ვენახში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - "მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა" - კვირის პალიტრა

ვენახში 38 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს - "მანქანაში იმყოფებოდა, რომელსაც ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა"

დედოფლისწყაროში, სოფელ ქვემო ქედში, ერთ-ერთი ადგილობრივის კუთვნილ ვენახში, 38 წლის მამაკაცის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილი ახალგაზრდა მამუკა წიკლაურია. როგორც მერის წარმომადგენელი სოფელ ქვემო ქედში, ალექსი დოჯურიშვილი ამბობს, მამუკა მათი სოფლელია. ახალგაზრდა კაცს საკუთარ ავტომობილში, იმავე ვენახში მიაგნეს, სადაც ის მეგობრებთან ერთად იყო.

"მამუკა წიკლაურია გარდაცვლილი, ადგილობრივი, თბილისში მუშაობდა, ხელოსანი ბიჭი იყო, 38 წლის. მეგობრის ვენახშია ნაპოვნი მისი ცხედარი, მანქანაში უნახავთ. რთველში ყოფილა მეგობართან, მერე სუფრა გაშლილა იქ და ერთად უქიფიათ ყველას. რაიმე კონფლიქტი არ ყოფილაო, ამბობენ. მისი მეგობარი, ვის ვენახშიც იყო, პირადად არ მინახავს. როგორც ამბობენ, ერთად იქეიფეს და ეტყობა მერე დარჩა მანქანაში. მეორე დღეს ეძებდნენ და უპოვიათ მანქანაში.

სამწუხარო ამბავია. სხვა დეტალებს სამართალდმცავები დაადგენენ, იმათ მიმართეთ. მეტს ვერაფერს გეტყვით. ერთი შემიძლია გითხრათ, რომ როცა იპოვეს მანქანაში ცხედარი, ავტომობილს ფანჯრები ჩაწეული ჰქონდა", - ამბობს მერის წარმომადგენელი.

გამოძიება 115- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდება და ახალგაზრდა კაცის გარდაცვალების დეტალები ექსპერტიზით გაირკვევა. პოლიციაში უკვე იკითხებიან ის პირები, ვინც წინა დღეს მასთან ერთად იმყოფებოდა.

(სპეციალურად საიტისთვის)