პოლიტიკურ "სანტა ბარბარად" ქცეული მესამე ცენტრის ამბავი და სალომე ზურაბიშვილის შეუსრულებელი მისია
„ცუდი ამბავი მოხდა... თუ მზაობა არ ჰქონდათ, სჯობდა, საერთოდ არ დაეწყოთ"... - ამგვარად აფასებს ანალიტიკოსი დავით ზურაბიშვილი კოალიცია "მამუკა ხაზარაძესა და გიორგი გახარიას“ შორის ჩაშლილ შეთანხმებას. შეგახსენებთ, რომ გუშინ მთელი დღე ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების დიდი ნაწილი ხაზარაძისა და გახარიას შეთანხმების მოლოდინში იყო. საღამოს გახარიას გუნდმა გაავრცელა განცხადება, რომ შეთანხმება აღარ შედგებოდა. მიზეზად დაასახელა, რომ მამუკა ხაზარაძემ თავის კოალიციაში შეთანხმებას ვერ მიაღწია. ხაზარაძის განცხადებით კი, შეთანხმება გახარიამ ჩაშალა და მიზეზად "ძლიერი საქართველოსთვის" ერთ-ერთი სუბიექტის, ლევან ცუცქირიძის ინტერვიუ დაასახელა.
რა შეიძლება იყოს შეთანხმების ჩაშლის მიზეზი, რა უნდა გამხდარიყო უთანხმოების საგანი და როგორ შეიძლება დასრულდეს პროცესი? - ამის შესახებ საკუთარ ვერსიას დავით ზურაბიშვილი გვიზიარებს.
- თავიდან „ლელო“ იყო გახარიას პარტიასთან ერთობის წინააღმდეგი, ახლა მამუკა ხაზარაძე გამოხატავს მზაობას, გახარია კი ამბობს, რომ ყველაფერი მორჩა. მე ერთი რამის თქმა შემიძლია - ვინც გახარია-ხაზარაძის შეთანხმება ჩაშალა, ყველა იმსახურებს იმას, რომ მთელი ცხოვრება იცხოვროს ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ქვეშ, ირაკლი კობახიძის პირადი მეთვალყურეობით და მოცალეობის ჟამს - ზარქუას ხუმრობებს ისმენდეს. როგორ შეიძლება ასეთი საჩუქარი მიართვა ხელისუფლებას, რომელიც უკვე ძალიან სერიოზულ პანიკაში იყო, ამას ხომ მოხერხება უნდა?
ცუდი ამბავი მოხდა, ზიანი მიადგა ორივე პარტიას, ასევე - ოპოზიციურ განწყობებსაც. თუმცა ეს ზიანი რომ არ გაღრმავდეს, როგორღაც პოზიტიურ დღის წესრიგზე უნდა გადავიდეთ, თავად ოპოზიციური პარტიები უნდა გადავიდნენ სხვა ეტაპზე. რას ვიზამთ, წავალთ ტრადიციული გზით - გვეყოლება ოთხი ოპოზიციური სუბიექტი და ეჭვი მაქვს, რომ ისინი ერთმანეთის კრიტიკას ისევ გააგრძელებენ.
- მაინც რა შეიძლება გამხდარიყო შეუთანხმებლობის მიზეზი?
- მართლა გაუგებარია, კონკრეტულად რა შეიძლება იყოს შეუთანხმებლობის საგანი. ფაქტი ერთია, გიორგი გახარიას მხრიდან კატეგორიულად აღარ არის თანამშრომლობის სურვილი, „ლელოსგან“ - დეკლარირებულად არის, მაგრამ მის მომხრეებს დიდად არ ეტყობათ გახარიას პარტიასთან ერთობის სურვილი. ზოგადად, ლიდერების - ხაზარაძისა და გახარიას გარდა, არც არავინ არ არის მონდომებული, რომ გაერთიანება შედგეს. მეც ვყოფილვარ პარტიაში და ვიცი, რასაც ნიშნავს ასეთი გაერთიანება. ეს პარტიული აქტივისთვის სასიამოვნო პროცესი ნამდვილად არ გახლავთ, მაგრამ ამ შემთხვევაში, კარგი იქნებოდა, გაეთვალისწინებინათ ქვეყანაში არსებული ექსტრემალური ვითარება - ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ დარჩენამ შეიძლება ყველასთვის მძიმე შედეგები გამოიწვიოს. თუ ამის ნება და მზაობა არ ჰქონდათ, სჯობდა საერთოდ არ წამოეწყოთ ეს პროცესი.
- ორივე პოლიტიკური ძალა საუბრობს იმის შესახებ, რომ შესაძლოა, პარლამენტში გააგრძელონ თანამშრომლობა.
- დიახ, თუ მიეცათ ამის საშუალება. არჩევნების მერე კაცმა არ იცის, რა იქნება. ბიძინა ივანიშვილი იმუქრება, რომ ყველა ოპოზიციურ პარტიას აკრძალავს, მერე გინდ ითანამშრომლონ და გინდ - არა. არ ვიცი, რატომ არის დარწმუნებული ორივე პოლიტიკური ძალა, რომ პარლამენტში მოხვდებიან. შეიძლება მათ ნამდვილად გაზარდეს ელექტორატი, კვლევებიც კარგ შედეგს აჩვენებს, მაგრამ როდესაც გარემო პოლარიზებულია, საარჩევნო ხმები მაინც ორ ყველაზე ძლიერ სუბიექტზე ნაწილდება. გახარია და ხაზარაძე რომ შეთანხმებულიყვნენ, პოლიტიკურ ველზე შეიქმნებოდა მესამე დიდი გაერთიანება, რომელიც, ასევე, ბევრ ხმებს აიღებდა.
- თქვენი ვერსიით, ერთობა ვის უფრო მეტად აძლევდა ხელს?
- ეს ერთობა ყველას ერთნაირად აძლევდა ხელს, ხელისუფლების გარდა, მაგრამ ამას მიხვედრა უნდა. როგორც ჩანს, ეს ბოლომდე ვერც ერთმა პარტიამ ვერ გააცნობიერა. მე არ მჯერა, რომ ამ ორი პარტიის ნების არსებობის შემთხვევაში, რამე მოუგვარებელი საკითხი ყოფილიყო. კი ბატონო, ძალიან მნიშვნელოვანია სია, მენეჯმენტი, მაგრამ როცა საქმე ზეპარტიულ ინტერესებს ეხება, წესით, რაღაცები ორივე მხარეს უნდა დაეთმო.
- როდესაც ამ ორი ძალის პარტიულ აქტივს შორის ასეთი შეუთანხმებლობაა, ხომ არ უნდა ვივარაუდოთ, რომ ერთობა არც მათი ამომრჩევლისთვის იქნებოდა იდეალური ვერსია?
- არა, ეს წინააღმდეგობები, ძირითადად, მაინც პარტიულ აქტივსა და პარტიასთან დაახლოებულ პირებს შორის არის. სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ ამ ორი პარტიის ამომრჩეველთა აბსოლუტური უმრავლესობისთვის ერთობა მისაღები იქნებოდა.
- რჩება განცდა, რომ ამ საქმეში საბოლოო სიტყვა მაინც სალომე ზურაბიშვილმა უნდა თქვას.
- დიახ, ალბათ, უნდა გვითხრას, ბოლოსდაბოლოს, რა მოხდა. ამ საკითხზე ზედმეტი საუბრები და მითქმა-მოთქმა, მთლიან ოპოზიციურ სპექტრს დააზიანებს. ამიტომ აუცილებელიც კი არის, საბოლოო სიტყვა ზურაბიშვილმა თქვას და ამით დაუსვას წერტილი ამ ამბავს.
ხათუნა ბახტურიძე
(სპეციალურად საიტისთვის)
ასევე წაიკითხეთ: რა თქვა ისეთი ლევან ცუცქირიძემ, რომ გახარიამ ეს ხაზარაძესთან საუბარში გაერთიანების ჩაშლის მიზეზად დაასახელა?!