"ბოდიში, თქვენ გელით სიკვდილი": ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კიბერდივერსია - „მოსადმა“ „ჰესბოლას“ ჯიბეებში 3 ათასამდე პეიჯერი ერთდროულად აუფეთქა...
წარმოიდგინეთ, ქუჩაში, სადაც ასობით გამვლელი მიდი-მოდის, მოულოდნელად ათობით მათგანს ჯიბეებში ერთდროულად რაღაც უფეთქდებათ, გასისხლიანებული ადამიანები ძირს ეცემიან და შველას ითხოვენ...
სწორედ ასეთი მრავალი ფაქტი დააფიქსირეს ქუჩის სათვალთვალო ვიდეოკამერებმა ლიბანის ბეირუთსა და სირიის დამასკოში, 17 სექტემბერს -საერთო ჯამში, 3 ათასზე მეტი ადამიანი დაშავდა (მათ შორის - ირანის ელჩი ლიბანში), დაიღუპა 16, მათ შორის 9 - ლიბანში და 7 - სირიაში, თუმცა ეს ციფრებიც შეიძლება არ იყოს საბოლოო...
მაინც ისეთი რა აუფეთქდათ ჯიბეებში და თანაც - სამი ათასზე მეტ ადამიანს, რომ მათი ასეთი დაშავება და თვით დაღუპვაც კი გამოიწვია?
ჩვეულებრივი პეიჯერები... თუმცა საიდუმლო „დეტალებით“...
პეიჯერი პერსონალური გამოძახების ელექტრონული მოწყობილობაა, რომლის ეკრანზეც მიღებული ტექსტური შეტყობინება აისახება, მაგრამ თავად პეიჯერს საპასუხო ინფორმაციის გადაცემა არ შეუძლია.
პეიჯერები გასული საუკუნის 90-იან წლებში ძალზე პოპულარული იყო საქართველოშიც, სანამ მასობრივად შემოსულმა მობილურმა ტელეფონებმა პეიჯერები ბოლომდე არ „ჩაძირეს“.
ნუთუ, იმავე ლიბანის ბეირუთსა თუ სირიის დამასკოში ისე ჩამორჩენილია ცხოვრება, რომ ადგილობრივები საქართველოს ვერ „დაეწივნენ“ და ისევ პეიჯერებს იყენებენ მობილურების სანაცვლოდ?
სულაც არა. თანამედროვე კავშირგაბმულობის სისტემებით სავსეა ახლო აღმოსავლეთი, მაგრამ პეიჯერებს იყენებენ „ჰესბოლას“- საერთაშორისო ტერორისტულ ორგანიზაციად მიჩნეული შეიარაღებული დაჯგუფების წევრები მას შემდეგ, რაც 1996 წელს ისრაელის სპეცსამსახურებმა მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობა ჩაუმონტაჟეს და „თავი წააცალეს“ „ჰამასის“ მთავარ ინჟინერ-ამფეთქებელს - იაჰი აიაშას...
მას შემდეგ „ჰესბოლაში“, ისევე, როგორც „ჰამასში“, თვლიდნენ, რომ მართალია, ისრაელის „მოსადმა“ შეძლო შედარებით დიდი გაბარიტების მობილურ ტელეფონში ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება, რომლის ინიცირება დისტანციურად ხდებოდა, მაგრამ ანალოგიურის გაკეთებას ვერ მოახერხებდნენ ბევრად უფრო კომპაქტურ პეიჯერებში და... მწარედ შეცდნენ...
ბეირუთსა და დამასკოში აფეთქებული ყველა პეიჯერი ერთი ტაივანური ფირმის - Gold Apollo-ს მიერაა კონსტრუირებული, თუმცა მათი სერიული აწყობა ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიმდინარეობდა და „ჰესბოლამ“ 5 ათასი ასეთი პეიჯერი შეუკვეთა, რომლებიც ა.წ.-ის თებერვლიდან დაურიგდათ მის წევრებს, ბრძანებების ოპერატიულად მისაღებად.
სავარაუდოდ, ისრაელის „მოსადის“ აგენტებმა ამ პეიჯერების ჯერ კიდევ სერიული წარმოების პროცესში მოახერხეს მათ აკუმულატორებში მძლავრი ბრიზანტური ასაფეთქებელი ნივთიერების პენტაერიტრიტილის ტეტრანიტრატის - PETN (CH2ONO2) 4C-ის შემცველი ფირფიტების ჩამატება, რომელთა მასაც 20-30 გრამი თუ იქნებოდა...
ერთი შეხედვით, ასეთი უმნიშვნელო რაოდენობის მიუხედავად, PETN-ის ასაფეთქებელი ნივთიერება ძალიან მგრძნობიარეა და ტემპერატურის მომატებასთან ერთად, იზრდება მისი დეტონაციის ალბათობაც.
„ჰესბოლას“ მიერ შეძენილ პეიჯერებზე, რომლის აკუმულატორებშიც თავიდანვე ფარულად უკვე იყო მოთავსებული 20-30 გრამი PETN-ი, ერთდროულად მივიდა, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივი, მაგრამ დაშიფრული შეტყობინება, რომელმაც გამოიწვია პეიჯერების აკუმულატორების ტემპერატურის მკვეთრი ზრდა, რამაც თავის მხრივ მოახდინა მათში ფარულად ჩამონტაჟებული PETN-ის ფირფიტების დეტონაცია...
შეეძლო თუ არა „ჰესბოლის“ უსაფრთხოების სამსახურს ამ პეიჯერების ჯერ კიდევ შესყიდვის პროცესში აღმოეჩინა მათში ფარულად ჩამონტაჟებული „ტროას ცხენები“?
ეტყობა არა, რადგან მისმა ჩამდებმა მხარემ, დიდი ალბათობით, სწორედ ისრაელის სპეცსამსახურებმა, გამოიყენეს ულტრათანამედროვე ტექნოლოგია პეიჯერების მინიაკუმულატორების დასანაღმავად...
ისრაელის სპეცსამსახურებმა განახორციელეს ისტორიაში ყველაზე მასშტაბური და ერთდროული კიბერდივერსია, როდესაც პერსონალური ელექტრონული მოწყობილობები გახდა მასობრივი შეტევის წყარო, ადამიანების ფიზიკური დაზიანებების გამოწვევით...
რა მთავარი დასკვნის გამოტანა შეიძლება?
პირველი - დღევანდელ სამყაროში მილიარდობით ადამიანი სულ თან ატარებს ერთ ან რამდენიმე ელექტრონულ მოწყობილობას -სმარტფონებს, სმარტსაათებს, ლეპტოპებს, რომლებშიც, როგორც აღმოჩნდა, თავისუფლად შეიძლება მცირე მასის, მაგრამ ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების ჩამონტაჟება, ამ ელექტრონული მოწყობილობების ჯერ კიდევ წარმოების პროცესში - შესაბამისად, შესაძლებელი ხდება კონკრეტული მფლობელის ან ადამიანების გარკვეული ჯგუფის ფიზიკური დაზიანება/განადგურება დისტანციურად და ერთდროულადაც...
მეორე - თითოეულ ოჯახში ათობით ელექტრონული მოწყობილობა -კომპიუტერები, მტვერსასრუტები, მაცივრები, ტელევიზორები და ა.შ. გამოიყენება, რომლებიც ბევრად უფრო დიდი მოცულობის არიან, მობილურ ტელეფონებთან შედარებით და მათში შესაძლებელია უფრო მეტი მასის ასაფეთქებელი ნივთიერების განთავსება, თავისი დეტონატორით...
მესამე - ისრაელის სპეცსამსახურებმა ამ ყველაზე მასშტაბური კიბერდივერსიით არა მარტო მწყობრიდან გამოიყვანეს „ჰესბოლის“ ასობით ან, შეიძლება, ათასობით წევრი, არამედ - „ჰესბოლას“ ოპერატიული მოქმედებების -ბრძანებების გაცემის საშუალებაც მოუსპეს ანუ ამ სახის კიბერდივერსიით შესაძლებელი ხდება საბრძოლო ოპერაციის დაგეგმვა-განხორციელება მოწინააღმდეგის დანაყოფების პირადი შემადგენლობის მწყობრიდან გამოსაყვანად, თუკი, რა თქმა უნდა, ამ სახით წინასწარ დაინაღმება ის დრონები, რომლებსაც კონკრეტული მებრძოლი მხარე მასობრივად ყიდულობს მესამე ქვეყანაში...
ბეირუთში ჰესბოლას“ წევრის ჯიბეში პეიჯერის აფეთქების ვიდეოკადრები