Politico-ს სკანდალური სტატია ურსულა ფონ დელ ლაიენზე - "დედოფლიდან იმპერატრიცად: როგორ მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება ურსულა ფონ დერ ლაიენმა"
აშშ-ის გაზეთი „პოლიტიკო“ (Politico) თავის ევროპულ ვერსიაში (რედაქციით ბელგიაში) აქვეყნებს სტატიას სათაურით - „დედოფლიდან - იმპერატრიცად: როგორ მოახერხა ძალაუფლების ხელში ჩაგდება ურსულა ფონ დერ ლაიენმა // უზურპატორის გავლენა იზრდება“ (ავტორები - ბარბარა მუნსი, მაქს გრიერი და ჯაკობო ბარიგაცი). „ურსულა ფონ დერ ლაიენმა, როცა ევროპის კომისიის ახალი შემადგენლობა წარადგინა, იმავდროულად, ვისაც კი ოდნავ ეჭვი დაებადა მისი განახლებული გუნდის მიმართ, ყველას „პირი აუკერა“ და აჩვენა, თუ ვინ არის სიტუაციის ბატონ-ბატრონი ბრიუსელში“, - ნათქვამია პუბლიკაციაში.
გთავაზობთ სტატიას შემოკლებით:
„ურსულა ფონ დერ ლაიენის მიერ საზოგადოებისადმი 26 ახალი კომისრის წარდგენის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მისი ძალაუფლება ევროკავშირის პოლიტიკაზე, პრაქტიკულად, განუზომელი იქნება. მან ევროკავშირის ძლიერი ქვეყნების ინტერესები და სურვილები არ გაითვალისწინა. მოკლედ, უზურპაციამ წარმატებით ჩაიარა.
„იგი ევროკავშირს უფრო მეტად გააკონტროლებს“, - განაცხადა ერთ-ერთმა ბრიუსელელმა ჩინოვნიკმა, ანონიმურად. ოდესმე ვინმე ამას წარმოიდგენდა?“.
ჩვენ მომსწრენი ვართ მრავალთვიანი ღია და ფარული მუშაობის ნაყოფისა, რომელიც ევროკომისიის თავმჯდომარის პოსტზე ურსულა ფონ დერ ლაიენმა განახორციელა, მოწინააღმდეგეების განეიტრალების მიზნით. მის გუნდში, განსხვავებით წინა ოთხწლიანი ყოფნისა, არც ერთი სკეპტიკოსი და საკუთარი აზრის მქონე აღარ დარჩა: ფრანგი ტიერ ბრეტონისა და ჰოლანდიელი ფრანს ტიმერმანსის მსგავსი „მძიმეწონიანი“ ჩინოვნიკების ყოველგვარი კვალი უკვე წაშლილია.
პირველი ვადის დროს ევროკომისიის პრეზიდენტმა, გლობალური პანდემიისა და შიდაევროპული უთანხმოებების ფონზე, იმით გაითქვა სახელი, რომ საკითხებს, ძირითადად, ერთპიროვნულად წყვეტდა, ხშირად თანამდებობრივი გადაჭარბებით და ბევრ ლიდერს გადაწყვეტილების მიღების პროცესთან ახლოს არ აკარებდა, თავისთან დაახლოებული პირების გარდა. ამის გამო მას ზურგსუკან „დედოფალ ურსულას“ ეძახდნენ.
იმ დროს, როცა ურსულა ფონ დერ ლაიენმა თავისი ახალი გუნდის პრეზენტაცია განახორციელა, მას ევროპის პარლამენტის ხელმძღვანელობასთან „უსიამოვნება მოუვიდა“ - უარი თქვა, მათთვის წარედგინა ევროკომისრების კანდიდატურები, დემონსტრაციულად მიატოვა მათთან შეხვედრა, თავისთან გამართა პრესკონფერენცია და ევროკომისრებზე იქ ისაუბრა. მოგვიანებით იგი ევროპარლამენტის „უპატივცემულობაში“ დაადანაშაულეს.
ამ მოვლენამდე რამდენიმე საათით ადრე ურსულა ფონ დერ ლაიენმა საფრანგეთის ლიდერები დაარწმუნა, რომ თუ ისინი შიდაბაზრის საკითხებში ევროკომისრად ეკონომიკის პროფესორის - ტერი ბრეტონის კანდიდატურას აღარ წარადგენდნენ (რომელიც მისთვის „კერკეტ კაკალს“ წარმოადგენდა და ხშირად ეურჩებოდა), სხვა ფრანგს მნიშვნელოვან თანამდებობას მისცემდა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, პარიზი მოატყუა და ხახამშრალი დატოვა - ფრანგმა კანდიდატმა, პირობის მიუხედავად, საკმაოდ უმნიშვნელო პორტფელი მიიღო. „არავის არ უნდა ჰქონდეს იმის იმედი, რომ იგი სამოქმედო სტილს შეიცვლის და უარს იტყვის მკაცრ კონტროლზე. ამაზე ფიქრი სისულელე იქნებოდა“, - ამბობს ერთ-ერთი ევროპელი დიპლომატი.
„თანასწორთა კომისია“ თუ „დაყავი და იბატონე“?!
ევროკომისიის კომისრების რიცხვს ევროკავშირის წევრი ქვეყნების რაოდენობა განაპირობებს: თითო კომისარია ყოველი ქვეყნიდან (გარდა გერმანიისა, რომლის წარმომადგენელი ევროკომისიის თავმჯდომარეა). ფრაუ ურსულა თავის სტრუქტურას „თანასწორთა კომისიას“ უწოდებს: განაცხადა, რომ იერარქიას ასუსტებს და ადრინდელი მკაცრი სქემების დაცვა სავალდებულო აღარ არის, ყველა კომისარი თანაბრად პასუხისმგებელია მის წინაშე. მაგრამ როგორც ევროკავშირის დიპლომატები და თანამდებობის პირები ამბობენ, სინამდვილეში ე.წ. ახალი სქემა ურსულა ფონ დერ ლაიენს შესაძლებლობას მისცემს, განახორციელოს „დაყავი და იბატონეს“ პრინციპი.
ევროკომისიაში ფრაუ ურსულას „ერთგული ნაგაზების“ მოვალეობას შეასრულებენ სლოვაკი მაროშ შეფჩოვიჩი, ლატვიელი ვალდის დომბროვსკისი და ჰოლანდიელი ვოპკე ჰოესტრა. „სწორედ მათ აქვთ დავალებული, რომ თავიანთი კოლეგები „მარწუხებში ჰყავდეთ მოქცეულნი“, - აღნიშნავს ერთ-ერთი დიპლომატი, ანონიმურად.
როგორც ზემოთ ვახსენეთ, ურსულა ფონ დერ ლაიენმა არ დაზოგა თავისი მოკავშირე ემანუელ მაკრონიც კი, რომელიც ამჟამად არცთუ სასიამოვნო სიტუაციაშია, საფრანგეთში არჩევნების შემდგომ შექმნილი პოლიტიკური ვითარების გამო: გერმანელმა ფრაუმ ფრანგი პრეზიდენტი მოხერხებულად გააცურა და ტერი ბრეტონის ნაცვლად, მაკრონის პროტეჟეს - სტეფან სეჟურნეს შედარებით უმნიშვნელო პოსტი შესთავაზა.
„ურსულამ მეტოქე შარლ მიშელი მოიშორა...“
გერმანელი ქალბატონის ძალაუფლებისაკენ სწრაფვა არავის უნდა გაუკვირდეს. ევროკავშირის ძველი ლიდერები აღარ არიან - ისინი ან პოლიტიკიდან წავიდნენ, ან აღარ აქტიურობენ. წარმოქმნილი „სიცარიელე“ ურსულა ფონ დერ ლაიენმა შეავსო. სურათი ასეთია: ემანუელ მაკრონმა სამარცხვინო მარცხი განიცადა, როგორც ევროპარლამენტის, ასევე -თავისივე, ფრანგული ეროვნული კრების არჩევნებში. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი პანიკური შიშით არის შეპყრობილი, საკუთარი გაურკვეველი მომავლის გამო, პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი შიდაპოლიტიკით არის დაკავებული.
„ურსულა ძალაუფლებისათვის ბრძოლაში შეუდარებელია, მას ამ მხრივ ბრძოლას ვერავინ ასწავლის“, - ამბობს კიდევ ერთი ევროპელი დიპლომატი, - "მან კარგად იყნოსა ვაკუუმი, რომელიც ევროპულ დედაქალაქებშია შექმნილი, საერთო ევროპული პოლიტიკის გატარების მიმართ და დრო იხელთა“.
გარდა ამისა, ურსულას ბედმა გაუღიმა, რომ ევროსაბჭოს ხელმძღვანელად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი - ანტონიუ კოშტა იქნა არჩეული. იგი საყოველთაო პატივისცემით სარგებლობს, მაგრამ საკმაოდ რბილი ხასიათის მქონე ადამიანია და გერმანელ მკაცრ ფრაუს წინააღმდეგობას ვერ გაუწევს, განსხვავებით თავისი წინამორბედის - შარლ მიშელისაგან, რომელსაც ურსულა ფონ დერ ლაიენთან ხშირად ჰქონდა უთანხმოება).
თუმცა არის გარკვეული იმედი იმისა, რომ გერმანელი ქალბატონი ვერ შეძლებს ევროპის ერთპიროვნულ მართვას, უახლოესი ხუთი წლის განმავლობაში: მისი გუნდი რომ მუშაობას ოფიციალურად შეუდგეს, ამისათვის ევროკომისიის კომისრებს „მწვანე შუქი“ ევროპარლამენტმა უნდა მისცეს (და რაც სწრაფად მოხდება, მით უკეთესი). ასევე, ურსულა ფონ დერ ლაიენს მოუწევს თავისი გეგმების შესახებ საქმის კურსში ჩააყენოს ევროპელი ლიდერები და მათი ქვეყნების ელჩები ანუ „კარტები გახსნას“, რათა მათ საფულეები ამოიღონ და თანხა უშურველად გამოჰყონ.