"წითელი ხაზების" კომედია და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე?! - პუტინი ნატოსთან ომით იმუქრება : შეეშინდება თუ არა დასავლეთს - კვირის პალიტრა

"წითელი ხაზების" კომედია და მესამე მსოფლიო ომის დაწყების საფრთხე?! - პუტინი ნატოსთან ომით იმუქრება : შეეშინდება თუ არა დასავლეთს

"ჩვენ შეგვიძლია დავიცვათ ჩვენი ქალაქები რუსული მართვადი ბომბებისგან, თუ ამერიკის ხელმძღვანელობა გადადგამს ნაბიჯს წინ და საშუალებას მოგვცემს გავანადგუროთ რუსული სამხედრო თვითმფრინავები მათ ბაზებში. ეს მყისიერად გამოიღებს ნაყოფს და ჩვენ ველოდებით ამ ნაბიჯს", - უკრაინის პრეზიდენტი ზელენსკი ამ სახის მიმართვებს ყოველკვირეულად უგზავნის თეთრ სახლს.

"წითელ ხაზებთან" დაკავშირებული აბსურდის თეატრი კი დასავლეთის შესრულებით კვლავ გრძელდება - დასავლეთს, უპირველესად კი აშშ-ის ხელისუფლებას არ ჰყოფნის გამბედაობა, რომ მიწოდებული 300 კმ-ზე მფრენი ბალისტიკური რაკეტებისთვის რუსეთის ტერიტორიაზე სამხედრო ობიექტების მიზანში ამოღებაზე კიევს ნებართვა მისცეს. ამერიკელების შემყურე კი ვერც ბრიტანელები და ვერც ფრანგები ვერ ბედავენ უკრაინელებისთვის ფრთოსანი რაკეტების რუსეთისკენ გაშვების ნებართვის გაცემას.

ამის მთავარი მიზეზი კი იმის შიშია, თუ რას მოიმოქმედებს საპასუხოდ რუსეთი, როდესაც ვორონეჟის სამხედრო აეროდრომზე აფეთქებულ, რუსული ბომბდამშენების დამწვარ ნაწილებში ამერიკული ბალისტიკური რაკეტის ფრაგმენტებს ამოიცნობს.

აქამდე დასავლეთს საპასუხო ქმედებებით რუსეთის სხვადასხვა დონის ჩინოვნიკები თუ პროპაგანდისტები აშინებდნენ, თუმცა გასულ კვირას უკვე თავად რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა გაავლო მორიგი "წითელი ხაზი" - რუსულ მიწაზე ამერიკული რაკეტის აფეთქება ნატოსთნ ომის ტოლფასი იქნებაო, დაიმუქრა კრემლის "უხუცესი" ბინადარი.

"ჰაიმარსის" მობილური დანადგარიდან ამერიკული MGM-140 ATACMS-ის ტიპის აერობალისტიკური რაკეტის სტარტი...

მორიგი რუსული "წითელი ხაზის" გავლებაში თვით პუტინი იმიტომ ჩაერია, რომ სწორედ გასული კვირის მიწურულს ვაშინგტონში აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერის შეხვედრისას წყდებოდა ეს მნიშვნელოვანი საკითხი.

ამერიკელი ჩინოვნიკები ბოლო კვირაში ჯიუტად ამტკიცებდნენ, რომ ნაკლები საბრძოლო ეფექტი ექნება 300 კმ-ზე მფრენი დასავლური ბალისტიკური და ფრთოსანი რაკეტების გამოყენებას, რადგან რუსებმა თავიანთი ბომბდამშენები ამ სახიფათო ზონას უკვე განარიდეს, მაგრამ მთლად ასეც არ არის, - 300 კმ-იან ზონაში ჯერაც არის მნიშვნელოვანი სტაციონარული რუსული სამხედრო და ორმაგი დანიშნულების ობიექტები, რომელთა გადატანა, უბრალოდ, შეუძლებელია.

წაიკითხე ვრცლად