ყველაფერი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე - როგორ მოკლეს, რატომ მოკლეს და რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული?! - კვირის პალიტრა

ყველაფერი კესარია აბრამიძის მკვლელობაზე - როგორ მოკლეს, რატომ მოკლეს და რას ამბობს მკვლელობაში ბრალდებული?!

ტრანსგენდერი ქალის, კესარია აბრამიძის ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა და მას საცხოვრებელ ბინაში მალე გადაასვენებენ. წინასწარი ინფორმაციით, მას სხეულზე 20-ზე მეტი ჭრილობა აქვს, დანით მიყენებული. მკვლელობაში ბრალდებული, 26 წლის ბექა ჯაიანი გუშინ სამართალდამცავებმა ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. არსებული ინფორმაციით, ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა. ბექა ჯაიანისთვის აღმკვეთი ღონისძიების საკითხზე, სავარაუდოდ, სასამართლო ხვალ იმსჯელებს. რა ჩვენება მისცა ბრალდებულმა სამართალდამცავებს ან მისცა თუ არა საერთოდ, ეს მოგვიანებით გახდება ცნობილი.

AMBEBI.GE-ის სან­დო წყა­როს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯა­ი­ა­ნი ამ­ტკი­ცებს, რომ მას მკვლე­ლო­ბა წი­ნას­წარ გან­ზრა­ხუ­ლი არ ჰქო­ნია. მისი თქმით, კე­სა­რია აბ­რა­მი­ძე მას ცო­ლად მოყ­ვა­ნას სთხოვ­და, წი­ნა­აღ­მდეგ შემ­თხვე­ვა­ში, ფო­ტო­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბით აშან­ტა­ჟებ­და. მკვლე­ლო­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე სა­ა­თით ადრე კე­სა­რი­ამ მარ­თლაც დადო სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მას­თან ერ­თად გა­და­ღე­ბუ­ლი ფოტო.

screenshot-2024-09-19-111918-1726750257.png

AMBEBI.GE-ს ინფორმაციით, ჯა­ი­ა­ნი ამ­ბობს, - აბ­რა­მი­ძეს­თან ასულ­მა ვნა­ხე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბუ­ლი ფო­ტო­ე­ბი და წყო­ბი­დან გა­მო­ვე­დიო.

სამართალდამცავებს გუშინ ამ უმძიმესი დანაშაულის გახსნა არ გასჭირვებიათ, რადგან შემთხვევის ადგილზე არსებული სათვალთვალო კამერებიდან ნათლად ჩანდა, ბექა ჯაიანი როგორ ჩამოვიდა ტაქსიდან, როგორ შევიდა იქვე, მაღაზიაში, შეიძინა სასმელი და ამის შემდეგ როგორ შევიდა სადარბაზოში და როგორ ელოდებოდა ლიფტს. ამოღებული ვიდეოჩანაწერებში ჩანს მისი იქ მისვლის ზუსტი დროც.

საცხოვრებელ კორპუსთან ჯაიანი 19:00 საათზე მიდის. რამდენიმე წამი ნერვიულად ელოდება ლიფტის ჩამოსვლას, შედის ლიფტში და ადის მერვე სართულზე, სადაც კესარია ცხოვრობდა. შემდეგ, დაახლოებით, 15 წუთში უკვე კიბეებით ჩამორბის და სწრაფად ტოვებს სადარბაზოს. ცნობილია ისიც, რომ მოკლულის მეზობლებმა ყვირილის ხმა გაიგეს. როგორც ჩანს, კესარია აბრამიძე შველას ითხოვდა. ბინაში ერთ-ერთი მეზობელი შევიდა იმის გასარკვევად, თუ რა ხდებოდა იქ და შემზარავი სურათი დახვდა.

277739850-2019110454934505-51531457999187584-n-1726750298.jpg

ახალგაზრდა ქალი მისაღებ ოთახში, დივანთან, ძირს ეგდო და სისხლში ცურავდა, მას სხეულზე უამრავი დაზიანება ჰქონდა მიყენებული. მართალია, სასწრაფო დახმარების ბრიგადა მალე გამოიძახეს და ექიმები მალე მოვიდნენ, მაგრამ კესარია აბრამიძე უკვე გარდაცვლილი იყო. მეზობლებისა და მეგობრების განმარტებით, ბექა ჯაიანი ადრეც ძალადობდა მოკლულზე და ამაზე კესარია მეგობრებთანაც საუბრობდა და სოციალურ ქსელშიც წერდა.

ჟურნალისტი მაია ასათიანი ამბობს, რომ რამდენიმე თვის წინ სწორედ კესარიასგან გაიგო, რომ მას ფიზიკურად გაუსწორდა პარტნიორი. მას ტვინის შერყევა და მრავლობითი დაზიანებებიც ჰქონდა. ჟურნალისტი იმასაც ამბობს, რომ კესარია მასთან შერიგებას არ აპირებდა, რადგან მოკვლის ეშინოდა. სხვა მეგობრებიც ამბობენ, რომ კესარიას მათთანაც უსაუბრია, რომ ფიზიკურად ძალადობდნენ და რომ პარტნიორის ეშინოდა.

"ძალიან აღელვებული და შეძრული ვარ ამ ამბით. პრაქტიკოსი "ქოუჩი" ვარ და როგორც "ქოუჩს", დახმარებისთვის მომმართა. ჩვენი საუბრის დეტალებზე საუბრისგან თავს შევიკავებ, ეს კლიენტის საიდუმლოა. თუმცა გეტყვით, რომ ძალიან ცუდად გრძნობდა თავს. კარგად როცა არიან, ჩემთან არ მოდიან. მარტში მომმართა, საოცარი ადამიანი იყო, კეთილი, თბილი. მას შემდეგ ხშირად გვქონდა საუბრები და ბოლოს მეგონა, რომ დაასრულა ეს ურთიერთობა. მე, ყოველ შემთხვევაში, ასე მითხრა - დავასრულეო. საუბედუროდ, მოძალადეებს არაფერი აკავებთ. ბოლო დღეებში, ერთმანეთის "სთორებზე" სულ გვქონდა რეაქციები და კომენტარებსაც ვუწერდით, მაგრამ პირადად არ დამირეკავს. ძალიან დაკავებული ვიყავი და ვეღარ მოვიკითხე. მეგონა, მოგვარდა პრობლემა. ახლა რატომ გაიმეტა ასე სასტიკად, ამას, ალბათ, გამოძიება დაადგენს. ძალიან მტკივა გული", - ამბობს ჩვენთან საუბარში თეკლა.

430811069-2528312947347584-537265551183224036-n-1726750298.jpg

სასტიკ მკვლელობაში ბრალდებული 26 წლის ბექა ჯაიანი ერთ-ერთი ღამის კლუბის თანამშრომელია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ბექა ჯაიანი სენაკიდანაა, თუმცა ის წლებია, თბილისში ცხოვრობს. მეზობლებისთვის მოულოდნელი იყო მისი დაკავება.

"ბექა ხშირად არ ჩამოდიოდა, არ ვიცი რას საქმიანობდა და რა ურთიერთობა ჰქონდა კესარიასთან. ეს ამბავი წუხელ ტელევიზიით გავიგეთ და ოჯახის წევრებს ვერც ვესაუბრები. წარმოუდგენელია, როგორ შეძლო ასე ადამიანის გამეტება. აქ, სენაკში, ის ცუდ რამეში შემჩნეული არასოდეს ყოფილა. არც ის ვიცოდით, რომ კესარიასთან ჰქონდა ურთიერთობა... ჟურნალისტები რომ მოვიდნენ, ბებიამისი კიოდა - მას არ სჯერა რომ მისმა შვილიშვილმა ასეთი მძიმე დანაშაული ჩაიდინა. გარეთაც არ გამოდის და ამიტომ ვერც ვეკითხებით ვერაფერს", - ამბობს ბექა ჯაიანის მეზობელი.

თავად ბრალდებულის ბებია ჟურნალისტებთან ამბობს, რომ არ სჯერა, მის შვილიშვილს მკვლელობის ჩადენა რომ შეეძლო. ის ცდილობს შვილიშვილის ქმედების გამართლებას და ამბობს, რომ მისი შვილიშვილი იყო კესარიასგან შანტაჟის მსხვერპლი.

"შანტაჟს მოყვა ეს ყველაფერი. ის აშანტაჟებდა... კესო ეუბნებოდა, ცოლად მომიყვანეო. არ მოუკლავს ბექას...”, – ამბობს ბექა ჯაიანის ბებია.

ბექა ჯაიანის ოჯახის წევრები უკვე დაკითხეს სამართალდმცავებმა. ცნობილია, რომ ჯაიანი თბილისში ცხოვრობდა. არსებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძესთან მას ორი წელია, აქვს ურთიერთობა და ამ ორი წლის განმავლობაში არა ერთხელ იყო კესარია ძალადობის მსხვერპლი. ამაზე სოციალურ ქსელში წერდა თავად კესარია:

"მოგესალმებით მეგობრებო, თითქმის 2 წელია, ვიყავი ტოქსიკურ ურთიერთობაში, ხშირად მეკითხებიან, რატომ გავქრი ტელეეკრანებიდან. მიზეზი სწორედ ეს იყო. გაგიკვირდებათ და ვიყავი მანიპულაციის და ძალადობის ქვეშ. მე დავტოვე ქვეყანა სწორედ ამ მიზეზით, რომ თავი დამეღწია შექმნილი რთული სიტუაციიისთვის. აუცილებლად დავბრუნდები და სათანადო ზომებს მივმართავ და აუცილებლად ვისურვებ საჯაროდ ამ თემაზე არა ძალადობას! აქვე მადლობა ჩემს კარის მეზობელს, რომელმაც გადამარჩინა, როცა ბოლოს სახლში მომივარდა, თორემ შეიძლება დღეს ცოცხალიც არ ვყოფილიყავი. სადღაც ერთი თვის წინ ტვინის შერყევით თვითონვე მიმიყვანა "ღუდუშაურში", რაც დაფიქსირებულია ამ კლინიკაში. ამ პოსტს იმიტომ ვწერ, რომ ვიყო სხვა ქალებისთვის მაგალითი და წლები ნუ გაატარებთ მანიპულატორ ნარცის მოძალადესთან! არა ქალთა კვლას, რაც ასე გახშირებულია ჩვენს ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, ფაქტია, რომ ბევრი ქალისთვის სამაგალითო ვარ და უძლიერეს ქალთან ვასოცირდები, ჩემთანაც მოხდა ეს“.

screenshot-2024-09-19-165901-1726750759.png

მეგობრები იმასაც ამბობენ, რომ სთხოვდნენ კესარიას, საერთოდ გაეწყვიტა ურთიერთობა ჯაიანთან, მაგრამ მათი თქმით, არც ჯაიანი ანებებდა თავს და კესარია აბრამიძესაც უყვარდა ის და ამიტომ ხშირად პატიობდა ძალადობას.

"არა მგონია, რომ ფეისბუკზე ფოტოები მასთან შეთანხმების გარეშე დაედო. ვიცი, რომ კესო არ ურიგდებოდა და ის სისტემატურად ურეკავდა და შერიგებას სთხოვდა. ბოლო პერიოდში მართლა იყვნენ დაშორებულები, თუმცა ის ცოლად მოყვანას ჰპირდებოდა. მეგობრები ამ ურთიერთობის წინააღმდეგები ვიყავით, მაგრამ ის არ გვიჯერებდა. ამბობდა, რომ უყვარდა და იმასაც ამბობდა, მოკვლით ვერ მომკლავს, რადგან მასაც ვუყვარვარო. მე ასე ვიცოდი, რომ ბოლო დღეები გაშორებულები იყვნენ. ეტყობა, იქ მოტყუებით მივიდა და ასე სასტიკად მოკლა. ძალიან კეთილი და მიმნდობი იყო კესო. არ ვიცი, რა ვთქვა", - ამბობს მისი მეგობარი.

რატომ არ მიმართა კესარია აბრამიძემ დახმარებისთვის პოლიციას და რატომ არ განაცხადა ძალადობის ფაქტებზე ოფიციალურად, ჯერჯერობით უცნობია.

მკვლელობის შესახებ შსს-ს ოფიციალური ინფორმაცია ასეთია:" გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს დიდ დიღომში ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის „თ“ და „მ“ პუნქტებით მიმდინარეობს, რაც გენდერის ნიშნით განსაკუთრებული სისასტიკით დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს".

ქალთა უფლებების დამცველი, იურისტი ელისო რუხაძე თვლის, რომ კესარიას მკვლელობა ფემიციდად უნდა შეფასდეს.

"კესარია იყო და იქნება ბედნიერებისთვის და თავისუფლებისთვის მებრძოლი ქალის მაგალითი, რომელმაც შეძლო, ყოფილიყო ისეთი, როგორიც თავად სჯეროდა და სურდა. ეს არ აპატია მკვლელმა და "საზოგადოებამ", რადგან კომენტარებს ვკითხულობ და შოკში ვარ. როდესაც ვრცელ პოსტებს ვწერ, სადაც ქალებს მოქმედებისკენ მოვუწოდებ, ვიღაცებს ჰგონიათ, ვიგონებ არარსებულ საფრთხეებს, კესარია უამრავ პლატფორმაზე ამბობდა, რომ მას ემუქრებოდნენ. ვწუხვარ და განვიცდი, საშინელ ხასიათზე ვარ... ქალებო იმოქმედეთ, სანამ დროა! მე მზად ვარ, ყოველთვის ვიბრძოლო თქვენთან ერთად და ქალების, გოგონების უსაფრთხოების და გადარჩენისთვის", - ამბობს ელისო რუხაძე.

საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. სამართალდამცავებმა უკვე დაჰკითხეს იმ ტაქსის მძღოლიც, რომელმაც ბრალდებული მითითებულ მისამართზე მიიყვანა. აქტიურად იკითხებიან მოკლულის მეგობრები. ჯერჯერობით ჟურნალისტებთან კომენტარს არ აკეთებს კესარია აბრამიძის დედა, რომელიც მთელი ღამე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსთან იყო და ექსპერტიზის დასრულებას ელოდებოდა. ვნახოთ, რას იტყვის ოფიციალურად თავად ბრალდებული ამ უმძიმეს დანაშაულზე და აღიარებს თუ არა ის მომხდარს.

დაკავებულის ადვოკატმა, სალომე არდოტელმა განაცხადა, რომ დაკავებულს ოფიციალურად ჩვენება არ მიუცია.

„გასაუბრების შესაძლებლობა მქონდა, თუმცა, კომუნიკაცია, რომელიც ჩვენს შორის შედგა, კონფიდენციალურია. ამ ეტაპზე დუმილის უფლებას იყენებს. ჩვენება არ მიუცია, საქმის მასალებს არ ვიცნობ, ბრალის წარდგენა ხვალ იქნება”, - განაცხადა არდოტელმა.

რაც შეეხება მკვლელობის არაოფიციალურ ვერსიებს, - ერთი ვერსიით, ამ შემზარავი დანაშაულის მიზეზი სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო გახდა, სადაც კესარია აბრამიძე ჯაიანთან ერთად არის გადაღებული. მართალია, კესარიამ ეს ფოტო მალევე აიღო სოციალური ქსელიდან, მაგრამ... მეორე არაოფიციალური ვერსიით, მკვლელობის მიზეზი ეჭვიანობა იყო. კესარია ბექა ჯაიანს არ ურიგდებოდა, რასაც ეს დანაშაული მოჰყვა.