"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და..." - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიაზე - კვირის პალიტრა

"არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და..." - იაგო ხვიჩია ხაზარაძე-გახარიაზე

არ მგონია, რომ ამ პოლიტიკურ ქორწინებაზე ხელი უნდა ჩავიქნიოთ - ჯერ ისევ პოლიტიკური ფლირტაობის პერიოდია და არ არის გამორიცხული, ეს ყველაფერი წარმატებით დასრულდეს, - ასე უპასუხა „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის გაერთიანებასთან დაკავშირებით დაწყებული მოლაპარაკებების ჩაშლის თაობაზე დასმულ კითხვას.

ხვიჩიას თქმით, „როცა მხარეებს ერთმანეთი უნდათ, მაგრამ შუაში ვიღაც ამრევები არიან, ყველაფერი დაძლევადია“.

„ვფიქრობ, რომ „ლელოს“ და ბატონ გიორგი გახარიას რაღაც პატარამ შეუშალა ხელი. დაშლის მერე მიხვდნენ, რომ ეს გამოსასწორებელია და ახლა ორივე ცოტ-ცოტა სინანულშია, რაც იმის საფუძველს გვაძლევს, რომ დარჩენილ დროში ეს პოლიტიკური ნიშნობა წარმატებით დასრულდება.

მთელი ეს სიუჟეტი მძლავრი მელოდრამის სცენარით განვითარდა - თავიდან გიორგი გახარია აქტიურობდა და "ლელოსთან" უნდოდა. "ლელომ", როგორც სჩვევია, თავი შორს დაიჭირა - "უი, როგორ გეკადრებათო" - დაახლოებით ასეთი კომენტარი ჰქონდათ. მერე საქმეში პრეზიდენტი ჩაება და ნელ-ნელა "ლელოც" მოლბა, მაგრამ როგორც ასეთ დროს სჩვევიათ ხოლმე, ერთი დღით დაჰკრა ფეხი და პრეზიდენტის სასახლიდან გაქუსლა. ამ პერიოდში გახარიას „გადაუნდა“ და "ლელოს" მოუნდა. ახლა ამ პროცესში ვართ, მაგრამ მგონია, რომ "ლელოს" ფული ისეთია, რომ თავიდან მოანდომებს გიორგი გახარიას და ყველაფერი კარგად დასრულდება“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

პრეზიდენტის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით გამართული სამდღიანი მოლაპარაკებების შემდეგ, 19 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკურ ჯგუფებს „გახარია საქართველოსთვის“ და „ძლიერ საქართველოს“ შორის გაერთიანებაზე შეთანხმება ვერ შედგა.

"ინტერპრესნიუსი"