"სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს" - რას აცხადებს რომან გოცირიძე? - კვირის პალიტრა

"სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს" - რას აცხადებს რომან გოცირიძე?

სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს , - ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა, „ევროოპტიმისტების“ თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ პალიტრანიუსის გადაცემა „360 გრადუსში“ პრეზიდენტის განცხადების თაობაზე თქვა, რომელიც კოალიციის „ძლიერი საქართველოსა“ და პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ შორის გაერთიანებაზე მოლაპარაკებების დაწყებას ეხება.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, „ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.

„ერთი წელია, ამ მოწოდებებს ვაკეთებ და მაშინ წარმოუდგენელი იყო ოთხი ბლოკის ჩამოყალიბება, როდესაც ყველა ამბობდა, რომ ცალკე გავა და ყველა გადალახავს 5%-იან ბარიერს.

ძალიან კარგია ის ფაქტი, რომ რაც რამდენიმე თვის წინ წარმოუდგენელი იყო, დღეს უკვე მსხვილი ოთხი ბლოკის სახედ გაჩნდა ამ არჩევნებამდე.

„ძლიერი საქართველო“ და „გახარია საქართველოსთვის“ წარმოადგენენ იმ ამომრჩევლების ინტერესებს, რომლებიც არ იყვნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები.

ადამიანებმა, რომლებიც იყვნენ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლები, დაინახეს ამ პარტიის ღალატი. ფაქტობრივად, ისინი დღეს არიან მზად, რომ მხარი დაუჭირონ ისეთ ბლოკს, რომელიც უკვე მათ ინტერესებს გამოხატავს, ოღონდ არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“ ან მისი წარმომავლობის პარტია. ჩემი აზრით, ეს ფლანგი გაძლიერდება. მაგრამ, როდესაც აპელირებენ, რომ ოთხივე ბლოკი გადალახავს, კვლევები ამას აჩვენებს, სამწუხაროდ, ეს კვლევები დღეს ისეთ ფორმას იღებს, რომ გამოყენებულია შიდა კონკურენციისათვის და კვლევების ბრძოლა მიმდინარეობს.

საქართველოს არჩევნების ისტორიაში, გარდა ერთი ჩაშლილი არჩევნებისა, არ ყოფილა შემთხვევა, რომ ოთხ ოპოზიციურ პარტიას გადაელახოს მაღალი ბარიერი, როცა იყო 7%-იანი ბარიერი. დღესაც არსებობს დიდი რისკი, რომ ოთხიდან ერთი დარჩეს ბარიერს მიღმა.

„ქართულ ოცნებაში“ ისედაც ძალიან არიან შეშინებული, თუმცა გაერთიანება რისკებს დააზღვევს, რომ შესაძლოა, რომელიმემ 5%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს და ეს ბევრჯერ გვინახავს - არჩევნებამდე 15%-იანი მხარდაჭერა რომ ჰქონდათ კვლევებით და შემდეგ ბარიერს მიღმა დარჩენილან. არჩევნები ყოველთვის ხასიათდება მოულოდნელობით. კვლევებს რომელი პარტიაც ატარებს, იმ პარტიისთვის, რატომღაც, ყოველთვის კარგი შედეგი ჩანს გამოკითხვებში. კვლევებით გატაცებამ არ გამოიწვიოს სიფრთხილის მოდუნება.

სალომე ზურაბიშვილი დღეს თამაშობს პოლიტიკურ ნამუსზე ამგდების როლს - აფრთხილებს, რომ გაერთიანებით მოიგებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, რისკის ქვეშ დააყენონ კოალიციური ხელისუფლების მომავალი“, - განაცხადა გოცირიძემ.

"ინტერპრესნიუსი"