რას გადაეკიდა სოლოვიოვი საქართველოს?! - რუსეთის მთავარი პროპაგანდისტი: "სისხლიანი ხელები", ოცნება აგვისტოს ომზე და სამი ცოლი
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ერთგული ჟურნალისტებიდან ერთ-ერთი გამორჩეული რუსი ტელეწამყვანი ვლადიმერ სოლოვიოვია, რომელიც მარგარიტა სიმონიანთან და სხვა ცნობილ სახეებთან ერთად, კრემლის მთავარი პროპაგანდისტია.
უკრაინელები მიიჩნევენ, რომ სოლოვიოვს ხელები ბოლომდე სისხლში აქვს გასვრილი, რადგან მისმა მრავალწლიანმა პროპაგანდამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, რომ რუსები უკრაინელებს სასტიკად ხოცავენ.
სოლოვიოვი არც საქართველოს ივიწყებს. რამდენიმე თვის წინ თავად სოლოვიოვი აცხადებდა, რომ ესაუბრა საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს, რომლებმაც უთხრეს რომ რუს მიგრანტებს საქართველოს ტერიტორიას დაატოვებინებდნენ:
„დღეს ვესაუბრე საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლებს. ისინი ამბობენ, ჩვენ მათ (რუსეთის მოქალაქეებს) დავატოვებინებთ ქვეყანას, რადგან ისინი აქტიურად უჭერენ მხარს არასამთავრობო სექტორს“, - აღნიშნა სოლოვიოვმა 15 მაისს, გადაცემაში „საღამო ვლადიმერ სოლოვიოვთან“.
მაისში კრემლის პროპაგანდისტმა აღნიშნა, თითქოს, აშშ-ის ელჩმა საქართველოს ხელისუფლებას მეორე ფრონტის გახსნა მოსთხოვა:
"ირკვევა, რომ აშშ-ის ელჩი შეხვდა ქართველ ლიდერებს და მოითხოვა მეორე ფრონტის გახსნა. მან ისიც კი დაასახელა, რამდენი ქართველი დაიღუპება და რომ ეს მცირე ფასია თავისუფლებისთვის. მაგრამ საქართველოს ხელისუფლებამ უარი თქვა“, - განაცხადა სოლოვიოვმა.
აღსანიშნავია, რომ სოლოვიოვი თავის საავტორო გადაცემაში საკმაოდ ხშირად საუბრობს საქართველოზე და განიხილავს როგორც ქვეყნის შიდაპოლიტიკას, ასევე - საქართველოს საგარეო ვექტორს.
ერთ-ერთ გადაცემაში სოლოვიოვისა და მარგარიტა სიმონიანის დუეტი აფხაზეთში არსებულ არასამთავრობო ორგანიზაციებსაც გადაწვდა:
”თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რას აკეთებენ იქ არასამთავრობო ორგანიზაციები, ამერიკული ფულით და რამდენია - ასობით თუ არა, ათასობით", - თქვა სიმონიანმა. მან ასევე აღნიშნა, რომ არასამთავრობოები ცდილობენ, შეცვალონ "აფხაზი ახალგაზრდების კულტურული კოდექსი".
"დამწუხრებულ" სიმონიანს დაეთანხმა სოლოვიოვიც:
"აფხაზებმა უნდა მიიღონ კანონი, რომლის ამოქმედების შემდეგაც მშვიდად დააკავებენ ადამიანებს ამ არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებისთვის". სიმონიანმა, ასევე, გაიხსენა, რომ არსებობს კანონი, რომლის მიხედვითაც შეუძლიათ ამ ადამიანებს, რუსეთის მოქალაქეობა ჩამოართვან, თუმცა სოლოვიოვის აზრით, ეს ეფექტიანი არ იქნება, რადგან "აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობის შესაძლებლობა კვლავ ექნებათ, თუმცა ციხეში ჩასმით, მუშაობის შესაძლებლობა შეეზღუდებათ".
25 თებერვლის გადაცემაში კი, სადაც სომხეთზე საუბრობდა, საქართველო და 2008 წლის ომიც ახსენა:
„არ იქნებოდა სომხეთში არანაირი პრობლემა, 2008 წელს რომ არ გავჩერებულიყავით. მოვაგვარებდით საქართველოს პრობლემას, გვექნებოდა სახმელეთო საზღვარი სომხეთთან და იქ სულ სხვა ცხოვრება იქნებოდა“.
„არ იქნებოდა საზღვარი არც საქართველოსთან და არც სომხეთთან. [იქნებოდა ისე], როგორც უნდა იყოს“, - უპასუხა მას მარგარიტა სიმონიანმა, რასაც სოლოვიოვიც დაეთანხმა...
რუსი პროპაგანდისტის პირადი ცხოვრება
მკვეთრი განცხადებებითა და პუტინის პოლიტიკის მხარდაჭერით გამორჩეული ტელეწამყვანი მოსკოვში, პედაგოგთა ოჯახში დაიბადა. ინგლისური ენა კარგად რომ ესწავლა, ჯერ კიდევ პატარა ასაკში მშობლებმა სპეციალურ სკოლაში შეიყვანეს. იმ დროისთვის ეს სკოლა ელიტურ სასწავლებლად ითვლებოდა, რადგან სწორედ აქ იღებდნენ განათლებას საბჭოთა დიპლომატებისა და პარტიის წევრთა შვილები. როგორც ცნობილია, მე-9 კლასამდე ის კარატესა და აღმოსავლურ ფილოსოფიას ეუფლებოდა.
მან უმაღლესი განათლება მოსკოვის ინსტიტუტში მიიღო. ახალგაზრდა სოლოვიოვი მშობლიურ სკოლაში 4 წლის განმავლობაში ასტრონომიასა და მათემატიკას ასწავლიდა. 1990 წელს კი აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად და ერთ-ერთ უნივერსიტეტში ეკონომიკას ასწავლიდა. 2 წლის შემდეგ ისევ დაბრუნდა მოსკოვში და საკუთარი ბიზნესი წამოიწყო.
90-იან წლებში მან კლუბებისთვის სპეციალური განათებების გამოშვება დაიწყო და როგორც თავად აღნიშნავდა, მოწყობილობები წარმატებით იყიდებოდა ევროპასა და აშშ-ში. წარმატებული კარიერის მიუხედავად, სოლოვიოვი ბიზნესით ვერ მოიხიბლა და ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა.
1997 წელს ბიზნესმენთა ვიწრო წრეში ცნობილმა სოლოვიოვმა რადიოს ტელეწამყვანობა შეითავსა და საზოგადოებისთვის ცნობილ ჟურნალისტად იქცა. ამის შემდეგ ის აქტიურადაა ჩართული ჟურნალისტიკაში. სხვადასხვა პერიოდში მიჰყავდა სხვადასხვა საავტორო გადაცემა. როდესაც პუტინმა 2000-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებელ ტელეკომპანია "ენტევეს" შეუტია, სოლოვიოვი არხს იცავდა და პუტინს აკრიტიკებდა. შემდეგ კი ნელ-ნელა პუტინის პროპაგანდისტად იქცა.
სოლოვიოვს, ისე როგორც სხვა ცნობილ სახეებს, რომლებიც ვლადიმერ პუტინის პოლიტიკას უჭერენ მხარს და რუსეთის უკრაინაში შეჭრას ამართლებენ, სანქციები შეეხო.
ასევე, მისი არხი დაიბლოკა სოციალურ ქსელ „იუთუბშიც“. ეფ-ეს-ბემ კი რამდენიმე პირი დააკავა, რომლებიც თითქოს ჟურნალისტზე თავდასხმას გეგმავდნენ. დაკავებისას სამართალდამცავებმა იარაღი და ყალბი დოკუმენტები ამოიღეს.
როგორც ცნობილია, 15 წიგნის ავტორი სამჯერ იყო დაქორწინებული.
პირველად ის 22 წლის ასაკში დაქორწინდა. მედიაში ვკითხულობთ, რომ მომავალი მეუღლე - ოლგა მან მეტროში გაიცნო. მათ ორი შვილი ჰყავთ, პოლინა და ალეკსანდრი.
ასპირანტურაში ჩაბარების შემდეგ მომავალმა ჟურნალისტმა იულია გაიცნო. გოგონა მას ამერიკაშიც წაჰყვა და სამშობლოში პატარა კატიასთან ერთად დაბრუნდნენ.
რთული პერიოდის დაძლევის შემდეგ, როცა სოლოვიოვის ბიზნესი გაიმართა და შემოსავალიც ჰქონდა, შემთხვევით ერთ-ერთ გადაღებაზე ის მესამე მეუღლეს - ელგას შეხვდა. მაშინ ის 140 კგ-ს იწონიდა და წვერს ატარებდა. მესამე პაემანზე მომავალმა ჟურნალისტმა გოგონას ხელი სთხოვა. ელგასა და ცნობილ ჟურნალისტს 5 შვილი ჰყავთ.
ოფიციალურად, სოლოვიოვის წლიური შემოსავალი 52 მილიონი რუბლია (დაახლოებით, მილიონ-ნახევარი ლარი), თუმცა გარდა ოფიციალური ხელფასისა, ის რამდენჯერმე მეტ "ბონუსს" იღებს პროპაგანდისთვის. სოლოვიოვი მდიდარია, მას ბოლო დრომდე საზღარგარეთაც ჰქონდა უძრავი ქონება - კერძოდ, იტალიაში, კომოს ტბაზე უძრავ ქონებას ფლობდა. თუმცა სანქციების ამოქმედების შემდეგ დაუყადაღეს.