როდის დაბრუნდება საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“ - კვირის პალიტრა

როდის დაბრუნდება საქართველოს ნაკრები „დინამო არენაზე“

საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩის შემდეგ კიდევ უფრო აქტუალური გახდა შეკითხვა, შეძლებს თუ არა ქვეყნის მთავარი სტადიონი ოქტომბერს მაინც უმასპინძლოს ეროვნული ნაკრების მატჩს, რადგან მიხეილ მესხის სტადიონი ორჯერ ნაკლებ გულშემატკივარს იტევს, ვიდრე "დინამო არენა". რა მდგომარეობაა ახლა სტადიონზე, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ "დინამო არენა" ამორტიზებულია. შეძლებს თუ არა სტადიონი ოქტომბერში საქართველო-ალბანეთის ნაკრებების მატჩის მასპინძლობას, "დინამო თბილისის" პრეზიდენტ რომან ფიფიას ვესაუბრეთ.

- "დინამო" ორი დამოუკიდებელი შენობისგან შედგება: პირველი იარუსი გასული საუკუნის 30-იან წლებშია აშენებული, მეორე კი შედარებით ახალია. მისი მშენებლობა 1978 წელს დასრულდა. მხოლოდ მეორე იარუსი იტევს 41 ათასზე მეტ მაყურებელს. 2015 წელს, როცა სუპერთასი ჩატარდა, სახელმწიფომ დაახლოებით 15 მილიონი ლარი დახარჯა, მისი რეაბილიტაციისთვის და საკითხი მისი მდგრადობის შესახებ არ დასმულა. პრობლემა მე-7-8 სტილობატს ჰქონდა. წარმოიდგინეთ, საუბარია სულ 8 მეტრის სიმაღლის შენობაზე, რომელსაც ირგვლივ უზარმაზარი ბოძები აქვს, რომლებიც წლების წინ შევაკეთეთ და მერეც. ახლა მდგომარეობა ასეთია - მიმდინარე კვირას მივიღებთ ექსპერტიზის მონაცემებს, რომელმაც უნდა გვითხრას, რა არის აუცილებლად გასაკეთებელი, სტილობატებია მხოლოდ შესაკეთებელი თუ კიდევ რამე პრობლემა აქვს პირველ იარუსს. გადავწყვეტთ, შევწვდებით თუ არა ჩვენი სახსრებით მის რეაბილიტაციას. თუ აღმოგვაჩნდა საამისო საშუალება, ძალიან მალე შევაკეთებთ, თუ უფრო დიდ ხარჯს მოითხოვს, მაშინ დახმარებისთვის მერიას მივმართავთ.

- შეძლებს თუ არა ოქტომბერში "დინამო არენა" მატჩის მასპინძლობას.

- ვფიქრობ, შეგვიძლია ვუმასპინძლოთ ოქტომბრის თამაშს, მაგრამ უფრო დეტალურად ამაზე პასუხი მოგვიანებით გვეცოდინება.

- პირველ იარუსს რომ პრობლემა ჰქონდა, ხომ იცოდით, არ შეიძლებოდა ეს სექტემბრის მატჩამდე მოგვარებულიყო?

- ფედერაციას აქვს თავისი უსაფრთხოების სტანდარტები, თუ მიიჩნიეს, რომ არის პრობლემა, ესე იგი, გასაკეთებელია. ჩვენი მონაცემებით, ის პრობლემები, რაზეც ახლაც არის საუბარი, პირველ იარუსს თანდაყოლილი აქვს წლების განმავლობაში. ჩვენ მას ყოველთვის ვუვლიდით და პარალელურად სტადიონზე თამაშები მიმდინარეობდა. დარწმუნებული ვარ ექსპერტიზა ყურადღებას გაამახვილებს მე-7-8 სტილობატებზე. ვფიქრობ, ამაზე მეტი პირველ იარუსს არაფერი სჭირდება, მაგრამ ფედერაცია წყვეტს, ეს საკმარისია თუ არა თამაშის ჩასატარებლად. ეს არ არის ჩემი გადასაწყვეტი, ჩემი მოვალეობაა მინდორი უმაღლეს დონეზე იყოს. მე ფედერაციას უნდა ვუთხრა, რომ ის საკითხი, რაზეც ექსპერტიზა გაამახვილებს ყურადღებას, მოგვარდეს.

- მარტში "დინამო არენაზე" ეროვნულმა ნაკრებმა "ევრო 2024"-ის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალური და ფინალური მატჩები გამართა, რა დროსაც სტადიონი სავსე იყო. მარტის შემდეგ სტადიონზე შეიძლებოდა ისე გაუარესებულიყო მდგომარეობა, რომ რამდენიმე თვეში მატჩები ვერ ჩატარებულიყო?

- ვფიქრობ, რაც იყო მარტში, ის მდგომარეობაა დღესაც, თუმცა მთავარია უსაფრთხოება და ჩვენ თავი უნდა დავიზღვიოთ. წესით, ყურადღება გამახვილებული იქნება 2-3 სტილობატზე, დანარჩენზე, ჩემი აზრით, პრობლემა არ უნდა იყოს. პირველი იარუსი ძველი აშენებული კი არის, მაგრამ ძალიან მყარია.

"დინამოს" სტადიონი უნიკალურია, კიდევ მრავალი წელი ემსახურება ქვეყანას. იქ სხვა სული და აურა ტრიალებს, ამას ფეხბურთელებიც ამბობენ, სხვა გარემოა და სხვა მაგია. ამიტომ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ.

- თქვით, რომ არ გგონიათ, მარტის მერე სტადიონის მდგომარეობა გაუარესებულიყო. ფედერაციის გადაწყვეტილებას, არ ჩატარებულიყო ერთა ლიგის მატჩი "დინამო არენაზე", ზოგიერთი უკავშირებს თქვენს პოზიციას, რომელიც აქციებზე "აგენტების კანონის" წინააღმდეგ გამოხატეთ? (10 აპრილს "დინამო თბილისმა" სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა - "ჩვენი მომავალი მხოლოდ ევროპულია!")

- არა მგონია, ჩემი პოზიციის გამო ხალხისთვის უარი ეთქვათ "დინამო არენაზე" შესვლისთვის. რა პოზიცია იყო ასეთი? - წინ ევროპისკენ?! ვინმეს აქვს სხვა პოზიცია? ფედერაციამ დასვა კითხვა, რომ პირველი იარუსი გადამოწმდეს, ამის უფლება აქვს, მისი კომპეტენციაა.

- თუ გქონიათ საუბარი მთავრობის რომელიმე წევრთან მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ პრობლემებია?

- არა, პირადი კომუნიკაცია არ მქონია.

- რამდენ ხანში ერთხელ მოწმდება სტადიონი.

- წელიწადში ერთხელ. უკანასკნელი მარტის თამაშების შემდეგ იყო, ოღონდ არა დეტალური ექსპერტიზა, არამედ დათვალიერება, რის შემდეგაც ივარაუდეს, რომ შეიძლება პირველ იარუსს შეკეთება დასჭირდეს.

- მაშინვე რატომ არ დაიწყო მუშაობა ამის მოგვარებაზე? მით უმეტეს, როგორც ამბობთ, მხოლოდ მცირე დაზიანებასთან გვაქვს საქმე.

- ჩვენ არ გვქონდა მოლოდინი, რომ რამე პრობლემა იქნებოდა. ეს მოლოდინი რომ ყოფილიყო, მოვემზადებოდით. მხოლოდ ვიზუალური დათვალიერების შედეგად დაასკვნეს, რომ პირველ იარუსს შესაძლოა ჰქონდეს პრობლემა და დეტალურად უნდა შემოწმდეს. როდესაც ასეთი ეჭვი არსებობს, არავის აქვს დაუდევრობის უფლება. ამიტომაც ფედერაციას მივაწოდეთ ინფორმაცია, რომ პირველ იარუსს სჭირდება დეტალური ექსპერტიზა, ასევე შევთავაზეთ მეორე იარუსით სარგებლობა.

ძალიან გვინდა ნაკრებმა "დინამო არენაზე"”ითამაშოს და ბევრი მაყურებელი დაესწროს. მერის განცხადებაც მოწმობს, რომ თუ იქნება საჭიროება, ისინიც ჩაერთვებიან. თუმცა იმედი გვაქვს, რომ ისეთი არაფერი იქნება და პრობლემას ჩვენითაც გავუმკლავდებით.

- "დინამოს" ლეგენდარული ფეხბურთელების ისტორიებზე გავიზარდეთ, მაგრამ რა გრძნობაა, როდესაც დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში "დინამოს" აღზრდილები ამგვარ ისტორიას წერენ?

- პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ დამისვეს ეს შეკითხვა და უცებ ვერ ვუპასუხე. სხვა გრძნობაა, როდესაც გულშემატკივარი მიდის სტადიონზე, უხარია, ტაშს უკრავს. სხვა გრძნობაა, როდესაც შენ ამდენი ამაგი გაქვს, ეს ბავშვები შენს აკადემიაში არიან გაზრდილი - ეს გრძნობა ცოტათი განსხვავდება გულშემატკივრის ემოციისგან. როდესაც იცი, რა ტვირთი გაწევს ზურგზე, როგორც პასუხისმგებლობა და შედეგს ხედავ, უდიდესი ბედნიერებაა, მაგრამ თითქოს უფრო მშვიდად ხარ. რომ იცოდეთ, რამდენი ადამიანის შრომაა ამაში ჩადებული. ვინც "დინამოს" აკადემიაში გაიზარდა, ამ ვარსკვლავ ბიჭებს არაფერი არ აკლდათ. მადლობა ღმერთს, ასეთი შედეგიც დადგა. 6-ჯერ გავხდით ჩემპიონები ჩემი პრეზიდენტობის ვადაში. სამწუხაროდ, 3 პლეი-ოფი ვითამაშეთ, მაგრამ ვერ გავედით ევროსარბიელზე. მერე ამას მოჰყვა ფინანსური პრობლემები, რაც დაკავშირებული იყო რუსთავის აზოტის ქარხნის უკანონოდ მიტაცებასთან. ამან თავისი დაღი დაასვა "დინამოს", რადგან, როგორც კლუბი, ვერ განვითარდა.

2016 წლის შემდეგ ბიუჯეტი გაგვინახევრდა, თუმცა მაინც მოვახერხეთ და დღემდე მოვიტანეთ ეს ყველაფერი. გამგები და დამნახავი ამას დაინახავს, სამწუხაროდ, დაუნახავებიც საკმარისად გვყავს. ბილეთსაც კი არ ყიდულობენ, მაგრამ გაკრიტიკება შეუძლიათ. საბედნიეროდ, უფრო მეტი მადლიერია, ვიდრე უმადური.

იმიტომ არა ვართ პირველ სამეულში, რომ ძირითადად ჩვენი აღზრდილებით ვთამაშობთ. ეს იყო მთავარი, რომ მთავარ გუნდში ვათამაშებდით ჩვენს აღზრდილებს, მივცემდით შანსს, გამოცდილებას და არ ჩამოვიყვანდით ლეგიონერებს. ყოველივე ამას დრო და მოთმინება სჭირდება, საბოლოოდ ეს რომ ამართლებს, ვნახეთ. საყვედურებიც არის, რომ არ ვათამაშებთ, ისე ვყიდით ფეხბურთელებს. ის ოქროს ბიჭები, რომლებიც წავიდნენ "დინამოდან" 17-18 წლის ასაკში, მათი გაჩერება შეუძლებელი იყო. რაც არ უნდა გადაუხადო, როდესაც შემოთავაზება აქვთ ინგლისიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიის უმაღლესი ლიგიდან, ვერაფერს იზამ. როდესაც მშობელიც და ბავშვიც მოგმართავენ, გამიშვიო, რა უნდა ქნა? ფეხბურთელია, თუ მან თამაშისგან სიამოვნება არ მიიღო და მთლიანად კონცენტრირებული არ იქნა იმ გუნდში, სადაცაა, ვერ ითამაშებს. ამიტომ ეს გაახალგაზრდავების პროცესი მნიშვნელოვანი იყო. ჩვენ უკვე გვყავს რამდენიმე პროფესიონალი, მაგრამ ისინი აუცილებელია ამ ახალგაზრდებშიც გვყავდეს, რათა გუნდმა თავი უფრო სტაბილურად იგრძნოს. წელს ამ ახალგაზრდებით უნდა გავიაროთ ეს გზა, სამაგიეროდ, ვინც მომავალ წელს დარჩება გუნდში, უკვე სხვა დონის მოთამაშე ფეხბურთელები იქნებიან. ჩვენ ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელი გვყავს. ძალიან კარგი გუნდია, ყველაზე ახალგაზრდული - საშუალო ასაკი 18 წელია. ასეთი ახალგაზრდული გუნდი "დინამოს" არ ჰყოლია. უჭირთ, უძნელდებათ, მაგრამ უმკლავდებიან.

შემიძლია ვთქვა, რომ მე, რომან ფიფიამ, "დინამოში" რაღაც დონეზე მისია შევასრულე, ქვეყანას მომავალი გავუზარდე, თუმცა ამაზე ნაკლებად საუბრობენ. ნამდვილად წეროებს არ მოუყვანიათ ეს ბავშვები ეროვნულ ნაკრებში, უმეტესობა "დინამოს აკადემიის" აღზრდილია.

აქტიურად ვმუშაობ "დინამოში" პარტნიორის შემოყვანაზე. ეს მნიშვნელოვანი და აუცილებელი ეტაპია, რადგან პასუხისმგებლობა უნდა გადანაწილდეს. ის, რომ ჩემი მენეჯმენტი უმაღლეს დონეზე მუშაობს, ეს გვანახეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა. კლუბურ დონეზე ფეხბურთში მიღწევებს ფინანსები სჭირდება. მიუხედავად ამისა, ამ 8 წლის განმავლობაში არ გამიშვია სამსახურიდან არც ერთი თანამშრომელი. უხერხულია, მაგრამ მაინც ვიტყვი - ჩემი ოჯახის ქონება გავყიდე საზღვარგარეთ, რომ კლუბი შემენახა.

- პარტნიორის მოძიებაში ხომ არ არის სიახლე?

- ქართველი პარტნიორი, სამწუხაროდ, არ გამოჩნდა. იყო მომენტი, როდესაც მეგონა, რომ გადაწყვეტილი იყო ეს ამბავი, თუმცა ეს პროცესი გაჩერდა. იმხანად ჩემი შვილებიც იყვნენ ამ პროცესში ჩართული და ევროპელი პარტნიორი დავკარგეთ, იმდენად ვიყავი დარწმუნებული, რომ საკითხი გადაწყვეტილი იყო ქართველ ბიზნესმენთან.

ახლა მოლაპარაკება მიმდინარეობს ორ ინვესტორთან და ვფიქრობთ, ეს საკითხი გადაწყდება. პარტნიორი უნდა იყოს ძალიან გამოცდილი, სტრატეგიული, იმაზე მეტი უნდა გააკეთოს, ვიდრე მე შევძელი. უნდა მქონდეს გარანტია, რომ ის კლუბს წინ წაიყვანს, ეს არის ჩემი მეორე მისია და ეს უნდა შევასრულო. ეს შეიძლება იყოს პარტნიორობა ან ჩემი "დინამოდან" გასვლა. საუკეთესო წლები გავატარე "დინამოში", ახლა კი ვგრძნობ, რომ საქმეს სჭირდება სხვა შემართება.მე არ ვეკიდები სკამს. ამ კლუბისთვის მე მხოლოდ სიკეთე მინდა.

- ახალი პარტნიორის ძიებასთან ერთად, თქვენ საუბრობდით დიღმის ბაზის დატოვებასა და ახლის აშენებაზეც.

- მე არასდროს მითქვამს, რომ აქ აუცილებლად კორპუსები უნდა აშენდეს. მე ვთქვი, რომ ეს შეიძლება დარჩეს, როგორც არის, მაგრამ აუცილებელია გადიდდეს და ერთ სივრცეში იყოს აკადემია და მთავარი გუნდი. უბრალოდ, სხვა ტერიტორიაზე ერთ სივრცეში მოექცეს ყველაფერი. ბევრი სტადიონი გაკეთდა ჩვენს ქვეყანაში, მაგრამ არ არის საკმარისი. ამიტომ ის მოედნები, რომლებიც "დინამოს" ბაზაზეა, ზედმეტი ვერ იქნება. მე ვსაუბრობ სხვა გარემოზე, სადაც ბავშვები მუდამ ნახავენ უფროსებს, ექნებათ საშუალება გადახედონ უმცროს თაობას. ერთ სივრცეში იყვნენ, როგორც ევროპის ბევრ კლუბშია. ეს ფინანსურად ძალიან დიდი პროექტია.

რაც შეეხება ბაზასთან რამდენიმე მეტრში არსებული კორპუსების საკითხს, რამდენჯერმე მქონდა პრესკონფერენცია, მოვიწვიე ვეტერანები, ვაპროტესტებდი ბაზის გვერდით მშენებლობებს. მაშინ არავის გამოუხატავს შეშფოთება ამის თაობაზე. სავარჯიშოდ თითქოს არა უშავს, მაგრამ ისმის არასასიამოვნო ხმები, ყვირილი. ფეხბურთელს სჭირდება მშვიდ გარემოში ვარჯიში, კონცენტრაცია. ბევრი ბავშვი გვყავს, ძალიან დიდი ორგანიზაცია ვართ და სულ სამი მოედანი გვაქვს. ამიტომ მეტი მოედანი და მეტი ტერიტორია გვჭირდება. თორემ ამ ბაზას არაფერი ემუქრება, ის ისეთ დონეზეა გაკეთებული, მასზე უკეთესი ბაზა არ მეგულება საქართველოში. 500-მდე აღსაზრდელი ელოდება ადგილს აკადემიაში, მათი მიღება უკვე შეუძლებელია, არასაკმარისი მოედნების გამო. სწორედ, ამიტომ ვამბობდი, საჭიროა გაფართოება, გაერთიანება და მოედნების დამატება.

სოფო კაჭარავა