როგორ იქცა თბილისური სადარბაზო ერთ დიდ ორანჟერეად - კვირის პალიტრა

როგორ იქცა თბილისური სადარბაზო ერთ დიდ ორანჟერეად

რატომღაც ვერ წარმოვიდგენდი, თუ კინორეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი ასეთი მემცენარე და მებაღე იქნებოდა. არაერთი ცნობილი ფილმის ავტორი თავისუფალ დროს მცენარეებს, მათ მოვლა-გამრავლებას უთმობს. საცხოვრებელი სახლის სადარბაზოს ზედა სამი სართული, დედასთან ერთად, ნამდვილ ორანჟერეად უქცევია, თუმცა თავად ამ ყველაფერს ხუმრობით ჯუნგლს უწოდებს. უცნაური არაფერია იმაში, რომ ადამიანი თავის გარემოს ამწვანებს და ალამაზებს, ეს, ალბათ, იმიტომაც ჩანს უჩვეულოდ, რომ დედაქალაქში უამრავი უსახური და ნაცრისფერი სადარბაზო-აივნებია.

zvbfs5z2-1726681099.jpg

თინათინ ყაჯრიშვილი:

- ამ სახლის ადგილას ვერაზე, სადაც ახლა ჩვენი კორპუსი დგას, ჩვენი იტალიური ეზო იყო. 90-იანების შემდეგ ძველის ნგრევა და ახლის შენება რომ დაიწყო, ეს კორპუსი ერთ-ერთი პირველი აღმოჩნდა. 24 წლის წინ შევსახლდით.

ჩვენი ქუჩა მანამდე კარგად იყო გამწვანებული, ეზოებში ხეხილი იზრდებოდა, ბავშვები შეჩვეული ვიყავით მწვანე სივრცეს. კორპუსში რომ აღმოვჩნდით, გარშემო აკაციისა და თუთის ხის გარდა აღარაფერი დარჩა, ძველ ეზოში კი დედაჩემს უამრავი მცენარე ჰქონდა. სადარბაზოც უსახურად და ნაცრისფრად გვეჩვენებოდა. ამიტომ შინიდან მცენარეები ნელ-ნელა სადარბაზოში გამოვიტანეთ. ყვავილების რაოდენობაც გაიზარდა. ხვიარები, დიდი მონსტერები ქმნის შეგრძნებას, რომ სადღაც ცაში არ ხარ გამოკიდებული და ბუნებასთან სიახლოვე გაქვს.

მერვე სართულზე მე ვარ, მეშვიდეზე - დედაჩემი. მეექვსეზეც ჩავედით და სამი სართულის კიბე სავსეა სიმწვანით. მერე მეზობელმა თავის შესასვლელთან ფერადი ხალიჩა დააგო, წიგნები გამოიტანა, მეორე მეზობელმა - სარკეები და ასე გახდა ჩვენი სადარბაზო ერთი სასიამოვნო ადგილი. ლიფტის კარი რომ იხსნება და მოულოდნელად ასეთ გარემოში ხვდები, განწყობა მაშინვე გეცვლება. სტუმრებიც და მეზობლებიც აღნიშნავენ, რომ სასიამოვნო გარემოა.

ისე, ბოლო წლებში ძალიან გადავვარდი ამ სამყაროში,

ბევრ მცენარეს ვამრავლებ, თესლებს ვაგროვებ, ამომყავს და ა.შ. შხამქიმიკატებს არ ვიყენებ, ჩემს ყვავილებს ბოსტნეულის ან ხილის, ბანანის ქერქის ნაყენს ვუსხამ.

98807bd8-9a04-4e5a-96ed-a2976d476fa0-1726578338.jpg

- გამოიღო ნაყოფი?

- კი, პატარა, თითქოს უსახური ქოთნის მცენარეები უცებ ისე გაიზარდა, იქაურობა ჯუნგლს დაემსგავსა, გასავლელი ადგილი აღარ გვრჩება. ამიტომ გვიწევს მათი გადარგვა და გადამრავლება. ცხადია, მცენარეები შინაც მაქვს. ახლა ორ თვეს არ ვყოფილვარ და იმხელა ხეები დამხვდა - ჩინური ვარდი ჭერამდე იყო ასული, უზარმაზარი ფიკუსისა და მონსტერას სადარბაზოში გამოტანამ მომიწია, ორივე იმხელაა, ცალკე ოთახი სჭირდებოდათ.

- კინორეჟისორი ხართ აქტიური შემოქმედებითი ცხოვრებით. უცხოეთშიც გიწევთ ხშირად წასვლა. ასწრებთ ყველაფერს?

- მცენარეებს თავდაუზოგავად ვუვლი, მაგრამ როცა ქვეყნიდან გასვლა მიწევს, დედა მეხმარება. აქ თუ ვარ, დილას სახლიდან გამოსვლამდე ვრწყავ. თითო მორწყვაზე ყვავილებს 30-40 ლიტრი სჭირდება. ყურადღება ოდნავადაც რომ მოაკლდეს, მერე დრო გინდა, რომ კვლავ თავის ფორმაში მოიყვანო.

მომწონს, როცა თესლით გამომყავს, ამიტომ საზღვარგარეთ თუ ისეთ პერიოდში ვარ, რომ იქ ხეებზე თესლია, ან ძირს ყრია, მომაქვს. ახლა ლოს-ანჯელესიდან ჯაკარანდას თესლი ჩამოვიტანე. იქ ხომ ქალაქებში, ტრასებზე ყველაფერი ყვავის, საოცარი მცენარეებია. ჯაკარანდა ტროპიკულია და პოპულარულიცაა. თესლიც, სადაც ვყრი, ყველა ამოდის. ჰოდა, ახლა პატარა ჯაკარანდები მყავს ჩემს სადარბაზოში. ბოსტნეულის ნაყენს რომ ვუსხამ, იქ თუ ბულგარული წიწაკა ან პამიდორი მოხვდა, ჩითილებიც ამოდის.

805be96a-4e65-40c8-8056-2040bff78b78-2-1726578339.jpg

- ბუნება ბავშვობიდან გიყვარდათ?

- ტყეებში რომ დადიან, ასეთი ბავშვობა არ მქონია. დედაჩემის დედას ჰქონდა ქუთაისში საოცარი ეზო. მცენარეები უზომოდ უყვარდა, გამორჩეულად - ვარდები. მიხეილ მამულაშვილთან ჩამოდიოდა მცხეთაში მცენარეების საყიდლად, სოხუმის ბოტანიკურ ბაღშიც მიდიოდა. მაშინ ბევრ რამეს დიდად ვერ ვხვდებოდი, მაგრამ სილამაზე მომწონდა. ბებია ისეთ დროს გარდაიცვალა, როცა ჩვენს ეზოში ყველაფერი ყვაოდა... ახლა ვარდებს რომ ვყიდულობ, სულ მინდა ის ვარდები მქონდეს, ბებიაჩემის ეზოში რომ ყვაოდა. მახსოვს, შესასვლელში კამელია ჰქონდა, რომელიც გაიყინა და ძალიან დარდობდა. ჩემი ეზოსთვის პირველად სწორედ კამელიები შევიძინე.

- როგორც მითხარით, თქვენს სადარბაზოში 100-ზე მეტი მცენარე და 300-მდე ქოთანია. მგონი, ეს უკვე ორანჟერეაა...

- ასეც შეიძლება ითქვას. ისეთმა მცენარეებმაც დაიწყეს ყვავილობა, არ მეგონა, ოდესმე თუ გაიხარებდნენ. კერძო სახლი ძველ ვეძისში მაქვს და იქაურობის ასაყვავებლადაც დიდი ძალისხმევა დამჭირდა. ერთი ქარიანი და მოხრიოკებული ტერიტორია იყო. ბოლო ორი წელიწადია, უამრავი მცენარე გავაშენე, როგორც ენდემური ჯიშები, ისე უცხოურებიც. ცოტა ხნის წინ კუმკვატი დავრგე და ავოკადოც გადავრგე. სახლამდე სანამ მივალ, იმ ხრიოკ ადგილებშიც, გზაზე სხვადასხვა თესლს ვყრი, მათ შორის მუხის რკოებსაც, რომ გაიხაროს. ეზოში იქაური ტყის მიწის დამატებაც მიწევს ხოლმე.

- მგონი, ყველაზე მეტად მაინც ვარდი გიყვართ.

- კი, ბევრი ძველი, ჩვენთან გავრცელებული ჯიშის ვარდი მაქვს. მათ შორის სამურაბეებიც არის. მაქვს მამულაშვილის ვარდი, იაპონური, ინგლისური, გერმანული, ფრანგული, სელექციონერების გამოყვანილებიც. ალბათ, 400-მდე ჯიშის მექნება.

c110d8d0-4956-4436-9d93-103d7dff7092-1726578339.jpg

- ეზო დიდია?

- 800 კვადრატული. მეგობარსაც აქვს იქ სახლი და მის ეზოშიც დავიწყე მცენარეების გამრავლება. მაგნოლიები თესლიდან ამოვიყვანე. ეს ყველაფერი ნეტარება და სიმშვიდე ყოფილა. თურმე მთელ წელიწადს ამ მწვანე სამყაროში იმხელა პროცესები მიდის და შენ ამ ყველაფრის მონაწილე ხდები, მათი ციკლით ცხოვრობ. მათთან სულ რაღაც ხდება - ზოგი ყვავის, ზოგი სიმწიფეში შედის, მერე რაღაც დაავადებას ებრძვი, მწერებისგან, მავნებლებისგან იცავ. სულ ჩართული ხარ. სამაგიეროდ, ისეთი სიმშვიდე მოაქვს, რასაც ვერც წარმოვიდგენდი. მერე ხედავ შედეგს, იმას, რომ არაფერი იკარგება.

მებაღეობა-მემცენარეობაში ალბათ, უპირველესი პრობლემა ის არის, რომ მცენარეთა მოსავლელად მაღაზიები მხოლოდ შხამქიმიკატებს გთავაზობენ. არადა, პრობლემა ამის გვერდის ავლითაც გვარდება. ბაღში ბალახისგან ნაყენი რომ დაამზადო და მერე ის მეორე მცენარეს შეასხურო, შესაძლოა ამით უშველო. მუდმივად ვეძებ იმ წესებს, რითაც ძველი ხალხი ამრავლებდა თავის მოსავალს და ჯანმრთელ მცენარეებს ინარჩუნებდა.

ojoun3wz-1726681171.jpg

მიხარია, რომ ჩემს ეზოში ბევრი ჭიამაია და ჩოქელაა და მეხმარებიან მცენარეების მოვლაში, მავნებლებს, მწერებს ანადგურებენ. ვზრდი როზმარინსა და ლავანდასაც, რომლებსაც აქვთ უნარი, მათი ნაყენით ვუშველო მავნებლებისგან დაზიანებულ ყვავილებს. არადა, მაგალითად, ვარდებზე მაღაზიაში გეუბნებიან, ხომ არ უნდა ჭამო, ეს შხამი მიასხურეო. არავინ გეუბნება, რომ იმ შხამის მისხმით თავს იზიანებ. მერე ნიადაგშიც ჩადის და იწამლება, შხამი კლავს ჭიამაიას, ჩოქელას. ბუნებაში არსებულ უნიკალურ ჯაჭვში უხეშად რომ ერევი, მაშინ მომავალში არც ისე სასიამოვნო შედეგებიც შენს თავზე უნდა აიღო.

ვიღაცას რომ ვეუბნები, შხამი გამოსავალი არ არის-მეთქი, ალბათ, სასაცილოდაც ვჩანვარ. საზღვარგარეთ მისი გამოყენება ბევრგან აკრძალულია. ფუტკრისთვისაც ტოქსიკურია და ზოგიერთ ქვეყანაში მათი შეტანაც დაუშვებელია, არათუ მოხმარება. საშინელებაა ისიც, რომ ასეთი მეთოდით ებრძვიან ბალახსაც კი. ამას სჯობს ბეტონი დააგო. სამწუხაროდ, ამაზე მასობრივად არ მიდის საუბარი, რომ ხალხმა კარგად გაიგოს. ეს ყველაფერი რომ არ აფუჭებდეს სიტუაციას, მებაღეობა-მემცენარეობა ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესია.