უკრაინისთვის გამოყოფილი 6 მილიარდიანი სამხედრო დახმარება უქმდება?! - საწყობში "ჩაკეტილი" ტანკები და ამერიკული ბიუროკრატიის "თამაშები"
გასაოცარი ამბები ხდება, უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო დახმარების პროცესთან დაკავშირებით... ჯერ იყო და პროტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენების გაჯიუტების გამო, მთელი ნახევარი წლით „გაიყინა“ აშშ-დან უკრაინის არმიისთვის სამხედრო ტექნიკისა და საბრძოლო საჭურვლის გადაცემის პროცესი...
ახლა კი, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტ ბაიდენმა კბილებით გაიტანა 61 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა კიევისთვის, უკრაინის არმიას ამ თანხიდან შეიძლება 5,8 მლრდ დოლარი „გაეყინოს“...
საქმე ის არის, რომ აშშ-ში სექტემბრის თვის ბოლოს სრულდება საფინანსო წელი, პენტაგონმა კი ვერ მოასწრო იმ თანხების ათვისება, რომელიც ამ ეტაპისთვის უკრაინაში გასაგზავნ სამხედრო დახმარებაზე უნდა დახარჯულიყო...
ეს ტენდეცია ბოლო თვეებში აშკარად გამოჩნდა - თუკი გასულ ორ წელში ამერიკული სამხედრო დახმარების თითოეული პაკეტის ღირებულება 600-დან 800 მლნ დოლარამდე მერყეობდა, წელს პენტაგონის მიერ უკრაინაში გაგზავნილი სამხედრო დანიშნულების ტვირთების პაკეტების ღირებულება 125-250 მლნ დოლარს არ აღემატება.
თავად პენტაგონში ამას იმით ხსნიან, რომ აშშ-ს შეიარაღებული ძალების არსენალებიც შესავსებია, ხოლო ქვეყნის სამხედრო მრეწველობა ვერ ასწრებს ერთდროულად სრულად დააკმაყოფილოს, როგორც ამერიკელი, ისე უკრაინელი სამხედროების მოთხოვნებიო...
ამაში სიმართლე ნამდვილად არის, ისევე როგორც იმაში, რომ ამერიკული ბიუროკრატიაც(მათ შორის არა მარტო პენტაგონში) თავისას შვრება-უბრალოდ საინტერესოა, რას იზამდა პენტაგონი,თუკი ფართომასშტაბიან საბრძოლო მოქმედებებში უშუალოდ იქნება ჩართული ისეთ ძლიერ პოტენციურ მოწინააღმდეგებთან, როგორსაც იგივე რუსეთი ან მით უმეტეს ჩინეთი წარმოადგენს?
თავი რომ დავანებოთ ახალწარმოებულ ამერიკულ 155 მმ-იან საარტილერიო ჭურვებს, რომლებიც მართლაც დიდ დეფიციტს წარმოადგენს(რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებამდე აშშ-ში თვეში 15 ათასს ასეთ ჭურვს ამზადებდნენ, რასაც უკრაინელი არტილერისტები ორ დღეში მოიხმარენ. ახლა 40 ათასამდე ავიდნენ, ხოლო მომავალი წლისთვის თვეში 100 ათასი ასეთი ჭურვი უნდა აწარმოონ), უკრაინისთვის გამოყოფილ სამხედრო დახმარების ნუსხაში შედის ის საბრძოლო ტექნიკაც, რომლებიც ჯერ კიდევ პირველი ცივი ომის დროსაა დამზადებული, უმეტესი ნაწილი ამერიკულ საწყობებში ათწლეულებია იმტვერება და მათი უკრაინის ფრონტზე აქამდეც გადასროლა პრობლემა არ უნდა გამხდარიყო...
მეტ-ნაკლებად კვალიფიცირებულ უკრაინელ სამხედრო ექსპერტებს შორის თავისი ინფორმირებულობით გამოირჩევა „საინფორმაციო წინააღმდეგობის“ ჯგუფის სამხედრო-პოლიტიკური მიმომხილველი ალექსანდრ კოვალენკო, რომელიც ძალზე საინტერესო ციფრობრივ შედარებას აქვეყნებს:
- აშშ-ის არმიის არსენალში 8 100 ერთეული სხვადასხვა მოდიფიკაციის ძირითადი საბრძოლო ტანკი M1A1 Abrams-ია,რომელთაგან ექსპლუატაციაში იმყოფება მხოლოდ 2 650 ტანკი. ამერიკამ უკრინას მხოლოდ 31 „აბრამსი“ გადასცა...
- პენტაგონის ბალანსზე 6 200 ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2A2 Bradley-ია, მათგან საბრძოლო დანაყოფების შეირაღებაშია 1 500-მდე. უკრაინის არმიამ დღემდე 300-მდე „ბრედლი“ მიიღო...
- 4 400 ერთეული Stryker-ის ტიპის ჯავშანტრასპორტიორიდან ამერიკული არმია 1 800-ს იყენებს, უკრაინას გადაეცა 189...
- 5 000-მდე მოძველებული მუხლუხებიანი М113 ტიპის ჯავშანტრანსპორტიორიდან პენტაგონმა უკრაინელებს გადასცა 200 ერთეული...
- М1117 ტიპის მსუბუქი ჯავშანტრანსპორტიორის 2 900 ერთეული ირიცხება პენტაგონის ბალანსზე, რომელთაგან 1 800-მდე გამოიყენება. უკრაინას კი გადაეცა 250 ცალი.
- 3 000 ცალი International MaxxPro ტიპის ამერიკული ჯავშანმანქანებიდან უკრაინამ მიიღო 440 ერთეული...
- პენტაგონის არსენალშია Oshkosh L-ATV ტიპის 7 500 ჯავშანმანქანა, რომლებიდანაც უკრაინის არმიას ერთიც არ მიუღია...
როგორც ამბობენ, ნაჩუქარ ცხენს კბილი არ გაესინჯებაო, მაგრამ თუკი ამერიკულმა მხარემ თავის თავზე აიღო აგრესორ რუსეთთან უთანასწორო ბრძოლაში მესამე წელია მყოფი უკრაინელების დახმარება, ხომ შეიძლება ეს სამხედრო დახმარება ასეთი სერიოზული ხარვეზების გარეშე წარიმართოს,რის გამოც ფრონტის ხაზზე უკრაინის დამცველები ეწირებიან?
ზემოთჩამოთვლილი სამხედრო ტექნიკიდან,რომლებიც ათასობითაა დასაწყოებული ამერიკულ სამხედრო ბაზებზე ,ნუთუ ასე უჭირს პენტაგონს საჭირო რაოდენობის დროულად გაგზავნა უკრაინის არმიისთვის?
თავი რომ დავანებოთ „აბრამსის“ ტანკებს(ჯერ რა იყო მხოლოდ 31 „აბრამსის“ გამეტება), ამ ომში ძალზე კარგი საბრძოლო ეფექტიანობა აჩვენეს „ბრედლის“ მოდერნიზებულმა ვარიანტებმა, რომლებითაც უკრაინელი სამხედროები რუსულ ტანკებთან ორთაბრძოლაში ჩართვასაც არ ერიდებიან და ხშირად გამოჰყავთ მწყობრიდან ისინი.
იგივე შეიძლება ითქვას ამერიკულ „სტრაიკერის“ ჯავშანტრასპორტიორებსა თუ „მაქსპროს“ ჯავშანმანქანებზე, რომლებმაც განაპირობეს უკრაინული სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფების სწრაფი შეჭრა რუსეთის კურკის ოლქის სიღრმეში.
ამ ჯავშანტექნიკას ხელახლა წარმოება ხომ არ სჭირდება, ისინი გამზადებული დგანან და რამდენიმე ასეული „ბრედლისა“ და „სტრაიკერის“ დამატებით გაგზავნა უკრაინაში, აშშ-ის არმიის საბრძოლო მზადყოფნას არაფერს დააკლებდა, თანაც იმის ფონზე თუ რამდენი ჯავშანმანქანა დაუტოვა თალიბებს პენტაგონმა ავღანეთიდან აშშ-ის სამხედრო კონტინგენტის დაჩქარებული გამოსვლის შემდეგ...
ერთადერთი გამოსავალი, რომ 5,8 მლრდ დოლარიანი სამხედრო დახმარება უკრაინისთვის არ „გაიყინოს“ სექტემბრის ბოლოს საფინანსო წლის დამთავრებისთანავე, არის აშშ-ის კონგრესის სპეციალური დადგენილების მიღება, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნებამდე დარჩენილ ერთ თვეში, წავლენ კი ამაზე პროტრამპისტი რესპუბლიკელი კონგრესმენები?..