პუტინის ფულის ტომარა, რომლითაც კრემლის ბინადარი მოლდოვაში ხელისუფლების დამხობას ცდილობს - შორის შარი კიშინიოვისთვის - კვირის პალიტრა

პუტინის ფულის ტომარა, რომლითაც კრემლის ბინადარი მოლდოვაში ხელისუფლების დამხობას ცდილობს - შორის შარი კიშინიოვისთვის

ყველა ქვეყნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლო პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხია. რიგითმა ამომრჩეველმა დანამდვილებით არადროს იცის, თუ ვინ აფინანსებს პოლიტიკოსებს. "აგერ ფული, ბაბა! ბევრი ფული, ბაბა..." – ალბათ, ყველას გაგახსენდათ ქართული ლიტერატურის კლასიკიდან მოხმობილი ეს ცნობილი ფრაზა, როგორც ვიცით, კიკუს ეკუთვნის. დღეს "პოლიტიკური კიკუები" ყველგან მომრავლდნენ: ისინი არ დაგიდევენ, ფული საიდან მოდის, მთავარია, რომ იყოს. ფულს სუნი არა აქვს, განსაკუთრებით - პოლიტიკაში, მით უფრო -არჩევნების წინაპერიოდში. სავსებით შესაძლებელია, საყოველთაოდ ცნობილი გამონათქვამის ამგვარი პერიფრაზირება მოვახდინოთ - "მითხარი ვინ გაფინანსებს და გეტყვი, ვის ინტერესებს ემსახურები". პოლიტიკური პარტიების, მიტინგების თუ სხვა საპროტესტო-სარეკლამო აქციების დაფინანსების საკითხები საპრეზიდენტო/საპარლამენტო არჩევნების დღეებში ხდება განსაკუთრებით აქტუალური. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის დელიკატურობიდან გამომდინარე, როგორც წესი, ამ პროცესს სპეცსამსახურები კურირებენ.

picture3-1726554358.jpg

რუსეთის ხელისუფლება ყოველთვის ცდილობს, საწადელს ფარული გზებითა და "ბიზანტიური" პოლიტიკით მიაღწიოს. მრავალსაუკუნოვანი პროპაგანდისტული მუშაობის შედეგად მესიანური ფანტაზიები რუსეთის საზოგადოების უკვე ყველა ფენაშია ღრმად გამჯდარი. ხელისუფლების წარმომადგენელი იქნება ის, ინტელიგენციის თუ უბრალო "მუშა-მუჟიკი", ყველა მიიჩნევს, რომ ახალი ტერიტორიების დაპყრობის (მათი აზრით, "ნებაყოფლობითი შემოერთების") შედეგად ისინი "მისიონერულ გმირობას" ჩადიან: აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთის ხალხებში, შუა აზიისა და სამხრეთ კავკასიის ერებში.

რუსეთის დიქტატორს -ვლადიმერ პუტინს ერთი „დიდი მიღწევა“ ნამდვილად არ უნდა დავუკარგოთ: მან სხვა ქვეყნების წინააღმდეგ „ჰიბრიდული ომის“ წარმოების სტრატეგია და ტაქტიკა ახალი, საკუთარი მეთოდებით გაამდიდრა. ნამდვილად არ ვაჭარბებ და თქვენც მალე დარწმუნდებით ამაში. „ჰიბრიდული ომის“ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი სამიზნე ქვეყნის პოლიტიკური სისტემის გაკონტროლებაა. ამის მიღწევა კი მარტივი არ არის და დიდ ადამიანურ და ფულად რესურსებს მოითხოვს. დანახარჯი მით უფრო დიდია, თუ პუტინივით ათეულობით ქვეყანას „ეპოტინები“ და იქ არსებული ხელისუფლების გაკონტროლება/შეცვლას ცდილობ. პუტინის ”ნოუ ჰაუ“ სამიზნე ქვეყანაში „ჰიბრიდული ომის“ წარმოების დაფინანსებას ეხება: თუ ადრე, ელცინის პერიოდში, რუსეთის სპეცსამსახურები (ანუ რუსეთის სახელმწიფო ბიუჯეტი) აფინანსებდნენ ახალი, სახელით პატრიოტული, სინამდვილეში კი - პრორუსული პარტიების შექმნას და უკვე არსებულ სახელისუფლებო თუ ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებს, ამჟამად ეს დიდი ფინანსური ხარჯები „კრემლმა“ ამ სამიზნე ქვეყნის პრორუს ბიზნესმენებს დააკისრა. მოდი, მოლდოვის მაგალითზე ვნახოთ, თუ როგორ მუშაობს „პუტინის აღმოჩენა“.

უკვე მესამე წელია, რუსეთის ხელისუფლება მოლდოვაში პრორუსული ძალების მოყვანას ცდილობს და მეთოდურად ახორციელებს მრავალფეროვან ღია და ფარულ ღონისძიებებს. მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ კი უმთავრესი სამიზნეა. ორი კვირის წინ ქალბატონმა სანდუმ განაცხადა: რუსეთი თვეში, დაახლოებით, 2 მილიონ დოლარს ხარჯავს ჩემი იმიჯის შელახვისთვისო. არ ვიცი რამდენად ზუსტია ეს რიცხვი, თუმცა იმის თქმა კი შეიძლება, რომ ეს ფული რუსეთის ბიუჯეტიდან არ იხარჯება და ეს ფული მოსკოვში მცხოვრებ მოლდოვური წარმოშობის ბიზნესმენსა და პოლიტიკოს ილან შორს „ეწერება“.

ილან შორი 1987 წელს დაიბადა, თელ-ავივში, მოლდოველი ბიზნესმენის - მირონ შორის ებრაულ ოჯახში. 1990-იანი წლების დასაწყისში ოჯახი მოლდოვაში დაბრუნდა. ილან შორი, ახალგაზრდული ასაკის მიუხედავად, უკვე მრავალ სკანდალსაა გამოვლილი, როგორც მოლდოვის, ასევე - ევროპის მასშტაბით.

2014 წელს მოლდოვის სამი კომერციული ბანკიდან ერთი მილიარდი დოლარი „აორთქლდა“, როგორც შემდეგ გამოძიებით დადგინდა, ამ ქვეყანაში წლების მანძილზე მოქმედებდა კრიმინალური საფინანსო სქემა, რომელშიც ჩართულნი იყვნენ, როგორც ბიზნესმენები, ასევე - ხელისუფლების წარმომადგენლები პოლიტიკოსები და მოსამართლეები. ამ სქემის აქტიური რგოლი ილან შორიც იყო. პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენის მიზნით ილან შორმა კარგად აპრობირებულ მეთოდს მიმართა: პოლიტიკას შეაფარა თავი. 2016 წლის 25 სექტემბერს მან ჩამოაყალიბა პარტია „შორი“ და სამი წლის შემდეგ პარლამენტის წევრიც გახდა. მანამდე, 2017 წლის 21 ივნისს, კიშინიოვის სასამართლომ ის დამნაშავედ სცნო - 7 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. თუმცა ილან შორი ჯერ ისრაელში, შემდეგ კი - რუსეთში გაიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული, შორი თავისუფლად ცხოვრობს რუსეთში, აქვს ბიზნესი და უკვე რუსეთის მოქალაქეც გახდა. რა დამსახურებისთვის? ილან შორი წლების განმავლობაში მოქმედებს, როგორც რუსული მარიონეტული ძალა და მისი საშუალებით მოსკოვი ცდილობს, დაამხოს მოლდოვას დღევანდელი ხელისუფლება. სულ ესაა.

picture2-1726554358.jpg

პარტია „შორის" და კოალიცია “პობედას“ლიდერი ილან შორი, მოსკოვი, 2024 წლის აგვისტო.

ილან შორი პირადად აფინანსებს ანტისახელისუფლებო საპროტესტო მიტინგებს და ანტიევროპულ მასმედიას მოლდოვაში. ის, აგრეთვე, აფინანსებს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილე პრორუს კანდიდატებსაც. დღეს მოსკოვი მოლდოვის ხელისუფლების ევროპული გზის მოწინააღმდეგეთა შეკრების ადგილად იქცა: თვე არ გავა, რომ რუსეთის დედაქალაქში პრორუსი მოლდოველი პოლიტიკოსები (ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი იგორ დოდონი, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვასილი ტარლევი, ილან შორი და სხვ.) არ შეიკრიბონ და მოლდოვის ხელისუფლების საწინააღმდეგო გამოსვლები არ მოაწყონ. რუსეთის მასმედიაც დიდ ადგილს უთმობს „პატრიოტი მოლდოველი პოლიტიკოსების“ აქციების გაშუქებას. განსაკუთრებით ილან შორი აქტიურობს. ამას წინათ მან ტელეგრამ-არხზე დაწერა: „ხელისუფლებამ უღალატა ჩვენს იდეალებს, გაყიდა ჩვენი დამოუკიდებლობა დასავლეთისგან გადმოგდებულ მოწყალებაზე... ტყუილ დაპირებებზე... ახლა ჩვენი დამოუკიდებლობა, როგორც არასდროს, განადგურების საფრთხეშია“.

ილან შორს რუსეთის ეფ-ეს-ბე მფარველობს: 2020 წელს მოლდოვიდან გაქცეულ შორს სწორედ ეფ-ეს-ბე დაეხმარა ერთ-ერთი მთავარი აქტივის - კიშინიოვის აეროპორტის აქციების რუს ბიზნესმენ ანდრეი გონჩარენკოსთვის მიყიდვაში. ილან შორს რუსეთში ბიზნესიც აწყობილი აქვს: ესეც ეფ-ეს-ბეს დახმარებით. თუმცა ხომ გაგიგიათ: „ფულს ვინც იხდის, მუსიკასაც ის უკვეთავსო“, ილან შორს ვალდებულება აქვს, დააფინანსოს ანტისახელისუფლებო და ანტიევროპული გამოსვლები მოლდოვაში.

2024 წლის 21 აპრილს მოსკოვში, ილან შორმა, მოლდოველი პოლიტიკოსების კონგრესზე, რომლებიც მხარს უჭერენ მოლდოვის „ევრაზიულ კავშირში“ შესვლას, გამოაცხადა პოლიტიკური ბლოკის - "პობედას" შექმნა, სადაც გაერთიანდნენ პარტიები: "შანსი", "ვიქტორია", "რენესანსი" და სხვ. დიდი მკითხაობა არ უნდა იმის გარკვევას, რომ ეს არის ახალი ანტიევროპული კოალიცია, რომლის მთავარი მიზანია მოლდოვის ევროკავშირთან დაახლოების პროცესის ჩაშლა.ამ შეხვედრაზე ილან შორმა განაცხადა, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ერთადერთი მომავალი არის, პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან ერთად იყოს ერთიანი ეკონომიკური, სოციალური, საგარეო-პოლიტიკური და იდეოლოგიური სივრცის ნაწილი. ამ „სივრცეს“ ვინ აკონტროლებს თავიდან ბოლომდე? - რა თქმა უნდა, კრემლი. ილან შორი რუსეთიდან ცდილობს, გავლენა მოახდინოს მოლდოვის პოლიტიკაზე, მისი პოლიტიკური მოძრაობის - „შანსის“ საშუალებით, რადგანაც ადრე შექმნილი პოლიტიკური პარტია „შორი“ მოლდოვაში აკრძალულია, ანტისახელმწიფოებრივი მოქმედებების ანუ პუტინის დავალებების შესრულების გამო. მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, პრორუსული პოლიტიკური პარტია „შორის“ საქმიანობა არ შეესაბამება ქვეყნის კონსტიტუციას. მოსამართლეებმა დაადგინეს, რომ პარტიის მოქმედება საფრთხეს უქმნიდა ქვეყნის სუვერენიტეტსა და დამოუკიდებლობას. „შორის“ პარტიას, ასევე, ბრალად ედებოდა უკანონო დაფინანსება და რუსეთის ინტერესების გატარება. ამიტომაც ამ პარტიის საქმიანობა აიკრძალა. თქვენ როგორ ფიქრობთ, არ უნდა აეკრძალათ?

შეიძლება გაგიკვირდეთ მაგრამ ფაქტია, რომ ილან შორის ფულს ეფ-ეს-ბე არა მარტო მოლდოვის, არამედ -ევროპის დესტაბილიზაციისთვისაც იყენებს.

2023 წლის 30 ოქტომბერს, ღამით, პარიზის ერთ-ერთ უბანში გამოჩნდა პირველი გრაფიტი ისრაელის სახელმწიფოს სიმბოლოს გამოსახულებით. ამის შემდეგ საფრანგეთის დედაქალაქსა და მის შემოგარენში, დაახლოებით, 250 ასეთი გრაფიტი აღმოაჩინეს. ამ, ერთი შეხედვით, უწყინარმა ფაქტმა კიდევ უფრო დაძაბა საფრანგეთში მცხოვრებ ებრაელებსა და არაბებს შორის ისრაელზე 7 ოქტომბერს „ჰამასის“ თავდასხმის გამო, ისედაც გამწვავებული ურთიერთობა.

picture1-1726554357.jpg

პარიზის ქუჩები, 2023 წლის 30 ოქტომბერი.

არაბები და პალესტინის მხარდამჭერები თვლიდნენ, რომ ეს ისრაელის სპეცსამსახურების ნამოქმედარია და ამ სიმბოლიკის გამოსახვით ებრაელები რეკლამას უკეთებენ საკუთარ ქვეყანას. ებრაელებს კი მიაჩნდათ, რომ ეს ანტისემიტური ქმედებებია, რომლებმაც ნაცისტური ოკუპაციისდროინდელი მოგონებები გააღვიძა: როდესაც ნაცისტები დევნიდნენ ებრაელებს და ებრაულ სახლებსა და დაწესებულებებს „დავითის ვარსკვლავით“ ნიშნავდნენ.

მკითხველს შევახსენებ, რომ ექვსქიმიანი ვარსკვლავი გამოსახულია ისრაელის დროშაზე და არის ამ ქვეყნის ერთ-ერთი ძირითადი სიმბოლო. ამიტომაც „დავითის ვარსკვლავის“ დახატვა ერთდროულად შეიძლება ჩაითვალოს პროისრაელურ და ანტისემიტურ ქმედებად, რის გამოც ორივე მხრიდან გაჩნდა ურთიერთბრალდებები და საზოგადოებაში დაძაბულობამ პიკს მიაღწია. სწორედ ეს იყო ამ გრაფიტების მიზანი, რომელსაც თურმე... მოლდოვის მოქალაქეები ხატავდნენ. საფრანგეთის პოლიციამ შეძლო სათვალთვალო კამერებზე დაფიქსირებული „მხატვრების“ – მამაკაცისა და ქალის დაკავება, გაირკვა, რომ ისინი მოლდოვის მოქალაქეები: ალექსანდრე კოჩი და გალინა გევკანი იყვნენ. მათ განაცხადეს, რომ ისინი მოქმედებდნენ მათთვის უცნობი პირის თხოვნით, რომელმაც ანაზღაურების (250–300 ევრო) სანაცვლოდ გრაფიტების დახატვა შესთავაზა. ეს პირი მათ ტელეფონზე რუსულად ესაუბრებოდა. გრაფიტის ხატვისას „მხატვრებს“ თან „ფოტოგრაფი“ დაჰყვებოდა და ფოტოებს იღებდა. შემდეგ გაირკვა, რომ ისიც მოლდოვის მოქალაქე ვიაჩესლავ ვალკო იყო. მაქსიმ ჩუგურიანუმ, ვერა ჩიობანუმ და ვიაჩესლავ ვალკომ საგრანგეთის დატოვება მოასწრეს. დაკავებულების დაკითხვის შემდეგ გაირკვა, რომ ჯგუფს სწორედ ვიაჩესლავ ვალკო, ილან შორის პოლიტიკური პარტია „შორის“ აქტივისტი ხელმძღვანელობდა. ის იღებდა ფოტოებს, რომლებსაც მოსკოვში აგზავნიდა. ამიტომ იყო, რომ ძალზე სწრაფად დაიწყო გრაფიტის ფოტოების ინტერნეტში გავრცელება. მალე ფოტოების გავრცელება დაიწყო რუსეთის პროპაგანდისტულმა მედიამ. მათ შორის იყო სახელმწიფო საინფორმაციო (უფრო სწორად - სადეზინფორმაციო) სააგენტო „რია ნოვოსტი“, რომელმაც გამოქვეყნებულ ფოტოს ამგვარი პროვოკაციული კომენტარი დაურთო: „ საფრანგეთში სწრაფად იზრდება ანტისემიტიზმის გამოვლინებების რიცხვი“. მას არ ჩამორჩა სიანფორმაციო (უფრო სწორად, სადეზინფორმაციო) ინტერნეტპორტალი „სპუტნიკი“, სადაც ფოტოებს ასევე პოვოკაციული კომენტარი მოაყოლეს: „საფრანგეთს არ შეუძლია (და არ სურს) ებრძოლოს ანტისემიტიზმს“.

ამის შემდეგ საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „დავითის ვარსკვლავიანი“ გრაფიტის გამო დაძაბულობის გაღვივებაში რუსეთი დაადანაშაულა. საფრანგეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ რუსული ქსელი RRN (Doppelgänger) იყო პირველი, ვინც გამოაქვეყნა სახლებზე გამოსახული „დავითის ვარსკვლავების“ გრაფიტის ფოტოები და აქტიურად დაიწყო მათი ტირაჟირება. ასე რომ, პროვოკაციების კვალი კვლავ „კრემლისკენ“ მიდის, რაც სულაც არ იყო მოულოდნელი.

ამჟამად ილან შორი სანქცირებულია ევროკავშირის, შვეიცარიისა და აშშ-ის მხრიდან, მოლდოვაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მცდელობის გამო, თუმცა ეს სულაც არ უშლის ხელს „კრემლის“ დავალებების შესრულებაში.

(მეოთხე ნაწილის დასასარული)