ქართველი ექსპერტის სკანდალური განცხადება ოპოზიციაზე - "არ გამოვრიცხავ, მართლა არ ჰქონდეს ოპოზიციას გამარჯვების მიზანი" - კვირის პალიტრა

ქართველი ექსპერტის სკანდალური განცხადება ოპოზიციაზე - "არ გამოვრიცხავ, მართლა არ ჰქონდეს ოპოზიციას გამარჯვების მიზანი"

გთავაზობთ ეპიზოდს ექსპერტ რამაზ საყვარელიძის ინტერვიუდან, რომელიც "კვირის პალიტრის" 16 სექტემბრის ნომერში გამოქვეყნდა და მიმდინარე პოლიტიკურ ამბებს ეხება.

- ირაკლი მელაშვილის ინტერვიუ წავიკითხე თქვენს გაზეთში. ირაკლის მაინც ვერ დააბრალებ ტენდენციურობას ხელისუფლების სასარგებლოდ და ის ამბობდა, რას შვრება ეს ოპოზიცია, მგონი, საერთოდ არ უნდათ მოგება, მგონი, გამარჯვების მიზანი არა აქვთ, თორემ სრულიად გაუმართლებელია ის, რაც ხდებაო. არ გამოვრიცხავ, მართლა არ ჰქონდეთ გამარჯვების მიზანი.

წარსულში ერთ-ერთ ოპოზიციურ პარტიას ფსიქოლოგების ჯგუფი ვეხმარებოდით. ასევე მოწვეული ჰყავდათ ერთ-ერთი ბალტიისპირელი პიარსპეციალისტი. მუშაობაში აღმოჩნდა, რომ ის კი წერდა რეკომენდაციებს, მაგრამ პარტია არ ასრულებდა, ასე რომ, ეს გამოვლილი მაქვს. მანამდე ბელარუსში ოპოზიციას ჰყოლია მიწვეული და იმათ საერთოდ უთქვამთ, ხომ დაწერე, აიღე შეპირებული თანხა და ახლა წადი სახლში, რეალიზაცია არ არის აუცილებელიო. მაშინ მისთვის პირდაპირ უთქვამთ, გამარჯვება არ გვინდა, ახლა წყნარად ვართ, პასუხისმგებლობა არაფერზე არა გვაქვს, რად გვინდა გამარჯვებაო. აი, ასეთი ლოგიკაც არსებობს.

- ანუ ფიქრობთ, რომ ჩვენს ოპოზიციას გამარჯვება და პასუხისმგებლობის აღება არ სურს?

- არა, ღმერთმა დამიფაროს, ასეთი გაბედული ფიქრები მქონდეს. უბრალოდ, ეს არის ვერსია, რადგან ასეთი პოზიციაც არსებობს და მელაშვილის ნათქვამიც იმიტომ მოვიყვანე, რომ არ არის გამორიცხული, ფიქრი, რომ ოპოზიციას გამარჯვება არ სურს.

რატომ არის ბელარუსი ტიპური? იმიტომ, რომ ლუკაშენკოს დიდი ხანია ძალიან მყარი რეიტინგი აქვს, რასაც ვერაფერი მოუხერხეს. როცა იციან, რომ ძნელია ბრძოლა, რატომ უნდა შეაკლან თავი? იქნებიან მეორე ეშელონში, დაუცდიან მმართველი პოლიტიკური ძალის დასუსტებას და შეუტევენ. მგონი, ანალოგიური მდგომარეობაა აქაც, მით უმეტეს, ბელარუსის ოპოზიციას არ ჰქონდა ის, რაც ქართულ ოპოზიციას ტვირთად აწევს. ქართულ ოპოზიციას ფეხზე დაკიდებული გირებივით ქვემოთ ექაჩება "ნაციონალური მოძრაობის" განვლილი 9 წელიწადი. ამიტომაა, რომ ვერც ერთ არჩევნებში ვერ იმარჯვებენ, რადგან ამ ხალხის ხელისუფლებასთან მიშვება მოსახლეობას არ უნდა. ამიტომ, როდესაც ოპოზიციამ იცის, რომ ასეთ პირობებში არიან, კი, დაიმუქრებიან, გადავატრიალებთ-გადმოვატრიალებთო, ბოლოს და ბოლოს, ვიღაცისგან სახსრები ხომ უნდა მიიღონ? ან მოსახლეობის საკმარისი მხარდაჭერა, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსება აიღონ.

- პატარა პარტიები გასაგებია, მაგრამ იმ ოთხ ძირითად ოპოზიციურ ძალასაც მხოლოდ დაფინანსების თუ ბარიერის გადალახვის ინტერესი აქვს?

- შევკრიბოთ და ვნახოთ, რამდენი აქვთ რეიტინგი და რის მიღებას შეძლებენ. აშშ-ში 2-3%-იანი განსხვავებაა ტრამპსა და ჰარისს შორის და ისინიც კი ვერ ამბობენ, გავიმარჯვებთო. აქ კი ოპოზიციას რისი იმედი უნდა ჰქონდეს? საჯაროდ კი ამბობენ, გავიმარჯვებთო, მაგრამ ამ პარტიებში 2-3 კაცს მაინც ხომ აქვს საღი აზრი? მოსახლეობას რომ აქვს, ამაზე აღარ არის ლაპარაკი. ამიტომ არის სააკაშვილი რომ გაიძახის, ყველამ სია ისე შეადგინეთ, რომ მერე არავინ გადავიდეს "ოცნების" მხარესო. ადრე თქვეს, ხელი მოვაწეროთ, რომ "ოცნების" მხარეს არავინ გადავალთო. ე.ი. უკვე მიაჩნიათ, რომ "ოცნება" გაიმარჯვებს და ოპოზიციის ხმები დასჭირდება - თუ გაიმარჯვებს არაკონსტიტუციური სტატუსით, მაშინ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად, თუ ხმები დასჭირდება, ოპოზიცია რომ არ დათანხმდეს.

- არა, ამაზე არ არის ლაპარაკი. საკითხი დგას, თუ ვინ შეუქმნის "ოცნებას" მთავრობას, ხელი მოაწერეს, რომ "ოცნებასთან" კოალიციაში არ შევლენ.

- ნუ ბარიერგადალახულებში შეურიგებელი ოპოზიცია "ნაციონალური მოძრაობაა" ხომ? კიდევ ვინ არის შეურიგებელი?

- ყველა ამას ამბობს. იგივე "ლელო", გახარიაც კი.

- და დარწმუნებული ხართ, რომ "ლელო" შეურიგებელი ოპოზიციაა? ან გახარია? დავაკვირდეთ გახარიას მოქმედებებს. მას არ უნდა გაახაროს არც ერთი და არც მეორე, მაგრამ "ოცნებასთან" კოალიციაში მონაწილეობა თუ არ მიიღო, ამით ხომ "ნაციონალებს" გაახარებს?

- ანუ ფიქრობთ, რომ საქმე პოლიტიკურ კრიზისამდე მივა და ეს მაინცდამაინც "ნაციონალებს" აწყობთ?

- "ოცნებას" დასჭირდა კოალიცია და გახარიამ არ შეუკრა - საქმე აქამდე მივა. მაგრამ ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება, მაშინ მოხდება ის, რაც პრეზიდენტის ბოლო არჩევნების დროს მოხდა.

- მაშინ "ნაციონალებს" ეს რატომ გაახარებს? და მეორე, - ვადამდელი არჩევნები თუ დაინიშნება, საზოგადოებაზე არ იმოქმედებს ის, რომ მმართველმა პარტიამ ვერ შეძლო გამარჯვება და არჩევანი უფრო სამართლიანად გაკეთდება?

- სალომე ზურაბიშვილის არჩევის პირველ ტურში ვერ შეძლეს მობილიზაცია და საზოგადოებამ რა დასკვნა გააკეთა, ეს ხელისუფლება უსუსურიაო?

- ჯერ ერთი, პრეზიდენტის არჩევნები განსხვავდება პარლამენტის არჩევნებისგან. მეორე, - მაშინ "ოცნება" მხოლოდ მეორე ვადით იყო არჩეული და სხვა ვითარებაც იყო. რაც მთავარია, არჩევანი უნდა გაკეთებულიყო ორ კონკრეტულ კანდიდატს შორის. ახლა არჩევანი ბევრია და რაც მთავარია, სხვა ტიპის არჩევნებია.

- არ არის ბევრი, ზუსტად იგივე არჩევანია. მაგალითად, "ნაციონალები" და გვარამია რამ გაყო? ან "ლელო" რით განსხვავდება მათგან? ხალხი ყველაფერს უყურებს. ისევე, როგორც "ლელო", გვარამიაც, ასე ვთქვათ, ბიოგრაფიით არის თავისთვის წამგებიანი. ამიტომ, რატომ უნდა დავუშვათ, რომ ხელმეორე არჩევნების დროს, პირიქით, ხელისუფლების მხარდამჭერების უფრო მეტი მობილიზაცია არ მოხდება, ისევე როგორც პრეზიდენტის არჩევისას.

წაიკითხე ვრცლად