"გეგონება, რომ ივანიშვილმა ომი გამოაცხადა" - მამუკა არეშიძის ანალიზი: რეალურია თუ არა შერიგება აფხაზებთან და ოსებთან?! - კვირის პალიტრა

"გეგონება, რომ ივანიშვილმა ომი გამოაცხადა" - მამუკა არეშიძის ანალიზი: რეალურია თუ არა შერიგება აფხაზებთან და ოსებთან?!

"შერიგება შეცდომების აღიარების გარეშე არ ხდება" - ასეთია მმართველი გუნდის პასუხი საზოგადოების იმ ნაწილის მიმართ, რომლებმაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის ინიციატივა - ოსებისათვის ბოდიშის მოხდასთან დაკავშირებით, შეურაცხყოფად მიიჩნია. „ქართული ოცნების“ ლიდერების ვერსიით, შეცდომები ქართულ მხარესთან ერთად ოსებმაც უნდა აღიარონ და ეს შერიგების პროცესში ჩვეულებრივი მოვლენაა. მოიხდიან თუ არა ოსები ბოდიშს, რა შედეგი მოჰყვება ივანიშვილის განცხადებას და, ზოგადად, არის თუ არა შესაძლებელი ქართველების და ოსების და ქართველებისა და აფხაზების შერიგება, ამის შესახებ ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში, მამუკა არეშიძე გვესაუბრება:

- არა ერთხელ მოუხდიათ ბოდიში ერთმანეთისთვის, როგორც ქართველებსა და ოსებს, ასევე - ქართველებსა და აფხაზებს, მაგრამ ამას არ ჰქონია და არც ახლა აქვს მასობრივი ხასიათი. ქართველებისა და ოსების შემთხვევაში, შერეული ოჯახების თემაც აქტიურად მუშაობს. სხვათა შორის, აფხაზებისგან განსხვავებით, მათ საქართველოსთან ბიზნესურთიერთობებიც აქვთ. 2008 წლის ომის შედეგად მიყენებული იარების მოშუშებას დიდი დრო დასჭირდა, უფრო სწორად, ბოლომდე არც არის მოშუშებული, მაგრამ ურთიერთობა მაინც არის. რაც შეეხება საბოლოო შერიგებას, სამწუხაროდ, ეს არც ქართველებსა და ოსებზეა დამოკიდებული და არც აფხაზებზე, ყველაფერი გეოპოლიტიკურ ვითარებაზეა დამოკიდებული. გეოპოლიტიკურ კლიმატს კი მსხვილი მოთამაშეები ქნიან, რომელთა ინტერესებში ამ კონფლიქტის მოგვარება არ შედის. სწორედ ამის შედეგია ის რეაქცია, რაც ბიძინა ივანიშვილის განცხადებას მოჰყვა ცხინვალსა და აფხაზეთში.

- რას გულისხმობთ?

- გეგონება, რომ ივანიშვილმა ომი გამოაცხადა. ძალიან ცნობილმა ოსებმა და აფხაზებმა ისეთი განცხადებები გააკეთეს, რომ გაგეცინებათ. არადა, მე პირადად მისაუბრია ამ თემაზე როგორც აფხაზ, ასევე - ოს ხალხთან და ვიცი, როგორია მათი განწყობა. ყველაზე გონივრული, საღი და პოზიტიური აზრი, რომელიც უამრავ ფრაზებს შორის მოვისმინე, არის ის, რომ „რასაკვირველია, ერთმანეთს ბოდიშიც უნდა მოვუხადოთ და გუშინდელი დღეც უნდა დავივიწყოთ“. თუმცა უნდა ითქვას, რომ ნეგატიური პოზიციებიც უამრავია. მხოლოდ საქართველოს ხელისუფლების ბოდიშით შედეგი ვერ დადგება.

- ნეგატიურ განცხადებებს შორის ერთ-ერთია ის, რომ ოსებმა ლამის დამოუკიდებლობის აღიარება მოითხოვეს.

- მართალია, დამოუკიდებლობის აღიარებაზე დაიწყეს საუბარი, მაგრამ ეს მაინც წმინდა წყლის კონიუნქტურული განცხადებებია. უამრავი ადამიანი ვიცი, რომლებიც დამოუკიდებლობას სერიოზულად არც კი აღიქვამენ, მაგრამ ისინი საქართველოს კი არა, რუსეთის შემადგენლობაში განიხილავენ თავს. უფრო მეტსაც გეტყვით, ოსებსა და აფხაზებს შორის ბევრია ისეთი, რომლებსაც დღეს არსებული ვითარება აწყობს და არაფრის შეცვლა არ სურს, იმიტომ, რომ ასეთი პოზიციიდან ვაჭრობა უფრო ხელსაყრელია. შეიძლება ითქვას, რომ აფხაზებმა ვაჭრობაში „საკუთარ თავს გადააჭარბეს“, იმაზე მაღლა ახტომა მოინდომეს, ვიდრე შეეძლოთ - რუსებმა მათ დაფინანსებაც შეუწყვიტეს, ელექტროენერგიის დაბალ ფასში მიწოდებაც და ეს კიდევ არ არის ყველაფერი... ვაჭრობას ზომა-წონის ცოდნა უნდა, ეს მარტივი ამბავი არ არის. პირადად ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ აფხაზების და ოსების დამოუკიდებლობა ეფემერული გამხდარიყო, უზარმაზი ფულები გააკეთეს ამ საქმეზე. ახლა ისინი დამოუკიდებლობის ყველაზე დიდ ქომაგებად გვევლინებიან. მინდა, პირდაპირ დაწეროთ, კონიუნქტურის წარმომადგენელ აფხაზებს და ოსებს სინამდვილეში საკუთარი ხალხი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. კონიუნქტურის წარმომადგენლებში ვგულისხმობ, როგორც პოლიტიკოსებს, ასევე - ჟურნალისტებს.

- რამდენად შესაძლებელია უახლოეს მომავალში გეოპოლიტიკური ვითარების იმგვარად შეცვლა, რომ ქართველების, აფხაზებისა და ოსების შერიგების კონტურები რეალურად გამოიკვეთოს?

- მე ასეთ კონტურებს ახლაც ვხედავ, თანაც - საკმაოდ აშკარად, მაგრამ არ მინდა, მოვლენებს გავუსწრო და საკუთარ დასკვნებზე ვესაუბრო თქვენს მკითხველს. არის რიგი მოძრაობები, განსაკუთრებით - აფხაზეთის მიმართულებით, მაგრამ მე და - არა მარტო მე, იმდენად ხშირად შევუყვანივართ რუსების ქმედებებს შეცდომაში, რომ აღარ მინდა კიდევ ერთხელ მოვტყუვდე, ამიტომ ჯერ ვერაფერს ვიტყვი.

ხათუნა ბახტურიძე

(სპეციალურად საიტისთვის)