გეოპოლიტიკური კოშმარი?! - კვირის პალიტრა

გეოპოლიტიკური კოშმარი?!

იანვარში ბრიკსის (მსოფლიოს სწრაფად განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნების გაერთიანება) გაფართოების შემდეგ, რაც მაშინ მსოფლიოში რუსეთის გავლენის გაძლიერებად ჩაითვალა და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დასავლეთი დიდად შეაშფოთა, ამ ორგანიზაციის კიდევ ერთ წევრით გაფართოებას ელოდებიან. ყოველ შემთხვევაში, თურქეთსა და აზერბაიჯანს განაცხადი უკვე შეტანილი აქვთ და ბრიკსის უახლოეს ყოველწლიურ სამიტზე, რომელიც ოქტომბრის ბოლოს გაიმართება, ბრაზილიის, რუსეთის, ინდოეთის, ჩინეთის, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის, ეგვიპტის, ირანის, არაბთა გაერთიანებული საამიროების, საუდის არაბეთისა და ეთიოპიის ეკონომიკურ გაერთიანებას შეუერთდებიან. დასავლურ მედიაში ბრიკსს უკვე "გლობალური სამხრეთის ნატოს"“ უწოდებენ და შიშობენ, რომ ეს საფრთხეს უქმნის გლობალურ უსაფრთხოებას. ბრიტანულ "თაიმსში"“ ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებულ სტატიაში ნათქვამია, რომ "ბრიკსში"“ შემავალ ქვეყნებს აქვთ სრული პოტენციალი, რათა მონოპოლია ჰქონდეთ სტრატეგიულ ლითონების მოპოვებაზე, რომელთა გარეშე მომავალში იარაღის შექმნა შეუძლებელი იქნება. "ბრიკსელები გზას მიიკვლევენ გადამწყვეტი სამხედრო უპირატესობისათვის", - ვკითხულობთ სტატიაში, რომელშიც ასევე განმარტებულია, რომ "ღერძი, რომელშიც, ფაქტობრივად, რუსეთი და ჩინეთი დომინირებენ, იშვიათ მეტალებზე მონოპოლიას იწყებს, რომელთა გარეშე მომავლის იარაღი არ შეიქმნება"... "BRICS-ი შეიძლება გადაიქცეს სამხედრო პოლიტიკურ ალიანსად, რომელიც მსოფლიო წესრიგის შეცვლას შეეცდება. მას ტყუილად არ შეარქვეს „გლობალური სამხრეთის ნატო". თუმცა საინტერესოა, რომ ჩვენთან საუბრისას საერთაშორისო ურთიერთობის დოქტორი, GIPA-ს პროფესორი თორნიკე შარაშენიძე ამბობს, რომ "ბრიკსი არ არის ცალსახად ანტიდასავლური და მით უმეტეს, პრორუსული გაერთიანება". რას ნიშნავს მისი შეფასება, რამდენად საფუძვლიანია უსაფრთხოების შესახებ დასავლური მედიის შიშები და რა შეიცვლება ჩვენთვის, როდესაც საქართველოს მეზობელი პარტნიორები ამ ორგანიზაციის წევრები გახდებიან, ამ საკითხებზე თორნიკე შარაშენიძეს ვესაუბრებით.

- ბრიკსი უფრო არადასავლური გაერთიანებაა, რომელსაც სურს დამოუკიდებელი თამაშის წესებით თამაში, დასავლეთისგან დამოუკიდებელი წესებით - ხაზს ვუსვამ, არა დასავლეთის წინააღმდეგ, არამედ თავისი წესებით, როცა არ იქნება ვინმეზე დამოკიდებული და მათ შორის დასავლეთზე. ეს შეიძლება გააძლიერა ამ ომმაც და, ჩემი აზრით, ძალიან სერიოზულად გააძლიერა რუსეთზე ზეწოლამ. რუსეთს წაართვეს ყველაფერი - იგივე დანაზოგები, რაც დასავლეთში ჰქონდა განთავსებული. გასაგებია, ეს რატომაც გაკეთდა, მაგრამ ამან ძალიან ბევრი ქვეყანა შეაშინა, ჩათვალეს, რომ დასავლეთი, მათი ნების წინააღმდეგ თუ წახვალ, მოვა და დაგასანქცირებს. ქმნიან რაღაც კლუბს, რომელიც ნაკლებად იქნება დამოკიდებული დასავლეთზე. სხვათა შორის, საუბარია, რომ შექმნან შიდა გადახდის სისტემაც, რათა არ იყვნენ დამოკიდებული მხოლოდ სვიფტზე და ა.შ. ამიტომაც ვამბობ, რომ ბრიკსის ეს პოლიტიკა ამ ომის შედეგია. დასავლეთი ებრძვის რუსეთს და ამ ომში ისიც რაღაც ფასს იხდის. დასავლეთიც ზარალდება რაღაც დონეზე და პირველ რიგში, ალბათ, ამით.

დოლარი მსოფლიო ვალუტაა, დანაზოგს ყველა ქვეყანა ამ ვალუტაში ინახავს და, როდესაც დიდ ქვეყანას დაასანქცირებ, წაართმევ დოლარში არსებულ დიდ დანაზოგს, გინდა თუ არა, ეს შენს დოლარსაც და შენს სანდოობასაც ურტყამს, რაც არ უნდა კეთილშობილური მიზნებით უწესებდე სანქციებს.

მე მოგანდვე ჩემი ფული და შენ წამართვი - აი, ეს მომენტია. შეიძლება ითქვას, ამ ომმა გვერდი არავის არ აუარა. გასაგებია, რომ ყველაზე მეტად უკრაინა და რუსეთი ზარალდებიან. ყველაზე მოგებული ჯერ ჩინეთია იმით, რომ ამ ომში არ ერევა.

- ეს აძლიერებს მულტიპოლარულობას თუ მაინც დასავლეთი-რუსეთის ბანაკში რუსული მხარის გაძლიერებას ნიშნავს?

- ზუსტად ასე გამოდის, აძლიერებს მულტიპოლარულ სამყაროს. ეს არ არის რუსული ბანაკი, მაგრამ ცხადია, რუსეთს მოსწონს, რომ სულ უფრო მეტი ქვეყანა შედის ამ არადასავლურ ნეიტრალურ ბლოკში. ბრიკსი არ არის ცალსახად ანტიდასავლური და მით უმეტეს, პრორუსული გაერთიანება. ძალიან კომიკური იქნება, რომ პრორუსულად გამოვაცხადოთ. ჩვენთან ხომ ყველა ყველაფერს ასე უყურებს - ან პრორუსია, ან ანტირუსი, მაგრამ ასე ნამდვილად არ არის. მაგალითად, ბრიკსში არიან ჩინეთი და ინდოეთი, რომელთაც მაინცდამაინც კარგი ურთიერთობა არა აქვთ, მით უმეტეს, ინდოეთი უფრო ამერიკის პარტნიორად ითვლება. ამავე დროს კარგი ურთიერთობა აქვს რუსეთთანაც. ასე რომ, ბრიკსი რთული გაერთიანებაა. რეალობა ის არის, რომ ისეთი დიდი ქვეყნები, როგორიც ინდოეთი და ჩინეთია, ცდილობენ შეინარჩუნონ ეს გაერთიანება თუ კლუბი, ჰქონდეთ დამოუკიდებელი საგარეო კურსი და ამ კლუბში ყოფნით ერთმანეთს აძლიერებენ. ასეა ბრაზილიაც, რომელსაც სურს ჰქონდეს დამოუკიდებელი საგარეო კურსი. ასე იქნება თურქეთიც, რადგან მას შემდეგ, რაც ერდოღანმა ევროკავშირში ინტეგრაციაზე ხელი ჩაიქნია, ახლა ცდილობს ჰქონდეს ევროპისგან უფრო დამოუკიდებელი პოლიტიკა და პრინციპში, რუსეთის წინააღმდეგ ძალიან ცოტა სანქციას მიუერთდა. "თურქიში"“ დაფრინავს რუსეთში, უამრავი რუსი ტურისტი ჰყავთ და ა.შ. ახლა იქ აზერბაიჯანის და თურქეთის შესვლა იმას ნიშნავს, რომ ცდილობენ ჰქონდეთ მეტი მანევრირების საშუალება და არ იყვნენ დასავლეთზე დამოკიდებული. თუკი აზერბაიჯანი და თურქეთი დასავლეთში გაიტანენ რაღაცებს, მაგალითად, გაზს და ა.შ., რა თქმა უნდა, ეს მათთვის ძალიან კარგი იქნება და ამაზე უარს არ იტყვიან, მაგრამ თან სურთ მხოლოდ მათზე არ იყვნენ დამოკიდებული. ეს კი სწორედ მულტიპოლარული სამყაროსკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯია.

- ეს დასავლეთს რამდენად დააზარალებს, თუნდაც მხოლოდ ფასეულობებისა და პრინციპების დაცვის თვალსაზრისით, ეკონომიკას და კონკრეტულ პრაგმატულ ინტერესებს­ რომ თავი დავანებოთ?

- ფასეულობებს რაც შეეხება, "ამერიკულ რბილ ძალას" პრინციპში კონკურენტი არ ჰყავს და ვერც ეყოლება. მგონი, არც ამერიკულ დოლარს არ ეყოლება ჯერჯერობით კონკურენტი. კონკურენტი შეიძლება გაუჩნდეს ჩინური ვალუტის სახით, თუკი ჩინეთი ეკონომიკურად გაასწრებს ამერიკას, მაგრამ ჯერჯერობით ვერ უსწრებს და როგორც ჩანს, მინიმუმ, ოცი წელი ვერ გაუსწრებს. ეს სერიოზული თემაა. თუმცა, თუკი ამერიკა დააზარალა იმან, რომ რუსეთი დაასანქცირა და ამან დოლარს დაარტყა, ჩინურ ვალუტას ნდობა მაინც არა აქვს. ჩინეთში არ არსებობს დამოუკიდებელი სასამართლო, არა აქვს თავისუფალი ბაზრის ტრადიცია და რეალურად ახლა ყალიბდება. ამასთან, ჩინეთი არასტაბილური ქვეყანაა, სულ რაღაც 1950 წლიდან გაერთიანდა, მანამდე სულ დაშლილი იყო დ საშინელი შიდა ომები მიმდინარეობდა. შესაბამისად, ჯერ ჩინეთისგან არც დოლარს ემუქრება საფრთხე და არც "ამერიკულ რბილ ძალას".

ბრიკსის, ასე ვთქვათ, გაძლიერება, ხაზს ვუსვამ, კი არის მულტიპოლარიზმის ნიშანი, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ცალკე კლუბი გახდება, ცალკე დიდი მოთამაშე, რადგან, როგორც ვთქვით, მასში წინააღმდეგობებია, თუნდაც ჩინეთსა და ინდოეთს შორის. ვიმეორებ - ეს ომის შედეგია და როცა დასრულდება, იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი უკეთ დალაგდება.

ამ ომით ისარგებლა ჩინეთმა. რა თქმა უნდა, ის ბრიკსის ლიდერია და გასაგებია, რატომაც, იქ ყველაზე ძლიერია და ბრიკსის ნებისმიერი გაფართოება ახლა ყველაზე მეტად მას აწყობს. ის ცდილობს ბრიკსი“ თავის კლუბად აქციოს და მათ შორის, ანტიამერიკულ კლუბადაც. თუმცა, ცხადია, ეს ასე მარტივი არ იქნება, მაგრამ ბრიკსის გაფართოება მაინც უხარია.

- უსაფრთხოების თვალსაზრისით რამდენად იქნება გაფართოება საფრთხის შემცველი, გაზრდის თუნდაც რუსეთის სამხედრო პოტენციალს?

- არა მგონია, მისი გაფართოება ავტომატურად ნიშნავდეს რუსეთის სამხედრო გაძლიერებას. რუსეთი იარაღს იაფად ყიდულობს ირანისა და ჩრდილოეთ კორეისგან. რა, ჩრდილოეთი კორეა ბრიკსში თუ არ არის, იარაღს ვერ მიიღებს მისგან? ამიტომ მგონია, ეს სრულიად ფუჭი შიშია. რუსეთი კი ომს ჯერჯერობით ნამდვილად არ აგებს. რაც შეეხება სანქციებს, ბრიკსში შემავალი ქვეყნების ნაწილი სანქციებს ისედაც არ ასრულებს და ახალი წევრების იქ შესვლა რას შეცვლის? ამიტომ შეიარაღების საკითხი ნამდვილად უსაფუძვლოდ მეჩვენება. ჩემი აზრით, ამ ეტაპზე ეს უფრო არის ტენდენციის მაჩვენებელი, რომ სამყარო მულტიპოლარიზმისკენ იცვლება და არა ის, რომ რუსეთს ომში უფრო მეტად ან უფრო ნაკლებად დაეხმარებიან.

- საქართველოზე და საერთოდ კავკასიის რეგიონზე რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს იმას, რომ ჩვენი ორი ძლიერი მეზობელი და პარტნიორი ბრიკსში ერთიანდება?

- ძალიან კარგი შეკითხვაა, რადგან საქართველო ნამდვილად არის დამოკიდებული იმაზე, თუ რა ხდება მის გარშემო და რა პოლიტიკურ კურსს ირჩევენ მისი ახლო პარტნიორები. თურქეთი და აზერბაიჯანი ჩვენი ახლო პარტნიორები არიან. აზერბაიჯანის წყალობით ჩვენ არ ვართ ჩამოკიდებული რუსულ გაზზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, ახსნასაც არ საჭიროებს. აზერბაიჯანის ბრიკსში შესვლა, გვინდა თუ არა, ჩვენზე იმოქმედებს. ეს ძალიან სერიოზული თემაა და უნდა გავითვალისწინოთ.

აზერბაიჯანი პირდაპირ აცხადებს, რომ დასავლეთი უფრო ნაკლებად სჭირდება, ვიდრე აქამდე. თუ გაყიდის დასავლეთში გაზს, კი ბატონო, ამაზე უარს ვინ იტყვის, მაგრამ მას არ სჭირდება დასავლეთისგან ჭკუის სწავლება.

ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ - აზერბაიჯანი არ არის დემოკრატიული ქვეყანა, ალიევს ნამდვილად არ სჭირდება ლექციის კითხვა დემოკრატიაზე. ბრიკსის წევრებისგან კი ის ლექციებს არ მოისმენს დემოკრატიაზე, არც რუსეთისგან, არც ჩინეთისგან. ცნობილი კადრებია, როდესაც ბი-ბი-სის აძლევს ინტერვიუს და ჟურნალისტი გოგონა ცდილობს დატუქსოს, ალიევი კი პასუხად დასცინის. ცხადია, მას აღარ ეშინია, დასავლეთი აღარ სჭირდება. მდიდარი ქვეყანაა, თვითკმარი და არ სჭირდება დასავლეთის ფული. ამიტომ გადაწყვიტა, გაზს კი მოგცემთ, მაგრამ ჭკუას ნუ მარიგებთო. მე მინდა ხელისუფლებაში მუდმივად ვიყო, მერე ჩემი შვილი გახდეს პრეზიდენტი და მინდა ახლა თქვენი თამაშის წესებიო? რაში სჭირდება დასავლეთის თამაშის წესები, როცა იქ დიქტატურაა?

- საერთო ჯამში, დასავლეთისთვის საფრთხე რამდენად არის ბრიკსი?

- დასავლეთისთვის მთავარი საფრთხეა უკრაინაში ომი, რომლის მიმდინარეობა, სამწუხაროდ, ჯერ ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. ამ სიტუაციაში კი როგორ უნდა მიაღწიოს დასავლეთმა მიზანს, ანუ უკრაინის გამარჯვებას რაღაც ფორმულით, ძალიან ბუნდოვანია. ასე მარტივად ეს ვერ წარმომიდგენია. თუ დასავლეთი აპირებს იომოს მანამდე, სანამ თავის მიზანს არ მიაღწევს და რუსეთიც იმავეს აპირებს, ეს ყველაფერი როდის და როგორ დამთავრდება, ძნელი სათქმელია. ესაა მთავარი საფრთხე. ბრიკსის გაფართოებაც ამ ომის გამოძახილია. მაგალითად, რუსეთს ომი შარშან რომ წაეგო, ჩამოქცეულიყო შიგნითაც, არ არის გამორიცხული, ბრიკსი საერთოდ დაშლილიყო, მაგრამ ეს არ მოხდა, რუსეთი იქ ომს აგრძელებს, უკრაინისგან უფრო მეტი ტერიტორია მიიტაცა, ვიდრე ომამდე ჰქონდა მიტაცებული, და როგორც ჩანს, ბევრი და მათ შორის, ბრიკსის წევრებიც და ისინიც, ვინც ახლა იქ შედიან, ფიქრობენ, რომ რუსეთი ომს არ წააგებს. თურქეთი და აზერბაიჯანი რომ ფიქრობდნენ, რუსეთი ომს აგებს, ბრიკსში არ შევიდოდნენ. ცხადია, ამას საჯაროდ არ ამბობენ, მაგრამ ლოგიკურად ასე გამოდის. რომ ელოდებოდე, ბრიკსის ლიდერი ომს წააგებსო, რაც რუსეთისთვის კატასტროფა იქნება, შეხვალ? არა, ხომ? ამაშია საქმე.

რუსა მაჩაიძე