"არ მჯერა, რომ გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო - მგონია, რომ არსებობს არაფორმალური გავლენები" - რას ამბობს პრემიერი სანქციებზე
არ მჯერა ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უმეტესობას, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო,- ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა. ირაკლი კობახიძე აშშ-ს სანქციებს არაფორმალურ გავლენებს უკავშირებს.
„არ მჯერა ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უმეტესობას, რომ გუშინდელი გადაწყვეტილება ბაიდენმა მიიღო. მგონია, რომ არსებობს არაფორმალური გავლენები, აქ სიღრმეში არ მინდა შევიდე. ეს არის ჩემი ღრმა რწმენა ისევე, როგორც ქართული საზოგადოების უდიდესი უმრავლესობის და ასეთი რწმენა არის მსოფლიო მასშტაბით ძალიან ფართოდ არის გავრცელებული“, - განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი, მეთიუ მილერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა იმასთან დაკავშირებით, რომ აშშ-ის მიერ საქართველოს ოთხი მოქალაქის, მათ შორის პოლიციის ორი მაღალჩინოსნის სანქცირების გადაწყვეტილება არა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია, არამედ გარკვეულმა ძალებმა მიიღეს.
მეთიუ მილერის განმარტებით, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მსოფლიოს ზოგიერთი ქვეყნისგან განსხვავებით, პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს იღებს დემოკრატიულად არჩეული მთავრობა და არავინ სხვა.
IPN