოველი სსრკ-ის მოქალაქე ხვდებოდა. მოსკოვში მართლაც მოქმედებდა ამერიკელთა სრულყოფილად აწყობილი ქსელი. მარტა, რომელიც "ტრიანონს" აკვირდებოდა, ხვდებოდა, რომ სუკ-ი აგენტს კვალში ჩაუდგა. საქმე ის იყო, რომ "ტრიანონი" მეკავშირესთან უკანასკნელ შეხვედრაზე არ მივიდა. იმხანად არავინ იცოდა, რომ სწორედ იმ დღეს სუკ-მა სცადა აგენტის დაპატიმრება და მან თავი მოიკლა.

მარტა პეტერსონმა თავის შეფსა და მოსკოვში ცსს-ის რეზიდენტს ყველაფერი მოახსენა. ეს უკანასკნელი ჩაფიქრდა:

- სავარაუდოდ, "ტრიანონი" სუკ-მა დააპატიმრა! აგენტიც სუკ-ის კონტროლით მოქმედებს!

- ფიქრობთ, რომ გვიღალატა?

- დიახ.

- ამაში საკუთარი თვალით უნდა დავრწმუნდე! - შესძახა მარტამ.

- როგორ?

- ხვალ "ტრიანონი" თავის მეკავშირეს უნდა შეხვდეს. ნება მომეცით შეხვედრაზე წავიდე.

- მისის Pეტერსონ, ეს ძალზე საშიშია.

- თუკი სუკ-მა "ტრიანონის" მეკავშირე დააპატიმრა, მას დახვრეტენ! მე კი რომ დამიჭირონ, რა უნდა მიქნან? ბოლოს და ბოლოს, ამერიკელი დიპლომატი ვარ! დიდი-დიდი, სსრკ-დან გამაძევონ!

- მისის მარტა...

- თუკი "ტრიანონის" მეკავშირეს სუკ-ი შეიპყრობს, მას დახვრეტენ! - მარტა წამით გაჩუმდა, - მანაც სიცოცხლის გადარჩენის მიზნით შესაძლოა ყველაფერი დაფქვას. ამით მოსკოვში ჩვენს ქსელს საფრთხე შეექმნება.

- მარტა, ეს ძალიან საშიშია!

- ჩვენი პროფესიაც საშიშია.

- ანუ შეხვედრაზე მაინც წახვალთ?

- დიახ! - მტკიცედ მიუგო ქალმა, - თუ დავრწმუნდი, რომ "ტრიანონი" მართლაც სუკ-ის კონტროლით მოქმედებს, შევეცდები მისი მეკავშირე გავაფრთხილო.

ჩხუბი ხიდზე

სუკ-ის თანამშრომლები კარგა ხანს აზრზე არ იყვნენ, რომ "ტრიანონს" სწორედ მარტა კურირებდა. მეტიც, ისინი ქალს არასერიოზულ ფიგურად აღიქვამდნენ. მალე ქალი "ტრიანონთან" შესახვედრად გაეშურა. ის მოსკოვში, კალუგის ხიდზე უნდა გამართულიყო.

მარტამ შორიდანვე დაინახა ჩეკისტი "ტრიანონის" გრიმით და უმალ მიხვდა ყველაფერს. ჩეკისტი ოგოროდნიკს ძალიან ჰგავდა, ოღონდ სიარული ჰქონდა სხვა. მარტა შეეცადა იქაურობას გასცლოდა. ამ დროს მის გვერდით მაღალი, ბრგე მამაკაცი გაჩნდა.

- გამარჯობა, მისის მარტა! - მამაკაცმა უბოდიშოდ წაავლო ხელი მკლავში, - საით მიგეჩქარებათ?

მარტა მკვეთრად შეტრიალდა და ელვისებური დარტყმით მამაკაცს საზარდულში წიხლი ამოსცხო. მან ამოიკვნესა და ჩაიკეცა. გარშემო კიდევ რამდენიმე მამაკაცი გაჩნდა:

- ბანდიტები! - დაიყვირა მარტამ, - ბანდიტები!

ქალს უხეში ხელებით სწვდნენ. მარტამ ერთს თავი გაუხეთქა, მეორეს კბილებით გაუვსო პირი, მესამეც და მეხუთეც ააბღავლა...

"დაკავებისას მარტა პეტერსონმა სუკ-ის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია. ის თურმე კარატეში შავი ქამრის მფლობელია", - წერდა გაზეთი "იზვესტია".

ქალის წინააღმდეგობამ ჩეკისტები დააბნია, თუმცა ძალები არათანაბარი იყო. კარგა ხნის შეხლა-შემოხლის შემდეგ მარტას ხელები გადაუგრიხეს და მანქანაში ჩააგდეს.

ეპილოგი

სუკ-ს მარტა პეტერსონის წინააღმდეგ არავითარი სამხილი არ ჰქონდა, თუმცა სსრკ-დან მაინც გააძევეს. ის ამერიკაში დაბრუნდა და ცსს-ში 2003 წლამდე მუშაობდა. როგორც "ტრიანონის", ისე მარტა პეტერსონის თავდადებამ ნაყოფი გამოიღო - ამერიკული სადაზვერვო ქსელი რუსებმა ვერ გაშიფრეს. ოგოროდნიკი დაიღუპა, მაგრამ სუკ-თან დაპირისპირებაში გაიმარჯვა.

"ამდენად, "ტრიანონის" ბრანწს რეალური მნიშვნელობა ჰქონდა", - წერს იულიან სემიონოვი.

ბრანწი ისე მაგრად იყო შეკრული, რომ "ტრიანონს" ვერ გააშლევინეს და აგენტი ასევე დამარხეს. ეს იყო უკანასკნელი, რაც მან საბჭოთა სუკ-ისა და საბჭოთა იმპერიის მესვეურებს უჩვენა.

ნიკა თევზაძე,

ისტორიის დოქტორი, მწერალი, საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი