„ჩვენი სისხლით მორწყული მიწა“ - რატომ ეწინააღმდეგება უკრაინელთა უმრავლესობა  იდეას „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ"? - კვირის პალიტრა

„ჩვენი სისხლით მორწყული მიწა“ - რატომ ეწინააღმდეგება უკრაინელთა უმრავლესობა  იდეას „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ"?

უკრაინის ბევრი მცხოვრები მზადაა, დათანხმდეს ქვეყნის ტერიტორიის აღმოსავლეთი ნაწილის დათმობას, მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ, მაგრამ არიან ისეთებიც - განსაკუთრებით სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები, რომლებიც არ ეთანხმებიან ამგვარ გარიგებას“, - წერენ აშშ-ის გაზეთ „ვაშინგტონ პოსტის” (The Washington Post) კორესპონდენტები ფრანჩესკა ებელი და სერგეი კოროლჩუკი სტატიაში: „ჩვენი სისხლით მორწყული მიწა“ - რატომ ეწინააღმდეგება უკრაინელთა უმრავლესობა იდეას „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

დონბასში, რუსეთის ჯარების წინსვლის კვალობაზე, კიევზე ზეწოლა ძლიერდება - დროა, დაჯდეს მაგიდასთან მოსკოვთან მოლაპარაკების დაწყების მიზნით, იმ იდეის განსახილველად, რომელიც ქვეყნის ტერიტორიის ნაწილის დათმობას ითვალისწინებს მშვიდობის დამყარების სანაცვლოდ. და ახლა, როცა პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აშშ-ში მიემგზავრება, „გამარჯვების გეგმით“ ხელში, რომელიც, მისი თქმით, ომს უკრაინის სასარგებლოდ დაასრულებს, ვაშინგტონში მას საკმაოდ გაურკვეველი პოზიციით შეხვდებიან: არავინ იცის, ვინ იქნება აშშ-ის ხელისუფალი. თუ ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იქნება, ხოლო მისი მეწყვილე ლჯეიმს დევიდ ვენსი - ვიცეპრეზიდენტი, მაშინ ისინი ნათლად და მკაფიოდ მიანიშნებენ, რომ ომი უკრაინისათვის სასარგებლოდ არ დასრულდება - კიევმა მოსკოვს ტერიტორიები უნდა დაუთმოს.

მრავალტანჯული დონბასის ბედს, როგორც ჩანს, გარიგება „მიწა მშვიდობის სანაცვლოდ“ გადაწყვეტს, თუმცა, როგორც სოციოლოგიური გამოკითხვები მოწმობენ, უკრაინელები არ არიან მზად თავიანთ მიწაზე უარის სათქმელად. განსაკუთრებით წინააღმდეგნი არიან ჯარისკაცები - სამხედრო მოსამსახურეები, რომლებიც დონბასისათვის 10 წლის განმავლობაში იბრძოდნენ.

„არ არის გამორიცხული სახელმწიფო გადატრიალება მოხდეს... იმიტომ, რომ ამ იდეის ინიციატორებად გამოდიან ისინი, რომლებიც მშვიდობიან ქალაქებში სხედან... დონბასის დათმობას აქ არავინ მხარს არ დაუჭერს - ეს მიწა ხომ ჩვენი საკუთარი სისხლით არის მორწყული“, - ამბობს 32 წლის ვერონიკა, სამხედრო ექიმი, რომელიც დონეცკიდან სლავიანსკში 2014 წელს გადმოვიდა, ოჯახთან ერთად (გვარები, სამხედრო წესების თანახმად, არ სახელდება).

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვამ, რომელიც კიევში არსებული სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის ეგიდით, მაისში ჩატარდა, აჩვენა, რომ უკრაინელთა მესამედი მზად არის, დათანხმდეს ტერიტორიულ დათმობებს რუსეთის სასარგებლოდ, იმ შემთხვევაში, თუ ამგვარი ნაბიჯით სწრაფად დასრულდება ომი და უკრაინა დამოუკიდებლობას შეინარჩუნებს, მაგრამ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამ იდეას უარყოფს და მხარს არ უჭერს. უფრო ადრე, აშშ-ის კარნეგის ფონდის მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, უკრაინელთა თითქმის ნახევარი მხარს უჭერს რუსეთთან მოლაპარაკების დაწყებას, მაგრამ როცა საქმე ეხება ტერიტორიულ დათმობას, რუსეთთან მოლაპარაკების მომხრეთა რაოდენობა მკვეთრად მცირდება: მაგალითად, გამოკითხულთა თითქმის ორი მესამედი არ ემხრობა პრობლემის ისეთ დარეგულირებას, რომელიც ფრონტის ამჟამინდელ ხაზს „გაყინავს“, ხოლო 86%-ს არ სჯერა, რომ რუსეთი ისევ არ შეუტევს უკრაინას, შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ.

და თუმცა მოქალაქეთა მხოლოდ 7%-მა განაცხადა, რომ შეუერთდება შეიარაღებულ საპროტესტო გამოსვლას, ტერიტორიის დათმობის შემთხვევაში, ეს ციფრი ორჯერ მეტია (14%) ჯარისკაცებსა და ვეტერანებში - მათთვის წარმოუდგენელია იმ მიწის დაკარგვა, რისთვისაც ისინი წლების განმავლობაში იბრძოდნენ. ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ასეთი რამ არ მოხდება და მუდმივად თავისი გეგმის დადებით ხასიათზე ლაპარაკობს, მაგრამ დეტალებს არ ამხელს და ხაზს უსვამს მხოლოდ კურსკის ოლქში შეჭრის მნიშვნელობას, ომის შეწყვეტისათვის.

თითქოს სხეულის ნაწილი მომკვეთეს“

34 წლის ყოფილი პოკროვსკელი მეშახტე, სახელად - პაშა, რომელიც ამჟამად ჯარში დრონის მართვის ოპერატორია, დონბასის პოტენციურ დაკარგვას „კატასტროფად“ თვლის და არ სჯერა, რომ ომი ამით დასრულდება. „რუსეთი იმპერიალისტური ამბიციების მქონე ქვეყანას წარმოადგენს, კრემლი მხოლოდ დონბასით არ დაკმაყოფილდება“, - ამბობს იგი. პაშას თანამებრძოლები დარწმუნებულნი არიან, რომ რუსეთი სანდო ქვეყანა არ არის და მასთან მოლაპარაკება ამჯერადაც მხოლოდ წყლის ნაყვა იქნება. დონბასის ამჟამად ევაკუირებული უკრაინელი მოსახლეობა, რომელიც 2014-2015 წლების მინსკის შეთანხმებების ჩაშლის მოწმე გახდა, თვლის, რომ გარიგება პრინციპით „მიწა მშვიდობის ნაცვლად“, მოსკოვისათვის საჩუქარი იქნება, ახალი შეტევის მოსამზადებლად.

სლავიანსკელმა 38 წლის ნატალიამ ძალიან კარგად იცის ომის ფასი. მისი 20 წლის ვაჟი ვლადიმერი მარტში ავდეევკის მისადგომებთან დაიღუპა, ქმარი კი ამჟამადაც უკრაინის არმიაში იბრძვის. „უკვე ძალიან ბევრი ადამიანია დაღუპული, მოლაპარაკების დრო წავიდა. ახლა ერის სიამაყე დგას დღის წესრიგში, ჩვენ ბრძოლა უნდა განვაგრძოთ“, - ამბობს იგი და ხაზს უსვამს: „არასოდეს ვიცხოვრებ რუსეთის ხელისუფლების ქვეშ, თუნდაც ოქროს მთები დამიდგან“.

ვიტალი ბარაბაში, ავდეევკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, რომელიც რუსეთთან 2014 წლიდან ომობს, ამჟამად ქალაქ დნიპროში, ჩაბნელებულ კაბინეტში ზის. ავდეევკა რუსების კონტროლქვეშ გასულ ზამთარში მოექცა, ვიტალი კი მხოლოდ ევაკუირებული მოსახლეობისათვის კომპენსაციის გაცემით არის დაკავებული და დევნილებისათვის ცენტრის დახმარებას კოორდინაციას უწევს: „მე არმიაში 2014 წლიდან ვმსახურობ და კარგად ვიცი, თუ რას ნიშნავს ტერიტორიის დაკარგვა. ჩემთვის და ბევრისთვის ეს ძალიან მტკივნეულია - თითქოს საკუთარი სხეულის ნაწილი მოგვკვეთეს. როცა რუსებმა ავდეევკა დაიპყრეს, რამდენიმე დღე არაფრის გაკეთება არ შემეძლო, დარდის გამო არც ვჭამდი და არც ვსვამდი, ძალიან მძიმე დეპრესიაში ჩავვარდი“, - ამბობს ვიტალი ბარაბაში, - ახლაც, აპათია რომ მომეძალება ხოლმე, სასროლეთზე მივდივარ, რომ როგორმე ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამოვიდე“. მას არ სჯერა, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი ტერიტორიის დათმობაზე დათანხმდება და დონბასს რუსეთს გადასცემს: „მოსკოვის მოთხოვნებზე თანხმობა სულელური შეცდომა იქნება... ბევრს იმედი აქვს, რომ ავდეევკას დავიბრუნებთ. მოსახლეობა მზადაა, კარვებში იცხოვრონ და ქალაქი ისე აღადგინონ“.

უთანხმოება აღმოსავლეთში

ვლადიმერ პუტინი უკრაინასთან ომის დაწყებას დონბასში მცხოვრები რუსულენოვანი მოსახლეობის უფლებებზე ზრუნვითაც ამართლებდა. „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტებმა დონეცკში მყოფი რუსების გამოკითხვა მოახერხეს. მართალია, დონბასში ყოველთვის მაღალი იყო პრორუსუსლი განწყობა და საბჭოთა პერიოდზე ნოსტალგია, მაგრამ აქ მცხოვრები რუსულენოვანი უკრაინელების საკმაო რაოდენობას მაინც სურს, რონ დონბასი უკრაინის შემადგენლობაში დარჩეს.

2014 წლიდან დაწყებული, ათასობით დონბასელი დაიღუპა და უსახლკაროდ დარჩა. როცა რუსეთის არმიამ წინსვლა დაიწყო, დონბასელი უკრაინელები ევაკუაციაში ქვეყნის დასავლეთისაკენ წავიდნენ და ხედავდნენ, თუ როგორც ნადგურდებოდა და მიწასთან სწორდებოდა თავიანთი ქალაქები. მათ მუდამ ემახსოვრებათ მზესუმზირებიანი ველები და ქვანახშირის ტერიკონები. „რუსეთმა უკრაინაში შეჭრით ნიღაბი მოიხსნა. ყველაფერი დაკონკრეტდა, ერთმნიშვნელოვანი და განსაზღვრული გახდა“, - ამბობს უკრაინის ვერხოვნა რადას 35 წლის დეპუტატი ეგორ ფირსოვი, რომელიც 2022 წლამდე ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში დონეცკს წარმოადგენდა. იგი ახლა სამხედრო ექიმად მუშაობს ფრონტის ხაზზე. ეგორს ახსოვს დონბასის სიმდიდრისა და მშვიდობის პერიოდი, როცა დონეცკში ბაიონსე კონცერტებს მართავდა და ქალაქის სტადიონზე ევროპის 2012 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩები ტარდებოდა, როცა ასობით ათასი უკრაინელი დონბასის რეგიონით ამაყობდა.

როგორც ეგორ ფირსოვი ამბობს, იგი მოწმეა იმისა, თუ როგორ დაივიწყა უკრაინის ცენტრალურმა ხელისუფლებამ რეგიონის მოსახლეობა. „ოლიგარქთა გავლენა ძლიერდებოდა, მცირდებოდა პოლიტიკური პლურალიზმი... თანდათანობით ადგილობრივი მოსახლეობა პრომოსკოვური გახდა და კიევს დაუპირისპირდა. დონეცკში დიდი ფული ტრიალებდა... რუსეთმა ადგილობრივ ელიტასთან კავშირები განამტკიცა, მათ საერთო გზა აირჩიეს და მოსახლეობაც გაჰყვა. ძლიერი იყო რუსული პროპაგანდაც, რომელიც ყველაფერში იმდროინდელ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ადანაშაულებდა. თუმცა, როცა რუსეთმა ომი დაიწყო, ათასობით დონეცკელი უკრაინის არმიაში მოხალისედ ჩაეწერა“, - იხსენებს ეგორ ფირსოვი.

„ეს ჩვენი მიწაა“

თუ ზოგიერთი უკრაინელი ოდესღაც დონბასს ქვეყნის განცალკევებულ ნაწილად თვლიდა - ანუ ისეთად, რომელზეც შეიძლებოდა უარის თქმა, რუსეთის ჯარის უკრაინაში შეჭრის დღიდან მათი პოზიცია შეიცვალა. ადრე შერეული ოჯახების მქონე დონბასელ უკრაინელებს, რომლებიც დასავლეთ უკრაინაში გაიხიზნენ, ადგილობრივები ამრეზით უყურებდნენ და ქვეყნის არასტაბილობაში ადანაშაულებდნენ. დღეს კი დასავლეთ უკრაინის მცხოვრებლები დონბასელი [რუს-უკრაინელი] დევნილების მიმართ მეტ თანაგრძნობას გამოხატავენ. ბევრი დონბასელი დევნილი უკვე რუსულად კი არა, უკრაინულად წერს და ლაპარაკობს. ბევრი დონბასელი რუსი ქალი ადგილობრივ უკრაინელ მამაკაცზე თხოვდება და ოჯახებს ქმნის.

„თუ ადრე, 10-12 წლის წინ, უკრაინაში ლაპარაკი მიდიოდა იმაზე, გვჭირდება თუ არა დონბასი და შეგვიძლია თუ არა ამ რეგიონზე უარის თქმა, ახლა მსგავსი ლაპარაკი დიდი ხანია, შეწყდა. დონბასი ჩვენი მიწაა, ჩვენ ის მთლიანად გვჭირდება და ნებით არავის დავუთმობთ“, - ამბობს ეგორ ფირსოვი.

სლავიანსკის მარილიანი ტბის ნაპირზე ორი უკრაინელი ჯარისკაცი ნიკოლაი და არტემი იდგნენ და მეთაურის დავალებას ელოდნენ. ისინი დასავლეთ უკრაინიდან გაიწვიეს ჯარში და დონბასში ნამყოფები არ იყვნენ. მათ პირველად დაინახეს სამშობლოს ეს ნაწილი. „დონბასში ყოფნისას მთელი ჩვენი ისტორია გვახსენდება... უკრაინამ ბევრი უსამართლობა გადაიტანა. ქვეყნის გაყოფა და ნაწილის სხვისთვის გადაცემა დაუშვებელია. აქაც უკრაინაა - იგივე ბუნება, იგივე მიწა და იგივე მზე“, - ამბობს არტემი.

წყარო