"არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო" - კვირის პალიტრა

"არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო"

ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, არაფერი საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა დრო, - ამის შესახებ „საქართველოსთვის“ ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში „ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან მამუკა ხაზარაძესთან და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მან მადლობა გადაუხადა პრეზიდენტს ინიციატივისთვის.

„რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. არ მინდა ბევრ დეტალზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენი მხარიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა დრო, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები, ეს არის, რის გამოც გადაიდო, ჩემი მხრიდან არა“, - განაცხადა გახარიამ.

როგორც ცნობილია, ორბელიანების სასახლეში მისვლამდე, გახარია-ხაზარაძემ პირისპირ შეხვედრა გამართეს. "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია-საქართველოსთვის" ლიდერები პრეზიდენტთან, სალომე ზურაბიშვილთან ერთად გაერთიანების საკითხზე მსჯელობდნენ. ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარტია „გახარია საქართველოსთვის“ და კოალიცია „ძლიერი საქართველო” სადილზე გუშინ საღამოს მიიპატიჟა. პრეზიდენტთან სადილი 15:00 საათზე იყო ჩანიშნული, თუმცა გახარიას თხოვნით, დღეს, 18:00 საათამდე გადაიდო.

IPN