კახური ნესვი ყველას სჯობს?
ვის არ უყვარს ნესვი, თაფლივით ტკბილი, წვნიანი და სასარგებლო. ის აზიური ქვეყნების საჩუქარია და დიდი ხანია ჩვენში იცნობენ, მათ შორის, დასავლეთ საქართველოში, სადაც არაერთი ადგილობრივი ჯიში გვქონდა.. თუმცა მას შემდეგ, რაც კახეთში ნესვის გაფართოებული პლანტაციები გაჩნდა, დასავლეთ საქართველოში კახური ტკბილი ჯიში არჩიეს და ნესვის ფართობები სხვა კულტურით ჩაანაცვლეს. ნესვზე ყოველთვის დიდი მოთხოვნაა. შარშან, მაგალითად, ჩვენმა ქვეყანამ ნესვი არა მხოლოდ ტრადიციულად თურქეთში, არამედ ნიდერლანდებშიც იყიდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენმა ფერმერებმა ეს გაითვალისწინეს და წლეულს იმდენი ნესვის მოსავალი მოიყვანეს, რომ მოთხოვნა აქ მოწეული მოსავლით სრულად კმაყოფილდება. ლაგოდეხი ბაღჩეული კულტურების მოწინავე მწარმოებლად ითვლება საქართველოში და ნესვის მოსავალზე, მის ჯიშებსა და რეალიზაციაზე ლაგოდეხელი ფერმერი მაკარ შეყელაძე გვესაუბრება.
- ბაღჩეული კულტურის სახელსაც კი ვერ გაიხსენებ, რომელსაც ლაგოდეხელი ფერმერები არ აწარმოებდნენ. მათგან სახელგანთქმულია ლაგოდეხური ნესვი. როგორც ვიცი, ლაგოდეხში ნესვი ბევრად მეტი ითესება, ვიდრე წინა წლებში.
- ყველაფერს ბაზარი წყვეტს. ისეთი წლებიც გვქონია, როდესაც მოსავლის სარეალიზაციოდ ტრანსპორტი არ არსებობდა და დიდი რაოდენობით ბაღჩეულის დათესვას აზრი არ ჰქონდა. სხვათა შორის, საბჭოეთში გამოყვანილი ნესვის ჯიშები გემრიელი იყო, მაგრამ შენახვის გაცილებით მოკლე ვადა ჰქონდა, ვიდრე ახლანდელ ჯიშებს. ახალ ჯიშებზე ზოგჯერ ამბობენ, ჰიბრიდულია და ასეთი ჯიშების შემოტანით ნესვსაც გემო დაეკარგაო, რასაც მე არ ვიზიარებ, არაერთი ჰიბრიდული ძალიან გემრიელია, მაგალითად, "კარიერი" ძალზე ტკბილია. გარდა ამისა, კლიმატურ პირობებს ახლანდელი ჯიშები მეტად უძლებს.
- საქართველოში ნესვის ადგილობრივი ჯიშები თუ გვაქვს.
- როგორ არა. მაგალითად, ე.წ. მეგრული ნესვი, რომელიც მთელ შავიზღვისპირეთში მოდის. იმედია, ეს ჯიში ვინმეს ექნება შემონახული. მართალია, სავეგეტაციო პერიოდი ამ ჯიშს ცოტა გრძელი აქვს, 80 დღემდე, მაგრამ მაინც საადრეო ჯიშად ითვლება. ასევე ქართული ჯიშია "მუხიანური", რომელიც ხალხური სელექციით არის გამოყვანილი. იმერეთის რეგიონში, ასევე დასავლეთ საქართველოში ითესებოდა, გარდა ზუგდიდისა და, თუ არ ვცდები, ხობის ზონისა. დასავლეთ საქართველოს ზონიდან ეს ჯიში აქ არ ვარგოდა მხოლოდ. ვფიქრობ, "მუხიანურიც" შენახული ექნება ადგილობრივ მოსახლეობას. არის ხალხი, რომელიც ყველა ჯიშს გულითა და მონდომებით ინარჩუნებს.
- ბატონო მაკარ, ფერმერები როგორ ებრძვით იმ გარემოებას, რომელსაც სოფლის მეურნეობა გთავაზობთ ყოველწლიური გაძვირებით. მაგალითად, ნესვის თესლიც კი, რომელსაც ყოველწლიურად ყიდულობთ, მუდმივად ძვირდება.
- ეს არ არის მარტივი. ბაზრის წინასწარი გათვლაც ჯერ ვერ ვისწავლეთ და მოსავალი ხან იმ რაოდენობით მოგვდის, ვეღარ საღდება. პრობლემებიც მაქვს, წლეულს, მაგალითად, ალაზანი გადმოვარდა კალაპოტიდან და ჩემს ყანაში წყალი მუხლამდე დადგა, ამიტომ ნესვიც ნაწილობრივ გამიფუჭა. ნესვი წყალს ვერ იტანს, მაგრამ ამის გამო გულხელს ხომ არ დავიკრეფ. 1 ჰექტარ ნაკვეთში 32 ტონამდე ნესვი მოვიყვანე. ადრე ბევრად მეტიც მომსვლია, მაგრამ ახლა ასე გამოვიდა.
- ასეთ დროს ხომ არ ზარალობს ფერმერი. მაგალითად, ამ შრომაში ჰექტრიდან რამდენია შემოსავალი, 5 ათასი ლარი თუ უფრო მეტი?
- თვეობით ამხელა შრომასა და ნესვის გამუდმებით მოვლაში მხოლოდ 5 ათასი ლარი რომ რჩებოდეს, მაშინ ნესვს არც მოვიყვანდი. გააჩნია, 10 ათასამდე არის მოგება. თუმცა ესეც არაფერია ოჯახისთვის, თუ სხვა კულტურებისგან შემოსავალი არ დაემატა. ლაგოდეხში არიან ფერმერები, რომლებსაც 5 ჰექტარზეც აქვთ ნესვის პლანტაცია.
- როგორც ვიცი, წლეულს ნესვის რეალიზაცია არ ჭირდა.
- არა, შარშან დიდი რაოდენობით იმპორტი შემოიზიდა და ამის შემხედვარე ხალხმა ნესვი დათესა, მაგრამ ჭარბი მოსავალი მაინც არ არის, ამინდმა კარგად შეგვიწყო ხელი. ისე, რომ იცოდეთ, საქართველოში საუკეთესო ნესვი არა მხოლოდ ლაგოდეხში, არამედ ყვარლის სოფელ ჭიკაანში მოდის. მართლაც თაფლივით ნესვია, რაც საქართველოში ბევრმა იცის და მათ შორის, რეალიზატორებმაც, რომლებიც მაგ ნესვის გამო ჭიკაანში ხშირად სტუმრობენ.