სუპერდარტყმა რუსეთზე, რომელმაც 18 მიწისძვრა გამოიწვია და 11 ათასი კაცი თავქუდმოგლეჯილი გააქცია - რა მოხდა დღეს ტვერის ოლქში?!
მსოფლიოს ავტომატურმა სეისმოლოგიურმა სადგურებმა 18 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის ქალაქ ტორეპეცთან, დილის 4 საათიდან დაწყებული, 2,5 საათის განმავლობაში, რიხტერის შკალით 2 და 3,2 მაგნიტუდის სიმძლავრის 18 მიწისძვრა დააფიქსირეს...
ამავე დროს, NASA FIRMS-ის ხანძრების მონიტორინგის ორბიტალური სისტემა იმავე რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის ქალაქ ტორეპეცთან აფიქსირებს ხანძრის ასამდე ძლიერ კერას...
რა ხდება რუსეთის ფედერაციის ტვერის ოლქის ქალაქ ტორეპეცთან, რომელიც ბელარუსის საზღვრიდან 110 კმ-ით, ხოლო მოსკოვიდან კი - 370 კმ-ითაა დაშორებული?
როგორც აღმოჩნდა, ტვერის ოლქის ქალაქ ტორეპეცთან მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 107-ე არსენალს დღეს დილას მასობრივი საჰაერო დარტყმები მიაყენეს უკრაინის უშიშროების სამსახურის, დაზვერვის მთავარი სამმართველოსა და სპეციალური ოპერაციების ძალების კამიკაძე-დრონებმა, რის შემდეგაც აუცილებელი გახდა ამ არსენალიდან დასავლეთით, 3-4 კმ-ში მდებარე 11-ათასკაციანი ქალაქ ტოროპეციდან მოსახლეობის სასწრაფო ევაკუაციის დაწყება...
ასეთი რა აუფეთქეს უკრაინულმა კამიკაძე-დრონებმა რუსეთს, რომ 18 მიწისძვრა გამოიწვია, კოსმოსიდანაც მოჩანს უძლიერესი ხანძრის კერები და თანაც - ათასობით ადგილობრივი მაცხოვრებელი თავქუდმოგლეჯილი გარბის -თავს შველის?
ტვერის ოლქის ქალაქ ტორეპეცთან მდებარე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარი სარაკეტო-საარტილერიო სამმართველოს 107-ე არსენალი ერთ-ერთ უდიდეს საწყობს წარმოადგენს (რაც თანამგზავრული ფოტოებიდანაც კარგად იკითხება) და უკრაინული კამიკაძე-დრონების თავდასხმის მომენტში იქ ინახებოდა Искандер-М-ის, Точка-У-ს და ჩრდილოკორეული KN-23-ის ოპერატიულ-ტაქტიკური სარაკეტო კომპლექსების ბალისტიკური, С-300-ისა და С-400-ის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემების საზენიტო და БМ-21 Град-ის ზალპური ცეცხლის სისტემების უმართავი რაკეტები...
საოლქო მნიშვნელობის ეს რუსული არსენალი პირდაპირი ხაზით 470 კმ-ითაა დაშორებული უკრაინის საზღვრიდან (ჩერნიგოვის ოლქი) და იქ, ზოგიერთი ინფორმაციის თანახმად, არანაკლებ 30 ათასი პირობითი ტონა საბრძოლო მასალა იყო დასაწყობებული, რაკეტების, მართვადი ბომბების, ჭურვებისა თუ ვაზნების სახით, რომლებიც პერიოდულად იგზავნებოდა უკრაინის ფრონტზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მოსამარაგებლად.
შეიძლება ჩაითვალოს, რომ რუსეთის არმიის 107-ე არსენალმა დღეს დილიდან არსებობა შეწყვიტა, არადა მანამდე რუსი სამხედრო ბლოგერები იმით ამაყობდნენ, რომ ამ არსენალს, თითქოს, ბირთვული დარტყმის გაძლებაც კი შეეძლო...
თვითმხილველების მიერ გადაღებულ ვიდოკადრებში მოჩანს 107-ე რუსულ არსენალზე მიმდინარე ძლიერი აფეთქებების სერია, რომლებიც რაღაცით მართლაც წააგავს ბირთვული აფეთქების „სოკოს“- იმედია, რუსი გენერლები ამ არსენალზე ბირთვულქობინიან რაკეტებს არ ინახავდნენ...