რას აცხადებენ პარტიებში პრეზიდენტის მიწვევის საპასუხოდ?
"გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტია მზად არის ხვალ, ორბელიანების სასახლეში შეხვდეს "ძლიერი საქართველოს“ წარმომადგენლებს.
როგორც ლილუაშვილმა "ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აღნიშნა, "გახარია საქართველოსთვის“ ყოველთვის პატივს სცემდა პრეზიდენტს, ამიტომ მის მოწოდებას გაითვალისწინებენ."ჩვენ პატივს ვცემთ პრეზიდენტს, ეს არ არის ჩვენ და პრეზიდენტს შორის ახალი პოზიცია, ამიტომ მის მოწოდებასაც გავითვალისწინებთ. შეხვედრასთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოწოდება ჩვენი მხრიდან გათვალისწინებული იქნება“, - განაცხადა ლილუაშვილმა.
კითხვაზე, შეხვედრასთან ერთად მზად არიან თუ არა წინსაარჩევნოდ კოალიცია "ძლიერი საქართველოსთან“ გაერთიანდნენ, ლილუაშვილი პასუხობს, რომ პრეზიდენტის მოწოდება მხოლოდ შეხვედრასთან დაკავშირებით იყო და არა გაერთიანებასთან.
"ჩვენ დღეს, რაც მოვისმინეთ პრეზიდენტისგან, ეს იყო შეხვედრასთან დაკავშირებული მოწოდება“,- აღნიშნა ლილუაშვილმა.
პრეზიდენტის განცხადებას ეხმაურება :ძლიერი საქართველოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძეც და მიესალმება მის ძალისმხევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად.როგორც ხაზარაძე სოციალურ ქსელში წერს, როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება გიორგი გახარიასთან მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ისინი დაუყოვნებლივ აცნობებენ ამას საქართველოს პრეზიდენტს.
"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან, ამ საქმეში "ძლიერი საქართველოს" როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.
როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება „"ლიერი საქართველო" ამის დასტურია.
დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა ვისაუბრო გიორგი გახახრიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს. თუ, და როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს”, - ხაზარაძე.
ინფორმაციისათვის, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ხვალ, 17 სექტემბერს ორ პოლიტიკურ ძალას : "ძლიერ საქართველოსა“ და პარტია "გახარია საქართველოსთვის“ "მოლაპარაკებების ბოლო ეტაპის" გამართვისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევს. პრეზიდენტი "ძლიერი საქართველოს" და "გახარია საქართველოსათვის" წარმომადგენლებს 15:00 საათზე ელოდება.