"მთხოვა არასოდეს დამეწერა, მაგრამ ვერ შევძლებ, რომ არ ვთქვა..." - რას იხსენებენ ნაცნობები კესარია აბრამიძეზე?
თბილისში, ტრანსგენდერი ქალი, მოდელი კესარია აბრამიძე მოკლეს.
არსებული ინფორმაციით, ის დიდ დიღომში, ავთანდილის ქუჩაზე მდებარე მის ბინაში მოკლეს. როგორც ირკვევა, დანაშაული დღეს საღამოს მოხდა, დამნაშავემ კესარიას დანით უამრავი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიმალვაც შეძლო. ძალოვნებისთვის უკვე ცნობილია დამნაშავის ვინაობა. მას უკვე ყველგან ეძებენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში მკვლელობის ფაქტს ადასტურებენ. აცხადებენ, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და მკველის ვინაობა ცნობილია. არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული მოკლულის მეგობარი მამაკაცია, ის ერთ-ერთი ბარის დაცვაში მუშაობდა. შემთხვევის ადგილზე დიდხანს მუშაობდნენ ექსპერტ კრიმინალისტები და სამართალდამცველები.
როგორც ჩანს, ხმაური მეზობელმა გაიგონა და როცა ის ბინაში შევიდა, კესარია უკვე სასტიკად ნაწამები დახვდა. მართალია, სასწრაფოც გამოიძახეს, მაგრამ ქალს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. პირველადი მონაცემებით სასიკვდილო ჭრილობები მას დანით აქვს მიყენებული. ცხედარი ექსპერტიზე გადაასვენეს და ექსპერტები დაადგენენ, თუ რამდენი ჭრილობა მიაყენა მკვლელმა.
ერთი ვერსიით, დამნაშავემ სთორზე დადებული მისი ფოტოს გამო იძია შური. მეორე ვერსიით, მკვლელობის მოტივე ეჭვიანობა იყო.
რა ვერსიებზე მუშაობს გამოძიება და რა გახდა მკვლელობის მიზეზი, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.
სავარაუდოდ, სამართალდმცველები მალე გაავრცელებენ მომხდარზე უფრო დეტალურ ინფორმაციას და მკვლელის დაკავების შემდეგ მეტი დეტალი გაირკვევა.
სოციალური სქელი სავსეა ტკივილიანი სტატუსებით. ამ შემზარავი მკვლელობის გამო ყველა აღშფოთებულია.
კესარია აბრამიძეს ემშვიდობებიან მეგობრები და ნაცნობები.
"ყველაზე მეტად უყვარდა სიცოცხლე, მუდამ ხალისიანი და მოსიყვარულე იყო. რანაირად დავიჯეროთ? მერამდენე ქალი უნდა მოკლან საქართველოში ფსიქოპატებმა????? როდემდე!" - წერს ნინი შერმადინი.
"მთელი ცხოვრება კაცად მიიჩნეოდა, თუმცა მაინც მისი სიცოცხლე ისე შეწყვიტეს, როგორც საქართველოში უმეტესად ქალებს ხოცავენ... არაერთხელ მიფიქრია, ნეტავ მე თუ მეყოფოდა გამბედაობა? მისი სიმამაცე ჩემთვის ნამდვილად შთამბეჭდავი იყო – იცხოვრო, იყო შენი ნამდვილი მე იმ საზოგადოებაში, რომელიც სავსეა ჰომოფობიით და აუტანელი შეუწყნარებლობით. ამ გულწრფელობაში ის იყო ნამდვილი, ძლიერი და თავისუფლების მაგალითი. შესაძლოა, ეს იყო ფემიციდი, ან უბრალოდ, სიძულვილით მოტივირებული მკვლელობა. მაგრამ ის ცხადია, რომ სიძულვილის ყოველდღიურ გაძლიერებას და დანაშაულის დაუსჯელობას ასეთი ტრაგედიები მოჰყვება. დღევანდელი დღე განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა. ვუსამძიმრებ კესარიას ოჯახს და მეგობრებს... სამწუხაროდ, ასეთი მწარე რეალობაა", - წერს თინათინ გოდუაძე.
წყარო ყვება, რომ მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს, შემდეგ კი აივანზე მამაკაცი შენიშნეს, რომელიც სიგარეტს ეწეოდა.
"ამის შემდეგ სახლი დატოვა. მეზობლები თავიდან სახლში შესვლას ვერ ბედავდნენ, თუმცა ერთ-ერთი მაინც შევიდა და კესარია აბრამიძე სისხლის გუბეში დაინახა. სავარაუდოდ, მკვლელმა საძილე არტერია გადაუჭრა".
კიდევ ერთი ახლობელი წერს:
"ძალიან ბევრი თავდასხმა, ლანძღვა და ტკივილი გადაიტანა, მაგრამ მუდამ იღიმოდა. მთხოვა არასოდეს დამეწერა, მაგრამ ვერ შევძლებ რომ არ ვთქვა - ის იყო უსაოცრესი გულის და სულის პატრონი. იმდენ სიკეთეს აკეთებდა ძალიან ჩუმად, უხმაუროდ... მე ადამიანები მიყვარს და არა მათი ტკივილით პოპულარობაო. ერთხელ, ჩემს ერთ ნაცნობს ბავშვის საჭმელი არ ჰქონდა, პოსტი დავდე ამ თემაზე.
1 საათში მწერს, გამარჯობათ, ბოდიში გაწუხებთ 2 თხოვნა მაქვს, ერთი, რომ არ თქვათ ამ თემაზე არასდროს არაფერი და მეორე, იმ ქალბატონის ნომერი ან მისამართი მომცეთო. მესამე დღეს ვიგებ მან 2 თვის სამყოფი პროდუქტი გაუგზავნა, ბავშვისთვის ტანსაცმელი და სოლიდური თანხა. ბევრჯერ გამიმეორა არ მინდა ოდესმე ეს დაწეროთ, რადგან ხალხი მაინც სხვანაირად გაიგებს, მე კი სიკეთეს გულით ვაკეთებო... 2 საათის სქროლვისას ვნახე მისი ფოტო, რომ 2 წელი ვმადავდი შეყვარუბულსო და გამიხარდა, რომ ბედნიერია-თქო. ვთქვი, იპოვა თავისი სიყვარული-მეთქი... ღმერთოოო, ჩემი და მირეკავს - გოგო, გაიგე კესარია აბრამიძე მოუკლავთოო. ვერ დავიჯერე, ვის რას უშავებდი? ვის რა წაართვი, კიდევ არ მჯერა, კესო. ძალიან მენანები რადგან საოცარი ადამიანი იყავი. ბევრისგან ვიცი შენი უანგარო კეთილი გულით ნაკეთები ბევრი საქმე. უსამართლობააა შენი ასეთი გარდაცვალება. ვუსამძიმრებ შენს ოჯახს და შენს მეგობრებს", - წერს ნათია სალაძე.
ჯერ კიდევ აპრილში კესარია აბრამიძე წერდა, რომ ის ძალადობის მსხვერპლი იყო.
"მოგესალმებით, მეგობრებო. თითქმის 2 წელი ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას. აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომვარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ, ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს“, – წერდა კესარია აბრამიძე.
ამ დამნაშავეზე საუბრობდა თუ არა მაშინ კესარია აბრამიძე, თუ ამჯერად ის სხვა პირმა მოკლა ასე სასტიკად, ეს და სხვა დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ბევრი თვლის, რომ ეს იყო ფემიციდის მორიგი შემთხვევა.
ფემიციდი საქართველოს ვერ დაძლეულ სენად ჩამოყალიბდა და მასთან ბრძოლა მხოლოდ განათლებით შეიძლება.განვითარებული გონების მქონე, განათლებული კაცები არ კლავენ ქალებს, არ კლავენ არავის, მით უმეტეს, საკუთარი კომპლექსების დაუძლევლობის გამო", - წერს კიდევ ერთი პირი სოციალურ ქსელში.
ფაქტს გამოეხმაურა სახალხო დამცველიც, ლევან იოსელიანი:
"მინდა მწუხარება გამოვხატო კესარია აბრამიძის შემზარავი მკვლელობის ფაქტის გამო! პირველ რიგში ვუსამძიმრებ ოჯახს და ახლობლებს და იმედს ვიტოვებ, რომ დამნაშავე უმოკლეს ვადებში და უმკაცრესად იქნება დასჯილი, - წერს საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი სოციალურ ქსელში. მისი თქმით, „ეს ფაქტი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სიძულვილისა და გენდერული იდენტობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების მიმართ სამართალდამცავი ორგანოების და საზოგადოების რეაგირება განსაკუთრებით მკაცრი უნდა იყოს“.
პოსტს აქვეყნებს ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია:
"ქალი, რომელმაც შეცვალა ერის მენტალიტეტი, რომლისგანაც პირველად გავიგეთ სიტყვა “ტრანსგენდერი”, რომლის სილამაზეც ყველაზე ბნელმა ჰომოფობებმაც აღიარეს და მიიღეს… და რამდენ ადამიანს გაუმარტივდა ცხოვრება ამის შემდეგ, რამდენმა მოახდინა ღიად აფიშირება საკუთარი იდენტობის, მიიღეს ოჯახებმა, მრავალი სხვა!გოგო, რომელმაც ამდენი იბრძოლა ბედნიერებისთვის, წარმატებისთვის, მიაღწია იმას, რაც ყველაზე მიუწვდომელი და წარმოუდგენელი იყო ამ ქვეყანაში, ამ ადამიანებისთვის - თავისუფლებას! ამდენი რამე აიტანა, ამდენი ტალახი, უმიზეზო ნეგატივი ადამიანებისგან და მაინც ჯიუტად მიიწევდა მიზნისკენ!ვერ წარმოიდგენთ, როგორ მტკივა გული, ვუყურებ უამრავ ფეიჯზე დადებულ მის ფოტოებს და ვერ ვიჯერებ, რომ ეს მებრძოლი და მართლა გამორჩეული ადამიანი აღარ არის!და როგორ მჯეროდა, რომ ის მაინც გაარღვევდა იმ მოჯადოებულ წრეს და დაწერდა ახალ და ბედნიერ ისტორიას, სადაც ტრანსგენდერი ქალები ასე არ ასრულებენ სიცოცხლეს… რატომ, რატომ, რატომ?!!!"
არსებული ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული კესარიას მეგობარი მამაკაცია. სამართალდამცავები ბ.ჯ.-ს ყველგან ეძებენ. ჩვენი ინფორმაციით, ეს სწორედ ის პიროვნებაა, ვისთან ერთადაც რამდენიმე საათის წინ კესარიამ ფოტო გამოაქვეყნა. ბ.ჯ სენაკიდანაა და ცნობილია, რომ ერთ-ერთ ბარის დაცვის თანამშრომელია.კესარია აბრამიძე ჯერ კიდევ აპრილში წერდა, რომ ის ტოქსიკურ ურთიერთობაში იყო და ამის გამო, საქართველოს დატოვება მოუწია. მოგვიანებით, სტატუსი წაშალა...
"მოგესალმებით მეგობრებო თითქმის 2 წელია ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის მსხვერპლი. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილ რთულ სიტუაციას, აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისაუბრებ საჯაროდ ამ თემაზე. არა ძალადობას!
აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა ღუდუშაურში, რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები ჩემთანაც მოხდა ეს" - წერდა აბრამიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროში კესარია აბრამიძის განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. ვნახოთ, რა გაირკვევა გამოძიებით.
(სპეციალურად საიტისთვის)