"ქორწილის დაგეგმვისთვის ვეღარ მოვიცალეთ... ჯვრისწერის დღეს ტელეეთერში ვიყავი - 6-ის ნახევარზე ავდექი, ეთერის დასრულების შემდეგ შინ მივედი, თეთრი კაბა ჩავიცვი და მცხეთაში წავედი" - კვირის პალიტრა

"ქორწილის დაგეგმვისთვის ვეღარ მოვიცალეთ... ჯვრისწერის დღეს ტელეეთერში ვიყავი - 6-ის ნახევარზე ავდექი, ეთერის დასრულების შემდეგ შინ მივედი, თეთრი კაბა ჩავიცვი და მცხეთაში წავედი"

ტელეწამყვანი თაკო კორინთელი წელს მეუღლეზე "მეორედ დაოჯახდა":

ოფიციალური ხელმოწერიდან რამდენიმეწლიანი თანაცხოვრების მერე, წყვილმა გასულ ზაფხულს ჯვარი დაიწერა, თუმცა მათ ცხოვრებაში დაოჯახების ცერემონია მხოლოდ 2 ეტაპით არ დასრულებულა...

- თაკო, როგორ ხარ?

- არაჩვეულებრივად. ამჟამად ჩაქვში ვიმყოფები, ჩემს დიდ ოჯახთან ერთად. დროს მშვენივრად ვატარებთ მე, დედა, დეიდა, დედამთილი, მაზლი, მეუღლე და ჩემი ძაღლი (იღიმის).

- ხშირად ხდება, როცა თითქმის მთელი ოჯახი ერთად ისვენებთ?

- ქალაქგარეთ წელიწადში ორჯერ მაინც გავდივართ. მაგალითად, წელს ისე მოხდა, რომ ზამთარშიც, შობის დღესასწაულზეც ერთად ვიყავით (ჩემს სოფელში), ზაფხულობით კი - მე და ჩემმა ქმარმა ტრადიციად ვაქციეთ, რომ ყველამ ერთად ზღვაზე დავისვენოთ.

- ოჯახურ გარემოში როგორ ისვენებ?

- მე ხელს არ ვანძრევ (იცინის), მით უმეტეს, რომ დედაჩემი აქ არის. ასეთ შემთხვევაში, არაფერი მევალება. დილით გაღვიძებულს ყავა მხვდება... ფეხი ფეხზე მაქვს გადადებული.

- გასულს ზაფხულს ჯვარიც დაიწერე, არა?

- დიახ. 4-5 წლის წინ, მე და ჩემმა მეუღლემ ხელი მოვაწერეთ, ახლა კი ჯვარი დავიწერეთ. ჯვრისწერას და ქორწილს ერთად ვგეგმავდით, მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩვენი ქორწინება 3 ეტაპად დავყავით - დიდი ქორწილი მერე გვექნება... რეალურად, დიდი ქორწილის გადახდა გვინდოდა. თავის დროზე, ხელიც უცებ მოვაწერეთ, რადგან ვფიქრობდით, ჯვრისწერა და დიდი ქორწილი ერთად "გაგვეკეთებინა". ქორწილს თავი ვერ მოვაბით, რადგან მოგეხსენებათ, ყველა დეტალი უნდა დაიგეგმოს, "გაიწეროს"... სტუმრების სია რომ ჩამოვწერეთ, 200 სტუმარი მხოლოდ საახლობლო წრიდან გვყავს. მოკლედ, ყველა დეტალის დაგეგმვას ვეღარ ვასწრებდით. ამიტომ ვიფიქრეთ, რაკი დიდ ქორწილს ჯერ თავს ვერ ვაბამთ, ჯვარი დავიწეროთ, რომ შემდეგ ქორწილი მშვიდად, ფაციფუცის გარეშე დავგეგმოთ-თქო. პრინციპში, ისე გამოვიდა, რომ ჩემს ქმარზე ორჯერ ვიქორწინე, ქორწილი კიდევ წინაა (იცინის)... ორივეს გვაწუხებდა, რომ ჯვარი დაწერილი არ გვქონდა. ორივეს ერთი და იგივე მოძღვარი გვყავს. მოძღვარიც ასე იყო განწყობილი - კარგი იქნებოდა, რომ ჯვარი დაგეწერათო. ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის ხელის მოწერასა და ქორწილზე მთავარი ჯვრისწერაა, რომელიც რატომღაც, ასე გაჯანჯლდა. 18 ივნისი "ჩვენი" თარიღია: ოფიციალურად, ხელიც ამ დღეს (2021 წელს) მოვაწერეთ. ამ თარიღს უკავშირდება სიყვარულის ახსნაც, ბეჭდის პირველად ჩუქებაც... წელს, 18 ივნისამდე რამდენიმე დღით ადრე, ლევანმა მითხრა, - მოდი, ამ დღეებში ჯვარი დავიწეროთ, მხოლოდ მეჯვარეები (მეუღლეებთან ერთად), დედები და ძმები წავიყვანოთ, თორემ ხომ ხედავ, როგორ გაგვიჯანჯლდა? უკვე ამდენი წელი გავიდაო... დავთანხმდი. მეგობრებს უცებ მივწერე, რომ მობილიზებულიყვნენ. აბსოლუტურად ყველა მეჯვარე გვერდით დამიდგა, - აბა, რა! როცა გინდათო... თან, 18 ივნისი სამშაბათ დღეს დაემთხვა, როცა ყველანი ვმუშაობდით - მეც, ჩემი ქმარიც და ჩვენი ყველა მეჯვარეც, მაგრამ ამანაც არ შეგვაფერხა. მართლაც, სპონტანური ყველაფერი კარგია, ყველაფერი უცებ დავგეგმეთ. ალბათ, იცით, რომ ერთ-ერთ მეჯვარეს - ნანუკა გულუას ატელიე აქვს. მან მითხრა, - კაბას შეგიკერავო. ვუთხარი, - პომპეზური კაბით ჯვრისწერას არ ვაპირებ-მეთქი. - მე შეგიკერავ. სიმბოლურად, თეთრი კაბა ხომ უნდა გეცვასო?!. ატელიეში მივედი, ზომები ამიღეს, წამოვედი და ზუსტად 2 დღეში დამირეკეს, - კაბა წაიღეო... მოკლედ, 3-4 დღეში ყველაფერი დალაგდა.

- ჯვრისწერის დღეს ტელეეთერში იყავი?

- კი. როგორც ყოველთვის, დილის 6-ის ნახევარზე ავდექი, გავემზადე, ტელევიზიაში მივედი... ეთერის დასრულების შემდეგ შინ წავედი, მოვწესრიგდი, თეთრი კაბა ჩავიცვი და მცხეთაში წავედი - ჯვარი სამთავროს მონასტერში დავიწერეთ. იმ დღეს ჩემი ქმარიც მუშაობდა - დილიდან პაციენტები ჰყავდა... ჯვრისწერა 3 საათზე გვქონდა დანიშნული. სახლიდან რომ გავდიოდი, კურიერიც მოვიდა, რომელმაც თაიგული მომიტანა. ასე უცებ-უცებ, ქაოსურად გავედით...

- ჯვრისწერის რიტუალი ყოველთვის მნიშვნელოვნად მიგაჩნდა თუ მეუღლემ მოახდინა ზეგავლენა?

- ყოველთვის მნიშვნელოვნად მიმაჩნდა. კი, რა თქმა უნდა, როცა წყვილი ერთადაა, ეს უფლის გარეშე არ მოხდებოდა, მაგრამ ჯვრისწერის მერე, ღმერთისგან უფრო მეტად დალოცვილი ხარ. ამ ემოციებს მეტად შეიგრძნობ, თუ მართლმადიდებელი, მორწმუნე, ღვთისმოშიში ხარ... ჯვარი ჩვენს მოძღვართან - მამა ილიასთან დავიწერეთ. ჩვენი მოძღვარი, დედა ქეთევანი, რომელიც იღუმენიაა და სამთავროს მონასტერში მოღვაწე ყველა დედა ძალიან გვიყვარს. ერთმანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა გვაქვს. ჩვენს ჯვრისწერაში ყველა მონაწილეობდა, ყველა მხარში გვედგა. მაქსიმალურად შეგვიწყვეს ხელი. მათთვის მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის. ჩვენი მოძღვარი ჩვენს ბედნიერებას ისე იზიარებდა, რომ თვალები უბრჭყვიალებდა (იღიმის)... მიუხედავად იმისა, რომ პომპეზურობა არ გვინდოდა, 1 ფოტოგრაფი მაინც წავიყვანე, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული დღე ფოტოებზე აღებეჭდა. მონასტერში რომ მივედით, ერთმა დედამ თაიგული მოგვიტანა, მეორემ - ხატები გვაჩუქა, მესამე ფოტოებს გვიღებდა... ჩვენს სიხარულს ისე იზიარებდნენ, რომ სიტყვებით ვერ გადმოგცემთ!.. ჯვირისწერის დროს ჩვენი საყვარელი რამდენიმე დედა გალობდა... ყველა დადებითი ემოციით იყო სავსე.

- ქორწინების მეორე ეტაპის თაფლობისთვე სად გაატარეთ?

- საქართველოში თუ მის ფარგლებს გარეთ, ბევრს ვმოგზაურობთ. რაც ერთად ვართ, ჩვენს ყოველ "გასვლას" "თაფლობისთვეს" ვარქმევთ (იღიმის)... სოციალურ ქსელში ხალხს იმდენი ფოტო აქვს ატვირთული, რომ ქრონოლოგიურად მიხვდები, როდის სად იყვნენ. რომ დავფიქრდი, ხანდახან მე და ლევანი სპონტანურად ისეთ მაგარ ადგილებში მივდივართ ხოლმე, რომ ფოტოების გადაღებაც მავიწყდება. ჩვენი ცხოვრებით ისე ვართ გართული, რომ მერე, როცა სხვის ფოტოებს ვნახულობ, ვამბობ, - აუ, აქ ხომ ჩვენც ვიყავით? ფოტოები არ გვაქვს-მეთქი... ახლაც რამდენიმე ფოტო ძაღლის გამო გადავიღე: ძალიან ცანცარაა. ზაფხულობით ალერგია ეწყება. ამიტომ ხშირად სამედიცინო საყელო უკეთია, რომ თათები არ მოილოკოს. აუ, ძალიან საწყალ სახეს მიიღებს ხოლმე (იღიმის). საყელოს პერიოდულად ვხსნი - თამაშის, წყალში შესვლის დროს... მთელ ოჯახს კარგად გვამხიარულებს. თან, ჩაქვში დიდი სახლი გვაქვს დაქირავებული, თავისი ეზოთი. ჩემმა ძაღლმა ამ ეზოში "გაშალა ფრთები" და გაინავარდა. თბილისში ბინაში გვყავს ხოლმე. შესაბამისად, ამის ფუფუნება არ აქვს, რომ სულ ეზოში იყოს...

- დაოჯახებამდეც ხშირად მოგზაურობდი?

- კი. საერთოდ, ასეთი "მაწანწალა" ვარ. სპონტანურად სადმე გამგზავრება მიყვარს. ამიტომაც მე და ლევანმა ასე კარგად ავუწყვეთ ფეხი ერთმანეთს. შეიძლება, ღამის 3 საათზე გაგვეღვიძოს, - აუ, წამო, ბათუმში წავიდეთო. წამოვხტებით და გავემგზავრებით. ერთნაირი ხასიათი გვაქვს.

- დაგვისახელე ადგილი, რომელსაც ესტუმრე და გული განსაკუთრებულად გწყდება, რომ ამის ამსახველი ფოტო თუ ვიდეომასალა არ გაქვს...

- რეალურად, ყველა წამზე გული მწყდება, რაც ფოტოზე თუ ვიდეოზე არ აღგვიბეჭდავს. ჩემი ნება რომ იყოს, სამოსზე ღილი მექნებოდა დამაგრებული, რომელზეც ჩამწერს ჩავრთავდი და სულ ასე, ჩართული იქნებოდა, ულიმიტო მეხსიერებით. სანამ ჩაქვში წამოვიდოდით, რამდენიმე დღით, მხოლოდ მე და ლევანი ლაგოდეხში ვიყავით. ეს უცებ გადავწყვიტეთ - ლაგოდეხში არ ვყოფილვართ. კარგი ნაკრძალია. მოდი, წავიდეთო! ავდექით და წავედით... თითქმის 1-კვირიანი დასვენება მოვიწყვეთ, ვიბოდიალეთ... ბევრი ფოტო იქაც არ გადამიღია.

- ახალ სამუშაო სეზონს როდის, როგორი განწყობით იწყებ?

- წესით, სამუშაო სეზონი უკვე დაიწყო, მაგრამ ისე მოხდა, რომ მე თბილისში რამდენიმე დღეში ვბრუნდები, რადგან მანამდე პატარა გეგმები მქონდა "გაწერილი". ამიტომ 2 სექტემბერს ჩემს ჯგუფს ვეღარ შევუერთდი... განწყობას რაც შეეხება, ხანდახან გამეფიქრება ხოლმე, - აუ, ახლა, ამ დასვენების მერე, უნდა ვიმუშაო-მეთქი, მაგრამ სამუშაო გარემო მომენატრა. საერთოდ, აქტიური ცხოვრება ძალიან მიყვარს, მოძრავი ადამიანი ვარ. კი, დასვენება კარგია, მაგრამ სამსახური, თანამშრომლები მომენატრა. თანამშრომლებს სამსახურის გარეთაც ვნახულობ, მაგრამ სამუშაო გარემო მაინც სხვაა - ძალიან მიყვარს! საყვარელ სამსახურს მალე დავუბრუნდები.

- ქორწილს როდის გეგმავ?

- ჯერ - არა, თავი დამანებეთ (იცინის)!.. უახლოეს მომავალში თავს მოვაბამთ. ჯერ გარკვეული დეტალები არ "გაგვივლია", რადგან ჯვრისწერის მერე, ხან სად გავემგზავრეთ, ხან - სად... ქორწილის დაგეგმვისთვის ვეღარ მოვიცალეთ...

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი "გზა"