"მიგვაჩნია, რომ მოქმედებებისთვის, რომელიც რუსული პოლიტიკის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა, კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა პასუხი უნდა აგონ"
მიგვაჩნია, რომ ამ ძალიან დამაზიანებელი მოქმედებებისთვის, რომელიც რუსული პოლიტიკის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა, პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა და თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სარგებლობა ყველა იმ სიკეთით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციით, რომელიც მოდის ევროპიდან და ევროკავშირიდან, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც ვიზალიბერალიზაციის შესაძლო შეჩერებაზე გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
მისი თქმით, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ის არასწორი კურსი, რომელსაც „ქართლი ოცნება“ დაადგა და რომელიც საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის სერიოზულ საფრთხეებს ქმნის.
როგორც ნაცვლიშვილი აღნიშნავს, კოალიცია „ძლიერი საქართველო“ ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქართველი ხალხის ვერდიქტით, ხელისუფლება შეიცვალოს და მზად არიან ყველა იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს მოემსახურება.
„ჩვენი, „ძლიერი საქართველოს“ მთავარი ამოცანა იყო, არის და რჩება რუსი ოლიგარქის მმართველობის ცვლილება 26 ოქტომბრის არჩევნებზე და საქართველოს დაბრუნება ევროპული განვითარების გზაზე, რომლის ჩასაკეტად და გასამრუდებლადაც „ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა. მიგვაჩნია, რომ საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად ატარებდეს რეფორმებს ახალი ხელისუფლების პირობებში და ძალიან სწრაფად დაიწყოს მოლაპარაკება [ევროკავშირთან] სრულ გაწევრიანებაზე. მიგვაჩნია, რომ საქართველოს არც ერთ მოქალაქეს არ უნდა შეეზღუდოს წვდომა იმ სიკეთეებზე, რომელიც ევროკავშირიდან მოდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ამ ძალიან დამაზიანებელი მოქმედებებისთვის, რომელიც“ რუსული კანონის“ და რუსული პოლიტიკის მეშვეობით ხელისუფლებამ გაატარა, პასუხი უნდა აგონ კონკრეტულმა მაღალჩინოსნებმა და თანამდებობის პირებმა, ხოლო საქართველოს თითოეულ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, გააგრძელოს სარგებლობა ყველა იმ სიკეთით, მათ შორის, ვიზალიბერალიზაციით, რომელიც მოდის ევროპიდან და ევროკავშირიდან.
მთავარი საკითხი, რომელიც 26 ოქტომბრის არჩევნებზე დგას ეს არის გადავარჩინოთ საქართველოს ევროპული გზა, გადავარჩინოთ ვიზალიბერალიზაციის პროცესი და კიდევ უფრო მეტ სიკეთეზე ჰქონდეთ საქართველოს მოქალაქეებს წვდომა, რომელიც ახლა „ქართლი ოცნების“ დამსახურებით არის შეჩერებული. ამიტომ 26 ოქტომბრის არჩევნებში, სულ რაღაც 36 დღეში, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა, რომ შეცვალოს ის არასწორი კურსი, რომელსაც დაადგა „ქართლი ოცნება“ და რომელიც აზიანებს საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და ქმნის ძალიან სერიოზულ საფრთხეებს საქართველოს თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ, „ძლიერი საქართველო“ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შეიცვალოს ხელისუფლება ქართველი ხალხის ვერდიქტით და იმისთვის, რომ ძალიან სწრაფი მოლაპარაკება დაიწყოს საქართველოს გაწევრიანებაზე. გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ვიზალიბერალიზაცია არ იყოს შეფერხებული. ჩვენ მზად ვართ ყველა იმ ნაბიჯის გადასადგმელად, რომელიც მოემსახურება საქართველოს მოქალაქეების ინტერესებს“, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
"ინტერპრესნიუსი"