რატომ არ მუშაობს სანქციები რუსეთის წინააღმდეგ და რა შეცდომას უშვებს დასავლეთი? - ფრანგი ექსპერტების სტატია Le Figaro
ფრანგული გაზეთი „ფიგარო“ (Le Figaro) აქვეყნებს კოლექტიურ სტატიას სათაურით - „ანტირუსული სანქციების ბუმერანგის ეფექტი ანუ მაქს ვებერის დილემა“, რომელსაც ხელს აწერენ ცნობილი ფრანგი პოლიტექსპერტები და ადვოკატები.
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების მომენტიდან, ევროკავშირმა ამოწურა ყველა თავისი რესპრესიული შესაძლებლობები მოსკოვთან მიმართებით, გარდა ნატოს პირდაპირი ჩარევისა, რაც, რა თქმა უნდა, ყველაზე უარესი სცენარის რისკს წარმოადგენს. 14-პაკეტიანი სანქციების მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკა, თუ მას ევროკავშირის ეკონომიკას შევადარებთ, უფრო უკეთეს მდგომარეობაში იმყოფება და 3,2%-იან ზრდას აჩვენებს (რასაც, სხვათა შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდიც აღიარებს).
აშკარად ჩანს, რომ სანქციებმა ომის შეწყვეტა არ გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა, ხელახლა გადავიკითხოთ აშშ-ის კორნელის უნივერსიტეტის პროფესორის, ნიკოლას მალდერის წიგნი სახელწოდებით - „ეკონომიკური იარაღი: სანქციების, როგორც თანამედროვე ომის იარაღის პოპულარობის ზრდა“, რომელშიც გაანალიზებულია ეკონომიკური სანქციების არაფექტიანობა 1930-იანი წლებიდან დღემდე. ავტორის აზრით, რუსეთის შემთხვევა წესებიდან გამონაკლისს არ წარმოადგენს, ყველაფერი ლოგიკურია.
ევროკავშირმა საქნციები შემოიღო რუსეთის ორი ათასამდე კომპანიის, ფიზიკური პირისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ. რასაკვირველია, აგრესიული რეჟიმის მომხრეთა მიმართ სანქციების დაწესება აუცილებელი ზომაა, მაგრამ ბევრ ადრესატს შეზღუდვები ვერაფერს აკლებს. 2024 წელს დასავლეთმა გადაწყვიტა, უკრაინას რუსეთის ცენტრალური ბანკის „გაყინული“ აქტივებიდან პროცენტები ჩაურიცხოს, მაგრამ ქრისტიან ლაგარდმა, ევროკავშირის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, გამაფრთხილებლად განაცხადა, რომ ასეთი გადაწყვეტილება ევროს რეპუტაციას დააზიანებს. ამ თვალსაზრისით საგულისხმო და საყურადღებოა არაბთა გაერთიანებული საემიროების და საუდის არაბეთის ინიციატივა, უარი თქვან დოლარზე, ჩინეთთან და ინდოეთთან ნავთობით ვაჭრობაში.
ჩვენი დემოკრატიის დილემა იმით გამოიხატება, რომ ჩვენ ვცდილობთ, ვისარგებლოთ ექსტერიტორიული დასჯით, აქტივების კონფისკაციით, რომლებიც შესამჩნევ ეფექტს არ იძლევიან და, იმავდროულად, დასავლური სამართლებრივი სისტემის ფუნდამენტის დარღვევის რისკის საფუძველს წარმოადგენენ, კერძოდ, უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დარღვევას, რომელიც გულისხმობს სამართლიანი სასამართლოს უფლებას, დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებების წარდგენას და ქონებრივი უფლებების დაცვას.
ქრისტიან მალდერის გარდა, ევროპული სამართლის ბევრი ექსპერტის აზრით, სანქციები ეწინააღმდეგებიან დემოკრატიულ ფასეულობებს და ძირს უთხრიან დასავლურ სამართლებრივ სისტემას. რუსეთის ელიტის იმედგაცრუებული წარმომადგენლები, რომლებიც დასავლეთში ცხოვრობენ - იქ, სადაც მათ მნიშვნელოვანი ინვესტიციები აქვთ ჩადებული და სადაც ქონების დიდი ნაწილი აქვთ (და ომსაც მხარს არ უჭერდნენ), სულ უფრო ხშირად ბრუნდებიან რუსეთში, იმიტომ, რომ დასავლეთში სანქციების ქვეშ აუტანელ ცხოვრებას რუსული უსანქციო ყოფა ურჩევნიათ. მათთან ერთად რუსეთში ბრუნდება მილიარდობით დოლარი, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება სანქციების შემოღების თავდაპირველ მიზნებს. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ანტირუსულმა სანქციებმა ევროპელი მომხმარებლებისათვის ენერგომატარებლებზე ფასები გაზარდა. სანქციები ხშირად ბუმერანგის როლს ასრულებენ.
ამ მხრივ ერთ-ერთ ნათელ მაგალითს წარმოადგენს „ალფა-ჯგუფის“, მილიარდერ მიხეილ ფრიმანის საქმე, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობდა ლონდონში, მაგრამ ამას წინათ რუსეთში დაბრუნდა. იგი, როგორც უკრაინული ფესვების მქონე პიროვნება, კრემლს ომის დაწყების გამო აკრიტიკებდა, მაგრამ ამის მიუხედავად, ევროპული სანქციების პირველივე ტალღაში მოექცა - რუსეთის არმიის უკრაინაში შეჭრიდან მეოთხე დღეს.
გასული წლის აპრილში ევროკავშირის სასამართლომ მიიღო დადგენილება მიხეილ ფრიმანისა და მისი ბიზნესპარტნიორის - პეტრე ავენის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების გაუქმების დადგენილება, უკრაინის დესტაბილიზებაში მისი ბრალის დამადასტურებელი არასაკმარისი მტკიცებულებების გამო. ეს იმას ნიშნავდა, რომ ისინი სანქციებდადებულთა სიიდან უნდა ამოეღოთ. მაგრამ, ამის მიუხედავად, ბიზნესმენები დღემდე სანქცირებულები არიან. იმიტომ, რომ ევროკავშირმა განაახლა რეპრესიული კრიტერიუმები, რომელთა თანახმად, ნებისმიერი რუსი მეწარმე შემზღუდავი ზომების დაწესებისათვის კანონიერ კანდიდატს წარმოადგენს. არსებითად, ევროკავშირის დღევანდელი მიდგომა კრიმინალად აქცევს სტანდარტულ და სრულიად კანონიერ ქმედებას - ბიზნესის კეთებას და გადასახადების გადახდას, რომელსაც ადრე ევროკავშირის წევრი ქვეყნები ყოველთვის ხელს უწყობდნენ.
რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართული სანქციების უსამართლო ხასიათი და არასაკმარისი მტკიცებულებები ფართო დისკუსიის საფუძველი გახდა. მაგალითად, გაზეთ „პოლიტიკოში“ გამოქვეყნდა სტატია, რომლის თანახმად, ის ფაქტები, რომლებიც რუსი ბიზნესმენების წინააღმდეგ იყო გამოყენებული, ამოღებული იყო სოციალური ქსელებიდან, ბლოგებიდან, ვიკიპედიიდან, ფსევდოსამეცნიერო სტატიებიდან და ა.შ. შესაბამისად, იმის ნაცვლად, რომ არბიტრებს ჭეშმარიტება დაედგინათ, სასამართლოებმაც არ გამოიჩინეს საჭირო სიფრთხილე და გადამოწმების გარეშე დაეთანხმდნენ ევროკავშირის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს.
ყველაზე ცნობილი მაგალითია უზბეკი ბიზნესმენის, ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ მიმართული ხმაურიანი ბრალდება, რომელიც სანქციებისაგან დაზარალდა. მას ვლადიმერ პუტინის მეგობარ ოლიგარქს უწოდებენ, მაგრამ ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ჟურნალმა „ფორბსმა“, რომელმაც ალიშერ უსმანოვის წინააღმდეგ სტატია გამოაქვეყნა, ბრალდება მტკიცებულებებით ვერ დაასაბუთა. ადვოკატების სარჩელით დაწყებული გამოძიება პოზიტიურად დასრულდა: გერმანელმა გამომძიებლებმა ბიზნესმენის დანაშაულებრივი საქმიანობა ვერ გამოავლინეს, თუმცა უსმანოვის ახლობლები, იმის გამო, რომ ისინი ბიზნესმენის ნათესავები არიან, კვლავ სანქციების ქვეშ რჩებიან.
ჩვენ გვეუბნებიან, რომ სანქციების დაწესება სამართლიანია, რომ მილიარდერების ბედზე არ უნდა ვიდარდოთ, რომ აგრესორი ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა გააცნობიერონ თავიანთი მთავრობის ანტიდემოკრატიული ხასიათი, რომ მათ არ უნდა მოიწონონ ტერიტორიული მიტაცებები, რომლებიც საერთაშორისო სამართალს ეწინააღმდეგება. ეს ყველაფერი გასაგებია, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ასეთი მოქმედებით ევროპული სამართლის ფუნდამენტს, ევროპულ სამართლებრივ კულტურას ძირი ეთხრება, რომ ამ დროს პოლიტიკური ასპექტები უფრო პრევალირებს, ვიდრე - სამართლებრივი, ევროპა მკაცრი დილემის წინაშე დგას (თუნდაც რწმენისა და პასუხისმგებლობის ეთიკიდან გამომდინარე - მაქს ვებერის, ცნობილი გერმანელი ფილოსოფოსის, პერიფრაზირებას თუ მოვახდენთ).
ბევრი სანქცია დაუფიქრებელი და გაუაზრებელი, შესაბამისად, წარუმატებელი აღმოჩნდა, რის შედეგადაც რუსეთი გაძლიერდა. გერმანიის განცხადება, რომ ბერლინი ორჯერ შეამცირებს უკრაინისადმი დახმარებას, ძლიერ სიგნალს წარმოადგენს. აქ საკითხი ისე კი არ დგას, რომ დიქტატორ პუტინს დავუძმობილდეთ, არამედ - პრობლემას დიპლომატიური გადაწყვეტილება უნდა მოეძებნოს.