ვინ დათვალოს ზღვაში... ვარსკვლავები - კვირის პალიტრა

ვინ დათვალოს ზღვაში... ვარსკვლავები

ზღვის ვარსკვლავი ბუნების მშვენიერი ქმნილებაა - ამას ადასტურებს ყველა, ვისაც ზღვის ფსკერზე ერთად შეკრებილი "ვარსკვლავების" ნათება უნახავს. ჩვენი სტუმარი, თბილისის ზოოპარკის დირექტორი ზურაბ გურიელიძეც მიიჩნევს, რომ ზღვის ვარსკვლავები მეტად საინტერესო და უჩვეულო ქმნილებები არიან.

ზურაბ გურიელიძე:

- ზღვის ვარსკვლავები საკმაოდ დიდი კლასია ცხოველებისა, რომელთაც Aსტეროიდეა ჰქვია. ინგლისურად ზღვის ვარსკვლავს "ვარსკვლავური თევზი" ჰქვია, თუმცა თევზთან მას საერთო არაფერი აქვს. ზღვის ვარსკვლავები, ძირითადად, უხერხემლოები არიან. ცნობილია მათი 1900-2000 სახეობა, თუმცა მათ რიცხოვნობაზე ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს. ვარსკვლავები თითქმის ყველა ზღვასა და ოკეანეში ბინადრობენ, მაგრამ ჩვენთან, შავ ზღვაში არ არიან. ისინი ზღვაში ძალიან ღრმად ჩადიან - 6 ათასი მეტრის სიღრმეზეც კი, და იქ ცხოვრობენ. თუმცა მათი ყველაზე დიდი მრავალფეროვნება სანაპირო ზონაში გვხვდება.

- ბატონო ზურაბ, როგორ გამოიყურება ზღვის ვარსკვლავი?

- ამ არსებას ძალიან საინტერესო აგებულება აქვს:

სახელწოდების მიხედვით, ის ხუთქიმიანი უნდა იყოს, მაგრამ ზოგიერთი სახეობის ზღვის ვარსკვლავს 7, 10, 15 ან უფრო მეტი ფეხი აქვს. არის ერთი სახეობა - ანტარქტიკული ზღვის ვარსკვლავი, რომელსაც 50-ზე მეტი ქიმი აქვს. ყველაზე შთამბეჭდავი ის სახეობებია, რომელთა სხეულიც ანათებს,

ზოგიერთ სახეობას კი ჩვეულებრივი, უფერული სხეული აქვს. იმ ზღვის ვარსკვლავებს, რომლებიც უფრო თავთხელ წყალში ცხოვრობენ, სინათლე არც სჭირდებათ. რაც უფრო ღრმად ჩავდივართ წყალში, ზღვის ვარსკვლავების ნათება იმატებს და ეს ბუნებრივიცაა, რადგან ათასობით მეტრის სიღრმეზე მზის სხივები ვერ აღწევს. როგორც ყველა ცოცხალი არსება, ზღვის ვარსკვლავიც შეგუებულია თავის საცხოვრებელ გარემოს, სხვაგვარად ფსკერზე ვერ იცოცხლებდა. აღსანიშნავია მისი ერთი თვისებაც: ზღვის ვარსკვლავს ძალიან მტკიცე ჩონჩხი აქვს, რადგან კალციუმის კარბონატს შეიცავს და ეს ნივთიერება მის სხეულს სიმტკიცეს ანიჭებს.

- სად ბინადრობენ ყველაზე ლამაზი ზღვის ვარსკვლავები?

- ჩრდილოეთისა და ბალტიის ზღვებში, ძირითადად, თეთრი ვარსკვლავები ბინადრობენ, თუმცა სხვა ფერის არსებებსაც პოულობენ. ყველაზე მრავალფეროვანი ამ მხრივ ტროპიკული წყლებია. მაგალითად, მარჯნის რიფებთან სულ სხვადასხვა შეფერილობის ვარსკვლავებს წააწყდებით. თეთრი ფერით იქ ცხოვრება ძალიან მოუხერხებელი იქნებოდა. განსხვავებული ფერების გამო მარჯნის რიფებში მობინადრე ზღვის ვარსკვლავების ნახვა მეტად სასიამოვნოა. ეს არსებები ერთმანეთისგან არა მხოლოდ სიკაშკაშითა და ფერებით, არამედ ზომითაც განსხვავდებიან: მათი

სხეულის სიგრძე ერთი სანტიმეტრიდან იწყება და ერთ მეტრსაც აღწევს. უმრავლესობა მტაცებელია, მაგრამE ეს არ ნიშნავს, რომ ადამიანს ესხმიან თავს.

ცხადია, ერთსანტიმეტრიანი ზღვის ვარსკვლავი თავისზე დიდ ცხოველებზე ვერ ინადირებს, ყველა შედარებით სუსტი ცხოველებით საზრდოობს. ამ ცხოველებს კიდევ მრავალი უჩვეულო თვისება აქვთ.

- მაგალითად?

- თუნდაც მათ გამრავლება: ზღვის ვარსკვლავებს გამრავლების უჩვეულო მეთოდი აქვთ - ისინი ჰერმაფროდიტები არიან, რაც ნიშნავს, რომ მდედრის თვისებებიც აქვთ და მამრისაც. გარდა ამისა, მათ ე.წ. უსქესო გამრავლებაც ახასიათებთ: შეიძლება ზღვის ვარსკვლავის სხეული ორად გაიყოს და ორი ახალი ინდივიდი გაჩნდეს. სწორედ ეს არის უსქესო გამრავლება, რომელიც მხოლოდ ზღვის ვარსკვლავისთვის არ არის დამახასიათებელი, შესაძლოა ჩვეულებრივი ჭიაყელაც ორად გაიყოს, შემდეგ კი ორივე ნაწილი დამოუკიდებლად იწყებს არსებობას. ზღვის ვარსკვლავს შეუძლია სხეულის დაკარგული ნაწილის აღდგენაც. ისიც საყურადღებოა, რომ ზღვის ვარსკვლავი 100 ინვაზიურ სახეობას შორის ერთ-ერთია. ის ძალიან სწრაფად მრავლდება და დიდ პრობლემებს ქმნის, რადგან სარეწაო მნიშვნელობის მქონე ცხოველებსაც დიდი სიამოვნებით ჭამს.

- ზღვის ვარსკვლავი ყველა ფოტოსა თუ ვიდეოში პასიური და უმოძრაო ჩანს, სინამდვილეშიც ასეთია?

- მე ეს ცხოველი მინახავს და ვიცი, რომ საკმაოდ მოძრავია, ზღვის ფსკერზეც აქტიურად დაცოცავს. ზოგიერთ მათგანს საცეცებიც აქვს და შეუძლია მათი საშუალებით გადაადგილდეს. ზოგიერთ სახეობას კი ასეთი რამ ახასიათებს: თუ საშიშროებას იგრძნობს, კაშკაშა ფერს იღებს, რათა მოწინააღმდეგე შეაშინოს და დააფრთხოს. ამიტომაც არის ზღვის ვარსკვლავთა შეფერილობა ასე მრავალფეროვანი.

- საინტერესოა, როგორ იკვებება ზღვის ვარსკვლავი?

- ზღვის ვარსკვლავი იკვებება წყალმცენარეებითა და ყველაფრით, რასაც შეიძლება ზღვის ფსკერზე გადაეყაროს. მაგალითად, ლოკოკინებით, ღრუბლებითა და მარჯნის პოლიპებითაც კი. მისი საკვებია სარეწაო მოლუსკები და რიფის წარმომქმნელი ცხოველები, რითაც ზღვის ვარსკვლავს ზიანი მოაქვს.

არავინ იცის, ზუსტად რამდენ ხანს ცოცხლობს ზღვის ვარსკვლავი, თუმცა მისი სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 35 წელია.

- პერიოდულად ოკეანე ან ზღვა ასეულობით ზღვის ვარსკვლავს გამორიყავს ხოლმე... ისინი ხშირად იღუპებიან?

- ვერავინ იტყვის, ეს როგორ მოხდა, ან რამ გამოიწვია, მაგრამ მათი დაღუპვის მიზეზი წყლის დაბინძურებაა. ამიტომ იღუპებიან ასე დიდი რაოდენობით. ზღვის ვარსკვლავს კიდევ ერთი საშიშროება ემუქრება: ძალიან ბევრ ადგილას გამხმარი ზღვის ვარსკვლავი საკმაოდ პოპულარულია და დიდი რაოდენობით იყიდება, რადგან მისგან ლამაზ სუვენირებს ამზადებენ. ეს ამ არსებისთვის დიდი პრობლემაა. ზღვის მიქცევა-მოქცევის მერე ძალიან ბევრი ზღვის ვარსკვლავი რჩება ხმელეთზე და ფრინველების ან ძუძუმწოვრების მსხვერპლი ხდება. ამ საფრთხისგან თავის დაცვას ზოგიერთი სახეობა შხამით ახერხებს. ეს შეეხება ინდოეთის ოკეანესა და წყნარ ოკეანეში მცხოვრებ ინდივიდებს, რომელთა კანი გამოყოფს ძლიერ ტოქსინს - ტეტროდოქსინს, რომელიც ზღვის ვარსკვლავს საიმედოდ იცავს მტრებისგან.

- დასასრულ, გყავთ თუ არა ზღვის ვარსკვლავები თბილისის ზოოპარკში?

- სამწუხაროდ, ჩვენ მათი აკვარიუმი არა გვაქვს, ისე კი ზღვის ვარსკვლავები ძალიან ბევრ ზოოპარკში ჰყავთ. მათ სპეციალური პირობები უნდა შეუქმნა: პირველ ყოვლისა, წყლის მარილიანობა უნდა იყოს შესაბამისი. მათი მოვლა რთული არ არის, უბრალოდ, ზღვის ვარსკვლავებს განსხვავებული აკვარიუმი სჭირდებათ, რათა თავი ბუნებრივ გარემოში იგრძნონ.

ხათუნა ჩიგოგიძე