პრეანალიტიკის როლი მიკრობიოლოგიაში - ინტერვიუ სპეციალისტთან
პრეანალიტიკა უდიდეს როლს თამაშობს კვლევის საბოლოო შედეგზე - მეტწილად სწორედ მასზეა დამოკიდებული რამდენად სწორად შესრულდება გამოკვლევა. ლაბორატორიული მედიცინის შეცდომების დიდი წილი, 77% პრეანალიტიკური ფაზის დარღვევაზე მოდის.
რას გულისხმობს პრეანალიტიკა და რატომ არის ის მნიშვნელოვანი სწორი პასუხისთვის? - ამ საკითხზე თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელი, მიკრობიოლოგი თინათინ მესხიშვილი საუბრობს.
ქალბატონო თინათინ, რა არის პრეანალიტიკა და რა როლს თამაშობს ის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პროცესში?
პრეანალიტიკა ეს არის პროცესი, რომელიც მოიცავს პაციენტის წინა, მოსამზადებელ პერიოდს საკვლევი ნიმუშის აღების, ტრანსპორტირების და ნიმუშის შენახვის პირობების დაცვით. პრეანალიტიკური ფაზა იწყება პაციენტის სწორად ინფორმირებულობით იმაზე, თუ როგორ უნდა მოემზადოს ამა თუ იმ კვლევის ჩატარებისთვის.
ბაქტერიოლოგიური გამოკვლევების პრეანალიტიკური ფაზის პირველი და მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეხება ყველა ტიპის ბიოლოგიურ ნიმუშებს, არის ნიმუშის აღება ანტიბიოტიკოთერაპიამდე. თუ პაციენტი უკვე იმყოფება ანტიბიოტიკზე, სასურველია, ასეთ დროს ნიმუში ავიღოთ ანტიბიოტიკოთერაპიის დაწყებიდან მინიმუმ 24-სთ-ის გასვლის შემდეგ.
განსხვავდება თუ არა სხვადასხვა ტიპის გამოკვლევებისთვის პრეანალიტიკური ეტაპი?
დიახ, რა თქმა უნდა, განსხვავდება. აუცილებელია დავიცვათ ნიმუშის შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც. მაგალითად, ხახის ნაცხის და ნახველის აღების პრეანალიტიკა განსხვავებულია. ხახის ნაცხის აღების დროს არ არის საჭირო პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურის ჩატარება, ნახველის ჩაბარებისას კი საჭიროა, ჩატარდეს პირის ღრუს ჰიგიენური პროცედურა.
ბიოლოგიური ნიმუშების უმრავლესობა, სასურველია, ლაბორატორიაში მოხვდეს აღებიდან 1-2 სთ-ის განმავლობაში. თუ ამ მონაკვეთში ვერ ხერხდება ტრანსპორტირება, აუცილებელია, დაცული იყოს ტემპერატურული რეჟიმი და მასალა მოთავსდეს სატრანსპორტო კონტეინერში. მაგალითად, შარდის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევის დროს მასალა ლაბორატორიაში მიტანილ უნდა იქნას აღებიდან-1-2 სთ-ის განმავლობაში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის სპეციალისტმა ან 4-8°C-მდე ტემპერატურულ პირობებში უნდა შეინახოს 4 სთ-ის განმავლობაში, ან გადაიტანოს ბორისმჟავიან კონტეინერში.
განსხვავებულია სისხლის, ჩირქოვანი მასალის, სხვადასხვა სახის ბიოლოგიური სითხეების, ფეკალური მასის და ა.შ. შენახვის და ტრანსპორტირების პირობებიც.
თუ არსებობს ისეთი სახის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა, რომლისთვისაც მასალის აღება უშუალოდ ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ უნდა მოხდეს?
დიახ, რა თქმა უნდა. ნიმუშის ასეთ სახეობებს მიეკუთვნება ხახის ნაცხი, ჩირქოვანი მასალა, ზედაპირული ჭრილობის ნაცხები და ა. შ. თუმცა აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მოცემული ნიმუშების აღება შეუძლია ნებისმიერ დატრენინგებულ, სამედიცინო პერსონალს.
გამოკვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დერმატოფიტების გამოვლენის მიზნით, კანის დაზიანებული ზედაპირიდან, თავის არედან და ფრჩხილიდან ნიმუშის სწორად აღება. ამ შემთხვევაში, სასურველია, თუ ეს პროცესი მიკრობიოლოგიური ლაბორატორიის თანამშრომლის მიერ განხორციელდება. ასეთ დროს სწორად უნდა შეფასდეს ნიმუშის აღების ლოკაცია, მასალა აღებისთანავე დაუყოვნებლივ უნდა დაითესოს წინასწარ გამზადებულ შესაბამის სელექტიურ აგარებზე, ასევე, საჭიროა მომზადდეს მიკროსკოპირებისთვის შესაბამისი პრეპარატები. ამ პირობების დაცვა კი მხოლოდ მიკრობიოლოგიურ ლაბორატორიაშია შესაძლებელი.
თქვენ ისაუბრეთ პრეანალიტიკის როლზე მიკრობიოლოგიაში და პაციენტის ინფორმირებულობის აუცილებლობაზე. როგორ ხდება ეს პროცესი თოდუას კლინიკის მიკრობიოლოგიურ განყოფილებაში?
პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, რომ კლინიკას აქვს კომფორტული და პაციენტზე ორიენტირებული სამედიცინო სერვისი. ერთ სივრცეში, კლინიკიდან გაუსვლელად შეუძლია მიიღოს პაციენტმა სხვადასხვა სახის სამედიცინო მომსახურება, მათ შორის ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრი.
პაციენტის პირველადი ინფორმირებულობა ლაბორატორიული კვლევების ჩაბარებასთან დაკავშირებით იწყება მკურნალი ექიმის კაბინეტში. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტი კონსულტაციას იღებს ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტის მიერ, როგორც ადგილზე გასაუბრებით, ასევე, სატელეფონო კომუნიკაციის გზით.
უნდა აღვნიშნო ისიც რომ, ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტების და ხარისხის ჯგუფის მიერ მომზადდა ე.წ. ლაბორატორიული სერვისის მომსახურების გზამკვლევი, რომელიც პაციენტებს შესაძლებლობას მისცემს გაეცნონ ძირითად, მნიშვნელოვან პრეანალიტიკურ საკითხებს და სწორად მოემზადონ სხვადასხვა სახის ბიოლოგიური ნიმუშების ჩაბარებისთვის.
R