"მე ვერავინ შემაჩერებს!" - ყველაფერი ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ: პალესტინელების მხარდამჭერი, ანტიჩინელი და რვაჯერ დაპატიმრებული კილერი - კვირის პალიტრა

"მე ვერავინ შემაჩერებს!" - ყველაფერი ტრამპის მკვლელობის მცდელობის შესახებ: პალესტინელების მხარდამჭერი, ანტიჩინელი და რვაჯერ დაპატიმრებული კილერი

აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტზე და პრეზიდენტობის ამჟამინდელ კანდიდატ დონალდ ტრამპზე განხორციელებულმა თავდასხმის მცდელობამ, ისევე, როგორც 13 ივლისის ინციდენტმა, მსოფლიოს მასმედიაში დიდი რეზონანსი და გამოხმაურება გამოიწვია. პრესა, ტელევიზია და სხვა საინფორმაციო საშუალებები ყურადღებას უთმობენ როგორც უშუალოდ მომხდარ ფაქტს, ასევე, მის სავარაუდო შედეგებს და პროგნოზებს აკეთებენ, თუ რა გავლენას მოახდენს ინციდენტი პრეზიდენტობის კანდიდატის რეიტინგზე და საერთოდ, არჩევნების შედეგებზე.

ყველაფერი კი ასე დაიწყო:

როგორც ბრიტანული „როიტერი“ (Reuters) წერს სტატიაში - „სროლა ტრამპის გოლფის მოედანთან, ტრამპი უვნებელია, ეჭვმიტანილი - დაკავებული“ (ავტორები გრემ სლეტერი და დევიდ ლოუდერი), სროლა ფლორიდის შტატში, ვესტ პალმ ბიჩზე მდებარე მის გოლფის მოედანთან მოხდა. გამოძიების ფედერალური ბიურო - FBI ამბობს, რომ საქმეს მისი მკვლელობის მცდელობის მიმართულებით იძიებს.

ბუჩქებში დამალული...

სამართალდამცავი უწყებების ცნობით, ამერიკის საიდუმლო სამსახურმა, რომელიც კონკრეტული თანამდებობის პირებისა და კანდიდატების უსაფრთხოებას იცავს, დონალდ ტრამპის კერძო საკუთრების სიახლოვეს, როცა თვითონ ექსპრეზიდენტი გოლფის თამაშით იყო გართული, ბუჩქებში დამალული შეიარაღებული პირი შენიშნა და მას ესროლა. პირი კალაშნიკოვის AK-47 ავტომატით იყო შეიარაღებული.

პალმ ბიჩის ოლქის შერიფმა რიკ ბრედშოუმ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ საიდუმლო სამსახურის აგენტებმა დონალდ ტრამპისგან, დაახლოებით, 360-460 მეტრის დაშორებით იარაღის ლულა შენიშნეს, როცა მისი თამაშის წინ ტერიტორიას ამოწმებდნენ. მათ თავდამსხმელის მიმართულებით 4-ჯერ გაისროლეს. შეიარაღებულმა პირმა პოლიციის ცნობით, იარაღი, ორი ზურგჩანთა და სხვა ნივთები დაყარა და შავი "ნისანის" მარკის ავტომობილისკენ გაიქცა. შერიფის თქმით, მოწმემ შეიარაღებული ადამიანი დაინახა და მისი მანქანისა და ნომრებისთვის ფოტოს გადაღება მოასწრო. მას შემდეგ, რაც ეჭვმიტანილი მომხდარის ადგილიდან გაიქცა, სამართალდამცავებმა შტატის მასშტაბით სპეციალური საგანგაშო სიგნალები გააგზავნეს და ავტომობილის შესახებ ინფორმაციაც შესაბამის უწყებებს გადასცეს. შედეგად, მეზობელ მარტინის ოლქში ეჭვმიტანილი, ვინმე რაიან რაუთი ტრასაზე დააკავეს.

მე ვერავინ შემაჩერებს!“

დონალდ ტრამპის საარჩევნო შტაბმა უკვე გამოაქვეყნა ექსპრეზიდენტის განცხადება: გოლფის თამაშის დროს ცენთან ახლოს სროლები მოხდა, მაგრამ სანამ ხმები გავრცელდებოდეს და უკონტროლო გახდებოდეს, მე მინდა, რომ ყველამ გაიგონოს: „უვნებელი ვარ. მე ვერავინ შემაჩერებს, არასოდეს უკან არ დავიხევ! ყოველთვის მეყვარებით, რომ მხარს მიჭერთ!“. დონალდ ტრამპმა თავისი დონორებისთვის მიწერილ წერილში ასევე აღნიშნა, რომ უვნებელია და თავს კარგად გრძნობს.

თავის მხრივ, თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცეპრეზიდენტ კამალა ჰარისს მომხდარის შესახებ უკვე აცნობეს. "ამერიკაში ძალადობას ადგილი არ აქვს", - დაწერა კამალა ჰარისმა "X-ქსელში“.

დონალდ ტრამპის მიმართ ქებას არ იშურებენ მისი მხარდამჭერები. განსაკუთრებით ემოციურია დონალდ ტრამპის თანამებრძოლის, სენატორ ლინდსი გრემის (სამხრეთ კაროლინიდან) ნათქვამი: „დონალდ ტრამპი არის ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ადამიანი, რომელიც მე ცხოვრებაში შემხვედრია. მჯერა, რომ იგი ამერიკას გადაარჩენს“.

ვინ არის ბოროტგანმზრახველი: უკრაინის მეგობარი?

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC აქვეყნებს მასალას სათაურით - „სროლა დონალდ ტრამპის გოლფ-კლუბთან: FBI ექსპრეზიდენტზე თავდასხმის მცდელობის საქმეს იძიებს“ (ავტორი - ენტონი ზურკერი), რომელშიც საუბარია როგორც თავდამსხმელის ვინაობაზე, ასევე, იმ სავარაუდო გავლენაზეც, რომელიც შეიძლება წინასაარჩევნო კამპანიაზე მოხდეს.

„BBC-ის ფაქტების გადამამოწმებელმა სამსახურმა (BBC Verify) რაიან უესლი რაუთზე სოციალურ ქსელებში არსებული მონაცემები შეისწავლა და გაარკვია, რომ იგი 38 წლისაა, ჰავაის შტატიდან, მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში და არცთუ იშვიათად უცხოელი მოხალისეების მიზიდვით იყო დაკავებული, ნამყოფი არის კიევშიც.

სოციალურ ქსელებში არის, აგრეთვე, მასალები, რომლებიც მოწმობენ რაიან რუთის მხარდაჭერას პალესტინელებისადმი, ბრალდებებს ჩინეთის მიმართ - ტაივანისადმი საკითხში და კორონავირუსის გავრცელებაში.

გაზეთი „დეილი ტელეგრაფი“ (The Daily Telegraph) სტატიაში „რაიან რუთი - მკვლელობაში ეჭვმიტანილი“ (ავტორი - ენდრიუ ბანკობი) წერს, რომ თავდამსხმელი ჩრდილოეთ კაროლინის სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტში სწავლობდა და ჰავაის შტატში 2018 წელს გადავიდა საცხოვრებლად. როგორც ირკვევა, რაინ რუთის „ანგარიშზე“ რვა დაპატიმრებაა სხვადასხვა წვრილმანი დანაშაულისათვის.

გავლენა წინასაარჩევნო კამპანიაზე

რას ნიშნავს დონალდ ტრამპის განცხადება, რომ მას ვერავინ შეაჩერებს და ვერავის აიძულებს უკანდახევას? რასაკვირველია, მისი ასეთი რეაქცია სრულიად შეესაბამება ექსპრეზიდენტის წინასაარჩევნო კამპანიის საერთო ხაზს, რომელშიც იგი ხშირად აცხადებს, რომ მას დევნიან, ზღუდავენ, მასზე თავდასხმებს აწყობენ და რომ იგი ხელისუფლებისაგან დავიწყებული ამერიკელების სახელით ლაპარაკობს. „მათი სამიზნე მე კი არ ვარ, არამედ თქვენ. მე, უბრალოდ, მათ გზაზე ვდგავარ და ჩემი მოშორება სურთ“, - უყვარს ხოლმე ასეთი ფრაზებით საუბარი დონალდ ტრამპს.

ახლა ყოფილ პრეზიდენტს და პრეზიდენტობის დღევანდელ კანდიდატს თავისი თეზისის დამადასტურებელი კიდევ ერთი ხატოვანი ილუსტრაცია გაუჩნდა. მართალია, გუშინდელი ინციდენტი შეიძლება ისეთი ეფექტიანი არ იყოს, როგორიც 13 ივლისს პენსილვანიის შტატში მომხდარი, როცა მას, ტრიბუნაზე მდგომს, ტყვიამ ყურის ძირში გაუარა და მცირედ გაკაწრა (თუმცა სისხლი მაინც სისხლია!).

ახლა კი დონალდ ტრამპი პოტენციური საფრთხისაგან მოშორებით იმყოფებოდა, საკმაოდ იდილიურ გარემოში, რაც განსხვავდება გაბედული და საბრძოლოდ შემართული (მაღლა აწეული მუშტით, აშშ-ის დროშის ფონზე) ტრამპისაგან. ეს გარემოება, ცხადია, მაინცდამაინც დიდ გავლენას ვერ მოახდენს ამერიკული საზოგადოების ცნობიერებაზე.

მაგრამ თავდასხმის მცდელობა მაინც გახდა ახალი „მიმზიდველი და ემოციური“ სათაურების საბაბი, რომლებიც მუდმივად თუ არა, დროდადრო მაინც გადაიტანენ ამერიკელების ყურადღებას იმ პრობლემებისაგან, რომელიც ყოფილ პრეზიდენტს წინასაარჩევნო კამპანიის მსვლელობის დროს ბოლო დღეებში გაუჩნდა - რეიტინგის გარკვეული შემცირების სახით, კამალა ჰარისთან შედარებით. მართლაც, როგორც ამერიკული ონლაინ-პლატფორმა „პოლიმარკეტი“ (Polymarket) იუწყება, დონალდ ტრამპის პოპულარობამ 1%-ით უკვე მოიმატა.

მოამზადა სიმონ კილაძემ