"ერდოღანი პუტინით ჟონგლიორობს" - როდის დადგება დღე X, როდესაც თურქეთი შეტევაზე გადავა?! - კვირის პალიტრა

"ერდოღანი პუტინით ჟონგლიორობს" - როდის დადგება დღე X, როდესაც თურქეთი შეტევაზე გადავა?!

თურქეთ-რუსეთის ურთიერთობებში შექმნილი სირთულეებია განხილული გერმანული სამაუწყებლო კომპანიის „დოიჩე ველეს“ (Deutsche Welle) ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით - „ერდოღანი პუტინით ჟონგლიორობს“ (ავტორი - ივან პრეობრაჟენსკი), რომელშიც აქცენტი გადატანილია თურქი ლიდერის მცდელობებზე, რაც შეიძლება მეტი სარგებელი ნახოს რუსეთ-უკრაინის დაპირისპირებით.

თურქეთის პრეზიდენტის ამასწინანდელი განცხადებით, რუსეთ-უკრაინის ომის სამართლიანი დასრულება ნიშნავს იმას, რომ კრემლმა ყირიმი უკრაინას უნდა დაუბრუნოს.

დიქტატორთა თამაშები

საერთოდ, ანკარა ომის დაწყებიდან საკმაოდ წარმატებით ბალანსირებს აგრესორს (რუსეთს) და მის მსხვერპლს (უკრაინას) შორის, მოგებიანად ვაჭრობს ორივე ქვეყანასთან და შექმნილ ვითარებას სამხრეთ კავკასიასა და შავიზღვისპირეთში თავისი გავლენის მკვეთრი გაფართოებისთვის იყენებს: მაგალითად, რეჯეფ ერდოღანი დაეხმარა აზერბაიჯანს მთიანი ყარაბაღის დაბრუნებაში, რაც ოფიციალურად აღიარა კიდეც.

ახლა თურქი ლიდერი, თავის რუს კოლეგასთან - პუტინთან და აზერბაიჯანის ავტორიტარ მმართველ ილჰამ ალიევთან ერთად ცდილობს, სატრანზიტო დერეფანი სომხეთის სიუნიკის ოლქზე გაატაროს. ეს ტრასა სომხეთს ირანისაგან დააშორებს და დახურავს კონტრაბანდული (სანქციებით აკრძალული) პროდუქციის პოტენციურ არხს. გასაკვირი არ არის, რომ ირანმა მკვეთრი რეაქცია გამოხატა და თურქეთსა და რუსეთს თავისი უკმაყოფილება აგრძნობინა.

ერთი შეხედვით, ირანი რუსეთის მოკავშირეა, უკრაინასთან ომში. მართალია, თეირანი უარყოფს პირდაპირ მონაწილეობას, მაგრამ, პარალელურად, რუსეთს დრონებს და რაკეტებს აწვდის. ლოგიკურია, რომ მოსკოვმა მოკავშირე თეირანი არ უნდა გააღიზიანოს, მაგრამ კრემლი მაინც ზეწოლას ახდენს სომხეთის პრემიერზე - ნიკოლ ფაშინიანზე, რომ მან რაც შეიძლება სწრაფად მოაწეროს ხელი აზერბაიჯანის პირობებს, დათანხმდეს სიუნიკის დერეფნის გახსნას, რისთვისაც ქვეყნის კონსტიტუცია არის შესაცვლელი. თავის მხრივ, სომხეთს ირანის იმედი აქვს, რომ თეირანი ერევანს როგორმე დაეხმარება და მოსკოვ-ანკარას მადას დაუცხრობს.

ასევე, რეჯეფ ერდოღანი ცდილობს თურქეთის რუსული გაზის ჰაბად გადაქცევას ევროკავშირისათვის. როგორც ცნობილია, რუსეთს თურქეთთან ორი სტრატეგიული მნიშვნელობის გაზსადენი აკავშირებს - „ცისფერი ნაკადი“ და „თურქული ნაკადი“, რომლებიც შავი ზღვის ფსკერზეა ჩადებული და რომელთა მეშვეობით ევროპაში - ბალკანეთში, ავსტრიასა და უნგრეთში რუსული გაზი მიდის (არაფერს ვამბობთ ატომურ ენერგეტიკაში მჭიდრო თანამშრომლობაზე). და ასეთი გეგმების ფონზე, მოსკოვსა და ანკარას შორის ბოლო ორი წლის განმავლობაში თითქმის მუდმივად „შავა კატა“ დარბის.

ერდოღანი პუტინის დამცირებას ცდილობს

მართლაცდა, აშკარაა, რომ მჭიდრო კავშირების მიუხედავად, რეჯეფ ერდოღანი, ავტორიტარული ლიდერის კლასიკური მანერით, მისთვის ყოველ მოგებიან სიტუაციაში თავისი რუსი კოლეგის დამცირებას ცდილობს. წავიდა ის დრო, როცა ისინი ერთმანეთს სტამბოლის ახლოს, ბოსფორის ნაპირებზე იდილიურ გარემოში ხვდებოდნენ და ერთმანეთს „ძმას“ და „მეგობარს“ უწოდებდნენ. ახლა პუტინსაც თავისი პრეტენზიები აქვს და ერდოღანსაც. როცა სჭირდება, ერდოღანი საკმაოდ ელეგანტურად, მაგრამ მტკიცედ ახსენებს რუს კოლეგას, რომ თურქეთი ნატოს წევრია და მას შეუძლია, უფრო ხისტად იმოქმედოს.

თურქეთის ლიდერს არ ეჩქარება. იგი ომის მიმდინარეობას აკვირდება და გარკვეულ მომენტში, „იქს დღეს“, როცა საჭიროდ ჩათვლის, რუსეთს ახალ პრობლემებს შეუქმნის. რეჯეფ ერდოღანი ამ კონკურენციაში, ალბათ, თავისებურ კმაყოფილებას იღებს. ანკარას კავკასიაში და შავიზღვისპირეთში მეორე ნომრად თამაში აღარ სურს, კრემლს კი ძველებურად ძალა აღარ შესწევს.

შენიშვნა: როგორც ბოლო ინფორმაციებით ირკვევა, რეჯეფ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს, სავარაუდოდ, ყაზანში, BRICS-ის მე-16 სამიტზე შეხვდებიან, რომელიც 22-24 ოქტომბერს უნდა გაიმართოს.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო