რა თქვა ისეთი ლევან ცუცქირიძემ, რომ გახარიამ ეს ხაზარაძესთან საუბარში გაერთიანების ჩაშლის მიზეზად დაასახელა?!
მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას პოლიტიკური გაერთიანების ჩაშლის შემდეგ, ვიხილეთ ჩვეულებრივი ქართულ-„ჯიგრული“ პროცესი ანუ ორივე მხარე ერთმანეთს აბრალებს გაერთიანების ჩაშლას.
მოდით, ვნახოთ, რა თქვა გახარიას პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა:
„ჩვენ პროცესისთვის მომზადებულები მივედით პირად შეხვედრებზე და შემდეგ უკვე პრეზიდენტთან შეხვედრაზეც. ჩვენ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირეთ ჩვენი პოზიცია. პირველივე რაუნდად წოდებული ამ პროცესიდან ბატონმა ხაზარაძემ ითხოვა გარკვეული დრო, რომ თავის მოკავშირეებთან შეეთანხმებინა პარიტეტთან დაკავშირებული საკითხები. როგორც აღმოჩნდა, ეს იყო პირველივე წუთიდან მისთვის მთავარი შესათანხმებელი საკითხი, რომელიც ფაქტია, რომ ამ ეტაპისთვის სამწუხაროდ, მან შეთანხმება ვერ მოახერხა საკუთარ მოკავშირეებთან. დათმობაზე მივდიოდით აბსოლუტურად ყველაფერზე. ჩვენ მზად ვიყავით, რომ პარიტეტის საფუძველზე დაგვეთმო ჩვენი სუბიექტი, ორგანიზაცია, რაც ნიშნავს იმას, რომ ფაქტობრივად ჩვენ ვხდებოდით პარიტეტის საფუძველზე მოკავშირეები ამ ერთიანი პლატფორმის“.
მოდით, ვნახოთ, რას ამბობს მამუკა ხაზარაძე.
„მე ახლაც მზად ვარ, ხელი მოვაწერო თავდაპირველ შეთანხმებას. გახარიას კი ამ შეთანხმების ჩაშლის გამო მოუწევს, თავად აუხსნას ამ პროცესის გულშემატკივრებს, რამ აიძულა უარი ეთქვა ამ ნაბიჯის გადადგმაზე....პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივის კვალდაკვალ ორშაბათს გავაკეთე განცხადება, რომ მე და გიორგი გახარიას პირისპირ დაგვეწყო მოლაპარაკებები იმის მისაღწევად, რომ საქართველომ შეძლოს, დაამარცხოს “ქართული ოცნება” და მიაღწიოს ევროპულ მომავალს. ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე მე გვერდზე გადავდე წარსული რთული ურთიერთობა გიორგი გახარიასთან. ამ მოლაპარაკებებს მოვეკიდე სრული სერიოზულობით იმიტომ, რომ მქონდა და მაქვს ერთადერთი მიზანი - საქართველოს უკეთესი, ევროპული მომავალი! პრზიდენტთან შევთანხმდით კონკრეტულ გეგმაზე, რომელიც კოალიცია „ძლიერ საქართველოს“ და გახარიას პარტიას თანასწორ პირობებში აყენებდა. გეგმის მიხედვით, ჩვენ გავერთიანდებოდით ნომერი 9-ის ქვეშ და დავდებდით პირობას, რომ არასდროს შევუწყობდით ხელს „ქართული ოცნების” მთავრობის შექმნას, დავასრულებდით ანაკლიის პორტის პროექტს დასავლური ინვესტიციებით, რაც შექმნიდა ათასობით სამუშაო ადგილს. ამ ახალი გაერთიანების მართვა ასევე მოხდებოდა სრული პარიტეტით. მე ეს შეთანხმება განვიხილე კოალიციის პარტნიორებთან, მათ კი სრულად დამიჭირეს მხარი. ჩემი მზაობა ხელმოწერასთან დაკავშირებით დავაფიქსირე მედიასთან.
, მზად ვიყავი, პრეზიდენტის რეზიდენციაში ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე. 15:00 საათზე გახარიამ დამირეკა და მითხრა, რომ ის ჩვენს შეთანხმებაზე უარს ამბობდა. მან მაშინვე გაავრცელა განცხადება სოციალურ ქსელში ამის თაობაზე. საღამოს კი პრეზიდენტის წინ უარი განაცხადა გუშინ შეთანხმებულ პირობებზე. მისი მთავარი არგუმენტი, ბატონი ცუცქირიძის მიერ ტელეკომპანია „ფორმულასთვის“ მიცემული ინტერვიუ იყო, რაც ამ მოლაპარეკებებში არასერიოზულად გამოიყურება”.
მოდით, ვნახოთ, რა თქვა ლევან ცუცქირიძემ("ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი სუბიექტის "თავისუფლების მოედნის" ხელმძღვანელი)
„როდესაც ეს კოალიცია შეიქმნა, ვთქვით, რომ ეს კოალიცია უნდა ყოფილიყო ინკლუზიური, მრავალპარტიული, მაგრამ ასევე უნდა ყოფილიყო კოალიცია, რომელიც იქნებოდა პოლიტიკური სპექტრის შუაში, არ იქნებოდნენ წარმოდგენილები არც წინა ხელისუფლებასთან და არც ამჟამინდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებული პოლიტიკური ძალები. თუ ჩვენ ამას ვცვლით, მინდა დარწმუნებული ვიყო, რომ ეს არის სწორი ნაბიჯი. ეს არის ის ასეთი გაერთიანება, რომელიც საქართველოს სწორი მიმართულებით წაიყვანს.
მეორე საკითხი პრაქტიკულია. მიუხედავად იმისა, რომ კარგად ჟღერს გაერთიანება, რამდენადაა ეს გაერთიანება პრაქტიკულად სასარგებლო იმისთვის, რომ მოვახდინოთ გარღვევა ოპოზიციურ ბრძოლის ველზე. გადამწყვეტ წინსვლას მივაღწიოთ ამ ბრძოლაში. მე არ ვამბობ, რომ ან ერთი, ან მეორე სრულიად გამორიცხულია, სერიოზული კითხვები მაქვს. მიმდინარეობს დისკუსია შიგნით“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
კითხვაზე, არიან თუ არა თანახმა, რომ “გახარია საქართველოსთვის” მათ კოალიციას შეუერთდეს, ცუცქირიძე აღნიშნავს, რომ სამუშაო ვარიანტებზე მიმდინარეობს მსჯელობა და კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული.
„მაგიდაზე სამუშაო ვარიანტები დევს, ამ სამუშაო ვარიანტებზე ვმსჯელობთ პრინციპებიდან გამომდინარე. მე მგონია, რომ ეს კოალიცია თუ გააგრძელებს გაფართოებას, ეს არ იქნება გაფართოების დასასრული. ვფიქრობ, კიდევ შემოგვიერთდება ბევრი საინტერესო ადამიანი, ბევრი საინტერესო პოლიტიკური ჯგუფიც“,- აღნიშნა ცუცქირიძემ.
ჩვენ არ ვრაზავთ კარებს არაფრის მიმართ, მაგრამ შეკითხვები გვაქვს, როგორც ღირებულებით ისე პრაგმატულ ნაწილში. ამას დრო სჭირდება. ყველა ამბობს წინასაარჩევნოდ, რომ ის არის ყველაზე მაგარი პოლიტიკური პარტია. თუ ყველა ასეთი მაგარია, გაერთიანების საჭიროება რატომ არის? ბუნებრივია, ყველა ისეთი მაგარი არ არის და გაერთიანების აუცილებლობა არსებობს“.