„ლაზიერის გამბიტი“ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე
ლაზიერის გამბიტი სვლის ავტორს ძლიერი ცენტრის შექმნაში ეხმარება. გარდა ამისა, ეძლევა სხვა უპირატესობებიც: სწრაფი განვითარება, სივრცის კონტროლი, ფიგურების გააქტიურება, ტემპის მოპოვება, მეტოქისთვის სტრუქტურული სისუსტეების შექმნის შესაძლებლობა.
მოდით, პოლიტიკური ენაზე გადმოვრთარგმნოთ, რას შეცვლის „პრეზიდენტის გამბიტი“ ქართულ პოლიტიკურ საჭადრაკო დაფაზე. რატომღაც ეჭვი არ გვეპარება, რომ სალომე ზურაბიშვილის ხელდასმით მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური ალიანსი შედგება.
ამით შეიქმნება ძლიერი მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელსაც შეუძლია პრეტენზია განაცხადოს გადამწყვეტი როლის შესრულებაში მომავალი მოწვევის პარლამენტში.
ასევე, მას შეუძლია მთავარ ოპოზიციურ პარტიად ჩაანაცვლოს „ნაცმოძრაობა“. ამით დასრულდება ქართული პოლიტიკის ჯადოდ ქცეული ორპოლუსიანობა.
„ოცნებას“ გამოეცლება ხელიდან კოზირი „არიქა, მიშა მოდის!“
ეს არის ძლიერი მესიჯი ე.წ. გადაუწყვეტელი ამომრჩევლისთვის, რომელთა რაოდენობა IRI-სა და NDI-ს ბოლო კვლევებით გამოკითხული რესპოდენტების დაახლოებით 60%-ია. მათში დიდია იმ მოქალაქეების რაოდენობა, რომელთაც არც „ოცნება“ უნდათ და არც „ნაცმოძრაობა“. რატომ არ დადიოდნენ ისინი არჩევნებზე? იმიტომ, რომ არ სჯეროდათ სხვა პარტიის წარმატების და ვისიც არ გჯერა, იმისთვის თავს არ შეიწუხებ.
მესამე პოლიტიკური ცენტრის შექმნა ამ ამომრჩევლისთვის დიდი სტიმულია - მათ ხმას რეალური შედეგი იქნება და წყალში აღარ გადაიყრება.
გარდა ამისა, არის აქტიური ამომრჩევლის ნაწილი, რომელიც ხმას „ოცნებას“ მხოლოდ იმიტომ აძლევდა, რომ ხელისუფლებაში „ნაცმოძრაობა“ არ მობრუნდეს. ეს ამომრჩეველი „ნაცმოძრაობის“ საწინააღმდეგოდ სხვა ალტერნატივას ვერ ხედავდა. სწორი საარჩევნო კამპანიის წარმართვის შემთხვევაში, ხაზარაძე-გახარიას ალიანსს ამ ხმების წამოღება თავისუფლად შეუძლია.
მნიშვნელოვანია მოულოდნელობის ეფექტიც. ასეთი ალიანსის შექმნა „ოცნებისთვის“ აბსოლუტურად მოულოდნელია. მოასწრებს კი მმართველი გუნდი არჩევნებამდე დარჩენილ თვენახევარში ისეთი კონტრპროპაგანდის დაგეგმვას, რომ მესამე პოლიტიკური ცენტრის პლიუსები „გააბათილოს“?! საეჭვოა...
საბოლოო ჯამში, შესაძლოა, 26 ოქტომბრის შემდეგ ხაზარაძე-გახარიას ალიანსმა მოიპოვოს „ოქროს გასაღები“ ანუ მოიპოვონ იმდენი მანდატი, რომ მათ გარეშე ვერც „ოცნებამ“ და ვერც „ნაცმოძრაობამ“ გადაწყვეტილების მიღება ვერ მოახერხონ.
ეს უკვე გზას ხსნის კოალიციური მთავრობისკენ და პოლიტიკურ ძალებს შორის თანამშრომლობისკენ, რაც ასე საჭიროა ქვეყნის სტაბილურობისთვის, დემოკრატიისთვის თუ ევროინტეგრაციისთვის.
გარდა ამისა, სავარაუდოდ, სწორედ ამ მესამე პოლიტიკურ ცენტრზე დაყრდნობით შეუძლია მეორე ვადით იყაროს კენჭი პრეზიდენტად სალომე ზურაბიშვილმა. ეს დასავლეთისთვის ძლიერი და პოზიტიური სიგნალი იქნება, რომ საქართველო უბრუნდება ევროიტეგრაციის კალაპოტს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)