პოლიციის მაგივრად ბუჩქებში იმალება... (იხილეთ ფოტოფაქტები) - კვირის პალიტრა

პოლიციის მაგივრად ბუჩქებში იმალება... (იხილეთ ფოტოფაქტები)

ბევრი საბუზღუნოს მიუხედავდად, ვაღიარებ, რომ კარგი რამეებიც კეთდება. ერთ-ერთი ასეთი დადებითი მოვლენა ტაიმერიანი შუქნიშნების შემოღებაა.

ამ თემაზე ბუზღუნი აზრდაც არ მომივიდოდა, პირველ ფოტოზე გამოსახული ფაქტი რომ არ შემემჩნია. ჩვენი პრეზიდენტი რომ ტრაბახობს, ადრე პოლიცია ბუჩქებში იმალებოდა და ეხლა ასე აღარ არისო. აგერ ბატონო, შუქნიშნებმა გადაინაცვლა ბუჩქნარში. თან ეს ყოველივე მინდორში, ბალახ-ბულახში კი არ ხდება, - შუქნიშანი შუა ქალაქში, დიდუბეში, ქუთაისის ქუჩაზე არეგულირებს მოძრაობას. უფრო სწორად, ცდილობს ფოთლებიდან რამენაირად მაინც გამოანათოს. მიდი და უმტკიცე პატრულს, ვერ დავინახე საერთოდ თუ ენთო რამე-თქო.

ქუთაისის ქუჩაზე განლაგებულ შუქნიშანზე წითელი ფერი კიდევ ჩანს, მაგრამ მწვანე საერთოდ იკარგება ფოთლებში. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ ეს ფოტო ტროტუარიდან არის გადაღებული. მოძრავი ავტომობილიდან ტაიმერიც ძალიან ცუდად ჩანს...

ამაზე არანაკლებ გაბუჩქული შუქნიშანი მიმასწავლა მეგობარმა ავლაბარში, ქეთევან წამებულის გამზირზე. როგორც მეორე ფოტოზე ხედავთ, ვერ გაიგებ ხემ თავისით მოისხა შუქნიშანი, თუ ”ნორჩი მიჩურინელის” გამრჯე ხელმა დაამყნო.

6 მაისს აჭარაში ბატონმა პრეზიდენტმა ჩითილების მეურნეობა მოინახულა და ძალიანაც მოიწონა. საინტერესოა, ე.წ. ”პრაეზდის” ტრასაზე გაფოთლილი შუქნიშანი რატომ ვერ შეამჩნია. მაგის ამბავი რომ ვიცი უამრავი ახალი იდეა მოუვიდოდა. ისე მეც მაგარი ვარ, ვინ უყურებს ”პრაეზდის” დროს შუქნიშნებს...

სხვათა შორის მარტო შუქნიშნები არ არის ფოთლებში ჩამალული. მესამე ფოტოზე გამოსახული საგზაო ნიშანი წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ჰკიდია. ვინც ამ ადგილს კარგად იცნობს, დამეთანხმება, რომ ამ ქუჩას მიმართულება (ავტომობილების ნაკადის მიმართულებას ვგულისხმობ) ორიოდე თვის წინ შეუცვალეს. ასე რომ, ნიშანი ახალი ჩამოკიდებულია. ადრე ამ ადგილზე ”აგური” ეკიდა და ისიც წარმატებით იმალებოდა მწვანე საფარვლის უკან.

ძალიან მაინტერესებს რა დააკლდებოდა ”აგურის” ჩამომხსნელებსა და ”ცალმხრივი მოძრაობის ისრის” ჩამომკიდებლებს, რომ ერთი სეკატორი აეღოთ და გაესხლათ ტოტები. თუ ეს ”გამწვანების სამსახურის” საქმეა?

საერთოდ არ მაქვს წარმოდგენა, ვის ეხება თბილისურ შუქნიშნებზე ან საგზაო ნიშნებზე ზედამხედველობა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საკმაოდ მსუყებიუჯეტიანი სამსახური უნდა იყოს. ჰოდა მონიტორინგი აამუშავეთ ბატონებო, ჩემს იმედზე როდემდე უნდა იყოთ?

ახლა ადექით, წალდი და სეკატორი მოიმარჯვეთ და მიხედეთ საქმეს.

პ.ს. მინდა დიდი მადლობა გადავუხადო იმ ხალხს ვინც მართლა მომარჯვა წალდი თუ სეკატორი და ჩემი თხოვნა ძალიან ოპერატიურლად შეასრულა. იხილეთ ”ბუზღუნი დამიფასდა - მწვანე შუქიც გამოჩნდა ”

შეიძლება ვცდები, - კომენტარები გვაჩვენებს.

პ.ს. კომენტარებს რაც შეეხება. მადლობა ყველას ვინც არ დაიზარა და ჩემ ნაბუზღუნარს ყურადღება მიაქცია.

კიდევ ერთხელ ვიმეორებ - "ვბუზღუნებ" იმაზე, რაც არასწორად მიმაჩნია და არა იმიტომ, რომ ვინმეს ჯინი მჭირს.

ვიცი რომ ამ ქვეყანაში საბუზღუნო ისევ ბევრია და შეიძლება რამე თვალთახედვიდან გამომრჩეს. ამიტომ მომწერეთ მეილზე თქვენი თემები და მოხარული ვიქნები თუ თქვენს გასაჭირს ან გულისნადებს დღის სინათლეზე გამოვიტან. იქნებ რამეს ეშველოს კიდეც.

ჩემი მისამართია buzguna@palitra.ge