"ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი, არ მესმის, რატომ დაიძრა - ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე"
ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი. არ მესმის, ეს საკითხი რატომ დაიძრა. დღეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე გადის ქვეყნის ბედი და ეს ქვეყნის ბედი არავის სათამაშო არ არის, - ამის შესახებ კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა "პალიტრანიუსის" გადაცემა “360 გრადუსში” მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას ჩაშლილ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.
სამადაშვილის თქმით, არჩევნებამდე ერთი თვით ადრე დიდი პოლიტიკური პლატფორმის დაშლა და ახლის შექმნა მხოლოდ ბიძინა ივანიშვილის ინტერესებშია.
„პირველ რიგში, ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანი დღეები გველოდება წინ იმიტომ, რომ ყველაფერი ის, რაც ხდება ჩვენს გარშემო - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ, მოასწავებს ერთადერთ რამეს, რომ ბიძინა ივანიშვილი კარგავს ძალაუფლებას და, რა თქმა უნდა, ძალიან დიდი სიფრთხილე, გონიერება და სიბრძნე არის დღეს საჭირო. ამიტომ, მე, პირველ რიგში, ვიტყვი და ეს არ მითქვამს დღემდე, რომ ასე მოუმზადებლად ამ საკითხის დადება მაგიდაზე არ იყო მიზანშეწონილი. არ მესმის, ეს საკითხი რატომ დაიძრა. მე ვფიქრობ, პრეზიდენტს ჰქონდა ბევრად უფრო პოზიტიური მოლოდინი, ვიდრე შესაძლებელი იყო ობიექტური ვითარებიდან გამომდინარე.
ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიმოქმედოთ, ყოველი ნაბიჯი ძალიან უნდა ავწონოთ იმიტომ, რომ დღეს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და მოქმედებებზე გადის ქვეყნის ბედი და ეს ქვეყნის ბედი არავის სათამაშო არ არის. 26 ოქტომბერს საქართველო ან უფსკრულში გადაიჩეხება და რამდენიმე თაობა დაკარგავს ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრების შანსს ან გამოვალთ ამ რუსული კოშმარიდან, რომელიც 2012 წელს მოახვიეს ამ ქვეყანას თავს.
მე არ მიმაჩნია, რომ ხელისუფლების ბედი გადის იმ ალიანსზე, რომელიც გახარიას “ძლიერ საქართველოსთან” უნდა შეეკრა. ქვეყანაში არსებობს ალტერნატივა. “ძლიერი საქართველო” არის დამოუკიდებელი, პროევროპული პლატფორმა, რომელიც ჩვენ შევქმენით იმ ხალხთან ერთად, ვინც არასდროს ყოფილა ხელისუფლებაში. ჩვენი საერთო პოზიცია იყო, რომ ბიძინა ივანიშვილი ყველა შემთხვევაში მარცხდება, შედგება ეს შეთანხმება - კარგია, არ შედგება და - ბიძინა ივანიშვილი მაინც მარცხდება. ამიტომ, ამ მოლაპარაკებებისთვის ეგზისტენციალური მნიშვნელობა არ მიგვინიჭებია.
ჩვენთან საუბარი არანაირ პარტიულ სიებზე არ მიდის, ჩვენთან არ არსებობს ადამიანი, რომელსაც ასეთი თემები აინტერესებს. ჩვენთვის ამას არანაირი დატვირთვა არ აქვს, რადგან მთავარ ღირებულებას ხელისუფლების შეცვლა წარმოადგენს.
ჩვენ ამ მოლაპარაკებებში აბსოლუტურად პატიოსანი პოზიციით შევედით, მზად ვიყავით, რომ ეს შეთანხმება შემდგარიყო, პირდაპირ გეტყვით ჩემს დამოკიდებულებას, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი მორალურ კომპრომისს მოითხოვდა ჩემთვის პირადად, როგორც უშუალო მონაწილისთვის, „გავრილოვის ღამის“ გამო, თუმცა, მე მზად ვიყავი. ასევე იყო მზად ჩვენი კოალიციის სრული შემადგენლობა, თუ ეს იქნებოდა გადაზღვევა იმ პოლიტიკური პროცესის, რომელიც დასრულდება ქართველი ხალხის გამარჯვებით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.
ეს შეთანხმება არ შედგა, რადგან გახარიამ თავად თქვა ამაზე უარი. არჩევნებამდე ერთი თვით ადრე პლატფორმისა და პოლიტიკური ინფრასტრუქტურის დაშლა და ახლის შექმნა, მაგალითად, როგორიცაა “ძლიერი საქართველო” - მისი დაშლა და განადგურება, შეიძლება, მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს აწყობდეს”, - განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციონერი დეპუტატი ბიძინა ივანიშვილის შესაძლო დასანქცირების საკითხსაც შეეხო და განაცხადა, რომ ვაშინგტონში დიდი პოლიტიკური პროცესია დაძრული, რომელიც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას ემსახურება.
“ჩვენ მოვისმინეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი განცხადება გასული დღეების მანძილზე, მათ შორის იმაზე, რომ აშშ გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რათა საქართველოში დემოკრატია გადარჩეს. ამ მიზნით ძალიან დიდი პოლიტიკური პროცესია დაძრული ვაშინგტონში, მაგ. “მეგობარი აქტი,” ივანიშვილის რეჟიმის დასანქცირება და მინიშნება, რომ ეს სანქციები მასაც უახლოვდება. არავის აქვს ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ქვეყანაში რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღება ივანიშვილის პირადი ჩართულობის გარეშე. ამიტომ, საბოლოო ჯამში, როდესაც გადაწყვეტილების მიმღების დასანქცირების საკითხი დადგება დღის წესრიგში, ცხადია, რომ ეს იქნება ივანიშვილი. “მაგნიტსკის სანქციები” არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იმიტომ, რომ ეს არის ძალიან სერიოზული ფინანსური სადამსჯელო ღონისძიება, რომელიც აღსრულდება მთელს მსოფლიოში, დამალვა ამ სანქციებისგან არის ძალიან ძნელი. რაც უფრო მეტი ფინანსური რესურსები გაქვს, მით უფრო საშიშია ეს სანქციები”, - განაცხადა სამადაშვილმა.
IPN