"მოსადის" ზესაიდუმლო ოპერაციის ფიასკო - რატომ აუფეთქეს "ჰესბოლას" პეიჯერები და მობილურები ნაადრევად?! - კვირის პალიტრა

"მოსადის" ზესაიდუმლო ოპერაციის ფიასკო - რატომ აუფეთქეს "ჰესბოლას" პეიჯერები და მობილურები ნაადრევად?!

„მოსადს“ ნაადრევად მოუვიდა „ჰესბოლას“ პეიჯერების მასობრივი აფეთქება -ისრაელი მხოლოდ ეხლა იწყებს დიდ ომს „ჰესბოლასთან“...

ისრაელის სპეცსამსახურები არ დაკმაყოფილდნენ „ჰესბოლას“ მხოლოდ პეიჯერების მასობრივად დისტანციურად აფეთქებებით და 18 აგვისტოს ეს ფართომასშტაბიანი კიბერდივერსია გააგრძელეს პორტატიული რაციების, მობილური ტელეფონების, ლეპტოპების (ანუ სწორედ იმის, რასზეც გუშინდელ ბლოგში ვარაუდს გამოვთქვამდით) და თვით... მოპედებისა და ელექტრომობილების აფეთქებებით...

საერთო ჯამში დღეისათვის დისტანციურად აფეთქებულია „ჰესბოლას“ კუთვნილი 3-ათასამდე პეიჯერი და 500-მდე პორტატიული რაცია, რამაც საერთო ჯამში, 4-ათასზე მეტი ადამიანის დაშავება გამოიწვია, პეიჯერების აფეთქებებს - 16, ხოლო რაციებისას კი - 14 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.

დაშავებულ-დაღუპულთა დიდი ნაწილი „ჰესბოლას“ მებრძოლები იყვნენ (თუმცა, სამწუხაროდ, მშვიდობიანი მოქალაქეებიც, მათ შორის -ბავშვებიც დაზარალდნენ), რაც ისრაელ-არაბების შეუწყვეტელი შეიარაღებული დაპირისპირების ფონზე, შეიძლება შეფასდეს, როგორც ისრაელის სპეცსამსახურების და, პირველ რიგში, „მოსადის“ უდიდეს წარმატებად, რადგან მათ თავიანთი „საიდუმლო იარაღით“ - ელექტრონული გაჯეტების ლითიუმის აკუმულატორებში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობებით, რამდენიმე წამში, ერთდროულად მწყობრიდან გამოიყვანეს ისრაელის ერთ-ერთი შეურიგებელი მტრის -„ჰესბოლას“ რამდენიმე ათასი მებრძოლი...

მაგრამ რეალურად კი ეს ყველაფერი გახდა ისრაელის ზესაიდუმლო ოპერაციის დიდი ფიასკო!

და, აი, რატომ...

ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 20-30-გრამიანი ძლიერი ასაფეთქებელი ნივთიერების მოთავსება ელექტრონული გაჯეტების ლითიუმის აკუმულატორებში, რომელთა მაღალტემპერატურამდე გადაცხელება დისტანციურად გაგზავნილი რადიოსიგნალით ხდებოდა, რის შემდეგადაც მაღალი ტემპერატურის გამომყოფი და ცეცხლწაკიდებული ეს ლითიუმის აკუმულატორები თავად იქცეოდნენ ასაფეთქებელი ნივთიერების დეტონატორად, ნამდვილად იყო ისრაელის სპეცსამსახურების ის ზესაიდუმლო იარაღი, რომლის ამოქმედება ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში უნდა მომხდარიყო ანუ მაშინ, როდესაც ისრაელის „ცახალს“ გადამწყვეტი იერიშები ექნებოდა ქვეყნის ჩრდილოეთი საზღვრიდან ლიბანის სამხრეთ ნაწილისკენ -„ჰესბოლას“ საბრძოლო დანაყოფების გასანადგურებლად...

2-hesb-1726735354.jpg
აფეთქებული პორტატიული რაცია, რომლის დიდი პარტია „ჰესბოლას“ ხელმძღვანელობამ პეიჯერებთან ერთად ამ წლის დასაწყისში შეიძინა...

სწორედ მაშინ, შუა ბრძოლაში, როდესაც „ჰესბოლას“ სამხედრო-პოლიტიკური მეთაურობა ამ პეიჯერებისა და პორტატიული რაციების დიდ იმედზე იქნებოდა, ბრძანებების გადაცემისა და დანაყოფების მართვის პროცესში... ხელში ან ჯიბეში ათასობით „ჰესბოლას“ მებრძოლს მოულოდნელად ერთდროულად აუფეთქდებოდა დანაღმული პეიჯერები და რაციები, რაც გარდა იმისა, რომ მწყობრიდან გამოიყვანდა მათ უმეტეს ნაწილს, სრულიად მოშლიდა „ჰესბოლას“ დანაყოფების მართვას ბრძოლის კრიტიკულ მომენტში...

მაგრამ ასე არ მოხდა, ისრაელის სპეცსამსახურებმა იჩქარეს და ნაადრევად აამოქმედეს თავისი ზესაიდუმლო იარაღი, რამაც ის შედეგი არ გამოიღო, რაც ჩაფიქრებული იყო ამ რთული და, ამასთანავე, ძვირად ღირებული ზესაიდუმლო ოპერაციის დაგეგმვისას...

და ეს ყველაფერი, სავარაუდოდ, იმიტომ მოხდა, რომ „ჰესბოლას“ ორმა წევრმა რაღაც იეჭვა და თავის პეიჯერებში კირკიტი დაიწყო და სანამ მთელი „ჰესბოლა“ გაიგებდა დანაღმული პეიჯერების შესახებ და მათ თავიდან მოიშორებდა, „მოსადმა“ დაშიფრული რადიოგზავნილი გაუგზავნა „ჰესბოლას“ ათასობით დანაღმულ პეიჯერსა და რაციას - "შალომ..."

ისრაელის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა უახლოეს მომავალში მართლაც რომ გეგმავდა საბრძოლო მოქმედებების გადატანას სამხრეთიდან ჩრდილოეთით ანუ ღაზას სექტორიდან ლიბანის სამხრეთ ნაწილში, ამას ადასტურებს ისრაელის თავდაცვის მინისტრის - იოავ გალანტის გუშინდელ საღამოს გაკეთებული უმნიშვნელოვანესი განცხადება - „ვიწყებთ ახალ ფაზას ომში… სიმძიმის ცენტრი გადადის ჩრდილოეთისკენ, ძალებისა და რესურსების გადაადგილების გზით...“

ანუ ისრაელს ისედაც დაგეგმილი ჰქონდა საბრძოლო ოპერაციის დაწყება ქვეყნის ჩრდილოეთი ნაწილიდან ლიბანის სამხრეთისკენ, „ჰესბოლას“ პოზიციებისა და სარაკეტო დანადგარების გასანადგურებლად, რომლის დროსაც „ჰესბოლას“ მებრძოლების ხელში ათასობით დანაღმული პეიჯერისა და რაციის ერთდროული მოულოდნელი აფეთქება „ცახალის“ სარდლობას უდიდეს ოპერატიულ-ტაქტიკურ უპირატესობას მისცემდა, თუმცა ორი „ჰესბოლელის“ პეიჯერში ჩხირკედელაობამ ბევრი რამე თავდაყირა დააყენა...

TOP.GE