1 000 000 დაღუპული რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - რას აცხადებენ საიდუმლო წყაროები: სტატისტიკად ქცეული უდიდესი ტრაგედია - კვირის პალიტრა

1 000 000 დაღუპული რუსეთ-უკრაინის ფრონტზე?! - რას აცხადებენ საიდუმლო წყაროები: სტატისტიკად ქცეული უდიდესი ტრაგედია

რუსეთ-უკრაინის გაჭიანურებული ომის ფრონტებზე დახოცილ-დაჭრილი რუსებისა და უკრაინელების რაოდენობამ, დაახლოებით, ერთ მილიონ ადამიანს მიაღწია, რაც ძალზე დიდ მსხვერპლს ნიშნავს იმ ორი მეტოქე ქვეყნისათვის, რომელთა დემოგრაფიული მდგომარეობა ომამდეც საკმაოდ არასახარბიელო იყო და ახლა - მით უმეტეს. რუსეთი და უკრაინა ომის მძიმე დემოგრაფიულ შედეგებს სამომავლოდ კიდევ იგრძნობენ“, - წერს ამერიკული გაზეთი „უოლ სტრიტ ჯორნელი“ (The Wall Street Journal) სტატიაში სათაურით - „რუსეთ-უკრაინის ომში დაჭრილ-დაღუპულთა რაოდენობა უკვე მილიონს აღწევს: კიევს და მოსკოვს სამომავლოდ დიდი დემოგრაფიული პრობლემები ელოდებათ“ (ავტორი - ბოიან პანჩევსკი).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

ომში დაღუპულ-დახოცილთა რაოდენობის განსაზღვრა რთული აღმოჩნდა, რადგან არც რუსეთი და არც უკრაინა ცოცხალი ძალის დანაკარგებს ოფიციალურად არ აქვეყნებენ, ხოლო რაც ვრცელდება, არასარწმუნოა და ბევრ ექსპერტში დასახელებული ციფრები უნდობლობას იწვევს.

ორწლინახევრიანი სრულმასშტაბიანი ომის განმავლობაში უკრაინის საბრძოლო დანაკარგები შეიძლება შეფასდეს 80 ათასი დაღუპული და 400 ათასი დაჭრილი სამხედრო მოსამსახურით, ხოლო რუსეთის - 200 ათასი დაღუპულითა და 400 ათასი დაჭრილით.

უკრაინის დანაკარგების დასახელებისას „უოლ სტრიტ ჯორნელი“ იმოწმებს კიევის მთავრობის კონფიდენციალურ შეფასებას, რუსეთის დანაკარგთა რაოდენობის განსაზღვრის საფუძველს კი უცხოეთის დაზვერვის დაუსახელებელი წყაროები წარმოადგენს, თანაც სტატიის ავტორი აღიარებს, სხვადასხვა სადაზვერვო ორგანო რუსეთის მსხვერპლს სხვადასხვანაირად აფასებსო.

ორივე მხარის ოფიციალურმა პირებმა თავიანთი საბრძოლო დანაკარგების რაოდენობა მხოლოდ რამდენჯერმე გააჟღერეს საჯაროდ - უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმდინარე წლის თებერვალში დაასახელა (დაახლოებით, 30 ათასი მოკლული), ხოლო რუსეთმა უკანასკნელად 2022 წლის სექტემბერში (დაახლოებით, 5900 დაღუპული). აქვე უნდა ითქვას, რომ სპეციალისტებმა კიევისა და მოსკოვის მიერ გაჟღერებული ციფრები არასანდოდ ჩათვალეს.

ბრიტანული „ბი-ბი-სი“ და რუსული „მედიაზონა“ („უცხოური აგენტის“ სტატუსით) ომის დაწყებიდანვე შეუდგნენ რუსი სამხედრო მოსამსახურეების დაღუპვის ფაქტების დაფიქსირებას - რომელთა სახელები ღია წყაროებშია გამოქვეყნებული. ბოლო ასეთი ციფრი „მედიაზონამ“ გასულ კვირას, პარასკევს გამოაქვეყნა, რომლის თანახმად, დაღუპული რუსი სამხედროების რაოდენობა 69059 ადამიანს შეადგენს. რა თქმა უნდა, ეს ციფრი არ გულისხმობს ყველა დაღუპულს (დათვლილია მხოლოდ ღია წყაროებში გამოქვეყნებული), ამიტომ შეიძლება მხოლოდ მინიმალურ რაოდენობად ჩაითვალოს.

გარდა ამისა, რუსული გამოცემა „მედუზა“ (რომელიც გამოცხადებულია არა მარტო „უცხოელ აგენტად“, არამედ - „არასასურველ ორგანიზაციადაც“), პერიოდულად აქვეყნებს ომში დაღუპულთა რაოდენობას. 5 ივლისს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დაღუპულთა რაოდენობა 120 ათასს შეადგენს, რაც, ასევე, არ შეესაბამება სინამდვილეს.

როგორც „უოლ სტრიტ ჯორნელის“ ავტორი აღნიშნავს, უკრაინისათვის დანაკარგები უფრო მეტად საგრძნობია, ვიდრე რუსეთისთვის: უკრაინის მოსახლეობა რუსეთის თავდასხმამდე ისედაც სამჯერ ნაკლები იყო. ომმა გამოიწვია ის, რომ უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის ნაწილი ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩა, ხოლო მნიშვნელოვანი რაოდენობა საზღვარგარეთ ლტოლვილის სტატუსით ცხოვრობს.

ამერიკულ გაზეთს ხელში ჩაუვარდა უკრაინის მთავრობის შეფასებები, რომელთა ანალიზიდან გამომდინარეობს, რომ ამჟამად, კიევის მიერ კონტროლირებულ ტერიტორიაზე 25-დან 27 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს. ასევე, სტატიის ავტორი სარგებლობს უკრაინის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის დემოგრაფიისა და სოციალური კვლევების ინსტიტუტის მკვლევრის - ალექსანდრე გლადუნის შეფასებით, რომლის თანახმად, ამჟამად უკრაინის ხელისუფლების კონტროლქვეშ არსებულ ტერიტორიაზე 29 მილიონი ადამიანია დარჩენილი, ომამდე კი - 42 მილიონი იყო.

რაც შეეხება უკრაინის სამოქალაქო მოსახლეობის დანაკარგებს, დაღუპულთა რაოდენობა არსად გამოქვეყნებულა. ორგანიზაცია Human Rights Watch-მა, რამდენიმე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციასთან ერთად, მიმდინარე წლის თებერვალში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ომის დაწყების პირველ თვეებში, მარიუპოლის ალყის დროს, დაახლოებით, 8 ათასი მშვიდობიანი მცხოვრები დაიღუპა. ამჟამად უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის მხვერპლი, სავარაუდოდ, ბევრად უფრო მეტია - ომი ხომ, ძირითადად, უკრაინის ტერიტორიაზე მიმდინარეობს, შესაბამისად, რაც უფრო ინტენსიურია დაბომბვები, ნგრევა და ხანძრები, მით უფრო მეტია მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში.

წყარო