"მთავარია, ადამიანს მეორე ადამიანი იზიდავდეს და მისკენ მიილტვოდეს. გარეგნობასთან ერთად, ადამიანს ხასიათიც უნდა ამკობდეს" - კვირის პალიტრა

"მთავარია, ადამიანს მეორე ადამიანი იზიდავდეს და მისკენ მიილტვოდეს. გარეგნობასთან ერთად, ადამიანს ხასიათიც უნდა ამკობდეს"

"ძალიან ლამაზი ქალებიც მინახავს, რომლებიც საშინელი "სწერვები" იყვნენ" - რა როლს ასრულებს სილამაზე ურთიერთობებში

"სილამაზეა ნიჭი მხოლოდ ხორციელების"-ო - ამბობდა დიდი ნიკოლოზ ბარათაშვილი და ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ყოველ ნაბიჯზე ვრწმუნდებით: ყველა იცნობს გარეგნობით "შეუფერებელ" წყვილებს, რომლებსაც ძალიან კარგი ოჯახები აქვთ და ბედნიერად ცხოვრობენ, მაშინ, როცა ვიზუალურად ლამაზ, მომხიბვლელ ადამიანებს პირად ცხოვრებაში არ უმართლებთ.

რა როლს ასრულებს ოჯახურ და სასიყვარულო ურთიერთობებში ადამიანის ვიზუალური მხარე? - ამ შეკითხვით, ჩვენი საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ ადამიანებს მივმართეთ:

"ლამაზი წყვილი კარგია, მაგრამ ბედნიერებისთვის სულ სხვა რამეა საჭირო"

თამუნა გაბრიელაშვილი:

- მე მიმაჩნია, რომ პირველი შთაბეჭდილება უმნიშვნელოვანესია, ამიტომ, ურთიერთობის საწყის ეტაპზე ადამიანის გარეგნობა გადამწყვეტია. ალბათ, ეს აქსიომაა და ყველანაირ ასაკს ეხება. ადამიანის პიროვნულ თვისებებს და მის ხასიათს, ურთიერთობის მომდევნო ეტაპზე ვაკვირდებით, მაგრამ პირველი ეფექტი სწორედ გარეგნობის დამსახურებაა. ცხადია, როცა უფრო ღრმა ურთიერთობაზე და ოჯახის შექმნაზეა საუბარი, გადამწყვეტი ფაქტორი გარეგნობა არ უნდა იყოს. სერიოზულ ურთიერთობებში გარეგნობა მეორე პლანზე გადადის და სხვა თვისებები უფრო მნიშვნელოვანი ხდება. მართალია, ჩვენი ბებიები ცოლად საერთოდ უცხო ადამიანს მიჰყვებოდნენ, რომლის ხასიათი არ იცოდნენ, მაგრამ ისინი წინასწარ იყვნენ შეგუებული, რომ ვისაც ცოლად გაჰყვებოდნენ, აუცილებლად უნდა შეჰყვარებოდათ. კარგია, რომ ჩვენს დროში ასე არ ხდება და თანამედროვე ახალგაზრდები სულ სხვაგვარად ფიქრობენ: მათ იციან, რომ ადამიანი ჯერ უნდა მოგეწონოს და მერე შეგიყვარდეს, რომ მასთან ოჯახის შექმნასა და სერიოზულ ურთიერთობაზე იფიქრო. რა თქმა უნდა, ოჯახთან და ბედნიერებასთან ვიზუალური მხარე კავშირში არ არის, მაგრამ როდესაც წყვილი შესაფერისია, უფრო ლამაზი დასანახია. მეც ძალიან მომწონს და მიხარია, როცა ლამაზ წყვილს ვხედავ, ასეთ დროს, საქართველოში ამბობენ - ფერი ფერსა, მადლი - ღმერთსაო. დიახ, ლამაზი წყვილი კარგია, მაგრამ ბედნიერებისთვის სხვა რამეებიც არის საჭირო: პატივისცემა, ადამიანობა და ურთიერთგაგება და ა.შ... ალბათ, ყველას ჰყოლია ნაცნობებში ლამაზი წყვილები, რომლებიც ერთმანეთს ძალიან უხდებოდნენ, მაგრამ მათი კავშირი ხანმოკლე აღმოჩნდა. მარტო სილამაზე სერიოზულ ურთიერთობებში ბევრს ვერაფერს წყვეტს.

"სილამაზე პირობითი ცნებაა, ასე რომ... გაუმარჯოს სიყვარულს!"

ნუგზარ ერგემლიძე - მუსიკოსი:

- ეს ძალზე ინდივიდუალური საკითხია: ზოგიერთ კაცს პუტკუნა ქალები მოსწონს, ზოგს - თხელი და გამხდარი. ეგ კი არა, სილამაზეც პირობითი ცნებაა, მაგალითად: ზოგს მერილინ მონროც კი არ მოსწონს, არადა, იყო დრო, როცა მასზე გიჟდებოდნენ. იგივე უნდა ვთქვა ოდრი ჰეპბერნის შესახებაც: ის მილიონობით ადამიანის კერპია, მაგრამ მე ისეთ არსებად მიმაჩნია, რომლის ცოლობაზე კაცი ვერც იფიქრებს. სიყვარული და მოწონება ინდივიდუალური საკითხია და ბევრ რამეზეა დამოკიდებული - ასაკზე, გამოცდილებაზე, პიროვნულ თვისებებზე და ა.შ...

პატარა ბიჭი რომ ვიყავი, ჩვენს კლასში ყველა ბიჭს ერთი ხუთოსანი გოგო უყვარდა და მეც მათ შორის ვიყავი, რადგან ჩვენთვის მაშინ კარგი სწავლა იყო მთავარი კრიტერიუმი. ყველაფერი ჩვენს აღქმაზეა დამოკიდებული: როგორი გემოვნება გვიყალიბდება, როგორ სტანდარტებს გვთავაზობს კინო, ტელევიზია, მედია და ა.შ. მახსოვს, ჩემს ბავშვობაში შედარებით მოსული ქალები იყო მოდაში, მერე სიგამხდრე გახდა სილამაზის ეტალონი, მაგრამ მე ყოველთვის ზომიერი აღნაგობის ქალები მომწონდა - არც მეტისმეტად გამხდარი და არც ძალიან მსუქანი. კაცია და გუნებაო, უთქვამთ - ეს სიტყვები ამ ყველაფერს პასუხობს. მე არ მესმის, როცა ვინმეზე ამბობენ - არც ისე ლამაზიაო, რადგან არავინ იცის, ვისთვის ვინაა ლამაზი და მშვენიერი. როცა ადამიანს ვინმე უყვარს, ის არის მისთვის ყველაზე ლამაზიც და მშვენიერიც.

მთავარია, ადამიანს მეორე ადამიანი იზიდავდეს და მისკენ მიილტვოდეს. ამ საკითხში მარტო გარეგნობა არ არის წამყვანი: ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი - მისი საუბრის მანერა და სტილი, განათლება, საქციელი და სხვ... ახლა, უცბად, ერთი ამბავი გამახსენდა: ცნობილი იუმორისტი იყო - რუსი ებრაელი არკადი რაიკინი და ერთი კარგი სკეტჩი ჰქონდა: პირველი ცოლი ყველაფერზე მეკამათებოდა, რასაც ვეტყოდი, ეს ვერ ავიტანე და დავშორდიო. მერე კი, ცოლად ისეთი მოვიყვანე, რასაც ვიტყოდი, ყველაფერზე აღფრთოვანებით მეთანხმებოდა და პირდაღებული მისმენდაო. პირველად ეს ამბავი ძალიან მომეწონა, მაგრამ ბოლოს მისი სიჩუმეც მომბეზრდა, იმასთანაც ვიჩხუბე და დავშორდითო.

ორი ადამიანის ურთიერთობა დიდი საიდუმლოა, სილამაზეც პირობითი ცნებაა, ასე რომ... გაუმარჯოს სიყვარულს!

"ძალიან ლამაზი ქალებიც მინახავს, რომლებიც საშინელი "სწერვები" იყვნენ"

მზია გეწაძე, მომღერალი:

- ნათქვამია, ლამაზ სხეულში ლამაზი სულიაო და მეც მჯერა, რომ ეს სიმართლეა. გარეგნულ იერს დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ადამიანი შინაგანად როგორიცაა, ეს ყოველთვის გამოსჭვივის მის თვალებში, გამომეტყველებაში, მანერებსა და მიხვრა-მოხვრაში. ქალისთვის გარეგნობას დიდი მნიშვნელობა აქვს, თუმცა, მე მინახავს ძალიან ლამაზი ქალები, რომლებიც საშინელი "სწერვები" იყვნენ და ძალიან ცუდი რამ ჩაუდენიათ. ცხადია, ამ დროს ადამიანის სილამაზე ფასს კარგავს და სადღაც ქრება. ამიტომ, გარეგნობასთან ერთად, ადამიანს ხასიათიც უნდა ამკობდეს. სწორედ პიროვნული ხიბლის ბრალია, რომ ზოგჯერ, ძალიან მოხდენილი, ლამაზი გოგონა ცოლად შეუხედავ ბიჭს მიჰყვება, ან გარეგნულად გამორჩეულ ბიჭს ნაკლებად მიმზიდველი გოგო უყვარდება. მხოლოდ ერთ რამეს ვერ ვიგებ - ამ დროს, მშობლები შვილის ცხოვრებაში რომ ერევიან და არჩევანს უწუნებენ. ის უნდა მიიღო, ვინც შენმა შვილმა აირჩია და პრეტენზიები არ უნდა გამოთქვა. თავის რჩეულს ის უფრო კარგად იცნობს და რადგან აირჩია, ესე იგი, სწორად მოიქცა. ადამიანს ბევრი ისეთი ღირსება აქვს, რომელიც გაცილებით ძვირფასია, ვიდრე მისი სიმაღლე, ან სილამაზე, უფალმა კი, ჩვენზე კარგად იცის, ვინ ვის შეახვედროს და ადამიანის ბედი როგორ გადაწყვიტოს.

ხათუნა ჩიგოგიძე (სპეციალურად საიტისთვის)