"თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ბოლოსდაბოლოს შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი - „ნაცები“ და „ქოცები“
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, არსებულ ვითარებაში ოპოზიციური ალიანსი არის ერთადერთი გზა, რომ ქვეყანაში ორპოლუსიანობა დასრულდეს.
მისივე თქმით, ოპოზიციური ძალების გაერთიანება „ძლიერი საქართველოს“ სახით იმ ამომრჩევლებისთვის გააჩენს არჩევანს, ვისაც არც „ნაციონალური მოძრაობა“ და არც „ქართული ოცნება“ აღარ უნდა ხელისუფლებაში.
როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, ახლა ის დროა, პირადი ინტერესები ყველამ გვერდზე გადადოს და ერთმანეთისკენ გადადგას ნაბიჯი, რათა კოალიცია მეტად გაძლიერდეს.
„ახლა არ ვართ ჩვეულებრივ წინასაარჩევნო გარემოში, ქვეყანა არის განსაცდელში, მტრებს უხდიან ბოდიშს, მტრულ სახელმწიფოში, რუსეთში მიგვაქანებენ და ოკუპანტს ეძახიან მეგობარს, კუდს უქიცინებენ და პირდაპირ აანონსებენ, რომ თუ ისინი დარჩებიან მეოთხე ვადით ხელისუფლებაში, ყველას დაიჭერენ. იმას კი არ გვპირდებიან, რომ ან სიმდიდრე გექნებათ, ან ქარხანას ავაშენებთო, როგორც ადრე გვატყუებდნენ. არა, ყველას დაგიჭერთო.
ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა რეალურ განსაცდელშია, ვფიქრობ, რომ ყველას, ვისაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთი გავაძლიეროთ, დავეხმაროთ ერთმანეთს ამათ დამარცხებაში, ყველამ ჩვენი ინტერესები გვერდზე უნდა გადავდოთ და მარტო ქვეყნის წამოვწიოთ წინ. ყველა მხარემ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ერთმანეთისკენ ნაბიჯები გადავდგათ.
რატომ იქნება მიმზიდველი ალიანსი ამომრჩევლისთვის? - ეს იქნება რეალურად ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ძალა, ყველაზე ძლიერი ოპოზიციური კოალიცია. თუ შევძელით და საბოლოოდ ერთმანეთს ხელი ჩამოვართვით, ბოლოსდაბოლოს შევცვლით ქვეყანაში იმ რეალობას, რომ იყო ორი პოლუსი, „ნაცები“ და „ქოცები“. 12 წელია ვისმენთ მათგან ერთმანეთის დამუნათებას. ამოვიდა ყელში, ჩვეულებრივ ადამიანებს, რომლებსაც არც ერთი უნდათ არც მეორე, გაუჩნდათ არჩევანი „ძლიერი საქართველოს“ სახით და უფრო მეტად გამსხვილების შემთხვევაში კიდევ უფრო ომახიანი იქნება ეს ჩვენი არჩევანი“, - განაცხადა ელისაშვილმა.
მისივე თქმით, ბოლო რამდენიმე წელია სალომე ზურაბიშვილი თამაშობს ძალიან მნიშვნელოვან როლს ჩვენი ქვეყნისთვის.
„საერთაშორისო ასპარეზზე რომ სახე შეინარჩუნა ჩვენმა ქვეყანამ, სალომე ზურაბიშვილის ძალისხმევით მოხდა ეს. შესაბამისად, მისი როლი ამ ეტაპზეც სწორია და მნიშვნელოვანია და მისი ღია მხარდაჭერა ჩვენთვის იქნებოდა ერთმნიშვნელოვნად სასურველი და ძალიან საჭირო“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
IPN