როგორ გაანადგურა "ქართველმა" პალესტინელი "ინჟინერი" - უნიკალური სპეცოპერაცია, რომლის მთავარი იარაღი ტელეფონი იყო
უკანასკნელ დღეებში ლიბანში მომხდარმა აფეთქებებმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, თუ რამდენად მრავალფეროვანი შეიძლება იყოს სპეცსამსახურების მუშაობის სპეციფიკა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: ნებისმიერი ქვეყნის სპეცსამსახური ფიზიკური (ადამიანის ლიკვიდაცია) და გონებრივი (ადამიანით მანიპულირება) ძალადობის პრინციპზეა აგებული და მორალური სენტეციებისგან ძალიან, ძალიან შორს დგას. ეს რეალობაა: მოგვწონს თუ არ მოგვწონს.
დასახული მიზნის მისაღწევად სპეცსამსახური მრავალსვლიან ოპერატიულ კომბინაციებს გეგმავს და მათ განსახორციელებლად ორიგინალურ (ხშირად სრულიად მოულოდნელ) მეთოდებსა და ხერხებს იყენებს. თეორიულად ყველამ იცის, რომ ნებისმიერ საგანში შეიძლება ასაფეთქებელი მოწყობილობის ჩამონტაჟება და მოწინააღმდეგის დროებით მწყობრიდან გამოყვანა ან ლიკვიდაცია, თუმცა ის, რაც უკანასკნელი ორი-სამი დღეა, ლიბანში მასობრივად ხდება, აქამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. ამ მოვლენების უკან სპეცსამსახურები რომ დგანან, საკამათო არაა და არც ისაა ძნელი მისახვედრი, თუ რომელი ქვეყნის.
აქ უფრო გასაოცარია ამ ოპერატიულ-აგენტურული ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების მასშტაბები და შესრულების ტექნიკური მხარე.
არ შევცდები, თუ ვიტყვი, რომ ისრაელის (აბა, უცხოპლანეტელები ჯერ არ ერჩიან „ჰესბოლას“) სპეცსამსახურების (ჩემი აზრით, ეს „მოსადისა“ და „შინ ბეთის“ ერთობლივი "შემოქმედება“ იყო) ოპერაცია რამდენიმე წლის მანძილზე იგეგმებოდა და ხუთი ეტაპისგან შედგებოდა. ჯერ „ჰესბოლას“ ბელადები უნდა დაერწმუნებინათ იმ საფრთხის რეალობაში, რომ მათი მობილური ტელეფონები ისმინება და აუცილებელია ერთი საუკუნის წინანდელი გაჯეტის – პეიჯერის გამოყენება შიდაკომუნიკაციებისთვის; შემდეგ ლეგენდარული ფირმების საშუალებით (მაგალითად, ისეთის, როგორიცაა უნგრეთში რეგისტრირებული BAC Consulting), პეიჯერების შეკვეთა ხელში უნდა ჩაეგდოთ; ამის შემდეგ იყო, ალბათ, ყველაზე რთული ეტაპი: ასეულობით პეიჯერის (შესაძლოა, ასევე, სხვა ელექტრო და საკომუნიკაციო აპარატურის) „ტექნიკური დამუშავება“ – ასაფეთქებელი მოწყობილობის ისე ჩამონტაჟება, რომ აპარატურის პარამეტრები არ დარღვეულიყო და აფეთქებაც მძლავრი ყოფილიყო; შემდეგ ეს პეიჯერები ისე უნდა შეეცურებინათ „ჰესბოლასთვის“, რომ მათ ეჭვის ნატამალიც არ გასჩენოდათ; ბოლო ეტაპზე კი სპეცსამსახურს ერთდროულად უნდა აემოქმედებინა ეს „სიურპრიზები“. რომელიმე ეტაპზე ინფორმაციის გაჟონვა ოპერაციის კრახს და ისრაელის მხილებას გამოიწვევდა. ლიბანში მომხდარმა მოულოდნელმა აფეთქებებმა „შინ ბეთის“ (ისრაელის კონტრდაზვერვა) თითქმის ოცდაათი წლისწინანდელი სპეცოპერაცია გამახსენა, როდესაც ერთმანეთის პირისპირ “ქართველი“ და „ინჟინერი“ იდგნენ. „შინ ბეთმა“ მაშინაც ზემოჩამოთვლილი ხუთი ეტაპი განახორციელა და ოპერაცია „ინჟინრის“ ლიკვიდაციით დასრულდა. ვინ იყო „ინჟინერი“?
ვერავინ წარმოიდგენდა, რომ 1966 წელს, შეძლებულ პალესტინურ ოჯახში დაბადებული და გაზრდილი იაჰია აიაში, რომელმაც კარგი განათლება მიიღო და ინჟინერ-ქიმიკოსის დიპლომიც ჰქონდა, 27 წლის ასაკში „შაჰიდის ქამრების“ მთავარი კონსტრუქტორი და ტერორისტული ორგანიზაცია „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერი გახდებოდა. მას მეტსახელად „ინჟინერი“ შეარქვეს. 1995 წლის შემოდგომისთვის "ინჟინრის" მიერ ისრაელში დაგეგმილი და განხორციელებული ტერაქტების მსხვერპლთა რიცხვმა 60 მოკლულს და 530 დაშავებულს მიაღწია.
"ინჟინერი" – იაჰია აიაში
„შინ ბეთის“ მთავარი ამოცანა "ინჟინრის" ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა და რეალიზაცია გახდა. სიტყვიერი დავალება უშუალოდ ისრაელის პრემიერ-მინისტრისგან მოდიოდა. თუმცა ეს ძალზე რთული შესასრულებელი იყო, რადგანაც „ინჟინერი“ არავის ენდობოდა და სულ ორმა-სამმა ადამიანმა თუ იცოდა მისი ადგილსამყოფელის შესახებ.
1995 წლის შემოდგომის დასაწყისში, ოპერატიული მოქმედებების შედეგად, "შინ ბეთისთვის“ ცნობილი გახდა, რომ იაჰია აიაშის ცოლი, მცირეწლოვან შვილთან ერთად, აპირებდა ღაზაში გადასვლას. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ ისრაელის კონტრდაზვერვაში ივარაუდეს, რომ თავად "ინჟინერიც" ღაზაში იმყოფებოდა და გადაწყდა, რომ ხელი არ შეეშალათ აიაშის ოჯახის ღაზაში შესვლისთვის, პარალელურად კი, მაქსიმალურად გაეფართოებინათ თვალთვალი და ფარული მიყურადება. რამდენიმე კვირის შემდეგ მათ „ინჟინრის“ ადგილსამყოფელიც დაადგინეს და ისიც გაარკვიეს, თუ ვინ იფარავდა მას. ამის შემდეგ დაიწყო მისი ლიკვიდაციის ოპერაციის დაგეგმვა. იმ წლებში ისრაელსა და პალესტინას შორის ფორმალური მშვიდობა იყო, თანაც ღაზას მთლიანად იასერ არაფატის ხალხი აკონტროლებდა და „შინ ბეთისთვის“ მარტივი არ იყო ისრაელის პრემიერ-მინისტრის დავალების შესრულება.
როგორც შემდეგ გახდა ცნობილი, 1995 წლის ნოემბერ-დეკემბრის განმავლობაში „შინ ბეთის“ სპეციალური ჯგუფი დღე და ღამ მუშაობდა "ინჟინრის" ლიკვიდაციის ოპერაციაზე. მასში მონაწილეობდნენ: „შინ ბეთის“ ტექნიკური განყოფილება, ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიის სპეციალისტები, თავდაცვის ინდუსტრიის კონცერნი და ა.შ. იაჰია აიაშის ლიკვიდაციისთვის შემუშავებული ტექნოლოგია იმ დროს მართლაც უნიკალური იყო. ტერორისტს, რომელიც შენიღბვისა და უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს იღებდა, ახლო ნათესავმა იმ დროის უახლესი Motorola-ს Alpha მოდელის მობილური ტელეფონი აჩუქა, რომელიც მეტეხის აგურივით იყო და ოთხას გრამამდე იწონიდა. ამიტომ ტელეფონის კორპუსში ჩამონტაჟებული 15 გრამი პლასტიკური ასაფეთქებელი მოწყობილობა ყველას შეუმჩნეველი დარჩა. „შინ ბეთის“ ოპერატორები ტელეფონს მუდმივად უსმენდნენ და როდესაც ის იაჰია აიაშის ხელში აღმოჩნდებოდა, ასაფეთქებელი მოწყობილობა დისტანციურად გააქტიურდებოდა, აფეთქდებოდა და „ინჟინერი“ თავში სასიკვდილო ჭრილობას მიიღებდა.
Motorola-ს Alpha
თუმცა ამ გეგმის განხორციელებამდე ეს მობილური ტელეფონი „ინჟინრის“ ხელში უნდა აღმოჩენილიყო, რაც არანაკლები სირთულის ამოცანა იყო: ის ხომ არავის ენდობოდა! ამიტომ „შინ ბეთმა“ დაგეგმა მრავალსვლიანი ოპერატიული კომბინაცია, რის შემდეგაც საბედისწერო ტელეფონი „ინჟინრის“ ბავშვობის მეგობრის, სანდო პირისა და მასპინძლის, ვინმე, უსამა ჰამადის საკუთრება გახდა. 1996 წლის 15 იანვარს, დილით, „ინჟინრის“ მამა ცდილობდა შვილთან დარეკვას, თუმცა ე.წ. ქალაქის ტელეფონი გამორთული იყო („შინ ბეთმა“ ამაზეც იზრუნა), ამიტომ მან უსამას მობილურ ტელეფონზე დარეკა, უსამამ „ინჟინერს“ დაუძახა და აპარატი გადასცა. საკმარისი იყო „ჰამასის“ ტერაქტების მთავარ „შემოქმედს“ ერთი ფრაზა ეთქვა ( „გამარჯობა მამა, როგორ ხარ“?), რომ ტელეფონი აფეთქდა და „ინჟინერი“ ადგილზე დაიღუპა: "შინ ბეთმა“ დისტანციურად გაააქტიურა Motorola-ს Alpha-ში ჩამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობა მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ ტელეფონი „ინჟინერს“ ეკავა.
მთელ ამ ოპერაციას ხელმძღვანელობდა „შინ ბეთის“ ერთ-ერთი მაღალი რანგის თანამშრომელი - იცჰაკ ილანი (ქართველი ებრაელი ავთანდილ წიწუაშვილი), რომელსაც ისრაელში მეტსახელად "ქართველი" შეარქვეს და როგორც მისი კოლეგები იხსენებენ, "ქართველი" შიშის ზარს სცემდა ტერორისტებსო. იცჰაკ ილანი (1956–2020) თითქმის ორმოცი წელი ემსახურა ისრაელის თავდაცვისა და უსაფრთხოების საქმეს.
იცჰაკ ილანი (ავთანდილ წიწუაშვილი)
რაც შეეხება იაჰია აიაშის: მის დაკრძალვაზე ასეულ ათასობით პალესტინელი შეიკრიბა და „წამებულ გმირად“ შერაცხეს. 2010 წელს მაჰმუდ აბასის ადმინისტრაციამ, იაჰია აიაშის სახელის უკვდასაყოფად, რამალაში სამთავრობო კვარტალს მისი სახელი უწოდა. „ინჟინერს“ და მის საქმეს არც შემდგომ ივიწყებდნენ. ამ ორი წლის წინ „ ჰამასმა“ გაავრცელა ვიდეო, სადაც ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის ლიდერი ისმაილ ჰანია ტელეფონით ესაუბრება იაჰია აიაშის ქვრივს, უმა ბარას.
ისმაილ ჰანიე ტელეფონით ანუგეშებს „ინჟინრის“ ქვრივს
მაშინ საუბარში ჰანიემ განაცხადა, რომ „ჰამასი“ არასოდეს დაივიწყებს იმ მოწამეების სისხლს, რომლებმაც სიცოცხლე გაწირეს პალესტინის ეროვნული საქმისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი იყო იაჰია აიაში. ჰანიემ ამაყად აღნიშნა, რომ „ინჟინერი“ გახდა არა მხოლოდ პალესტინის წინააღმდეგობის, არამედ - ყველა თავისუფლებისთვის მებრძოლი ადამიანის სიმბოლო. მთელ მსოფლიოში დღეს ათობით თუ არა, ასობით ათას მოზარდს სურს გახდეს „ინჟინერიო” - ასე „დაგვამშვიდა“ ჰანიემ. „ჰამასი“ ცდილობს, იაჰია აიაში ერთგვარ ჩე გევარად წარმოსახოს, რომელიც, თურმე, ტერაქტებით ცდილობდა „საყოველთაო ბედნიერების“ დამყარებას. ამას თავად ისმაილ ჰანიე ვეღარ მოესწრება, რადგანაც 2024 წლის 31 ივლისს ისიც გაუყენეს „ინჟინრის“ გზას. ჯერ კიდევ უცნობია, თუ ვინ და როგორ განახორციელა თეირანში „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს თავმჯდომარის, ისმაილ ჰანიეს ლიკვიდაცია.