ალიევისა და პუტინის გეოპოლიტიკური "ტანგო" - „რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანის მეშვეობით ძველებურად დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში“ - კვირის პალიტრა

ალიევისა და პუტინის გეოპოლიტიკური "ტანგო" - „რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანის მეშვეობით ძველებურად დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში“

ექვსწლიანი პაუზის შემდეგ, 18 აგვისტოს, აზერბაიჯანში ჩავიდა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელიც უკრაინის ომის შემდეგ ჰააგამ საერთაშორისო ძებნილად გამოაცხადა. პუტინი ამბობს, რომ ბაქოში პრეზიდენტ ალიევის მიწვევით ჩავიდა. ექსპერტების ერთი ნაწილის აზრით, ეს ვიზიტი რეგიონულ უსაფრთხოებას უკავშირდება. მოსთხოვს თუ არა პასუხს აზერბაიჯანს დასავლეთი ძებნილის მიღების გამო, რა მიზანს ემსახურებოდა ეს ვიზიტი და როგორია გეოპოლიტიკური ვითარება სამხრეთ კავკასიაში, ამ და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე ექსპერტი მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- კრემლში ძალიან უკმაყოფილონი იყვნენ საკუთარი პოლიტიკით კავკასიის საკითხში, იმიტომ, რომ თურქეთმა რუსეთს ფეხი ამოაკვეთინა კავკასიიდან ყარაბაღის მოვლენების გამო. ძალიან სერიოზული დაპირისპირება იყო გარკვეულ ძალებს შორის. ერთი ნაწილი ფიქრობდა, რომ რუსეთმა სწორი ნაბიჯი გადადგა, რომ აზერბაიჯანს ყარაბაღი დააკავებინა, მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ამით რუსეთის ავტორიტეტი ძალიან შეილახა და რუსეთი სამხრეთ-კავკასიური პოლიტიკიდან ამოვარდა. ამის გარდა ერთგვარი რევერსი იყო, რომ რუსეთმა მცდელობების მთელი ციკლი წამოიწყო, რაც ორიენტირებულია უკან დაბრუნებაზე, რეგიონში თურქეთის შევიწროებაზე. თუ მანამდე აქცენტი სომხეთზე კეთდებოდა, დღეს აზერბაიჯანზე გაკეთდა. ალიევის პოლიტიკაც ამაზე იყო ორიენტირებული. მანამდე ალიევმა და პუტინმა ხელი მოაწერეს სომხეთისა და აზერბაიჯანის მეგობრობისა და სტრატეგიული პარტნიორობის დოკუმენტს. ბევრი იმუშავა ორივე მხარემ ამ შედეგისთვის, მით უმეტეს, მოსკოვს აღიზიანებდა ფაშინიანის მთავრობის ნაბიჯები. დღეს კი რუსეთი ცდილობს აზერბაიჯანის მეშვეობით ძველებურად დაბრუნდეს სამხრეთ კავკასიის პოლიტიკაში. ამაში თურქეთი აქტიურად უშლის ხელს.

რაც შეეხება პუტინის ჩასვლას აზერბაიჯანში, ეს იყო ვიზიტი ვიზიტისთვის, რათა ეჩვენებინა მსოფლიოსთვის, ნახეთ, არ მუშაობს საერთაშორისო კანონებიო. ყველამ იცის ჰააგის ტრიბუნალის გადაწყვეტილება, რომელიც პუტინის დაკავებას გულისხმობს. ამ დოკუმენტზე ხელისმომწერი ქვეყნები ვალდებული არიან ის მათ ქვეყნებში დააკავონ. ამ ვიზიტით პუტინმა ხაზი გაუსვა იმასაც, მარტო მონღოლეთში, ჩინეთსა და ასეთ ქვეყნებში კი არა, იმ ქვეყნებშიც თავისუფლად ჩავდივარ, რომლებიც დასავლეთთან მჭიდრო ეკონომიკურ ურთიერთობაშია და იქაც არ მოქმედებს საერთაშორისო კანონებიო. ეს დასავლური ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია. დასავლეთს დღეს სჭირდება აზერბაიჯანი, რადგან იქიდან მიდის ენერგომატარებლების განსაზღვრული რაოდენობა დასავლეთში. ცენტრალური აზიის მატარებლებიც შეუერთდება აზერბაიჯანულ გაზ და ნავთობსადენებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე გადის. აზერბაიჯანმა მოახერხა, რომ შეექმნა ეკონომიკური გზაჯვარედინის ცენტრი, მუშაობს აღმოსავლეთ-დასავლეთის ენერგომატარებლების მარშრუტი და რუსეთმა შექმნა ჩრდილო-სამხრეთის მარშრუტი, რომელიც გულისხმობს მთელ ტრასას, სანქტ-პეტერბურგიდან ინდოეთამდე, ქალაქ ბომბეიმდე, ცენტრი აზერბაიჯანია. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ფაქტია - აზერბაიჯანი შეუერთდა თავის არსში BღIჩშ-ს, ინფრასტრუქტურული პროექტების ფართო ქსელს, რომელიც აკავშირებს ქვეყნებსა და რეგიონებს საავტომობილო, სარკინიგზო და საზღვაო მარშრუტების მეშვეობით. საერთაშორისო ეკონომიკური თანამშრომლობის ძალიან სერიოზული პლატფორმაა, რომელიც ევროკავშირისა და დასავლეთის მიერ შექმნილი ეკონომიკური პლატფორმების საპირწონეა.

დარწმუნებული ვარ, მოსკოვს ძალიან დიდი ძალისხმევა დასჭირდა ამისთვის, მაგრამ მაინც გადაადგმევინა ეს ნაბიჯი აზერბაიჯანს. მოკლედ, პუტინმა ამ მოცემულობაში თავი გამარჯვებულად იგრძნო, ოღონდ ხარკის გადახდამ მაინც მოუწია. როგორც ჩანს, მოსკოვმა კულუარულად აზერბაიჯანს მწვანე აუნთო ზანგეზურის დერეფანთან დაკავშირებით. ამან რუსეთის მეგობარი ირანის მძაფრი რეაქცია გამოიწვია. ირანმა პრაქტიკულად საბრძოლო მზადყოფნა გამოაცხადა იმ შემთხვევაში, თუკი ზანგეზურის დერეფანი აზერბაიჯანელების კონტროლს დაექვემდებარება. ეს რუსეთისთვის მოულოდნელი იყო და ბაქოს თავის შეკავება ურჩიეს. ჯერ აიწონა-დაიწონას ტიპის გეოპოლიტიკური თამაშია.

მინდა საზოგადოებამ იცოდეს, გეოპოლიტიკური ეპიცენტრი, ადრე თუ გვიან, მაინც საქართველო იქნება, იმიტომ, რომ საქართველო კავკასიის გასაღებია, როგორც სამხრეთ-დასავლეთის გზის, ასევე აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მომავალი სავაჭრო ცენტრის. ასე რომ, საქართველო აუცილებლად იქნება ჩართული ამ პროცესებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე ჩვენს წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას წამოიწყებს, მაგრამ ყველა შეეცდება თავისი გავლენის გაძლიერებას. თუ საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა ამ ვითარებაში ოქროს შუალედის გამონახვა, ძალიან კარგი იქნება. საქართველოს სახელმწიფოებრიობა მაინც მყიფეა ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის გამო. აქედან გამომდინარე, ნებისმიერი ასეთი კატაკლიზმები სახელმწიფოებრივი მშენებელობის პროცესს შეაჩერებს. დიდი მნიშვნელობა აქვს იმასაც, რომ საქართველო უპირველესად ეკონომიკურად გამართული ქვეყანა იყოს. ამ წუთისთვის ეს შეიძლება უფრო მნიშვნელოვანი იყოს, ვიდრე ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

საქართველოს როლი ვერ იქნებოდა ისეთი, როგორიც არის დღეს, როგორც ელექტრომატარებლების სატრანზიტო ქვეყნის, რომ არ ყოფილიყო ყარაბაღის კონფლიქტი. პოლიტიკაში ასეთი რამ ხდება, როცა სხვისი ჭირი შენთვის სარგებელია. ამიტომ მინდა ვთქვა - ყველა ჩვენი მეზობლისთვის, მტრისთვისაც და მოყვრისთვისაც კი, საქართველოში შექმნილი პრობლემა მნიშვნელოვანია ბერკეტის გამოყენების თვალსაზრისით. ამიტომ მტერი იქნება თუ მოყვარე, მათ ჩარევის ნაკლები შანსი უნდა მივცეთ. ამიტომ ოპოზიციური თუ სახელისუფლებო პარტიები, ხალხი, გარკვეულ საკითხებში ერთ პოზიციაზე უნდა იყოს. რასაც ახლა მე ვამბობ, წყლის ნაყვაა, რადგან ჩვენს პოლიტიკურ სპექტრს მხოლოდ ის აინტერესებს, თვითონ იყოს ხელისუფლებაში. მათთვის ხვალინდელი დღე არ არის მნიშვნელოვანი. ჩვენს ქვეყანას სერიოზული გამოცდა ელის და ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად მშვიდად გავივლით საარჩევნო პროცესსა და არჩევნებს.

- ხომ არ ელოდებით იმასაც, რომ შეიძლება დასავლეთმა არ აღიაროს არჩევნების შედეგები?

- რასაკვირველია, ველი. სენატში მოსმენის დროს რიშმა თქვა: თუ მართალია ის, რასაც თქვენ ქართველ ხალხზე, მათ სურვილზე ამბობთ, მაშინ ოქტომბერში მათ მიეცემათ შესაძლებლობა გააგდონ ეს არამზადები და ხელში აიღონ საკუთარი მომავალი. ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით მოვლენებს, თქვენთვის ვილოცებთ და ვიმედოვნებთ, ეს იმუშავებსო. ჩვენს საზოგადოებაში დიდი ყურადღება მიაქციეს სიტყვა "თაღლითებს", რომელიც სხვადასხვა კონტექსტში ახსენა როგორც ოპოზიციამ, ასევე სახელისუფლებო პარტიების წევრებმა. რასაკვირველია, არავის არ უნდა ეპატიოს ასეთი განცხადება, მაგრამ, აქ მთავარი იყო წინადადების დასაწყისი, თუ მართლა ასე ფიქრობს ქართველი ხალხიო. ამ სიტყვის თქმის საშუალება მას მისცა იმან, რაც იქ მოისმინა საქართველოს რამდენიმე წარმომადგენლისგან. ამ არასამთავრობო ორგანიზაციის ზოგიერთი წარმომადგენლის პოლიტიკური სიმპათია საითაც იხრება, ესეც ვიცით. არჩევნების შედეგების არცნობა პროგნოზია, მაგრამ ბევრი სერიოზული ძალაა დასავლეთში, რომელსაც მიაჩნია, იმ შემთხვევაში, თუკი ყველაფერმა ნორმალურად ჩაიარა, ამ ნაბიჯის გადადგმა, იმიტომ, რომ "ასეა საჭირო", არ იქნება პროდუქტიული.

- მინდა უკრაინის საკითხსაც შევეხოთ, როგორც მედიაში იწერება, უკრაინელებს შეხვედრა ჰქონიათ სირიელ რადიკალურ დაჯგუფება "ჰეიეთ ტაჰრირ ალ-შამის" ლიდერთან, და უთხოვიათ ჩეჩენი და ქართველი ბოევიკების ციხიდან გათავისუფლება იმ პირობით, რომ ისინი უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ იომებენ. ყოფილა საუბარი ალ-შიშანის თანამებრძოლების გათავისუფლებაზეც. როგორც თურქული მედია წერს, ომარ ალ-შიშანი შეიძლება მუსლიმან ალ-შიშანში შეეშალათ, ომარი მკვდარიაო.

- ჩვენს ცნობიერებაში ჩადებულია, რომ ვინც აწყობს ტერორისტულ აქტს, ის არის ტერორისტი, მაგრამ სხვადასხვა ქვეყნის შეფასებით, ტერორისტები არიან არა მარტო ასეთი კატეგორიის პირები, არამედ მოწინააღმდეგის მთელი სტრუქტურები, თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, საგარეო სამინისტროს წარმომადგენლები და ა.შ. მაგალითად, მოსკოვს მთელი უკრაინა ტერორისტულ სახელმწიფოდ ჰყავს გამოცხადებული. ეს სიტყვა დღეს ძალიან პირობითი ცნებაა.

რაც შეეხება იმას, ამ ტიპის პატიმრები არიან თუ არა სირიის ციხეებში, ზუსტად არ ვიცი. როგორც ვიცი, არიან ისეთები, ვინც "ისლამური ხალიფატის" რიგებში იბრძოდნენ. ჩემი აზრით, ასეთი 16 კაცი იყო, ხოლო 10 კაცამდე ქართველი ეროვნების დაიღუპა. იყვნენ ასევე საქართველოს მოქალაქე ქისტები და აზერბაიჯანელები. არ არის გამორიცხული, ისეთი ხალხი იყოს ციხეში, რომლებიც თავს საქართველოს მოქალაქეებად ასაღებდნენ. ჩეჩენი ბევრად მეტია, მაგრამ არა საქართველოში მცხოვრები, არამედ კავკასიელი ჩეჩნები. ეტყობა, უკრაინელებმა ჩათვალეს, რადგან ისინი არ იყვნენ კადიროვის მომხრეები, მათი გამოყენება შესაძლებელია რუსეთის წინააღმდეგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სულ 5 შენაერთია, რომელიც დაკომპლექტებულია ჩრდილოკავკასიელებით. ყველაზე დიდი "კავკასიაა". არის ასევე ერთი დაღესტნური და სამი ჩეჩნური ბატალიონი. არა მგონია, რომ 40 კაცზე მეტი იყოს. ბუნებრივია, ზუსტი ციფრის თქმა გამიჭირდება. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სირიის მხოლოდ ერთ მესამედს აკონტროლებენ სამთავრობო ძალები, დანარჩენს - თურქები, ან ამერიკის შეერთებული შტატების, ან სხვადასხვა წერტილში განლაგებული სხვადასხვა დაჯგუფების წევრები. არ არის გამორიცხული, მოილაპარაკონ და უკრაინას ეს ფულიც დაუჯდება.

რაც შეეხება ალ-შიშანს, როცა თქვეს, მუსლიმანიაო, მარგოშვილი იგულისხმება. ის "ალ-ქაიდას" დაჯგუფებას განეკუთვნება, ხოლო უმან ბორჩაშვილი, იგივე ომარ ალ-შიშანი "ისლამური ხალიფატის" რიგებში იბრძოდა. ის დაიღუპა, მუსლიმანი მარგოშვილი ცოცხალია, ახლო აღმოსავლეთშია და აგრძელებს ბრძოლას. ის რუსეთის მოქალაქეა.

- 40 მებრძოლი რას მისცემს უკრაინას?

- არაფერს. ეს პროპაგანდისტული დემარშია, რომ თქვან, ახალი მეომრები ჩამოვიდნენ უკრაინაში, რომლებსაც გამოცდილება აქვთ რუსეთის წინააღმდეგ ომისო,. ვფიქრობ, მხოლოდ 40 კაცზე არ იქნება საუბარი, იქნებიან სხვადასხვა კატეგორიის პირებიც, რომლებიც იქაურ ციხეებში სხედან, არაბული ან აფრიკული წარმოშობის და არ არის გამორიცხული, მათი წაყვანაც მოინდომონ უკრაინელებმა. ეს კეთდება იმისთვის, რომ დაანახონ ყველას, ჩვენთან ერთად იბრძვიან ინტერბატალიონებიო. ჩეჩნეთის ბატალიონის შემდეგ დღეს ყველაზე პოპულარული სატიკტოკე მასალა რუსისთვის აფხაზთა ბატალიონია, "პიატნაშკა". სულ ამის პიარი მიდის, უკრაინელები კი სულ ქართულ ბატალიონს აპიარებენ.

- აზერბაიჯანში პუტინის ვიზიტს დავუბრუნდეთ... აზერბაიჯანს ამის გამო პასუხს არავინ მოსთხოვს?

- დღეს მსოფლიო წესრიგი ჩამოშლილია, ყველა იმას აკეთებს, რაც უნდა. ძლივს შექმნა დასავლეთმა განსაკუთრებული ხაზი აზერბაიჯანისა და თურქეთის მეშვეობით და ამ გზით ხდება ევროპის ნაწილის მომარაგება ენერგომატარებლებით. როგორ გგონიათ, დასავლეთისთვის რომელია უფრო მნიშვნელოვანი პუტინის ვიზიტი თუ ენერგომატარებლები. ბუნებრივია, მეორე. ამიტომ წაუყრუებენ ამ ამბავს.