"ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკის შემდეგ რუსეთმა არც დააყოვნა და მისი განცხადება მოიწონეს - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს" - კვირის პალიტრა

"ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკის შემდეგ რუსეთმა არც დააყოვნა და მისი განცხადება მოიწონეს - ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს"

არც გიორგი ანწუხელიძეს, არც რომელიმე სხვა გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ. სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გასაკეთებელი გვაქვს ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას ან ივანიშვილის გამოცხადებულ ღალატს შორის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რეგიონულმა მდივანმა, გიორგი ბოტკოველმა ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს.

„ჩვენ ალვანში ვიმყოფებით, სადაც საქართველოს ეროვნული, გმირი გიორგი ანწუხელიძე დაიბადა, რომელიც საქართველოს სიმბოლოა, იმ ქვეყნის სიმამაცისა და ერთგულების სიმბოლო, რომლისთვისაც მან თავი გასწირა. ივანიშვილის მიერ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა მას შემდეგ, რაც საქართველოს სახელმწიფომ სტრასბურგისა და ჰააგის სასამართლოებში გაიმარჯვა, პირდაპირი განაცხადია ქვეყნის ღალატისა. რუსეთმა არც დააყოვნა, იმ საღამოსვე ივანიშვილის განცხადება მოიწონეს.

ილია ჭავჭავაძის, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი ანწუხელიძის სამშობლოში ღალატი ვერასდროს გაიმარჯვებს. არც გიორგი ანწუხელიძეს, არც არცერთ გმირს არავისთან ბოდიში მოსახდელი არ აქვთ, სწორედ ამიტომ 26 ოქტომბერს ჩვენ არჩევანი გასაკეთებელი ქვეყნის სიყვარულსა და ერთგულებას, ან ივანიშვილის გამოცხადებულ ღალატს შორის გვაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედ ეს არჩევანი იქნება ის, რომელიც ჩვენს ქვეყანას ევროპულ სახელმწიფოდ ჩამოაყალიბებს, რისთვისაც ის გმირები იბრძოდნენ, რომლებმაც თავი ქვეყნის დამოუკიდებლობას შესწირეს“, - განაცხადა გიორგი ბოტკოველმა.

ცნობისთვის, გუშინ, გორში, „ქართული ოცნების“ რეგიონულ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა: „26 ოქტომბრის არჩევნების დასრულებისთანავე, ჩვენ აუცილებლად გამოვძებნით საკუთარ თავში ძალას, რათა ბოდიში მოვიხადოთ იმის გამო, რომ დავალების შესაბამისად, მოღალატე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ 2008 წელს ცეცხლის ალში გახვია ჩვენი ოსი დები და ძმები“. როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, 2008 წლის აგვისტოს ომი არ ყოფილა არც ქართველი და არც ოსი ხალხის სურვილი.

IPN